fbpx

ცნობილი არტისტების შექმნილი მუსიკალური ალბომების ყდები


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

ვიზუალური ხელოვნებისა და მუსიკის გადაკვეთა კულტურის დარგში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო კოლაბორაციას გვთავაზობს, რომელიც არაერთი საკულტო იმიჯის საფუძველი გახდა. ეს  ტრენდი მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც თანამედროვე  არტისტებმა მათი შემოქმედებით მუსიკალური ალბომების გაფორმება დაიწყეს, მათ შორის – Blur-ის, Sonic Youth-ის და, რა თქმა უნდა, Velvet Underground-ის. 

 

რიჩარდ პრინცი და Sonic Youth

რიჩარდ პრინცის „ექთნების“ სერია მხატვრის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევრებია აუქციონზე შესაძენად, მაგრამ მის მისაღებად ბევრად უფრო იაფიანი გზაც არსებობს: მაგალითად, Sonic Youth-ის 2004 წლის ალბომის –  Sonic Nurse-ის ყიდვით. პრინცის შემოქმედებასთან ერთად, ბონუსად შესანიშნავ როკმუსიკასაც მოისმენთ. მეტიც, ფრონტმენი კიმ გორდონი 2014 წელს 303 Gallery-ის ვიზუალური არტისტის ამპლუაში შეუერთდა, რითაც ჯგუფის ფესვები მხატვრობასთან კიდევ უფრო გააღრმავა, თუმცა მას ალბომის ყდა ჯერ არ შეუქმნია.

 

ჯეფ კუნსი და Lady Gaga

ლედი გაგას 2013 წლის ალბომის, ARTPOP-ის ყდა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ქავერია უახლეს ისტორიაში. ამერიკელი არტისტის, ჯეფ კუნსის ხედვით შექმნილ ალბომზე გაგას შიშველი სკულპტურაა გამოსახული, რომელიც ბზინვარე ლურჯ ბურთულას შობს, უკანა ფონი კი სხვადასხვა ნამუშევრითაა გაფორმებული, მათ შორის – ბოტიჩელის „ვენერას დაბადებით“.  ეს უკანასკნელი გაგას ამ  იმიჯის შთაგონება იყო. მომღერალმა არტისტი მისი ჰიტ სინგლის, Applause-ის ტექსტშიც მოიხსენია: „One second I’m a Koons, then suddenly the Koons is me.“

 

ენდი უორჰოლი და The Velvet Underground

პოპ-არტის ერთ-ერთმა პიონერმა, ენდი უორჰოლმა სადებიუტო ალბომის ყდა შექმნა ჯგუფისთვის, რომელიც თავდაპირველად მისი ნიუ-იორკის სტუდიის, Factory-ის ჰაუს ბენდი იყო. ალბომის, The Velvet Underground & Nico-ის ადრეულ ასლებს ფუნქციური ჩანართი – Peel slowly and see (“ნელა გაფცქვენი და ნახე”)ჰქონდა, საიდანაც  ყდიდან საფენის ამოღების შემდეგ ქვემოდან ხორცისფერი ბანანი ჩნდებოდა. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, დამატებითი თანხა და სპეციალური აპარატის დამზადება დასჭირდა, თუმცა MGM-მა ხარჯები იმის გათვალისწინებით გაიღო, რომ უორჰოლთან ნებისმიერი კავშირი ალბომის გაყიდვებს გაზრდიდა და მართალიც აღმოჩნდა. 

 

ანრი ფანტინ-ლატური და New Order

ფანტინ-ლატურის „A Basket of Roses“ ლონდონის National Gallery-ის მუდმივი კოლექციის ნაწილია. პოსტ-პანკ ჯგუფის სამხატვრო ხელმძღვანელი, პიტერ სავილი თავდაპირველად dark prince-ს რენესანსის დროინდელი პორტრეტის გამოყენებას გეგმავდა, რითაც  ალბომის: Power, Corruption and Lies (“ძალაუფლება, კორუფცია და ტყუილები”) მაკიაველურ თემას ვიზუალურად დაუკავშირებდა, მაგრამ ვერ იპოვა ის, რასაც ეძებდა. მუზეუმის დათვალიერებისას სავილიმ საფოსტო ბარათი აიღო, რომელზეც ფანტინ-ლატურის ნამუშევარი იყო გამოსახული. მისმა შეყვარებულმა იხუმრა, რომ ნახატი ალბომის ყდად უნდა გამოეყენებინა და სწორედ ასეც მოხდა. 

 

ბენქსი და Blur

მიუხედავად იმისა, რომ ინკოგნიტო არტისტი, ბენქსი, როგორც წესი, კომერციულ სამუშაოს თავს არიდებს, ის როკ-ბენდ Blur-ის 2003 წლის ალბომის, Think Tank-ის ყდის ვიზუალურად გაფორმებას დათანხმდა. ეს გადაწყვეტილება არტისტმა იმით გაამართლა, რომ ფული სჭირდებოდა, რადგან ბენქსი მაშინ ისეთ კულტურულ სენსაციად არ ითვლებოდა, როგორც ახლა. აღსანიშნავია, რომ ორიგინალი 2007 წელს აუქციონზე 75000 ფუნტად გაიყიდა. 

 

რობერტ რაუშენბერგი და Talking Heads

1977 წლის დებიუტის შემდეგ ჯგუფს ნაყოფიერი სამი წელი ჰქონდა, რომლის განმავლობაშიც ყოველწლიურად ალბომს გამოსცემდა. მათ მეხუთე ალბომზე, Speaking in Tongues-ზე მუშაობას სამი წელი დასჭირდა, რომელიც ნაწილობრივ რაუშენბერგის კომპლექსურმა დიზაინმა განსაზღვრა. Leo Castelli Gallery-ში მისი ნამუშევრების ნახვის შემდეგ ფრონტმენმა დევიდ ბირნმა არტისტს ჯგუფის ალბომის დიზაინის გაკეთება სთხოვა. რაუშენბერგი დათანხმდა, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ მისი დიზაინი სრულიად განსხვავებული იქნებოდა. სწორედ ასე შექმნა გამჭვირვალე პლასტმასის ჩანთა, რომელზეც ნამუშევრები სამ 12-დიუმიან წრიულ გამჭვირვალე კოლაჟზე (თითო ძირითად ფერში) იყო გამოსახული. მხოლოდ LP-ისა და ცალკეული დისკის როტაციით შეიძლება დაინახოს (შემდეგ მხოლოდ პერიოდულად) მსმენელმა კოლაჟში შეტანილი სამი ფერის გამოსახულება. რაუშენბერგმა ამ  დიზაინისთვის გრემის ჯილდო მიიღო. 

 

სალვადორ დალი და ჯეკი გლისონი

კომიკოსის, მსახიობისა და მუსიკოსის, ჯეკი გლისონის 1955 წლის ალბომი – Lonesome Echo – მისი მეგობრის, სიურრეალისტი სალვადორ დალის ნახატით იყო გაფორმებული, რომელიც მან შემდეგი სიტყვებით აღწერა: „პირველი ეფექტი არის ტანჯვის, სივრცის და მარტოობის ეფექტი. მეორე, პეპლის ფრთების სიფაქიზე, რომელიც შუადღის ჩრდილის პროექციაა და პეიზაჟში ექოსავით ჟღერს. ფემინური ელემენტი, შორეული და იზოლირებული, მუსიკალურ ინსტრუმენტთან და მის სხვა ექოსთან, ნაჭუჭთან, სრულყოფილ სამკუთხედს ქმნის. 

 

დემიენ ჰირსტი და Red Hot Chili Peppers

დემიენ ჰირსტმა The Hours-ისთვის რამდენიმე ალბომის გარეკანზე იმუშავა, თუმცა Chili Peppers-ის პოპულარობიდან გამომდინარე, ალბომის – I’m With You-ის დიზაინი უფრო ფართოდ გახდა ცნობილი.  ჯგუფის მე-10 სტუდიური ალბომი 2011 წელს გამოვიდა, ხოლო ჰირსტის შემოქმედებას ენტონი კეიდისმა „ხატოვანი“ უწოდა. „ეს ნამდვილი ხელოვნებაა, – აღნიშნა მან, – ჩვენ მას მნიშვნელობა არ მივეცით, მაგრამ ის აშკარად ღიაა ინტერპრეტაციისთვის.“ ჰირსტის მუსიკალურ ინდუსტრიასთან კავშირს გაცილებით დიდი ისტორია აქვს: არტისტმა ასევე Blur-ის პოპულარული ჰიტის, Country House-ის მუსიკალურ კლიპზეც იმუშავა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.