fbpx

„კედელზე ამოკაწრული ამბები“ – ინტერვიუ ირაკლი ლაითაძესთან


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

 

„ამ წიგნში არცერთი ყალბი ნოტი არ არის, მინიატიურები შოპენის ეტიუდებსაც კი მოგვაგონებს“. – ასე აფასებს ლევან ბერძენიშვილი თანამედროვე ქართველი მწერლის სადებიუტო ნაწარმოებს – „კედელზე ამოკაწრული ამბები“. ირაკლი ლაითაძე თანამედროვე ქართველი მწერალი, ყოფილი დიპლომატი, კომპანია GMT M-ის ფინანსური დირექტორი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორია. 2022 წელს მისი ჩანაწერებისა და მინიატიურების კრებული „კედელზე ამოკაწრული ამბები“ გამოიცა. 

პატარა მოთხრობების, ჩანაწერებისა და მინიატიურების კრებული ავტორის აღსარებაა. ირაკლი ლაითაძე თითოეულ ჩვენგანში არსებულ ემოციებსა და ყოველდღიურობაზე გვიამბობს. ყოფითი დეტალებისა და ყველასთვის კარგად ნაცნობი სიტუაციების ახლებურად ჩვენება წიგნის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა. „კედელზე ამოკაწრული ამბები“ მკითხველს წარსულში აბრუნებს და უკვე მომხდარს აჩვენებს ავტორისეული პრიზმიდან. 

წიგნი წაკითხვისთანავე უმეგობრდება მკითხველს, – ფიქრს ასწავლის და საბოლოო გამარჯვების იმედს უჩენს. ჯერომ სელინჯერის გმირი ამბობდა, ადამიანს გამომლაპარაკებელი უნდა ჰყავდეს გვერდითო. „კედელზე ამოკაწრული ამბებიც“ სწორედ ასეთი ნაწარმოებია,  ბევრი მინიატიურის წაკითხვის შემდეგ რომ გათქმევინებს: „აუ, ეს ხომ ვიცი, როგორ არ დავფიქრებულვარ აქამდეო“.

სულ ცოტა ხნის წინ შესანიშნავი სადებიუტო პროზაული ნაწარმოების შექმნა ავტორს კემბრიჯის უნივერსიტეტმაც დაუფასა და „კედელზე ამოკაწრული ამბები“ კემბრიჯის უნივერსიტეტის საიტზე, ელექტრონული წიგნების თაროზეც დაიდო. ირაკლი ლაითაძე საკუთარ სამყაროში ეპატიჟება ქართველ მკითხველს და ძალიან მრავალფეროვანი განცდებითა და შეგრძნებებით სავსე ლაბირინთებში დაატარებს მას. 

 

მ.წ: რამ გადაგაწყვეტინათ წერის დაწყება? როგორ მიხვდით, რომ თქვენი ამბების მთხრობელი უნდა გამხდარიყავით?

ი.ლ.: ამ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს. აქ ირაციონალობა მეტია: როგორც მწყურვალი ვერ მოისვენებს, სანამ წყალს არ დალევს, ასე შემიჩნდა შარშან წერის სურვილი.

 

მ.წ: წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შეგცვალათ…

ი.ლ.: ჟიულ ვერნის „კაპიტან გრანტის შვილები“. ამ წიგნმა გამიღვიძა მოგზაურობის და მსოფლიოს ნახვის სურვილი.

 

მ.წ: სამი პერსონაჟი, რომლებთანაც შეხვედრას ისურვებდით.

ი.ლ.: მოლა ნასრედინი (აღმოსავლური ფოლკლორი), კაპიტანი დე ჟუსაკი („სამი მუშკეტერი“) და პილიგრიმი („ღვთაებრივი კომედია“). 

 

მ.წ: როგორ წერთ?

ი.ლ: ვწერ, როდესაც ვგრძნობ, რომ ამის სურვილი მიჩნდება. თავს არ ვაძალებ.

 

მ.წ: წერის პროცესი თუ ჰგავს მწვერვალის დალაშქვრას? 

ი.ლ.: უფრო მდინარეზე ჯომარდობას (rafting) მივამსგავსებდი.

 

მ.წ: წიგნის მაღაზიაში რომ შეხვედით და პირველად თქვენი სახელითა და გვარით წიგნი დაინახეთ, რა შეგრძნება დაგეუფლათ?

ი.ლ.: დაუჯერებლობა და სიხარული.

 

მ.წ: ლევან ბერძენიშვილი თქვენს წიგნზე გამოქვეყნებულ რეცენზიაში აღნიშნავს, რომ „კედელზე ამოკაწრული ამბები“ მსუბუქად დაწერილი მძიმე წიგნია. თქვენი ერთ-ერთი მინიატიურაც „შრიოდინგერის კატა“ ამ წონასწორობის დაცვაზეა: „…მკვდარი და ცოცხალი როგორ შეიძლება იყო, ეგ კარგად მესმის“. როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი ამ ბალანსის დაცვის მცდელობისას? როგორ უნდა შევინარჩუნოთ წონასწორობა?

ი.ლ.: ეს ბალანსი სჯობს სიცოცხლის მხარეს იყოს გადახრილი, თან მკვეთრად.

 

მ.წ: მინიატიურაში „ნაპოლეონი“ წერთ: „ჰეი, მეგობრებო, 40 საუკუნე დაგვყურებს თბილისის კორპუსებიდან! თუ ბოლო 30 წელი ამოგვყურებს უფსკრულიდან?“-  თქვენი აზრით?

ი.ლ.: ბოლო 30 წელი ამოგვყურებს უფსკრულიდან.

 

მ.წ: მარიო ვარგას ლიოსა ესეიში „სამყარო რომანების გარეშე“ წერს: “ლიტერატურის გარდა, არცერთ ჰუმანიტარულ სფეროს – არც ფილოსოფიას, არც ფსიქოლოგიას, არც სოციოლოგიას, არც ისტორიას, არც ხელოვნებას – არ ძალუძს დაიცვას და შეინარჩუნოს ადამიანთა გამაერთიანებელი მსოფლგაგება და მრავალფეროვანი ენა, რომელიც გასაგებია ნებისმიერი ჩვენგანისთვის”. როგორია თქვენი მოსაზრება?

ი.ლ.: სასაცილო ვიქნები ლიოსას ლიტერატურის შესახებ რომ შევეკამათო. მაგრამ, რადგან კითხვა დაისვა, ვეცდები პასუხი გავცე: ლიტერატურის გარდა, ფილოსოფიას და ხელოვნებას შეუძლია ამ ტვირთის ტარება.

 

მ.წ: კემბრიჯის უნივერსიტეტმა სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა თქვენს წიგნზე ანოტაცია. საერთოდ, რა განცდებს აღძრავს თქვენში, როცა თქვენსავე ნაწარმოებზე საუბრობენ?

ი.ლ.: ინტერესი, თითქოს ჩემს შვილზე საუბრობენ.

 

მ.წ: ამავე საკითხს რომ გავყვეთ… კემბრიჯის ანოტაციაში წერია, რომ თქვენ ყველაფერს უყურებთ ქრისტიანული იმედითა და ოპტიმიზმით და მუდმივად გჯერათ აღდგენისა და განახლების. თანამედროვე ქართული ლიტერატურის მომავალსაც ოპტიმისტურად უყურებთ?

ი.ლ.: ვფიქრობ, რომ ყველაფერი უკვე მოხდა და ახალი არაფერია. არ იცვლება შინაარსი, იცვლება ფორმა. ფორმა კი უამრავია. ამდენად, ქართველ მწერლებსაც და პოეტებსაც არ დაელევათ სხვადასხვა ფორმით დაწერის სურვილი და შესაძლებლობა.

 

მ.წ: ერთ-ერთ მინიატიურაში ამბობთ, რომ იდეა დიდია და განხორციელების შემდეგ პატარავდება. წიგნის დაწერის და გამოქვეყნების შემდეგაც ეგრეა?

ი.ლ.: ჩემთვის ეგრე იყო, რაღაც დამრჩა უთქმელი.

 

მ.წ: პერსონაჟებს მართავენ მწერლები, ან პერსონაჟები მართავენ მწერლებს. თქვენი მინიატიურების მთავარი გმირი თქვენ და თქვენივე განცდები ხართ, – რა გამოწვევები აქვს საკუთარ თავთან „ბრძოლას“? 

ი.ლ.: საკუთარ თავზე გამარჯვება ყველაზე ძნელი და ყველაზე დიდი გამარჯვებაა, რაც შეიძლება ადამიანმა მოიპოვოს. ეს მე არ მითქვამს, ეს დიდმა ადამიანებმა თქვეს და მე მხოლოდ ჩუმად ვეთანხმები. 

 

მ.წ: მწერალი ისაა, რაზეც ლაპარაკობს, თუ ის, რაზეც ჩუმდება?

ი.ლ.: ჩემი აზრით, მწერალი პირველ რიგში ის არის, რაზეც ლაპარაკობს. თუმცა ხშირად სტრიქონებს შორისაც ბევრი იკითხება. 

 

მ.წ: რა გინდათ, რომ თქვენი წიგნიდან ისწავლოს მკითხველმა?

ი.ლ.: მე ვერავის ვერ ვასწავლი, ეს არასწორი იქნებოდა. ვეცდები სხვანაირად გიპასუხოთ: თუ ამ წიგნმა მკითხველი ერთი წუთითაც კი დააფიქრა, ვიტყვი, რომ წიგნს ამ კონკრეტული მკითხველის მიმართ თავისი მისია შეუსრულებია.

 

მ.წ: წიგნის ბოლო მინიატიურაში ამბობთ, რომ სიტყვებსა და ასოებს შორის მანძილში იგრძნობა ის სევდა და დარდი, რომლებიც ასოებით აღწერეთ. თქვენი განწყობები, მართლაც, მინიატიურიდან მინიატიურამდე ხშირად რადიკალურად იცვლება. წერის სურვილს ხასიათის ხშირი ცვლილება აჩენს?

ი.ლ.: დაწერილის განწყობა იცვლება, დიახ. ხომ იცით, როგორც არის: დაცემიდან დაცემამდე, სიბნელიდან სინათლისკენ.

 

მ.წ: წინასიტყვაობაში წერთ, რომ თქვენი პირველი მცდელობა, დაგეწერათ ნოველა კრახით დასრულდა. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს მსგავსი გამოცდილება. რა რჩევებს მისცემდით დამწყებ ავტორებს?

ი.ლ.: პირველი მცდელობისას VI კლასში ვიყავი. გვერდნახევარში აღმოვაჩინე, რომ  „რობინზონ კრუზოს“ ვწერდი, ოღონდ შეცვლილი სახელებით. მანდ დამთავრდა ჩემი პირველი „მცდელობა“. რაც შეეხება რჩევას: მე თვითონ დამწყები ვარ და სხვას რა ვურჩიო? 😊 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.