ნატო სირბილაძის გამოფენა სინათლის ანარეკლები, გალერეა არტბითში
ავტორი: სოფო კოლხიდაშვილი
ნატო სირბილაძის პერსონალური გამოფენა “სინათლის ანარეკლები”, რომელიც გალერეა არტბითშია წარმოდგენილი, აერთიანებს მხატვრის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს 1980-იანი წლებიდან დღემდე.
ნაივურობა და ქართული საზოგადოების კოლექტიური მეხსიერების ინდივიდუალური ვიზუალური რეპრეზენტაცია, მონასმით და ფერით ათამაშებული სინათლე, პასტელურ ფერებში ჰაეროვნად მოლივლივე ფიგურები, მონასმების სიმსუბუქე და გამიზნულ კომპოზიციასთან გაერთიანებული პლასტიკურობა, რომლის გაშლაც, თუმცა არა გადატვირთვა, ფორმატზე – ყველაფერი ერთად ქმნის ჰარმონიულობის, სიმსუბუქის და სიმშვიდის განცდას. თემატური მრავალფეროვნება, ფერთა გამა, მონასმის ხასიათი, სივრცის ათვისება და ფურცელზე მოლივლივე ფიგურები წარმოადგენენ მხატვრის ხელწერას.
მხატვრის შემოქმედება აერთიანებს რელიგიურ თემებს, პეიზაჟებს, ნატურმორტებს, პორტრეტებს და კოლაჟებს. სირბილაძის ინსპირაციის წყარო გამორჩეული ქართველი თუ უცხოელი ხელოვანების შემოქმედებაა, სხვა მხატვრების პერიფრაზი. ფიროსმანის სერიის შემთხვევაში ხელოვანი თავისი ინდივიდუალური ვიზუალური კოდების მეშვეობით პირდაპირ თარგმნის ყველასთვის ნაცნობ ფორმებს, ფერებს და ფიგურებს. არტისტის ვიზუალური კოდებია შემცირებული ფორმატი, მონასმებით თუ სხვადასხვა ვიზუალური ფორმებით შევსებული პერსპექტივა და პასტელურ ფერებში გადაწყვეტილი ფერთა გამა. ფიროსმანის სერიაში მხატვარი იღებს ფიროსმანის ფიგურებს და ამცირებს მათ ფორმატს, თუმცა ფიგურების უკან არსებული სივრცეს ავსებს პეიზაჟებით, ყვავილებით და სხვადასხვა ფიგურებით. ფიროსმანის გავლენა სხვა, ერთი შეხედვით არა ფიროსმანისეულ ნამუშევრებშიც იკითხება. მაგალითად, სერიაში “ნათელა იანქოშვილის მოტივებზე”, რომლის ინსპირაციის წყარო პირდაპირ იანქოშვილის შემოქმედებიდან მოდის, ფიროსმანის გავლენაც შეიგრძნობა.
სივრცის ასათვისებლად შავი ფონის გამოყენება ქართულ ხელოვნებაში, შეიძლება ითქვას, ფიროსმანისეულია. ამ სერიის ნამუშევრების სიუჟეტი და ფორმა განსხვავდება ფიროსმანისეული სიუჟეტისგან და პირდაპირ იმეორებს ნათელა იანქოშვილის სიუჟეტებსა თუ ფორმებს, თუმცა ნამუშევარში სივრცის და სიღრმის შექმნის სტრატეგიები ფიროსმანის შემოქმედებასთან შეიძლება დავაკავშიროთ. ნატო სირბილაძის შემოქმედებაში სხვა არტისტების ვიზუალური ფორმების გავლენა იმდენად დიდია, რომ კითხვა ჩნდება, სად გადის ზღვარი იმიტაციასა და ინტერპრეტაციას შორის. ვინაიდან სირბილაძის ნამუშევრებში ინსპირაციის წყაროზე აპელირება ხდება, ამასთანავე მხატვარი ცვლის ნამუშევრების ფორმატს, იყენებს ინდივიდუალურ ფერთა გამას, სხივებად შლის მონასმს, ცვლის სივრცეს ფიგურებს მიღმა, მისი ნამუშევრები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ინტერპრეტაციას და არა უბრალო იმიტაციას.
ქალი როგორც ინსპირაციის წყარო
სირბილაძის შემოქმედებაში ქალი არის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. მაგალითად, მოცეკვავე ქალები საოცარ სიმსუბუქეს, მოქნილობასა და პლასტიკურობას ამჟღავნებენ. მწოლიარე შიშველი ქალების ინსპირაციად კი რუბენსის ქალები შეიძლება დავინახოთ. ქალების სხეულები შესრულებულია ისეთი ფერთა შეხამებით, რაც სხეულს სიცოცხლეს და ქალურობას სძენს. ქალის სხეულს მხატვრის შემოქმედებაში უფრო ღვთაებრივი კონოცატია დაჰყვება, ვიდრე სექსუალური. გრძელი გაშლილი თმა სექსუალური ხასიათისაა, თავად ქალის ფიგურების სიშიშვლე კი – არა. სარკეში არეკლილი ქალების სახეები მინიმალური მონასმებით არის შესრულებული, მიუხედავად ამისა, ეს სახეები არაპერსონალურ სხეულებს ინდივიდუალურობას სძენენ და განზოგადებული ფიგურებიდან იდენტიფიცირებად ფიგურებად აქცევენ. არცერთი ქალი ნატო სირბილაძის შემოქმედებაში არ არის სტატიკური. ქალები სხედან, სივრცეში ლივლივებენ, ცეკვავენ თუ დგანან, მონასმის ხასიათიდან გამომდინარე, დინამიკურები და პლასტიკურები არიან.
რაც შეეხება ფერთა გამას, მხატვარი იყენებს პასტელური ფერების სრულ დიაპაზონს. რა ფერსაც უნდა იყენებდეს სირბილაძე, ყოველი მონასმი არის გამჭირვალე და მის ქვემოთ არსებული ძირითადი ფერი გამოსჭვივის. მხატვარი თამაშობს როგორც კომპლიმენტარული ფერებით, ისე კონტრასტული ფერების შერწყმით, რაც ნამუშევარს სიღრმეს სძენს, ერთგვაროვან ორგანზომილებიან სიბრტყეს არღვევინებს და დეკონსტრუქციის მეშვეობით სხვადასხვა შრეებად შლის.
ნაივურობა, ბავშვური სიხალისე, სხივებად გაშლილი მონასმი, პასტელური ფერთა გამა, კოლექტიური ვიზუალური მეხსიერების ახლებური რეპრეზენტაცია, სხვა მხატვრების შემოქმედების გადააზრებული და ინდივიდუალურ კოდებად გადმოთარგმნილი გამოსახულება არის ის, რაც ნატო სირბილაძის შემოქმედებას, ერთი მხრივ, ყველა მნახველისთვის ნაცნობ ვიზუალს სძენს და, მეორე მხრივ, ყველა მნახველისგან დეტალურ დაკვირვებას მოითხოვს. დეტალურს, რათა მოხდეს გარჩევა, სად მთავრდება ინსპირაცია და სად იწყება ინდივიდუალური რეპრეზენტაცია.
ნაცნობი და ახლად გააზრებული ვიზუალური კოდები მნახველში სიმშვიდის და სიამოვნების განცდას იწვევს. მხატვარი მიისწრაფვის, ახლებურად გაიაზროს ქართული მოდერნისტული ვიზუალური რეპრეზენტაციები და ისინი ინდივიდუალურ კონტექსტში მოაქციოს.