არჩილ ქიქოძის „სამხრეთული სპილო“ – ოდისევსი ქიაჩელის ქუჩიდან
ავტორი: მათე წიკლაური
„როგორც იქნა, გზაზე გავიდა და იგრძნო, ეს გზა შინ მიიყვანდა.“
ამბროზ ბირსი, „შემთხვევა ჭოტისწყლის ხიდზე“
დიღმის მასივში უკვე მრავალი წელია, რაც ერთი ძველი მანქანა დგას და ადგილიდან არ იძვრის. ხშირად ვხედავ მის პატრონს, მოსალოდნელი წვიმის წინ რომ შავ ნაჭერს გადააფარებს ხოლმე მანქანას. მანამდე კი გაწმენდს, გაანიავებს, კმაყოფილი შევა სადარბაზოში და, ალბათ, როგორც თავად იტყვის ხოლმე, ძველებურ „ვიდს“ უნარჩუნებს თავის კადილაკს… ნამდვილად არ ვიცი რატომ, მაგრამ არასოდეს დავინტერესებულვარ, სინამდვილეში რა მანქანა დგას უძრავად ამდენი წელია… მაგრამ ყველა ეგეთი მანქანა კადილაკი მგონია და, ვფიქრობ, ეს პატრონის ფანტაზიაშიც ასე იქნება. მოკლედ, დიღმის მასივის ურბანული ესთეტიკის ერთ-ერთი სიმბოლოა მაგ მანქანის უძრაობა. მსგავსი სიმბოლო, ვფიქრობ, თბილისის ყველა უბანს აქვს, ისინი დროდადრო ერთმანეთს ერწყმიან და ქალაქის მთავარ ურბანულ მახასიათებლად იქცევიან, ხოლო ისტორიას კი მითებად რჩებიან: როგორ შეიცვალა ყველაფერი… – დანანებით იტყვის ვიღაც და სევდიანი გახედავს იმ დაცარიელებულ ადგილს, სადაც ადრე „კადილაკი“ რომ დავარქვი, ის მანქანა იდგა… ან გულისტკივილით გაიხსენებს იმ საღამოს, ვიღაცამ „სამხრეთული სპილოს“ ერთ-ერთ გმირს, ლეოს, მედიკოსათვის ნაჩუქარი მანქანა რომ მოჰპარა.
დოსტოევსკის გმირი ს-ის ქუჩიდან გამოდის, რადგან ქუჩის ზუსტ დასახელებას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ რომანის უსახელო გმირი ქიაჩელის ქუჩიდან გადის თბილისში დროის გასაყვანად, – აქ მნიშვნელოვანია ქუჩა და არ გმირის სახელი, დოსტოევსკისთან კი – პირიქით. არჩილ ქიქოძის „სამხრეთული სპილო“ მთავარი გმირის ერთდღიანი თავგადასავალია, რომლის გადმოცემისას ჩვენ თვალწინ მთელი თბილისი და თბილისური სოციუმი იშლება. მთხრობელი საუკეთესო მეგობარს, თაზოს, გოგოსთან პაემნისთვის საკუთარ ბინას უთმობს და დედაქალაქში იწყებს ხეტიალს. თავიდან ამ სასეირნოდ გამოსვლას ფუნქცია არ აქვს, ის უბრალოდ დროის გაყვანას ემსახურება, მაგრამ ავტორი შემთხვევითობათა მაგიური ბუნების შესახებ მიგვანიშნებს და მთავარი გმირის ერთ რიგით დღეს სძენს ფუნქციას. ჯოისის „ულისეს“ გმირებიც ასე უაზროდ დადიან და შემთხვევითობის იმედით უნებურად დაეძებენ მეტამორფოზებს თავიანთ თავებში. ნაწარმოებში პერსონაჟები ძალიან სხარტად ჩნდებიან, ზუსტად ისე, როგორც ქუჩაში თვალის მოკვრით დანახულ კაცზე ელვის სისწრაფით უნდა ამოგიტივტივდეს ამბები. უილიამ ტრევორისთვის მოთხრობა თვალის მოკვრის ხელოვნება იყო… ალბათ, ყველა ბრწყინვალე ნაწარმოები უცბად თვალის მოკვრისას განცდილზე დაყრდნობით იქმნება.
ვლადიმირ ნაბოკოვი ჯოისის „ულისეს“ შესახებ წაკითხულ ლექციაში ლეოპოლდ ბლუმსა და მარსელ პრუსტის სვანს ერთმანეთს ადარებს და განმარტავს, რომ პრუსტმა პერსონაჟს „გამორჩეული, უნიკალური თვისებები შესძინა“, ხოლო ჯოისმა ადგილობრივების გარშემო, მშობლიურ დუბლინში აცხოვრა ჭეშმარიტი ირლანდიელი და ამით „გაუცხოებული ტიპაჟის შერჩევის ლოგიკური სქემა შეიმუშავა.“ არჩილ ქიქოძის წიგნის მთავარი გმირი ლეოპოლდ ბლუმის ხაზის გამგრძელებელია როგორც მეგობართან და სოციუმთან გაუცხოების, ისე მშობლიურ ქალაქში მოხეტიალე ჭეშმარიტი თბილისელის თვალსაზრისითაც.
მწერალი და მთავარი გმირი დროსთან თამაშობენ – ისინი ერთდროულად გადადიან მომავალში, მერე უკან იყურებიან და წარსულის ამბებს იხსენებენ, ბოლოს კი ისევ რეალურ დროს უბრუნდებიან. თითქოს წიგნის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი დროის ძიებაა, პრუსტი თუ ეძებს დაკარგულ დროს, ვითომ ქიაჩელზე დაბადებულმა და გაზრდილმა ბიჭმა რატომ ვერ უნდა მიაგნოს მას? დროსთან თამაშში იკვეთება მისი შინაგანი სამყარო, მთელი თავისი სიცხადითა და გამოწვევებით, დაცემითა და ადგომით… არჩილ ქიქოძის მხოლოდ ეს რომანი კი არა, მთელი შემოქმედება ადამიანის კეთილი ბუნებისადმი დიდი ნდობის გამოცხადებაა. მას სჯერა ჰუმანიზმის და განიცდის ადამიანურ ტკივილებს, განიცდის სხვათა სევდას, საკაცობრიო მასშტაბის მორალურ ვარდნას, რომლებსაც აუცილებლად წამოდგომა და სინათლე მოჰყვება: „კაცობრიობა ლამაზია, როდესაც ტანკს ესვრის ქვას და საზიზღარი, როდესაც პირზე დუჟმომდგარი იმავე ქვით ვიღაც უმწეოს ქოლავს. ოღონდაც ეს ორივე ქმედება სულ ადვილად შეიძლება ჩაიდინოს ერთმა და იმავე ადამიანმა.“
ერთ-ერთ ინტერვიუში არჩილ ქიქოძემ გულისწყვეტა გამოხატა იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც ვერ ხვდებიან, თუ რა საინტერესო ამბები ხდება მათ გარშემო. სწორედ ამიტომ ავტორისთვის მეორეხარისხოვანი პერსონაჟი ფაქტობრივად არ არსებობს და „სამხრეთული სპილო“ ამის ნათელი მაგალითია. შემთხვევით შემოჭრილი პერსონაჟების მიღმა ავტორი საოცარ ისტორიებს აცოცხლებს და მკითხველისთვის დაუვიწყარ მხატვრულ სახეებს ხატავს. ეს სახეები კი ფიქრითა და წარმოსახვით იქმნება, – წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟია საშინელ პერიოდში დაყაჩაღებული როსტომი, რომელიც წლებია სახლიდან აღარ გამოსულა. ავტორი ამ სტატიკურობას ნაწარმოებს თითქოს რეფრენად გაადევნებს… ვაჟა-ფშაველასთვის „ფიქრია ტვინის სიცოცხლე“ და როგორც უნდა ეცადო მისგან გაქცევას, ადამიანს დაჩემებული აქვს ის, როგორც სარტრის ადამიანს ჰქონდა დაჩემებული მისჯილი თავისუფლება.
უსახელო ოდისევსი, ითაკასი თუ არა, ქიაჩელის მეფე მაინც, მშობლიურ ქალაქში ფათერაკებს აწყდება და თუ არ ებრძვის ქარის წისქვილებს, ებრძვის საკუთარ წარმოსახვას, თუმცა ქარის წისქვილებთან ბრძოლა წარმოსახვასთან ბრძოლაა სწორედ.
…და მაინც, რაზეა ეს წიგნი?
ამ შეკითხვაზე საპასუხოდ „სამხრეთული სპილო“ სხვადასხვა გვერდზე სხვადასხვა ვერსიას გვაწვდის. წიგნი ახლის აღმოჩენაზეა – სახლიდან გამოსვლა უკვე ამის სიმბოლოა, მოგზაურობა კი ამის დასტური. მერე გამოდის, რომ თურმე წიგნი გაუცხოებაზეც ყოფილა, შვილთან ჩათის გამწვანების მოლოდინზეც, ბუშტებზე, ლეოს გადარჩენაზე, ბევრ რამეზეა… ყველაფერზე გამოვა. მაგრამ მაინც მთავარი წარსულის დაძლევაა – მთავარი გმირის ყველა როლს, პროფესიასა თუ სტატუსს სიტყვა „ყოფილი“ მიესადაგება. სწორედ ეს „ყოფილი“ უნდა გაქრეს, რადგან ამ სიტყვის მიღმა წარსულის ბორკილებია. ყოფილი რეჟისორი, რომელმაც ფილმის გადაღება კატეგორიულად ამოიღო საკუთარი ცხოვრებიდან… ყოფილი ქმარი, ყოფილი საყვარელი… „ნიუორლეანური ჩანახატების წერისას“ უილიამ ფოლკნერს ჰგავს, იზოლაციის საზღვრების გამონგრევა რომ უნდა…
სათაური რომ გავიგე პირველად, გველის გადაყლაპული სპილო გამახსენდა, მაგრამ თურმე ძალიან შორს წავედი. ეს ამბავი სპილოს ჩონჩხის ფონზე გადაღებული მისი და თაზოს ფოტოსგან მოდის… ბავშვობისეული ჰარმონიის სიმბოლოა. მთავარმა გმირმა საკუთარი ადგილი ვერ იპოვა ცხოვრებაში და ამიტომაც დარჩა „თაზოს მეგობრად“. თაზო, ალბათ, ისაა, ვინც ჩვენს ოდისევსს უნდა, რომ თავად იყოს. არადა ნიჭიერი რეჟისორი გახლდათ, მის ფილმს არაერთი ჯილდო ხვდა წილად, მაგრამ მაინც ვერ იპოვა ის რაღაც მთავარი და მცირე დეტალი. რაც უფრო ცოტა გვერდი რჩება რომანში, მით უფრო იზრდება დისტანცია მთავარ პერსონაჟსა და გარეშე სამყაროს შორის, და გასაღებიც პერსონაჟის ტკივილების განცდისა სწორედ ესაა.
წიგნის კითხვისას თითქოს ახალ ყუთს ვხსნიდი და კიდევ ახალი ყუთი მხვდებოდა – რომანში რომანი, ისტორია ენერგოყაჩაღზე, „პარკურის ბიჭზე“, რომელიც მთხრობლის ფილმის გადაღებისას იღუპება და მოქმედ რეჟისორს ყოფილ რეჟისორად აქცევს და სულისშემძვრელი შეჯახება სინდისთან – მთავარი გმირი არ შეიტანს ამ ტრაგედიას ფილმში და საკუთარ თავში სინდისს გაამარჯვებინებს. გადაღებებზე ვლაპარაკობ და ინგლისელი კაცებისა და ქართველი ქალების ქორწილები მახსენდება – ამ ამბავზე გადაღებები ბოლომდე ვერ მივიდა. მოხეტიალე გმირის სინდისსა და კაცთმოყვარეობაზე ლაპარაკს თუ გავყვებით, მისი მშობლებთან ურთიერთობაც უნდა ვახსენოთ – მამისგან მიტოვებული, ტრავმირებული ახალგაზრდა და ზვიადისტი დედა, რომელსაც უსიტყვოდ ესმის შვილის, – აქ დედა-შვილის ურთიერთობა ჰარმონიის მწვერვალია. დედას განსაკუთრებული იუმორი აქვს, საკუთარ ცხოვრებას დასცინის და სიკვდილის წინ არქეოლოგიურ გათხრებში ნაპოვნი ნატეხის ჩაყოლებას ითხოვს, სხვა არქეოლოგებს რომ ამტვრევინოს თავი.
რომანის ერთ-ერთი მთავარი ღირსება მკითხველის ნებისმიერი აქ გადმოცემული ამბით მონუსხვაა. დაიწყო თაზოს და ნანიკოს შვილის, გიოს ამბავი, რომელიც მთავარმა გმირმა უნდა გადაარჩინოს. ამ ამბავში ის მშობლებს არ რევს და ექვს საათზე შეხვედრას ნიშნავს მჩაგვრელებთან… წიგნში ამ დროს დაახლოებით 2 საათია, დროა გასაყვანი და ამ დროის გაყვანისას სხვა ამბავი იწყება – ეს შეიძლება იყოს პოლონელი პროდიუსერის რჩევა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ქართველების გმირობაზე გადაიღოს საგა, მაგრამ მთავარი პერსონაჟი ასე არ ფიქრობს და აღნიშნავს, რომ ეს უფრო კოლაბორაციონიზმის უსასრულო საგაა, ვიდრე გმირული დაპირისპირებისა. გარდა ამისა, შეიძლება ვაკეში რომ ხშირად ხვდებოდნენ, ის ტყუპები გამოჩნდნენ. მთხრობელს ტყუპებთან თავისი ისტორია და მოგონება აკავშირებს… თითქოს ამბების ქრონოლოგია სულერთია, რადგან ეს ყველაფერი ფიქრია, წამის მეასედში გაჩენილი და უკონტროლო. ეს სხვა ამბები უცბად გაბრაზებს, ის მთავარი ხაზი გაინტერესებს, მაგრამ ბრაზის გაღვივებასაც ვერ ასწრებ, ისე ვარდები ახალი ამბის მორევში და მთავარიც ზუსტად ეს სიახლე ხდება. საერთოდ, ყველაფერი, რასაც ფიქრი შობს, გენიალურია და ეს წიგნიც ამას ადასტურებს.
როდესაც წერას ვიწყებდი, გარკვეულწილად სიუჟეტის მოყოლაზე მეფიქრებოდა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს დამარცხებისთვის განწირული მცდელობა იყო, რადგან კითხვისას აქ არც ამბების ქრონოლოგია მიმაჩნდა მნიშვნელოვნად და არც სხვა რაიმე მსგავსი ასპექტი. ახლა, როცა ვწერ, ვიცი, რომ თხრობა ქაოსური უნდა იყოს, რაც გამახსენდება რომანიდან, ის უნდა დავწერო. მთხრობელიც ასე აკეთებს – რაც ახსენდება, იმას ჰყვება და ამ ქაოსსა და გზაჯვარედინებში საოცარ მთლიანობას ქმნის. მაინც მძიმე ორშაბათი გამოდგა მთხრობელისთვის, კარგი არაფერი არ მოხდა – ის და თაზო გაუცხოვდნენ, ლეო დაჭრეს, მაგრამ ამ დაჭრამ მედიკო აპოვნინა, მთავარ გმირში ტკივილებმა გაიღვიძა, თუმცა ამ ტკივილებს ახალი ცხოვრების დაწყება მოჰყვება – გამოღვიძება, ქეთოს, როგორც იქნა, გამწვანებული ჩათი, საუბარი ცოტა უაზრო, მაგრამ პრინციპში ისეთი, როგორც ყოველთვის ყველაფერი დაგეგმილი…
საბოლოოდ კი არჩილ ქიქოძე მოულოდნელობის, დაუგეგმავობისა და შემთხვევითობის დიად ძალაზე მიუთითებს – უცბად გახდა ქიაჩელისქუჩელი ოდისევსი გასასვლელი სახლიდან და რა არ გადახდა… ახლიდან დაიბადა და ყველაფერი „ყოფილი“ დათრგუნა.
წიგნის ფინალში რაღაც ბუშტების გაფრენაზეა ლაპარაკი. ეგ თქვენ ნახეთ, ფინალის სრულად მოყოლა ბოროტებაა. ესეც ზედმეტი მგონია, მაგრამ ერთი კი მახსოვს, ავდექი და ვესტ ჰემ იუნაიტედის ჰიმნი ჩავრთე: “I’m forever blowing bubbles, Pretty bubbles in the air, They fly so high, They reach the sky”, – საერთო პათოსში ჩაჯდა – მერე ისევ წიგნი გადავშალე და დავფიქრდი, რომ ზუსტად შეიძლება იმ მარშრუტის გავლა, რომელიც მთავარმა გმირმა აირჩია. ერთხელ აუცილებლად შემოვუვლი თბილისს ამ მარშრუტით… ამ ფიქრებში ვიყავი და წიგნის ბოლო გვერდს დავხედე – ცრემლის კვალი ჯერაც არ იყო გამშრალი.