fbpx

რა ვნახე და რა უნდა მენახა


გააზიარე სტატია

ავტორი: მიხო ნერგაძე

რამდენიმე დღის წინ კინოცენტრის აქციაზე ვიყავი, ძალიან ბევრი კარგი მეგობარი ვნახე, გაასწორა. წავიწუწუნეთ, წამოვიწუწუნეთ. ბევრი გამიხარდა – ზოგმა გამიღიმა.  ძალიან სასიამოვნო იყო. ერთ-ორ ექსსაც მოვკარი თვალი, ნაის. ჩემი ძაღლიც იყო, სხვისიც. ცხელოდა, ვიღაცამ წყალი დაარიგა, ვიღაცამ გაუზიარა, ქულ. აქცია სტანდარტული იყო, სასტვენებით, უსახური პლაკატებით და ჩემთვის გაუგებარი დროშებით, სახლში გავიგე, მუზეუმისა ყოფილა. შემდეგ მაისურებს არიგებდნენ და ერთმანეთს რაღაცას აწერდნენ, ვაუ, სუპერ ქულ. ისევ ვიღაც მიკროფონში რაღაცას ამბობდა, ალბათ რა მნიშვნელოვანია კინოცენტრი. ეგეც ნორმ.  შემდეგ კიდევ ერთი გამომსვლელი და ასე შემდეგ.

ერთმა მეგობარმაც დარეკა, მკითხა, როგორ ხარო? მეთქი, შეჩ, შიგ ხომ არ გაქვს, სადაც შენ უნდა იყო, ზუსტად იქ მეთქი, იმან კი, სადაა ეგ ადგილიო. გავღიზიანდი, ვახ, ბიჭო, ოპერატორი შენ ხარ თუ მე, რამ გამოგაყლევა, აქციას უნდა ამაგრებდე და… ააა, უი, უი, ეგ ხოო, აი დიდუბიდან სადღაც გავივლი და  მოვალო, თან დააყოლა, რას მიყვირი, რა პონტიაო. ბოდიში მოვუხადე გაღიზიანებაზე. ამ ბოლო დროს ნერვები მარტივად გამირბის. არ მოვიდა. 

სახლში მოვედი, აწ უკვე გუშინწინდელი სტაფილოს და ბულგარულის ჩაშუშული დღევანდელ პასტად ვაქციე. აი ამან კი მართლა გაასწორა. გული დამწყდა, პასტა რომ მეგობრის მამის პანაშვიდში გავცვალე, მაგრამ შიმშილმა და დაღლილობამ მძლია, იცის ხოლმე. ზოგჯერ კუჭი უპირველეს ყოვლისაა. 

ამოყორილმა, განვლილ დღეს გადავავლე თვალი და ჩემი დიდუბიდან სადღაც გამვლელ და არ მომსვლელ მეგობარზე დამაფიქრა. მართლა ეგრე ვუყვირე, რომ გაუტყდა? ალბათ – კი.

მაგრამ ხომ ოპერატორია, ხომ იქ უნდა იყოს? უცებ მივხვდი, რატომაც არ. ჩემს მეგობრებს არ იცნობს, დღეს დასვენება აქვს და არ მუშაობს თავის ტელევიზიაში, აქცია რომ გადაეღო. არ ურჩევნია, სახლში რწყილები შეწამლოს? ჰო, ბოლოს ეგრე იმართლა თავი, ეზოდან რწყილები შემომესივნენო.  

შემდეგ გავიხსენე და არც სხვა ოპერატორები იდგნენ კამერებით, თუმცა მიკროფონებთან ოხრად. მომდევნო კითხვა გამიჩნდა – რად უნდა ოპერატორს მიკროფონი ან რეჟისორს, სცენარისტს, კინომხატვარს ანდაც მემონტაჟეს და რამიე სტილისტს. ისევ ის პლაკატები გამახსენდა, რომელზეც, წესით, ყველა კინომხატვარს გული უნდა გაჩერდებოდა სირცხვილისაგან, სოლგანებს არ ვერჩი. ამის შემდეგ ნელ-ნელა საერთოდ გამოვყლევდი – მართლა, თანამედროვე კინოს ამდენ “კორიფეს“ რა ჩემი ფეხები ესაქმება ერთი თვეა იმ შენობასთან?

ერთი თვეა აბირჟავებენ და რაღაცას ტირიან და რას – ვერავინ გაიგო. რანაირად გაიგებენ, თუ მათთვის სრულიად არარელევანტურ საქმეს სჩადიან, ერთი ნამუშევარიც არ გაუკეთებიათ. დავიჯერო ამდენ პრემიაასხმულ კინოს წარმომადგენელს ერთ-, ორ- ან სამწუთიანი ფილმის გადაღება არ შეეძლო წულუკიანზე? იდეალური პერსონაჟია, დააყენე კამერა ერთი გრძელი დერეფნის ბოლოში და იაროს ვიღაც ქალმა ოთახიდან ოთახში ცელით. ან რავი – დასვი მინისტრი და ვინმე სხვა ზღვასთან, ათამაშე ჭადრაკი, ვითომ ბერგმანი ხარ, რა უნდა ეგეთი სცენის გადაღებას, ქვაღორღიანი სანაპირო ოხრად გვაქვს. ნუ გეშინია, არ ჩაითვლება პლაგიატში, ინსპირაცია… რამე-რუმე… არც მსახიობები იწუწუნებენ ჰონორარზე, ისედაც არ აქვთ.

ამას თუ შექმნიან, მე არ დამჭირდება ტელეფონში კივილი – აქ მოდი, იქ წავიდეთ, გელოდები და ასე შემდეგ. ხელოვნება მიკროფონით არ იცვლება და არც უსახური პლაკატით ან მაისურზე წარწერით – პირველკურსელი სტუდენტებიც ხომ არ კადრულობენ, იყვნენ უკვე მეთორმეტე კლასში – მხოლოდ ხელოვნებით. 

ერთადერთი პროტესტი, რაც შეიძლება არტისტმა გამოიყენოს, არის შექმნას ნამუშევარი და არა რამის ყვირილი მიკროფონში. ნუ, ეს უკანასკნელი მომღერლებს არ ეხებათ, მაგათზე დაბროა.

ნუ მიწყენთ, მეგობრებო, მოყვარეს პირში უძრახეო. თორემ გამოდის, რომ ქალბატონი მინისტრი მხოლოდ ნაცრისფერ აქციას ხედავს მორიგი მომკივანი ხალხით, რომელთაც ისევე გადაღეჭავს, როგორც სხვა მიკროფონიანებს. 

იმ შენობას კი ორი კაცი ეყოფა, როგორც ადრე.  გურამ, გადმოხტი – it was fun.

არ მითხრათ, ფილმის გადაღება როგორი ძნელია. რეჟისორის ორი დიპლომი მაქვს, ოდესმე ვაჩვენებ შვილებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.