fbpx

შემდეგი გაჩერება მეტროსადგური „300 არაგველი“…


გააზიარე სტატია

ავტორი: თეონა ჯაფარიძე

31 ივლისს ახლად შექმნილი თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის მიწვევით მის მიერ გამოცხადებული პირველი კონკურსის გამარჯვებული პროექტის პრეზენტაციაზე წავედი. ეს გახლდათ კონკურსის (საჯარო სივრცეში დროებითი პროექტების ხელშეწყობა, . თბილისი, მეტრო “300 არაგველი”, ზედა ვესტიბიული)  გამარჯვებული პროექტი ქეთუთა ალექსიმესხიშვილი, ქართული ორნამენტი“.

რა თქმა უნდა, პრეზენტაციაზე მეტროთი წავედი, იმიტომ რომ მატარებლის ვაგონიდან დავდგი თუ არა ფეხი მეტრო „300 არაგველის“ ბაქანზე, ფაქტობრივად პროექტის კონტესტში აღმოვჩნდი, როგორც ხალხმრავალი ადგილის ერთი რიგითი გამვლელი და როგორც „გამოფენის“ სტუმარი.   მეტროს ქვედა ბაქანზე თვალი შევავლე 60-იანი წლებისთვის დამახასიათებელ  მონუმენტურ ჭედურ პანოს  „300 არაგველის“ თემაზე (ავტორები: თენგიზ და გივი გიგაურები),  გავიარე თეთრი  მარმარილოთი მოპირკეთებული ქვედა სადგურის პილონები (ავტორი – გიგა ბათიაშვილი) და  როდესაც ესკალატორით შევუყევი გზას,  ნელ-ნელა გამოჩნდა 60-იანი წლების მინიმალისტურად გადაწყვეტილი ზედა ბაქნის ვესტიბიული შემინული სივრცით (ავტორი – თამაზ თევზაძე), სადაც  ვიტრაჟზე განთავსებულმა ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის  ფოტოგრაფიის მედიუმში წარმოდგენილმა  სერიამ –  „ქართულმა ორნამენტმა“ ფერადად გამოანათა. 

ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი (ფოტოხელოვანი, პროექტის ავტორი):  „თბილისში, ტურისტულ მაღაზიებში ყოველთვის ვაწყდებოდი პოლიეთილენის პარკებს ძველი ქართული ორნამენტების გამოსახულებებით. ვაგროვებდი და სწორედ მათი გადამუშავების შედეგად შევქმენი ეს ფოტოსერია. ამ სივრცეში ალბათ  დღის მანძილზე სხვადასხვაგვარი  განათებაც იმოქმედებს მასზე, ღამით სულ სხვაგვარი გამოჩნდება და  რაც მთავარია, 60-იანი წლების ამ არქიტექტურასთან საინტერესო კონცეპტუალურ დიალოგს მართავს“.  – ამბობს ის. 

ცნობისათვის: ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი ბერლინში მცხოვრები ფოტოგრაფია, რომელიც ფოტოგრაფიის მედიუმს იკვლევს ექსპერიმენტულ ნამუშევრებში.

ხელოვანის  ეს ექსპერიმენტი  ხელოვნებათმცოდნე  ანა ჩორგოლაშვილმა თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის მიერ მეტრო “300 არაგველის“ ლოკაციისთვის გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს შემდეგი კონცეფციით მოარგო:

ანა ჩორგოლაშვილი (საპროექტო განაცხადის ავტორი და პროექტის კურატორი): 

„ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის   პროექტი „ქართული ორნამენტი”კულტურული ტრადიციის  ერთგვარ თარგმანად შეგვიძლია წავიკითხოთ. კულტურული კოდი,  რომელიც კონტექსტსაა მოწყვეტილი, რეპროდუქცირებულია პოლიეთილენის პარკზე, ერთდროულად მყიფე და გამძლე მასალაზე, რომლის ნარჩენები ასწლეულები რჩება.

ფოტოგრაფიის მედიუმით და ხელოვანის პრაქტიკისთვის დამახასიათებელი ტექნიკით ქეთუთა აკვირდება დროის და კულტურის ურთიერთმიმართებას და ცვალებადობაში კულტურული კოდების მეტამორფოზას იკვლევს. 

აღნიშნული სერიიდან რამდენიმე გამოსახულება პირველად თბილისში, გალერეა LC Queisser-ში  გამოიფინა (2020), სერია ასევე წარდგენილი იყო გალერეა Frank Elbez-ის მიერ ფოტოგრაფიის ფესტივალზე  – Recontres d’Arles (2021). 

თბილისის საჯარო სივრცეში, კერძოდ კი მეტროსადგურ ,,300 არაგველის“ ზედა ვესტიბიულის ვიტრაჟზე  სერიის – ,,ქართული ორნამენტი“ წარდგენა ეხმიანება 60-იანი წლების ქართულ არქიტექტურაში აქტუალურ ხელოვნებათა სინთეზის იდეას, რომელსაც საფუძვლად ეროვნული იდენტობის ძიება და ახლებურად გააზრების მოცემულობა ედო. აღნიშნულ კონტექსტში ნამუშევარი დიალოგს მართავს ,,300 არაგველის“ ისტორიასთან, მითოსის კონტექსტში გადააქვს ის და კულტურული იდენტობის რეპროდუქციას უკავშირებს.

60-იანი წლების ქართულ ხუროთმოძღვრებაში მთელი სიმძაფრით დგება ეროვნული და ინტერნაციონალური არქიტექტურის ურთიერთმიმართების პრობლემა. ადგილობრივი გამოცდილება / ეროვნული მემკვიდრეობის ათვისება ნაგებობის  არქიტექტურული ორგანიზმის საერთო გააზრებაში იგრძნობა. ტრადიციათა ათვისების პრობლემა ამ პერიოდში ახლებურ გადაწყვეტას გულისხმობს, როცა ცალკეულ მოტივთა გამოყენება უარყოფილია და ეს ტრადიცია მთლიან არქიტექტურულ სახეში უნდა გამოვლინდეს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდის თანამედროვე ქართულ არქიტექტურაში ეს ტენდენცია ყველაზე უკეთ ინტერიერის დამუშავებაში გამოვლინდა, სადაც  ასევე იდეოლოგიით ნაკარნახევი და სტიმულირებული ხელოვნებათა სინთეზის იდეა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ზოგადად, ინტერიერთა დამუშავება ფაქტობრივად პირველად იქნა აყვანილი მხატვრული ამოცანების დონეზე. 60-იანი წლების თბილისის საზოგადოებრივი შენობების ერთი ნაწილისთვის დამახასიათებელი ხდება საერთაშორისო სტილისთვის ნიშანდობლივი რკინა-ბეტონის კონსტრუქციების და მინის ვრცელი ზედაპირების გამოყენება. ამ მიმართულებით განვითარების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ თამაზ თევზაძის პროექტის მიხედვით აშენებული მოდერნისტული პავილიონი – მეტროსადგური “300  არაგველი“. – აღნიშნავს ანა ჩორგოლაშვილი თავის საპროექტო განაცხადში.

მეტრო “300 არაგველის” ზედა ვესტიბიულის გარდა, თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდმა თავისი პირველი კონკურსი ღია კონკურსის წესით  შემდეგი ლოკაციებისთვის გამოაცხადა: ზაარბრიუკენის მოედანი; გლდანში, ალეკო გობრონიძის ქ. N1  და  ავლაბრის მოედანი.  

საუკეთესო პროექტებს სპეციალური კომისია გამოავლენს ყოველ ჯერზე, რომელიც   წარმოდგენილი იქნება ფონდის დირექტორის, საჯარო მოხელეებისა და დარგის მოწვეული სპეციალისტებისაგან. კონკურსის შედეგად გამოვლენილი პროექტები  ეტაპობრივად თბილისის სხვადასხვა ლოკაციას მოიცავს და  მთლიანობაში ეს იქნება ახალი ქართული ხელოვნების დროებითი ექსპოზიცია.

მოკლედ ახლად შექმნილი ფონდის შესახებ: 

ფონდის დამფუძნებელი და დირექტორი  ხელოვნების მენეჯერი და კონსულტანტი  ლიკა ჭკუასელია. ფონდი შეიქმნა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბაზაზე, როგორც აიპი, და სრულად ფინანსდება თბილისის მერიის ბიუჯეტიდან.  ფონდის საქმიანობის შესახებ  ვკითხულობთ, რომ ის  „მიზნად  ისახავს ხელოვნების პოპულარიზაციას საჯარო სივრცეებში, მხარს უჭერს თანამედროვე ქართველ ხელოვანებს მასშტაბური პროექტების განხორციელებაში და ემსახურება ფართო საზოგადოებაში თანამედროვე ხელოვნების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ შეიქმნა ახალი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც რელევანტური იქნება  ქართული სახელოვნებო სცენის განვითარებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად?  კერძოდ: თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის/კოლექციის არ არსებობის,  ხელოვნებით საზოგადოებრივი სივრცეების აუთვისებლობისა და ფართო საზოგადოების მხრიდან თანამედროვე ხელოვნების მიმართ გაუცხოების მოსაგვარებლად? 

სწორედ ამ თემებზე ვესაუბრეთ ლიკა ჭკუასელს, რომელსაც სახელოვნებო წრეებში იცნობენ, როგორც ხელოვნების კონსულტანტს,  რომელიც ეხმარება კერძო კოლექციონერებს კოლექციების შექმნაში, ასევე მოძრავი საგამოფენო სივრცის – „ქუნსთჰალე თბილისის“ თანადამფუძნებელ ირინა პოპიაშვილთან ერთად.  ამ ერთი წლის წინ კი ეროვნულ გალერეაში მისი კურატორობით გაიხსნა გამოფენა „ქართული ხელოვნება XX საუკუნიდან დღემდე, ნამუშევრები კერძო კოლექციებიდან”.  ეს იყო საბჭოთა, პოსტსაბჭოთა და თანამედროვე ხელოვნების მასშტაბური გამოფენა, რომელიც მან  კერძო და მუზეუმის კოლექციებზე დაყრდნობით მოამზადა.

თქვენ მიერ  კოლექციებზე მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, “თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდს“ საბოლოო ჯამში ხომ არ მოიაზრებთ 21-ე ს-ის დასაწყისის თანამედროვე ქართული სკულპტურის განვითარების და შესაბამისად, ახალი კოლექციის შექმნის პლაცდარმად?  

ლიკა ჭკუასელი (თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორი):  „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის“  მსგავსი ინსტიტუციის დაარსების სურვილი წლებია მქონდა, რადგან ნათლად ვხედავდი ასეთი ტიპის ორგანიზაციის არსებობის აუცილებლობას ქართულ რეალობაში. ერთერთი მიზანი, რაც ფონდის შექმნისას დავისახეთ იყო სწორად სამ განზომილებაში მუშაობის წახალისება და ქართველი ხელოვანებისთვის ყველა პირობის შექმნა, რომ მათ უფრო მასშტაბური ნამუშევრების შექმნაზე დაიწყონ ფიქრი. შესაბამისად, ვფიქრობ, ჩვენი ინსტიტუცია დიდი სტიმული იქნება, მათ შორის ქართული თანამედროვე ქანდაკების მიმართულების გადააზრებასა და განვითარებისთვის.   ფონდი ორი ტიპის კონკურსს აცხადებს, ერთ-ერთიასაჯარო სივრცეში მუდმივი პროექტების ხელშეწყობა“, რომელიც გულისხმობს ნამუშევრების შექმნას და რომელიც თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის კოლექციის ნაწილი გახდება. კონკურსების ფარგლებში განხორციელებული ნამუშევრები ჯერ კონკურსისთვის არჩეულ ადგილებში დაიდგმება, ხოლო შემდეგ ქანდაკების პარკში გადავა. ქანდაკების პარკის შექმნა თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის ერთერთი მიზანი და გეგმაა, რომელიც ახლო მომავალში განხორციელდება. ქალაქს მალე ექნება პარკი, სადაც ადგილობრივი თუ ჩამოსული სტუმარი ერთად თავმოყრილ ნამუშევრებს ნახავს მუდმივი ექსპოზიციის სახით. პარკი როგორც ქანდაკებების ღია მუზეუმიასეთი პარკის ბევრი მაგალითი არსებობს ევროპის და ამერიკის ქალაქებში”.

როგორ წარმოგიდგენიათ საზოგადოების რეაქცია და ინტერაქციის პროცესი საჯარო სივრცეებში არტისტების ინტერვენციაზე. შეცვლის რამდენიმე წელიწადში საზოგადოების დამოკიდებულებას, მიმღებლობას თანამედროვე ხელოვნების მიმართ? შედგება დიალოგი? 

ლიკა ჭკუასელი: ინსტიტუციის ერთერთი მიზანიც ზუსტად ეს არის, რომ თანამედროვე ხელოვნება გამოიყვანოს ვიწრო, სპეციალიზებული აუდიტორიის ინტერესის წრიდან და მისწვდეს ფართო, ბევრად მრავალფეროვან დამთვალიერებელს. ეს პირველ რიგში გამოწვევაა ხელოვანისთვისროდესაც ადგილსპეციფიკური ნამუშევრის შექმნაზე ფიქრობ, ერთერთი მთავარი კითხვაა, ვინ ნახავს ნამუშევარს და რა მოცემულობაში. ფაქტობრივად თითოეული ქუჩაში გამვლელი ხდება გამოფენის დამთვალიერებელი.   ვფიქრობ, სხვადასხვა რეაქცია ექნება დამთვალიერებელს. ინსტიტუციის  ფუნქციაა იმ ხიდის შექმნა, რის შედეგადაც აუცილებლად შედგება დიალოგი და გაჩნდება მიმღებლობა. ამის მისაღწევად ვგეგმავთ სხვადასხვა ინფორმაციული და საგანმანათლებლო აქტივობის ჩატარებას. ყველა პროექტის პარალელურად გვექნება მრავალფეროვანი საჯარო პროგრამა სხვადასხვა ასაკის დამთვალიერებლისთვის.

რა პრინციპით ირჩევთ ლოკაციებს. არის თუ არა ეს უმეტესწილად საბჭოთა პერიოდის არქიტექტურის, ქანდაკების, ხელოვნების რეპრეზენტაცია? ფონდს უკვე წინასწარ აქვს ლოკაციების ინტერვენციის  ბადე და ხედვა ჩამოყალიბებული მთელი თბილისის მასშტაბით თუ ეტაპობრივად კომისია მოიფიქრებს ყოველი მომდევნო კონკურსისთვის ლოკაციებს?  

ლიკა ჭკუასელი:  „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება განსხვავებული და მრავალფეროვანი მოცემულობა შევთავაზოთ ხელოვანებს; ადგილების არჩევისას მთავარი კრიტერიუმია ზუსტად ვიცოდეთ, რომ იქ დღის თუ ღამის განმავლობაში ბევრი ადამიანი მოძრაობს. ჩვენ მიერ უკვე გამოცხადებული კონკურსების ლოკაციები წარმოდგენილია როგორც ქალაქის ისტორიულ უბნებში, ისე მეტროსა და გარეუბანში. დროთა განმავლობაში აუცილებლად მოვიცავთ მთელ ქალაქსჩვენი მიზანია, ასევე შევძლოთ და  წამოვწიოთ ქალაქის ქსოვილის მრავალფეროვნება. ვისწავლოთ, გადავიაზროთ და გავუფრთხილდეთ ჩვენს ისტორიას და იდენტობას“.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.