fbpx

ძილი, ანუ სიკვდილ-სიცოცხლის ზღურბლი…


გააზიარე სტატია

ავტორი: კოტე ბოლქვაძე

                      

თამარ ნადირაძის სოლო გამოფენა – „თითქოს თავი ძილს მივეცი“  უცნაური და ამავდროულად, სინკრეტული გზით აერთიანებს შეუქცევად მოცემულობებს: ინდივიდუალიზმ-კოლექტივიზმს, თანატოს-ეროსს, სოციალიზმს და მასში გაჯერებულ ინტროვერტულ-ეგზისტენციალისტურ რეფლექსიას.  ვიზუალური და კონცეპტუალური ერთეულების კასკადი დამაბნეველი ხდება  აღმქმელისათვის, ანუ საერთოდ იჩქმალება ავტორი პერსონალურ-იმპერსონალური გზავნილების თუ ნიშნობრივი ენის თვალსაზრისით. 7 სურათი ერთგვარი კოსმოგონიაა ახალი სამყაროსეული წესრიგის დაბადების, ქაოსი კაცობრიობის მავნებლურად რომანტიზებულ მოდუნებასთან რეფერირდება. ამ ციკლში ყველაფერი ისწრაფვის  ახალი სოციალური წესრიგისკენ,  გზისკენ – „ქაოსიდან კოსმოსამდე“. მიუხედავად იმისა, რომ არტისტის ვიზუალური თხრობა ცალსახად მის თანამედროვეობას, გარემოებას, ყოფით ადამიანებსა და სცენებს ასახავს, თავს ვერ ვაღწევთ დიდ დრამატურგიას, ტრაგედიას, პროტაგონისტებს, დეჰუმანიზაციას – სულიერი-უსულო სამყარო, მატერია, ფიზიკა უკიდეგანოდ მითოლოგიზებულია. ეს გამოფენა მითოლოგიური ვაკუუმია, ცნებებით და  სახე-ხატებით შეზრდილია არქეტიპულ სამყაროსთან, კულტურულ ჩრდილებთან. ადამიანები, მათი გარემო, ქმედებები და ყოფითი ნივთები ტიტანომაქიაა (ტიტანებისა და ღმერთების შებრძოლება). ძილის აქტი წარმოადგენს ღვთაებათა ბრძოლას, ყველაფერი უბრალო ხდება დიადი, სურათებში გამოსახული სოციალური სცენები თუ უბრალო ადამიანები უთანაბრდებიან ღმერთებს… გზა „ქაოსიდან კოსმოსამდე“ გულისხმობს სამყაროს დაბადებას შემდეგი ტრაექტორიით – სიბნელიდან სინათლემდე, ეგოდან ალტრუიზმამდე, ინდივიდუალურიდან კოლექტივისტურამდე; ამ აპკს, როგორც სიკვდილ-სიცოცხლის ზღრუბლს, გადააბიჯებს მხოლოდ ღვთაებრივი ნებელობა. ჰომეროსი ამბობს ილიადაში – „ძილი უნივერსალური მეფეა ღმერთებისა და ადამიანების“,  ბერძნულ მითოლოგიაშიც ჰიპნოსის, ძილის ღმერთის ეშინოდა ზევსსაც და სიყვარულით ემორჩილებოდა მას. ჰიპნოსის ძმა იყო თანატოსი (სიკვდილის ღმერთი), ანუ იგი იერარქიულად ჰიპნოსზე დაბლა იყო, თუმცა მათი ნათესაური კავშირი ამ ორი ბიოლოგიური პროცესის გაუთიშავ ბმას გულისხმობს. მიძინება, ატარაქსია, ასტენია, აპათია, გარდასახვა- მოცემულ ფსიქოსომატიკაში და გამოფენის სათაურშიც ძილის საშუალებით წარმოიქმნება ახალი წესრიგი, გარემო და საზოგადოება, ანუ ადამიანები რამდენადმე ღმერთებივით დაიღალნენ და მათი მითოლოგიური ფაბულა „ქაოსური ძილიდან კომოსურ წესრიგამდე – გამოღვიძებამდე“  ვითარდება…

გამოფენის სათაური – „თითქოს თავი ძილს მივეცი“ სტილურად და ვიზუალურად ჰიბრიდულ ენაზე მეტყველებს, აქაც შეუქცევადი ნიუანსები, ტექნიკები ვლინდება: წიგნის ილუსტრაცია, ფერწერა, ევროპული სოციალური რეალიზმი – რენატო გუტუსო, დოდ პროქტერი, ანდრე ფუჟერონი, ბალთუსი (განსხვავდება საბჭოთა სოციალისტური რეალიზმისგან მკვეთრად), ეგზისტენციალიზმი – ფრანსის გრუბერი, რენესანსული ნარატივები, ფერის სიმბოლიკა, იკონოგრაფია და ა.შ. ზოგადად, ამ ჩამონათვალების მიღმა, საინტერესოა, თუ როგორ საუბრობს ავტორი დიდ ფერწერულ დრამატურგიაზე, სადაც წიგნის ილუსტრაციული  ექსპრესია ბათილდება, იგი მხოლოდ დეტალებსა და სერიულ-თანამიმდევრულ მონაცვლეობაში იჩენს თავს. ზოგადად, ეს ტექნიკური მხარე ძალიან ფაქიზია და იშვიათად არის შესაძლო ფერწერის რომელიმე სხვა დარგთან შეჯერება. არტისტი 7 სოციალურ გამოსახულებაში ლაკონიურია და იდეურ გზავნილებში სხარტი, როგორც აგიტპლაკატი; მარტივად განავრცობს რთულს და მოგიწოდებს სოციალური ჩართულობისკენ.

 

გამოფენაზე წარმოდგენილი 7 ნამუშევარი სხვადასხვა გზით ერთმანეთს ემიჯნება, თუმცა ვიზუალური აღქმასა თუ ერთიან შინაარსობრივ თხრობაში მთლიანდება, როგორც მრავალფიგურული კომპოზიცია, პანო, ფრიზი, პოლიპტიქი; ყველა იმ პერიოდის და ღირებულების ხელოვნების ნიმუშთან იგივდება, რაც მონუმენტურ ხელწერასა და მორალურ-ეთიკური შეგონებებს ავრცელებდა საზოგადოებასა და საჯარო სივრცეებში. ერთიანად 7 ნამუშევარი სუბიექტურად ჩემში იწვევს პიტერ ბრეიგელის(უფროსის) „ნიდერლანდური ანდაზების“ გამოძახილს თუ სუმლტანურობას.  ორივე შემთხვევაში მრავალფიგურულ ქაოსურ წესრიგში იბადება სინათლისა და ჰუმანიზმის სხივები. თამარ ნადირაძის თითოეული სურათი შეგონებაა, ანდაზაა, თუგინდ შემოთავაზება ან კიდევ მცდელობა  უკეთესი საზოგადოებრივი წესრიგის  მშენებლობის.

უფრო მეტად რომ განვავრცო ამ გამოფენის ჩემეული ხედვა, შევეცდები, ერთიანი ვიზუალური ქსოვილის თითოეულ ნამუშევარს შევეხო. განვიხილოთ  7 ნამუშევარი, როგორც 7 ცნება დეკალოგიდან, 7 ბრეიგელის ანდაზა, 7 მითი, 7 მორალური შეგონება…  ეს რიცხვი უკვე ახალ, გამოღვიძებულ თუ ღრმა ძილიდან გამოსულ მოცემულობებს გვთავაზობს, რომელიც უფრო პლაკატისებურ პროპაგანდისტულ მოწოდებას ჰგავს.  თამარ ნადირაძის ნამუშევრები არ ეფუძნება დუალურ კითხვებსა და  ირონიულ არტისტულ პრაქტიკებს, ყველაფერი მიმართულია ზოგადსაკაცობრიო „ინსომნიისკენ“, მომაკვდინებელი ძილის ვაკუუმში შემოდის 7 რეალისტური პლაკატური გამოსახულება და მოტო…

ამ ნამუშევრით ვიწყებთ მოძრაობას გამოფენის ირგვლივ. პასტელური ფერადოვნების სიმშვიდე და დესტრუქციული სტატიკის ერთიანობაა. სრული ანთროპოცენტრიზმი, ანუ ადამიანის იდეა ყველაფერშია, თუმცა ამ სურათში  საგნობრივად ადამიანი მიძინებულია…  აბსურდულ გარემოში ამოზრდილი და ფესვგამდგარი ყლორტი ყვავილობს, უბრუნდება პირველად საწყისს- ბუნებას. ადამინის ბუნებაში ჩარევას, როგორც რეალისტური რეფერენციალები ასახავს ფანჯარა და დამტვრეული ჭიქა.  ამ უტოპიურ გამოსახულებაზე შესაძლოა გაგვახსენდეს დიურერის კურდღელიც და კასპარ დავიდ ფრიდრიხის ზურგით მდგომი ადამიანთა ფიგურები, რომლებიც თავიანთი იმპერსონალური დგომით უფრო მეტად ასახავენ ჰუმანიზმს, ვიდრე ეგოისტური და  გამჭოლი მზერის პორტრეტები თუ „ნატურმორტები“.

მეორე ნამუშევარი იმავე ფერადოვნებისაა, რაც პირველი. რენესანსულ დრაპირებაში შესუდრულია ხეები. ხეებზე გადაფარებული თეთრი ქსოვილის ქვეშ სიმბოლისტურად იკითხება უფრო ადამიანთა სხეულები, ვიდრე ხეები,  ტოტები კი დაფნეს კიდურებს გვახსენებს. ამ მითოლოგიურ-რენესანსულ სიზმარში კვლავ ადამიანის იმპრესონალურობა, გულგრილობა და სტერილური განწყობა იკითხება. უცნაური განათების ფონზე სუდარაგადაფარებული ხეები ადამიანთა ძილს ან კიდევ გარდაცვალებას ასახავენ. მითოლოგიაშიც  დაფნე, რომელიც აპოლონს გაურბის, ხევდება, ანუ ხდება სტატიკური, ტოვებს ადამიანს სხეულს… ამ სიმბოლურ პარალელებში იკითხება ადამიანური სიცარიელე, ვაკუუმი და ლეთარგია (ღრმა ძილი).

სიუჟეტში შემოდიან ადამიანები, ფერთა დრამატურგია თუ სიმბოლიკა იზრდება. სტერილური და ვაკუუმური სივრცე უფრო ცხოველი ხდება. თითქოს წინამორბედი ნამუშევრების სცენები მათში კარმულად აირეკლება და წყვილის ესკაპიზმი ერთგვარი მიჯნაა გამეფებულ და მომაკვდინებელ ძილთან. ფესვებგადგმული ოთახი და მასთან შეზრდილი წყვილი რამდენადმე კომფორტის ზონიდან გამოდის და ცდილობს ძილთან, გახევებასთან და უმოქმედობასთან ფესვების გაწყვეტას. მათი სახეები ასტენიურია, სიკვდილსა და გადაღლილობას შორისაა; თავები ფსიქოა, მოქმედება – სომა.

იმპერსონალურად გამოსახული ადამიანის ქვედა კიდურები ფესვებით შეეზარდა ოთახს.  ქალის ეული  „სომა“ (სხეული) ცდილობს გადარჩენას, თუმცა ფსიქო, ანუ სახის გამომეტყველება რთულად განსაზღვრადია, თითქმის უჩინარი. ფემინური ფსიქოსომატიკა გამიზნული მარტოობაა თუ ძილი, რათა მარტოობაზე არ იფიქროს… ეს კონფუზი ადამიანის კიდურებიდან ფესვების ამოგლეჯაზე უფრო მძლავრი ტკივილია; შესაძლოა, არსებული  ფიზიკური სპაზმები ამ ქალს ესიზმრება, ანუ სურათი იდეურად ფსიქიკურ აგონიებს გამოხატავდეს…

მეხუთე სურათში გამოსახული ფეიქარი ქალი სხვა პერსონაჟებისგან განსხვავებით ყველაზე ნაკლებად მიეცა ძილს. მისი გამომეტყველება გაგვახსენებს შემდეგ პერსონაჟებს- ოდისევსის,  პენელოპეს  და ბერძნული მითოლოგიიდან არაქნეს. თეთრი ქსოვილი აღიქმება, როგორც სუდარა და შეკერვის აქტი კი რიტუალად. ფეიქარი ქალის სიფხიზლე განაპირობებს მასზე უფრო დაბალი ნებელობის ადამიანთა ძილს… ერთი შეხედვით ქალის სიმტკიცე რამდენადმე „ღვთაებრივ გადაღლილობას“ ასახავს. მის მიერ თეთრი ქსოვილის კერვა და ადამიანების შეხიზნა ამ ქსოვილის ქვეშ უფრო შესუდვრას ჰგავს, ვიდრე შეფარებას, ანუ ძილის  აქტს ანაცვლებს სიკვდილთან დაკავშირებული რიტუალი.

იმპერსონალური თხრობაა და პირდაპირი მითითება ძილის აქტის სიმბოლურ დატვირთვაზე მთლიან სერიაში. ძილის და კვდომის ასოციაციური შეკავშირება კვლავ იკვეთება, განსაკუთრებით სივრცის დაცარიელების, ლოგინის ფეხებით გათელვის თუ გამოყენებული სამოსის „ჩალაგების“ სახით. სამი დამკვირვებლური ჰაბიტუსის ადამიანი ახდენს საძინებლის გამოხშირვას იმ ადამიანის ინფორმაციისგან, ვისაც ეძინა ამ სივრცეში. მათი დინამიკა  უტყვია, სტატიკური, ჯალათური და  დეჰუმანური მარშირება ლოგინზე სასურველი შედეგის მიღწევაზე მეტყველებს… სამეული არ მიეკუთვნება „მძინარე მოქალაქეთა სიას“… დეჰუმანიზაცია და სიწმინდის გათელვა თეთრი ლოგინის სახით გამოიხატება თეთრეულის ნაოჭებში, დრაპირებასა და მათში მოთამაშე შუქჩრდილებში. ეს დრამატურგია კარავაჯოსეულ საიდუმლოებასა და პაოლო უჩელოსეულ „სან რომანოს ბრძოლაში“ განგმირულ მეომარს გაგვახსენებს, იმპერსონალურ დეტალებში ჰუმანური დრამის წარმოჩენით თუ მასში დაფიქსირებული ფსიქოლოგიზმით. ასევე ერთი შეხედვით რეალისტურად მოდელირებული თეთრეულის დრაპირება წააგავს სალვადორ დალის ადრეულ ნატურმორტს, სადაც პურის გული და სუფრა ფაქტურულ-ტაქტილურად იდუმალია და ადამიანის სამყაროსთან წვდომის მედიუმი, უსულო ბუნება წარმოჩენილია,  როგორც სხეული და სული…

მომაკვდინებელი ძილი  რეალურად ხდება ფატალური… ადამიანთა ორი კლასი იკვეთება. მრავალფიგურული სცენა აჯამებს ყველა კონცეპტუალურ და ვიზუალურ დეტალს წინამორბედი ნამუშევრების. დადგა ერთგვარი „განკითხვის დღე“ და ესქატოლოგიური სცენარი განხორციელდა.  უბრალო ადამიანთა და მისიონერთა კლასი, ფსიქოტიპები განსაზღვრულია სამოსით; მისიონერებისთვის ადამიანთა ძილი და შემდგომ მათი საძინებლის დემონტაჟი ლიკვიდაციის აქტთანაა გაიგივებული.  ძილის, შესუდვრის, გახევების მდგომარეობები ხსნის სოციალური ტრაგედიის კვანძს, სადაც ბინარული გზით გამოიყოფა- დამნაშავე და მსხვერპლი. მძინარე მოქალაქეთა ცხოვრება არ ასახავს მათ ნებელობას, მათ მიერ განვლილ გზას. სულიერ და უსულო არსებებსა და ბუნებას შორის  უცხო ზეადამიანები, ზეკლასები დგანან. მათი ცხოვრება, ძილიც და გარდაცვალებაც უკვე განისაზღვრა. ამ ისტორიაში ძლიერი კლასის საზოგადოებას ერთმანეთის ესმის, ხოლო ძილს  მიცემულ კლასს – არა, ისინი მხოლოდ სიზმარში ეძებენ ერთმანეთთან საკომუნიკაციო ნიშნებს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.