fbpx

სადაც წახვალ, იქაური წიგნი გაიყოლეო…


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

 

რამდენი მკითხველიც არსებობს, იმდენნაირად ირჩევა ხოლმე საზაფხულო საკითხავი. ზოგისთვის პრიორიტეტი კარგი ყდაა, ზოგისთვის ავტორი, ზოგსაც სათაური ან ანოტაცია მიიზიდავს და ასე შემდეგ, მაგრამ, როგორც  უნდა იყოს, ზაფხულის ცხელი და დასვენების დღეებისთვის წიგნის არჩევა გაცილებით უფრო საპასუხისმგებლო საქმეა. ალბერ კამიუსთვის ზაფხულის რომანტიზმი მარტო დარჩენასა და მშვიდად ფიქრში ვლინდებოდა, ამ ყოველივეს მისაღწევად კი ჩემოდანში ერთი წიგნისთვის ადგილის მოძებნა საუკეთესო გზაა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, გირჩიოთ წიგნები დასვენების ადგილის შესაბამისად, იქნება ეს მთა, სოფელი, ზღვა, ქალაქი თუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოგზაურობა.

 

თუ მთაში წახვალთ…

თუ მთაში წახვალთ, დიდი ალბანელი მწერლის, ისმაილ კადარეს რომანი „გახლეჩილი აპრილი“ უნდა გააყოლოთ ხელს. წიგნი რამდენიმე წლის წინ „სულაკაურის“ გამომცემლობამ გამოსცა. ნაწარმოები ფრანგულიდან პაატა ჯავახიშვილმა თარგმნა და ქართველ მკითხველს დიდი საჩუქარი გაუკეთა. თავად ავტორი XX საუკუნის ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ეს არის რომანი „კანუნზე“, რომელიც თავს უყრის ალბანეთის საზოგადოებაში გაჩენილ ადათებს. ყონაღობის კანონები ჩვენ გარშემო არსებული კულტურისათვის ძალიან ნაცნობია. 26 წლის მთავარი გმირის, ჯორჯ ბერიშას მისია მოკლული უფროსი ძმის სისხლის აღებაა, მაგრამ ამ წესის აღსრულებით ისტორია არ სრულდება, გაივლის 30 დღე და მოსისხლე ოჯახი დაისახავს მიზნად ჯორჯ ბერიშას მოკვლას… თხრობის ფანტასტიკური ხერხებით, ჯორჯ ბერიშასა და რომანის სხვა დაუვიწყარ გმირებთან ერთად, თავად მთაში წასული, პარალელურად ალბანეთის მთიან მხარეში იმოგზაურებთ…

 

თუ ზღვაზე წახვალთ…

თუ ზღვაზე წასვლას გადაწყვეტთ, ზღვებზე შეყვარებული ავტორი საუკეთესო მეგზური უნდა გამოდგეს. პოლონელი არისტოკრატი თოედორ იუზეფ კოჟენევსკი, იგივე ჯოზეფ კონრადი, პოლონური წარმოშობის ინგლისელი მწერალია. რომანში „შვიდი კუნძულის ფრეია“ სიყვარულზე, ერთგულებასა და საბედისწერო დამთხვევებზე ვკითხულობთ. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი დანიელი მეზღვაურის ქალიშვილი, ფრეია ნილსენია. მას კაცების ყურადღება სულაც არ აკლია, მეტიც, ფრეიაზე შეყვარებულები თვალსა და ხელს შუა ამხელენ თავიანთ ადამიანურ სისუსტეებსა და ბავშვურობას. ეჭვგარეშეა, ტექსტში არცერთი გმირი არასდროს არ იღებს სწორ გადაწყვეტილებას, მაგრამ მაინც ყველა მართალია. სიყვარულითა და თავიანთი სიმართლით გაბრუებული გმირები კი ჭეშმარიტებას ვეღარ აგნებენ და სწორედ ესაა მათი ამოცანაც – დაინახონ რეალური სურათი. გამომცემლობა „დიოგენეს“ ეს საჩუქარი მკითხველს გულგრილს არასოდეს ტოვებს და ბევრ საჭირბოროტო კითხვაზე პასუხის გაცემაში ეხმარება.

თუ სოფელში წახვალთ…

ფიქრისთვის, ხმაურისგან თავის დასაღწევად და ძალების მოსაკრებად სოფელში წასვლა ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ასეთ დროს, ვფიქრობ, ისეთ ავტორს უნდა დაუთმო ასპარეზი, რომელსაც მკითხველის გავარჯიშება და მისთვის ფიქრის სწავლება უყვარს. ამ მხრივ საუკეთესო კი თანამედროვე ქართული ლიტერატურის გამორჩეული წარმომადგენელი, ბესიკ ხარანაულია. მისი შემოქმედებიდან რომელიმე წიგნის გამოყოფა ძალიან ძნელია, მაგრამ ამჯერად არჩევანი გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ გამოცემულ „ეჰ, ბესარიონზე“ შევაჩეროთ. წიგნი ლექსებისა და პოემების იმ ჟანრს მიეკუთვნება, რომელსაც ბესიკი „პროზისა და პოეზიის პირშესაყარს“ უწოდებს. რა მისიები აკისრიათ ადამიანებს სამყაროში, ფიქრები ვირუსზე, იზოლაციაში მყოფი ავტორის განცდები და სამყაროში ადამიანის ადგილის პოვნის წარმატებული მცდელობა – ამ წიგნში ყველაფერს შევხვდებით. „ეჰ, ბესარიონ“ მკითხველისთვის გენიოსის საჩუქარია, რომელსაც კითხულობ და ვერასოდეს გამოდიხარ შთაბეჭდილებიდან და თან გრძნობ, რომ უფრო კარგი ხარ, ვიდრე წიგნის წაკითხვამდე იყავი. 

თუ საზღვარგარეთ წახვალთ…

„სულაკაურის გამომცემლობა“, არჩილ ქიქოძე და მისი შედევრი „მექსიკური დღიური“. წიგნი, რომელსაც, როგორც თავად ავტორი ამბობს, დღიური ძალიან პირობითად ჰქვია. არჩილ ქიქოძე წიგნს არც რომანად მიიჩნევს, არც ტურისტულ გზამკვლევად, მაგრამ ამბობს, რომ ეს წიგნი იმის მონატრებამ დააწერინა, რაც ნახა და რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა: მინდოდა მომეთხრო ის, რაც ვნახე და განვიცადე სახლიდან შორს, ხან მარტოდმარტომ და ხანაც ღირსეული ადამიანებით გარემოცულმა”. „მექსიკური დღიური“ მკითხველისთვის ძალიან ახლობელი ხდება, სადაც  უნდა წაიკითხო ის, მაგრამ საზღვარგარეთ ყოფნისას ამ ბრწყინვალე ავტორის თვალით დანახული სხვა ქვეყანა, ვფიქრობ, ყველას გაცილებით მრავალფეროვანს გაუხდის მოგზაურობის დღეებს. 

თუ ქალაქში ისვენებ…

თუ ქალაქში დასვენებას გადაწყვეტთ, ბორის ჯონსონის „ჩერჩილის ფაქტორი“ ყურადღების მიღმა არ უნდა დაგრჩეთ. ეს წიგნი ორ დიდ ადამიანთან ერთდროულად შეხვედრის ადგილია. ბორის ჯონსონის ნამუშევარი უბრალოდ მშრალი ისტორიული ფაქტებით სავსე წიგნი ნამდვილად არ გახლავთ. ავტორი ჩვეული იუმორით საუბრობს უინსტონ ჩერჩილის სიბრძნეზე, მის გამბედაობაზე, ჰუმანურობასა და გულისხმიერებაზე. გამომცემლობა „ინტელექტის“ წყალობით, ქართველ მკითხველს ეძლევა საშუალება ერთ წიგნში ორი უდიდესი პოლიტიკოსი გაიცნოს და დაადგინოს, რას ფიქრობს ბრიტანეთის აწმყო ბრიტანეთის წარსულის შესახებ. 

 

გაატარეთ დრო ამ წიგნებთან ერთად თქვენ მიერ შერჩეული დასასვენებელი ადგილის შესაბამისად და შეიქმენით დაუვიწყარი საზაფხულო დღეები. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.