fbpx

გორის დილა და… ბრატისლავის სლოვანი


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

მსოფლიო ფეხბურთი ევროტურნირებისა და გახმაურებული ტრანსფერების ფონზე ახალი სეზონის ფაზაში შედის, რომლის პირველი მძლავრი აკორდიც „მანჩესტერ სიტის“ და „სევილიას“ სუპერთასის დაპირისპირების სახით უკვე გვიახლოვდება.

ქართულმა კლუბებმაც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში გამოცადეს ევროთასების დინამიკა და მათგან ერთადერთმა – გორის „დილამ“ შეძლო კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა, რაც ეროვნული ლიგის პროგრესზე ნამდვილად არ მეტყველებს. 

„ვორსკლასთან“ ბოლო წუთებზე წაგებული შეხვედრის შემდეგ გორის „დილას“ ფეხბურთელებს შინ სავსე სტადიონი დახვდათ და გულშემატკივრებმაც უწყვეტი მხარდაჭერით, ღირსეულად შეასრულეს მე-12 მოთამაშის როლი.

მასპინძლები მთელი მატჩის და განსაკუთრებით მისი პირველი ტაიმის განმავლობაში ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას, მაგრამ მათ უჭირდათ მეტოქის მწყობრი დაცვითი ზღუდეების დაძლევა და საქმე საგოლე ეპიზოდებამდე არ მიდიოდა.

მაგრამ ტაიმის უკანასკნელ წუთზე „დილას“ ფეხბურთელებს დამხმარის სახით მეტოქე გუნდის გოლკიპერი გამოუჩნდათ, რომელმაც გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა და კარი ცარიელი დატოვა.

შექმნილი სიტუაცია მშვენივრად შეაფასა გორელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ალეფ სანტოსმა, რომელმაც მისთვის ტრადიციული „ხმელი ფოთოლი“ გაუშვა სტუმართა კარის მიმართულებით. ხარიხას მოხვედრილი ბურთი კი ცარიელი კარის წინ მარტოდმარტო დარჩენილ ფარულავას მიუვიდა, რომელმაც ძლიერი დარტყმით გახსნა ანგარიში.

ბუნებრივია, რომ გაშვებულმა გოლმა შეცვალა მეორე ნახევარში სტუმართა ტაქტიკური მონახაზი, რადგან აწი მათ თავადაც უნდა ეზრუნათ „დილას“ კარში საპასუხო ბურთის გატანაზე. 

„ვორსკლას“ ფეხბურთელებმა სცადეს თამაშის მასპინძელთა ნახევარზე გადატანა, მაგრამ ამან მათ დაცვით ხაზში თავისუფალი სივრცეები გამოაჩინა. 

ამასობაში მეკარე ისენკო კიდევ ერთხელ გამოვარდა კარიდან დაუფიქრებლად და კოტალიუკმაც დასაჯა თანამემამულე მატჩის 71-ე წუთზე გატანილი გოლით.

ჩვენების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რადგან ცალი ფეხით ისინი უკვე მომდევნო ეტაპზე იყვნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ანგარიში 2:0 ტაბლოზე დიდხანს არ შენარჩუნდა და სტუმრებმა ერთი ბურთის გაქვითვა მალევე მოახერხეს.

მაგრამ სწორედ აქ იჩინა თავი გორელთა გამარჯვების დაუოკებელმა ჟინმა, რაც მათ მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე დაუფასდათ. 

ძოწენიძემ საკუთარი ნახევრიდან გადაგზავნა ბურთი სტუმართა საჯარიმო მოედანზე, სადაც გეილმა ორ მოწინააღმდეგეს და კარიდან კვლავ წინ გამოსულ მეკარეს დაასწრო და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა მეტოქის კარში.

გარდა იმისა, რომ გორის „დილამ“ ამ გოლით გზა გაიკაფა კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც მას ლაშა დვალის და გიორგი ქვილითაიას „აპოელი“ დაუპირისპირდება, მან ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპული რეიტინგის ფსკერზე დაქვეითებისგანაც დაიხსნა…

გორელთა მსგავსად, ქართული ფეხბურთის პრესტიჟისთვის ბოლომდე იბრძოლა ქუთაისის „ტორპედომაც“, რომელმაც ყაზახურ „აქტობესთან“ შინ ანგარიშით 1:4 წაგებული მატჩის შემოტრიალებაც კი სცადა, როდესაც გასვლაზე პირველი ბურთის გაშვების შემდეგ დაწინაურებაც შეძლო, მაგრამ, სამწუხაროდ, მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა.

გმირობის ჩამდენი კი ტრადიციულად გიორგი არაბიძე აღმოჩნდა, რომელიც ქართველ ლიონელ მესიდაც კი შეიძლება შევრაცხოთ, იმდენად მნიშვნელოვანი როლი იტვირთა მან როგორც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისელთა მიერ „სარაევოს“ ძლევაში, ისე „აქტობესთან“ერთადერთი მატჩის მოგებასთან დაკავშირებით კონფერენსლიგის წლევანდელ გათამაშებაზე.

როგორც გვახსოვს, გიორგიმ ქუთაისურ მატჩში ფლანგზე რამდენიმე მოწინააღმდეგე ფეხბურთელს აუარა გვერდი და უძლიერესი დარტყმით ტორპედოელთა პრესტიჟის გოლი გაიტანა ყაზახური კლუბის კარში.

მან გასვლაზეც საკუთარ თავზე აიღო თამაში და ურთულეს სიტუაციაში, როდესაც გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 0:1 აგებდა, კვლავაც შეტევის მარჯვენა ფლანგზე ჩამოტოვა რამდენიმე მეტოქე და შორიდან დაარტყა.

გოლი ამჯერად უკვე რიკოშეტით გავიდა. მაგრამ არაბიძე ამის შემდეგაც არ დამცხრალა და ანალოგიური გარღვევის მერე მან მეტოქისთვის მოულოდნელად უკვე გამიზნული გადაცემა განახორციელა აკბარის მიმართულებით.

ამ უკანასკნელმა კი ბურთი მეტოქის კარის წინ მარტოდ დარჩენილი ბუგრიძის მისამართით გადაგზავნა, რომელმაც სამსვლიანი კომბინაცია ერთი შეხებით გოლად აქცია.

საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ გიორგი არაბიძეს კონფერენსლიგის წლევანდელ ტურნირზე თავისი გუნდის თითოეულ გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული, რაც მის მაღალ სათამაშო კლასთან ერთად იმ მისაბაძ ბრძოლისუნარიანობაზე მეტყველებს, რომლის ნატამალიც თბილისის „დინამოს“ ერთ ფეხბურთელსაც არ აღმოაჩნდა მალტის „ჰამრუნ სპარტანსთან“ სამარცხვინოდ წაგებულ  მატჩში.

რა დასკვნის გამოტანა შეიძლება საქართველოს ჩემპიონის ჯერ ჩემპიონთა, ხოლო შემდეგ კონფერენსლიგის ტურნირიდან გამოვარდნასთან დაკავშირებით?

ამომწურავ პასუხს „ასტანას“ გამოსვლა გაგვცემს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელიც თბილისის „დინამოს“ გაგდების შემდეგ, ხორვატიის ჩემპიონმა ზაგრების „დინამომ“ ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 6:0 გაანადგურა.

„ასტანას“ ალბანეთის „ტირანამაც“ მიჰბაძა, რომელიც ბათუმის „დინამოს“ ძლევის შემდეგ კონფერენსლიგის ტურნირს თურქეთის „ბეშიქთაშთან“ შეხვედრაში დაემშვიდობა.

საბოლოოდ, ერთი მხრივ, უზომოდ გვახარებს გორის „დილას“ წინსვლა მიმდინარე ტურნირზე, მეორე მხრივ კი, აბსოლუტურად მისაღებია გულშემატკივართა გულისწყრომა ქვეყნის ორი უძლიერესი კლუბის ასპარეზობასთან დაკავშირებით, რომელთაც მათივე დონის ან შედარებით სუსტ გუნდებთან საერთო ჯამში ჩატარებული ექვსი შეხვედრიდან ერთის მოგებაც ვერ შეძლეს!

ასეთი გაუგებრობის დროს კი პასუხი უპირველეს ყოვლისა არა მოთამაშეებს, არამედ მწვრთნელებს მოეკითხებათ, რომლებსაც ალბათ მეტი ყურადღებით უნდა შეესწავლათ მოწინააღმდეგეთა სავარაუდო სათამაშო სტრატეგიები განმეორებით მატჩებში. 

მაგალითად, თბილისის „დინამო“ „მალტური კატენაჩოს“ მსხვერპლი შეიქმნა „დინამო არენაზე“ ჩატარებულ შეხვედრაში, რომელშიც ჩვენებს მჭიდრო პრესინგი მთელი მეორე ტაიმის მანძილზე ათი კაცით მოთამაშე მეტოქის საჯარიმო მოედნის მისადგომებთან ეპიზოდურად მაინც უნდა მოეწყოთ.

მეორე ნახევარში დინამოელებმა მეტი ინტენსივობით კი შეუტიეს გაჯიუტებულ სტუმრებს და ორჯერ ძელსაც გაარტყეს ბურთი, მაგრამ რამდენიც  უნდა ვილაპარაკოთ, საბოლოო 0:1-ს და საერთო ჯამში მალტის გუნდთან ორივე შეხვედრის წაგებას გამართლება უბრალოდ ვერ მოეძებნება. ამიტომ, გიორგი ჭიაბრიშვილმა დატოვა თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი.

ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე წარმატებით აგრძელებს ასპარეზობას ბრატისლავის „სლოვანი“. 

„ზრინსკისთან“ გასვლაზე მინიმალური ანგარიშით მოგების შემდეგ საპასუხო მატჩში სლოვაკეთის ჩემპიონი ფრეს დასჯერდა. ქართველმა ვეტერანებმა ჯაბა კანკავამ და გურამ კაშიამ კი ამჯერადაც სრულად ჩაატარეს შეხვედრა.

მომდევნო წრეში ისრაელის „მაკაბის“ ძლევის შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ მიმავალი ვლადიმერ ვაისის და ქართველთა გუნდი უკვე ევროპის ლიგაზე გაინაღდებს თამაშს. 

წარუმატებლობის შემთხვევაში კი იგი კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპით მაინც შემოიფარგლება. 

რამდენად სწორი იყო ამ გუნდიდან მესამე ჩვენი თანამემამულის – გიორგი ჩაკვეტაძის წასვლა ინგლისის ჩემპიონშიპის წარმომადგენელ „უოტფორდში“? 

ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

750 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.