fbpx

Tbilisi Hills Restaurant – გამორჩეული კონცეფციის რესტორანი ევროპელი შეფმზარეულის უნიკალური მენიუთი


გააზიარე სტატია

კულინარია  და სარესტორნო ინდუსტრია თანამედროვე ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილია. საუკეთესო შემთხვევაში ის მომხმარებლისათვის უნიკალურ გამოცდილებას ქმნის. Როდესაც ვსაუბრობთ მაღალი სტანდარტის რესტორანზე, ვგულისხმობთ არა მხოლოდ მენიუს, არამედ მომსახურებას, ინტერიერს, სერვისს, ადგილმდებარეობას და იმ უნიკალურ ნიშას, რომლითაც  ეს სივრცე საკუთარ  იდენტობას ქმნის. 

ამ სტატიაში Tbilisi Hills Restaurant-ის შესახებ მოგიყვებით –  სივრცეზე,  რომელიც თითოეულ სტუმარს კულინარიულ თავგადასავალთან ერთად გამორჩეულ ატმოსფეროს სთავაზობს. „თბილისი ჰილსის რესტორანი“ ჰარმონიულ ერთიანობას ქმნის Tbilisi Hills Golf & Residences-ის გამორჩეულ სივრცესთან, რომელიც ქალაქიდან 15 წუთის სავალზე მდებარეობს. გოლფის მოედნებით გარშემორტყმული რესტორნიდან ულამაზესი ხედები იშლება, რომელიც აღმოჩენად იქცევა  როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის. 

რესტორნის მენიუ მარის მაურინსის შემოქმედებაა – ევროპელი შეფმზარეულის, რომლის საქმიანობა მსოფლიოს არაერთ წამყვან რესტორანს უკავშირდება.  მარის მაურინსი ერთ წელზე მეტია, „თბილისი ჰილსის რესტორნის” გუნდს შემოუერთდა. შეფმზარეულის ოსტატობის აღწერისას შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას კულინარიული სიურპრიზები უყვარს. ის კერძებს პროფესიონალიზმით და ამავდროულად, საკუთარი ხელწერით ქმნის. Tbilisi Hills Restaurant-ში სტუმრობისას ჩვენ შეფმზარეულთან ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობა მოგვეცა – მან საკუთარი პროფესიული მიდგომისა და  კულინარიული  კრეატიულობის შესახებ ისაუბრა. 

მარის მაურინსი:

„ჩემი კულინარიული მოგზაურობა ექსპერიმენტებით დაიწყო – თავდაპირველად ვცდილობდი, გამომეცხო პური, ღვეზელი და მომემზადებინა  სხვადასხვა მარტივი კერძი. თანდათან კულინარია შემიყვარდა და ნაბიჯ-ნაბიჯ ეს უკვე პროცესად იქცა. ჩავაბარე კულინარიულ სკოლაში.  ამას მოჰყვა მრავალწლიანი გამოცდილება და  ნელ-ნელა სარესტორნო ბიზნესში ჩემი თავი დავიმკვიდრე. სხვა პროფესია ჩემთვის უცხოა, არასდროს მიცდია საკუთარი თავი სხვა მიმართულებით – კულინარიაა ის, რასაც მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი“.

როგორც მარის მაურინსი აღნიშნავს, კარგი კერძის მოსამზადებლად პირველ რიგში ნატურალურ ინგრედიენტებზე ფიქრობს. ამის შემდეგ კი იწყება კრეატიული და შემოქმედებითი პროცესი, როცა ჩარჩოების მიღმა ფიქრს იწყებს. სწორედ ამ მიდგომით იქმნება „თბილისი ჰილსის რესტორნის“ თითოეული კერძი. აღსანიშნავია, რომ მენიუს ხშირად სტუმრების გემოვნებაც განსაზღვრავს. საჭიროა იცოდე, ვინ არის შენი მომხმარებელი, რა სჭირდება მას, რა უყვარს და სწორედ ამის შემდეგ შესთავაზო ის, რაც მის გემოვნებას დააკმაყოფილებს, თუმცა ამავდროულად, ახალ კულინარიულ აღმოჩენად იქცევა. „თბილისი ჰილსის რესტორანში“ ყველა კერძი ნატურალური პროდუქტით იქმნება, თუმცა მენიუ ქართული კერძებით შთაგონებული არ არის. როგორც შეფმზარეული ამბობს, მისი კულინარიული სტილი განსხვავდება – ის  არ მიეკუთვნება არცერთ კონკრეტულ მიმართულებას.

Tbilisi Hills განსაკუთრებული პროექტია –  331 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი უნიკალური და საქართველოში ერთადერთი პროფესიული  გოლფის მოედნით, მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსით და რესტორნით. ხარისხი და სტანდარტი, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში შევქმენით, ფაქტობრივად ჩვენს სავიზიტო ბარათად იქცა. სწორედ ამიტომ, დახვეწილი ევროპული სამზარეულოსთვის აღმასრულებელ შეფმზარეულს განსაკუთრებული ყურადღებით ვეძებდით. გვინდოდა, რომ მას ჩვენს ქვეყანაში  ჩამოეტანა ახალი ხედვა, დასავლური სამუშაო ეთიკა და მიდგომები. 2022 წელს მარის მაურინსი გამორჩეული კანდიდატი აღმოჩნდა. ეს ადამიანი თავისი კერძებით გავიცანით. კულინარია შემოქმედებაა, რომელშიც კარგად ჩანს ხასიათი – მარისის კერძებიც ინდივიდუალური ხასიათით გამოირჩევა. ევროპის სხვადასხვა ქალაქის წამყვან რესტორნებში მიღებული გამოცდილება ჩვენთვის სამაგალითოა.  გაგვიმართლა, რომ მარისის თავგადასავლებისა და ველური ბუნების სიყვარული იდეალურად დაემთხვა „თბილისი ჰილსის კონცეფციას. მისი წყალობით, ნატურალური ქართული პროდუქტები ევროპული სამზარეულოს უგემრიელეს კერძებად იქცევა“. – ამბობს At.ge-სთან საუბრისას რესტორნის ოპერაციების დირექტორი თეა მიქაუტაძე.

როგორც უკვე ვახსენეთ, Tbilisi Hills Restaurant მის ირგვლივ არსებულ მრავალფუნქციურ სივრცესთან ერთ მთლიანობას ქმნის და სწორედ ამის თვალსაჩინო მაგალითია ღონისძიებების სერია, რომელსაც აქ გვთავაზობენ:

 

„იოგა და საუზმე“

„იოგა და საუზმე“ საუკეთესო აქტივობაა იმისათვის, რომ  დღე სიმშვიდით, საკუთარი ჰარმონიულობის შეგრძნებით და ბედნიერების განცდით დაიწყოს.  ბუნებაში ვარჯიშის შემდეგ კი, რესტორნის  ტერასაზე ჯანსაღი, გემრიელი და სასარგებლო საუზმით გაგიმასპინძლდებიან. 

 

„გოლფი და ბრანჩი“

Tbilisi Hills Restaurant – უქმეებზე ღონისძიებების სერიას –  „გოლფსა და ბრანჩს“ გთავაზობთ, რაც საშუალებას გაძლევთ, დატკბეთ გოლფის მოედნის ულამაზესი ხედებითა და შეფმზარეულის მიერ შექმნილი საუცხოო მენიუთი. მასტერკლასს გოლფის PGA მწვრთნელი უმასპინძლებს. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, გაეცნოთ საბაზისო წესებს, ეტიკეტსა და უსაფრთხოების ნორმებს, ასევე გამოცადოთ შორ მანძილზე დარტყმა და ბურთის გაგორება.

 

„ღვინის, ვახშმისა და ჯაზის საღამო“ 

არაფერი უხდება ერთმანეთს ისე, როგორც გადატვირთული სამუშაო კვირის დასასრულს ღვინის, ჯაზის და გემრიელი ვახშმის სინთეზი. საღამოზე შესაძლებლობა გექნებათ ღვინის გამორჩეული სახეობები და უგემრიელესი კერძები დააგემოვნოთ. 

მულტიფუნქციურობა და შეფმზარეულის უნიკალური ხედვა „თბილისი ჰილსის რესტორნის“ სივრცეს  სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებისათვის საუკეთესო ადგილად აქცევს. რესტორანმა 2018 წლიდან არაერთ წვეულებას თუ კორპორაციულ საღამოს უმასპინძლა.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ Tbilisi Hills Restaurant ის ადგილია, სადაც კვირის ნებისმიერ დროს, დღის ნებისმიერ მონაკვეთს სასიამოვნოდ გაატარებთ. ამ გამოცდილებას საუკეთესოდ  აღწერს სივრცის ერთგული სტუმრების შეფასებები, რომლებიც  ხშირად აღნიშნავენ, რომ „თბილისი ჰილსზე“ ზოგჯერ ადგილისა და დროის შეგრძნება ქრება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.