fbpx

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გამოფენა “ფიქრის ტრაექტორია” გაიხსნა


გააზიარე სტატია

ავტორი: თეონა ჯაფარიძე

თიბისი კონცეპტის მულტიფუქციური სივრცე ამჯერად გამოფენას – „ფიქრის ტრაექტორიას“ ეთმობა. პროექტი დაახლოებით ამ ერთი წლის წინ შეიქმნა გორის ხელოვნების სახლში ორგანიზებული თანამედროვე ხელოვნების პროექტების ხელშეწყობის ფარგლებში, გორის ფოტოგრაფთა კლუბთან თანამშრომლობითა და გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით. ამჯერად კი გამოფენას ადაპტირებული ფორმატით წარადგენს პლატფორმა @unarchived_semiotics  თიბისი კონცეპტის ინიციატივითა და მხარდაჭერით.

ეს არის წმინდა კურატორული ნამუშევარი, კურატორული კვლევა ხელოვნების ვიზუალური ენის, ხელოვნების სემიოტიკის შესახებ,  რომელიც (კვლევა)  პროგრესშია და ახალ შრეებს იძენს ახალ საგამოფენო სივრცეში განთავსებისას. სწორედ გამოფენის კონცეფციის სხვადასხვა სივრცეში ადაპტირების საინტერესო  შესაძლებლობებზე ვკითხე გამოფენის იდეის ავტორსა და კურატორს – მარიამ შერგელაშვილს:   

  • როგორ გამოფენას უნდა ველოდოთ თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში და რა ადაპტაცია ექნება გამოფენას ამ სივრეში?

მარიამ შერგელაშვილი: „რა თქმა უნდა, გორის შემდეგ, ეს უფრო დიდი სივრცეა. კონცეფცია არ იცვლება, შეიცვალა მხოლოდ მისი სივრცითი გადაწყვეტა.  პროექტში წარმოდგენილ ხელოვანებს (თორნიკე გოგნაძე, ნინო საკანდელიძე, ქეთი კაპანაძე, თეა ნილი, დავით ჩიხლაძე) დაემატათ კიდევ ერთი ხელოვანი – ოთო შენგელია ძალიან საინტერესო ნამუშევრით. ასევე გმოფენას დაემატა ნინო საკანდელიძის ახალი ნამუშევრები. თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე საშუალებას იძლევა, რომ შედგეს მონაწილე ხელოვანების ნამუშევრებს შორის დიალოგი, რომელიც პროექტის კონცეფციის შედეგია.“

როგორც კურატორის კონცეფციიდან ირკვევა, „სივრცული დიალოგის მეშვეობით გამოფენის კონცეფცია ხელოვნების ვიზუალურ ენას ფილოსოფიური და ანთროპოლოგიური ასპექტებით განავრცობს“.  მაინც როგორაა წარმოდგენილი ეს „სივრცული დიალოგი“   შემოქმედებითი აზროვნების სემიოტიკის შესახებ ხელოვანთა შორის: 

თორნიკე გოგნაძის “სივრცის სადგური” (ნამუშევარი შექმნილია თბილისის ონლაინ ბიენალეს ფარგლებში) –  პანდემიის იზოლაციის პერიოდის ინსპირაციისა და პირად, ჩაკეტილ სივრცეზე დაკვირვების  შედეგად შექმნილი სივრცითი ობიექტია.  არტისტის მიერ პერსონალური სივრცის კვლევა ტრანსფორმირდა  რბილი აბრეშუმის ტექსტილზე  ბუნებრივი საღებავით (Madder)  დახატულ გეომეტრიულ ფორმებად, სკეტჩებად, რომლებიც მოთავსებულია (ჩაკეტილია, იზოლირებულია) შუშის გამჭვირვალე სტრუქტურაში. 

ნინო საკანდელიძე ექსპერიმენტულ სერიაში იკვლევს მეხსიერების არქეტიპს – გახსენების შესაძლებლობას. ის ქმნის საკუთარ ვიზუალურ სემანტიკას (sign language), რომელიც ვიზუალიზაციაა თავის ტვინის სელექციის პრინციპის, ანუ ადამიანის აზროვნების უნარის.  

“ჩემი სტატიკური პერფორმანსი უკეთესია შენს დაგეგმილ მოძრაობაზე“,  – ნინო საკანდელიძის ეს განცხადება არის შემოქმედებითი აზროვნების მანიფესტი საგამოფენო სივრცეში მის რკინის სკულპტურებთან ერთად. ეს ობიექტები ხელოვანის გძელვადიანი პროექტია, სადაც პიროვნულის დაპირისპირება ხდება და უკავშირდება ისტორიული „რკინის ფარდის“ გაჭრას“. 

ქეთი კაპანაძის „სიტყვა-ობიექტები“ სტრუქტურული აზროვნების მეტაფორული ექსპერიმენტია. სიტყვები, როგორც ფორმულები არის აზროვნების შეუქცევადი პროცესის ასოციაციური ნიშნები – ნიშნები  ფიზიკური, მენტალური, რაციონალური, ემოციური ტრანსფორმაციის. 

მის ალუმინის ობიექტებსა და აბსტრაქტულ ფოტონამუშევარში დუალისტური გაგებითა წარმოდგენილი  წარმოსახვისა და არსებულის მნიშვნელობების პირობითობა.

თეა ნილიმ  ციფრული გამოსახულება დაშალა და მიღებული მინიმალისტური რეკონსტრუქციული ფორმები სერიებად წარმოადგინა. ფორმების სიზუსტე „არსებობის ანატომიას“ წარმოადგენს.).  ამ სახით თეა ნილი აშენებს  საკუთარი კოდირებული რეალობის კონსტრუქციას და რეაგირებს მიმდებარე ფიზიკურ რეალობასთან. 

ოთო შენგელიას ვიზუალური კვლევა არის მარშალ მაკლუენის კონცეფციის  კვლევა იმაზე, მედია თავისთავად მესიჯი რომ  ხდება და მისი გავლენით სოციალური სამყარო იცვლება.  გამოფენაზე წარმოდგენილი მისი ნამუშევარი არის კომპიუტერული სკრიპტების ფერწერული სერია, სადაც   ფიზიკური და ვირტუალური რეალობების პოლუსები გამიჯნულია. მხატვარი გამოსახავს კომპიუტერული გამოსახულების ციფრულ სკრიპტებს როგორც პიქტორიულ ობიექტებს. 

დავით ჩიხლაძის ვიზუალური პოეზიის ერთსიტყვიანი ნამუშევრების სერია Mirrorrim-ის რეპრეზენტაციაა,  ტიპოგრაფიული პარადოქსებია სიტყვების ფორმალურ სტრუქტურასა და მათი მნიშვნელობის მიღმა. 

ნამუშევარი წარმოდგენილია ვიდეოინსტალაციის ფორმატში, რომელიც მთლიანობაში  პერმანენტულად მოციმციმე ნიშნებად ჩამოყალიბდება საგამოფენო სივრცეში.  

სწორედ ეს მულტიმედიური ნამუშევრები ერთობლიობაში ქმნიან „ფიქრის ტრაექტორიას“ და იკვლევენ ხელოვნების ვიზუალურ ენას. გამოფენა თიბისი კონცეპტის სივრცეში 4 სექტებრამდე იქნება წარმოდგენილი.

 

გამოფენა გრძელდება 4 სექტემბრამდე, დათვალიერება შესაძლებელია ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00-20:00 საათებში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.