fbpx

15 ივლისს ახალი მედია ხელოვნებისა და მრავალმხრივი მუსიკის ფესტივალი TKESHI გაიხსნება


გააზიარე სტატია

დედაქალაქის მერიის პროექტის „თბილისი – იუნესკოს მედია ხელოვნების ქალაქი“ ფარგლებში, ახალი მედია ხელოვნებისა და მრავალმხრივი მუსიკის ფესტივალი TKESHI 15-დან 29 ივლისის ჩათვლით კოჯრის ტყეში ჩატარდება. ახალი მედია ხელოვნება და თანამედროვე ელექტრო-აკუსტიკური მუსიკა ხშირად დახურულ სივრცეებშია წარმოდგენილი, TKESHI – New Media Art ფესტივალის მიზანია თანამედროვე კულტურის ბუნებაში გატანა და შთაგონების ძიება იქ, საიდანაც იწყება ადამიანის ისტორია.

15 ივლისიდან ფესტივალის პროგრამა ათობით ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტს უმასპინძლებს. ფესტივალის მთავარი იდეა მიზნად ისახავს ბუნებასთან კავშირში, ღია ცის ქვეშ, მდიდარი და მრავალფეროვანი აუდიოვიზუალური გამოცდილება გაუზიაროს ფართო აუდიტორიას. აუდიო-ვიზუალური პერფორმანსები, ახალი მედია ხელოვნების ინსტალაციები და მრავალფეროვანი საგანამანათლებლო პროგრამა ახალი ენერგიებითა და ჯადოსნური შთაბეჭდილებებით შეავსებს ტყის სივრცეს.

15, 22, და 28 ივლისი ფესტივალის პროგრამის განსაკუთრებული დღეებია, სადაც დღის 15:00 საათიდან მნახველებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ისეთი საერთაშორისო არტისტების აუდიო-ვიდეო ინსტალაციებს და პერფორმანსებს, როგორებიც არიან ბერლინში მოღვაწე იაპონელი არტისტი Ryoichi Kurokawa, ელექტრონული მუსიკის გერმანელი არტისტი Amelie Duchow, ასევე საერთაშორისო არტისტების კოლაბორაციული პროექტი WHITE BALANCE  და სხვები.

 

მთავარი პროგრამის პარალელურად, ივლისის მეორე ნახევარი დაეთმობა ფესტივალის საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო აქტივობებს – საუბრები მონაწილე არტისტებთან, ვორქშოფები, პერფორმანსები, ჩვენებები და სხვა.

სრული პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://fb.me/e/sN4mE9O5

კოჯრის ფიჭვნარის ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება სპეციალური საფესტივალო ავტობუსებით, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ივლიან კუს ტბის ტერიტორიიდან და გიორგი ლეონიძის ქუჩიდან.

 ნავიგაციის გასამარტივებლად Google Maps-ში საჭიროა ჩაწეროთ: TKESHI


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.