fbpx

სტერეოტიპული წაგებებით და მომავლის იმედით


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ყბადაღებული ფრაზა, რომ „თამაში ყველამ ისწავლა“, საფეხბურთო ჟურნალისტიკაში უკვე დიდი ხანია დამკვიდრებულია, მაგრამ აქედან სარგებელი ქართულმა ფეხბურთმა აქამდე რომ ვერ ნახა, ამაზე ევროტურნირებზე ჩვენი გუნდების გამოსვლა მეტყველებს.

რა გვემართება? რატომაა, რომ პირველი ან ზოგჯერ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ჯადოსნურ წრეს ქართული გუნდები ვერ სცდებიან, მომდევნო თამაშებს კი მათი დამმარცხებლები სამარცხვინოდ აგებენ, როგორც ეს „ასტანას“ მაგალითმა დაგვანახვა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ტურნირიდან თბილისის „დინამოს“ გაგდების შემდეგ, ხორვატიის ჩემპიონმა ზაგრების „დინამომ“ ანგარიშით 4:0 გაანადგურა…

კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის რეალურ შანსს ამჯერად ჩვენი ორი გუნდი – გორის „დილა“ და თბილისის „დინამო“ კვლავაც ინარჩუნებენ, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ასეთი თამაშის ხარისხით ისინი ტურნირზე სექტემბრამდე ნამდვილად ვერ გაძლებენ.  

საგულისხმოა ისიც, რომ ქართული გუნდების წაგების ხელწერა უკვე სტერეოტიპულ ხასიათს იღებს და თუკი მაისურის ფორმის შეფერილობა არ გვეცოდინება, ვერც მივხდებით,  რა გუნდი მარცხდება ამა თუ იმ მიუტევებელი შეცდომის გამო, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ კონცენტრაციის წამიერ დაკარგვას უკავშირდება.

ბუნებრივია, რომ შეცდომებს მეტოქეებიც უშვებენ, რომლებიც გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობიდან გამომდინარე, სათამაშო კლასის თვალსაზრისით ჩვენზე წინ არ წასულან. 

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გოლებს მათზე ხშირად ვუშვებთ, საკუთარი კარის მიმართულებით დაუფიქრებელ გადაცემებს მათზე ხშირად ვახორციელებთ და რაც მთავარია, მეტოქესთან შედარებით ნაკლებს დავრბივართ მოედანზე.

ფიზიკური ძალის გამოვლენის გარეშე კი ცარიელი ტექნიკის და მახვილგონივრულობის ხარჯზე თანამედროვე ფეხბურთში მაყურებლების მხრიდან წამიერი ოვაციების მიღება ან უკიდურეს შემთხვევაში ერთი გოლის გატანა თუა შესაძლებელი. 

თამაში კი 90 წუთისგან შედგება, რაც ჩვენ ფეხბურთელებს კონცენტრაციის დაკარგვის მიზეზით ავიწყდებათ ხოლმე. 

ხოლო კონცენტრაციის დაკარგვის პროცენტული მაჩვენებელი მეტოქეებთან შედარებით ყველაზე უკეთ იმ შედეგებზე აისახა, რომლებიც ჩვენმა გუნდებმა დააფიქსირეს კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრებში: „ტორპედო“ – „აქტობე“ 1:4, „ჰამრუნ სპარტანსი“ – „დინამო“ 2:1, „ვორსკლა“ – „დილა“ 2:1. 

მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო მეექვსე წუთზე, როდესაც ტაბლოზე ანგარიში ჯერ კიდევ 1:1 იყო, მალტის „ჰამრუნ სპარტანსის“ ფეხბურთელებმა იმდენად მშვიდად წამოიწყეს ბოლო შეტევა დინამოელთა კარის მიმართულებით, რომ მატჩის არბიტრმა წამიერად სასტვენიც კი მოიმარჯვა, თამაში რომ დაესრულებინა. 

მაგრამ დინამოელები ალბათ მსაჯის მოძრაობას უფრო ადევნებდნენ თვალყურს, ვიდრე მეტოქის შეტევის განვითარებას, რომელიც თვალის დახამხამებაში გასახდელში წასასვლელად გამზადებული გუნდის კარში გოლად იქცა. 

„დინამოს“ მსგავსად, დაწინაურდა და შემდეგ ორი ბურთი გაუშვა გორის „დილამაც“. თანაც, საბოლოო ანგარიში „ვორსკლასთან“ შეხვედრაშიც მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე, უკანასკნელი შეტევის შემდეგ დაფიქსირდა.

აი ქუთაისელებმა კი მიუტევებელი შეცდომები მაშინ დაუშვეს, როდესაც ამის გაკეთება არ შეიძლებოდა გუნდში თუნდაც ერთი ფეხბურთელის – გიორგი არაბიძის ყოფნის გამო, რომელიც 0:2-ს კიდევ უშველიდა და 1:2-ად აქცევდა, ან წინა მატჩების მსგავსად, ვინმეს აიყოლიებდა გუნდში და მისი ძალისხმევით იქნებ ანგარიში გათანაბრებულიყო კიდეც. 

მაგრამ არაბიძემ შესანიშნავი ინდივიდუალური გოლი მაშინ გაიტანა, როდესაც მისი გუნდი უკვე ანგარიშით 0:3 მარცხდებოდა. თანაგუნდელებმა კი მის ძალისხმევას სამწუხაროდ კონცენტრაციის მორიგი დაკარგვით და საბოლოოდ 1:4-ით უპასუხეს… 

არაბიძე, რომელმაც „სარაევოსთან“ ორ შეხვედრაში ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, ამჯერადაც ამარაგებდა პარტნიორებს ზუსტი გადაცემებით, მაგრამ ამ უკანასკნელთ მიზანი ღალატობდათ ხოლმე. 

ამიტომ ქუთაისელთა მერვე ნომერი მიხვდა, რომ თვითონ თუ შეძლებდა იმ გოლის გატანას, რომელიც თეორიულად მაინც შემოატრიალებდა  მატჩს.  

იმდენად დიდი იყო გიორგის სურვილი ამის გაკეთებისა, რომ შეხვედრის 56=ე წუთზე, როდესაც ტაბლოზე ანგარიში ჯერ კიდევ 0:2 იყო, მან მსაჯისთვის პენალტის გამოტყუება სცადა, რისთვისაც ყვითელი ბარათით დაისაჯა. 

89-ე წუთზე კი არაბიძემ „აქტობეს“ სამ მცველს აუარა გვერდი და ზემოთ ხსენებული ულამაზესი გოლი გაიტანა, მაგრამ მეტოქის ოთხ „ჩვეულებრივ“ გოლს შორის იგი პრესტიჟისა გამოდგა მხოლოდ… 

საინტერესოა, რომ ქუთაისელთა ახალბედა შოტლანდიელი მწვრთნელი სტივ კინი სწორედ ამ გოლს უკავშირებს საპასუხო მატჩში მეტოქის ძლევის იმედს და აცხადებს, რომ მთავარი ყაზახეთში სწრაფი გოლის გატანა იქნება. მერე კი ყველაფერი შეიძლება თავიდან დაიწყოს.

არაბიძე კი თავისი გამორჩეული ბრძოლისუნარიანობით საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც შეიძლება გამოადგეს, რადგან ესპანეთის და ნორვეგიის ნაკრებებთან ევროპის ჩემპიონატის კარსმომდგარ შესარჩევ მატჩებში, რომლებიც სექტემბერში ჩატარდება, მან საჭირო მომენტში შეიძლება მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას ფუნქციებიც იტვირთოს, რომლის წინააღმდეგაც მეტოქეები გაათმაგებულ ყურადღებას გამოიჩენენ და მაქსიმალურად ეცდებიან სათამაშო სივრცეების შეზღუდვას.   

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შესანიშნავი განაცხადი გააკეთა სლოვენიის ჩემპიონმა ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელმაც პირველ მატჩში გასვლაზე ბოსნიური „ზრინსკი მოსტარი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში შეუცვლელად  მონაწილეობდნენ  გურამ კაშია და ჯაბა კანკავა, რომლებიც საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისის გუნდის მთავარ საყრდენ ძალას ქმნიან დაცვაში და ნახევარდაცვაში.

„სლოვანს“ წინ ჯერ კიდევ დიდი ბრძოლები აქვს გადასატანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას სახით ერთ ქართველ ფეხბურთელს ნამდვილად ვიხილავთ.

წლეულს „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი რუდი გარსია გაუძღვება. გუნდი კი სავარაუდოდ, კორეელ ცენტრალურ მცველ კიმის გამოკლებით, შარშანდელი  შემადგენლობით დაიწყებს სეზონს 19 აგვისტოს, როდესაც სერია A-ს დებიუტანტ „ფროზინონეს“ გასვლაზე დაუპირისპირდება.   

ბედის ირონიით „ფროზინონეს“ ღირსებას კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, 19 წლის შემტევი გიორგი კვერნაძე დაიცავს, რომლის ნიჭიც არ გამოჰპარვიათ იტალიელ საფეხბურთო სპეციალისტებს. 

ამრიგად, ქართველ გულშემატკივრებს წლეულს სერია A-ში შარშანდლის მსგავსად, ორი თანამემამულის მხარდაჭერა მოუწევთ და იმედია, რომ კვერნაძის გუნდი ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ ბედს არ გაიზიარებს, რომელსაც ამჯერად სერია B-ში ვიხილავთ.

„ფროზინონე“ კი სერია A-ში აქამდე მხოლოდ ორჯერ, 2015-2016 და 2018-2019 წლების სეზონებში  მონაწილეობდა  და ორივე შემთხვევაში მას სერია B-ში მოუწია დაბრუნება. 

იმედია, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ამ გუნდის ისტორიაში საკუთარ სახელს დაიმკვიდრებს,  რაც მას სამომავლოდ გაცილებით ძლიერი კლუბებისკენ გაუხსნის გზას.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.