fbpx

ბარბი და ოპენჰაიმერი – პირველი შთაბეჭდილებები


გააზიარე სტატია


ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი


წლის მთავარი კინომოვლენა “ბარბი და “ოპენჰაიმერი გახდა, რომელთა  პრემიერაც 20 ივლისს გაიმართა. დიდმა მარკეტინგულმა კამპანიამ ჩემზეც იქონია გავლენა და სანამ კინოს მივაშურებდი, ვფიქრობ, ყველა გამოცემის შეფასება წავიკითხე, თუმცა არანაირი მოლოდინი არ მქონია. იმედების გაცრუებას მირჩევნია, სულ არ ველოდებოდე არაფერს. ახლა კი ჩემს პირველ შთაბეჭდილებებს გაგაცნობთ.

ოპენჰაიმერი – ვფიქრობ, ბიოგრაფიული ფილმი, რომელიც ნოლანმა წიგნზე – “ამერიკელი პრომეთე” დაყრდნობით შექმნა, მის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევარს წარმოადგენს. თავად ისტორია იმდენად საინტერესოა, რომ სულაც არ არის გასაკვირი კაი ბერდისა და მარტინ შერვინისთვის პულიცერის პრემიის მინიჭება. რა თქმა უნდა, პრემიების მრავალრიცხოვან რაოდენობას ნოლანიც ელოდება. 

რეალურად, სანამ ფილმზე შევიდოდი, ასე თუ ისე მოლოდინი გამაჩნდა, ნოლანია ბოლო-ბოლო, თუმცა ნანახმა ყველაფერს გადააჭარბა. სამი საათის განმავლობაში მიმდინარე ინტენსიური ისტორია სავსე იყო დრამით, მეცნიერებით, ფანტასტიკური სამსახიობო შესრულებითა და რაღა თქმა უნდა, სასპენსით. ისტორიის მიმდინარეობა გეგმაზომიერი და ლოგიკურია, რასაც ემატება ნოლანისეული სპეცეფექტები, რაც ფილმის პირველ ნახევარში განსაკუთრებულ ვიზუალურ შთაბეჭდილებას ახდენს. მეორე ნახევარში კი იშლება პერსონაჟების ფსიქოპორტრეტები, რისი გადმოცემაც ემოციური ინტელექტის ძალიან მაღალ დონეზე შეძლო კასტმა.

სილიან მერფი, რომელიც მთავარ როლს ასრულებს, სწორი და ზუსტი არჩევანი იყო როლისთვის. Რობერტ დაუნი ჯუნიორის, მეთ დეიმონის, ფლორენს პიუსა და რამი მალეკზე ვერაფერს დავამატებ, თუმცა დავეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომ რობერტის შესრულება ამ ფილმში, შესაძლოა მისი კარიერის მწვერვალსაც წარმოადგენდეს.

ისტორია სავსეა ფაქტებით, ადამიანური განცდებით, ტკივილითა და ემოციებით. 

არ ვიცი დამთხვევაა თუ არა, მაგრამ საინტერესოა, რომ ფილმი სწორედ მაშინ გამოვიდა, როცა მსოფლიო კიდევ ერთხელ დადგა საომარი გამოწვევის პირისპირ და ბირთვული ომის საშიშროების ზღვარზე. ვფიქრობ, ნოლანმა გაგვახსენა ის ტკივილი, რომელიც ერთხელ უკვე გამოიარა კაცობრიობამ და ალბათ  არავის სურს მისი ხელახლა განცდა. ეს არის კიდეც ნოლანის შეხსენება და გამოძახილი, თუ რამხელა საფრთხის შემცველია მთელი კაცობრიობისთვის არასწორ ხელში ჩავარდნილი ძალაუფლება და არასწორი პოლიტიკის შედეგები, რომელიც შეიძლება არასწორ რწმენა-წარმოდგენებს ეფუძნებოდეს. როდესაც თავად ხარ კრეატორი, არის კი საჭირო ჩაერიო მსოფლიო წესრიგში?  არ ვიცი, ალბათ პასუხი საკმაოდ  საკამათო იქნება და ის  ალბათ ისევ სტატისტიკასა და რიცხვებში უნდა ვეძიოთ.

ბარბი – ყველაფერს ველოდებოდი ბარბისგან, თუმცა არანაირად კუბრიკისეული “კოსმოსური ოდისეის” იდეით გახსნას, რაც ვერ დავმალავ და საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. კოლექტიური წარმოსახვა, პარალელური რეალობები, მასში ცვლილებების შეტანა და, რა თქმა უნდა,  ფემინისტური ნარატივი ბარბის მთავარ ხაზს წარმოადგენს. გრეტა გერვიგმა, მარგო რობისთან ერთად, შექმნა ხმამაღალი ეპიფანია იმ გოგონებისთვის, ვისაც ბავშვობიდან ფემინურობის დაშტამპულ ყუთში ჩასმა უწევთ. ჰეტერომასკულინური კულტურის გაძევება ბარბის ფემინური სამყაროდან, თუმცა მაინც მსგავსი კომფორტის ზონიდან გამოსვლა, რაც გარკვეულწილად უკავშირდება კიდეც პლატონის გამოქვაბულის იდეას,  ფილმს მეტად საინტერესოსა და დახვეწილს ხდის. მარგო რობის სამსახიობო შესრულება ფილმში მართლაც იკონურია. ამბის გადმოცემის სტრუქტურა, ვიზუალი და ისტორიის განვითარება ჰელენ მირენის ნარატიული თხრობის ფონზე ნამდვილად იმსახურებს ცალკე პატივისცემას. 

ბარბის ყველაფერი შეუძლია იყოს – ექიმი, პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი თუ სხვ. ისევე როგორც ნებისმიერი ქალის,  ბარბის შესაძლებლობებიც უსაზღვროა, თუმცა იდეალური პლასტიკური სამყაროდან ძალით გამოსვლის შემდეგ, მისი შეხედულებები მკვეთრად იცვლება არსებულ წესრიგთან მიმართებაში. 

ქალებს, ვისაც ბავშვობიდანვე უნერგავენ არასწორ რწმენა-წარმოდგენებს და მათ ჩამოყალიბებას გენდერული ნიშნით შტამპავენ, ესაჭიროებათ ხმა, სიტყვა და საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალება, რათა გახდნენ ის, რაც ყველაზე საჭიროა – ინდივიდი.

საბოლოო ჯამში, დეტალური განხილვისა და სპოილერებისგან თავი შევიკავე, დარწმუნებული ვარ, ვისაც არ უნახავს, წინ დიდი სიამოვნება ელის ორივე ფილმის სახით. მე კი იმედს ვიტოვებ, რომ მეორედაც მომეცემა დიდ ეკრანზე ორივე ფილმის ნახვის შესაძლებლობა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.