fbpx

აპოლო – საქართველოს კინოთეატრების ქრონიკები 1920-1990


გააზიარე სტატია

ავტორი: ლევან გელაშვილი

 

ოციან წლებამდე მიხეილის პროსპექტზე კინოთეატრის ორი შენობა აიგო  – „პალასი“ და „აპოლო“.

„აპოლოს“ შენობა თავიდანვე კინოთეატრად აშენდა. ის 1909 წლის აპრილში გაიხსნა. „გრანდიოზული, ბრწყინვალედ მოწყობილი ელექტროთეატრი “აპოლო“  გაიხსნა 1909 წლის 12.04 (30.03), – წერდა პრესა.

კინოთეატრ „აპოლოს“ აშენებამდე ამავე სახელწოდებით არსებობდა ძველი „აპოლო“, რომელიც მდებარეობდა აღმაშენებლის (მიხეილის) პროსპექტზე, რკინიგზელთა კულტურის სახლის ადგილზე, ოღონდ არა ქუჩის პირას, არამედ სიღრმეში. ეს იყო მსუბუქი ტიპის ნაგებობა, რომელშიც ხალხი შედიოდა დასურათებული დერეფნის გავლით. ახალი კინოთეატრის აგებისთანავე ის დაანგრიეს. „აპოლოს“ მე-3 სართულის იატაკზე წარწერა გვამცნობს, რომ შენობაში ყოფილა ხელოვნური ხის დამამუშავებელი ფაბრიკაც, რომელიც უცხოელს ეკუთვნოდა. როდის შეიცვალა შენობის პროფილი ან რა მიზეზით – უცნობია.

იტალიელმა იუველირმა რიჩიმ ააგო ორი კინოთეატრი –  „აპოლო“ და „პალასი“. იტალიიდან ჩამოყვანილ მხატვრებს ფოიეები და დარბაზები გაუფორმებიათ. არქიტექტორი იყო ივანე კოლჩინი.

„აპოლო“ –  მიხეილის პროსპექტ № 129-ში მდებარეობდა. საბჭოთა პერიოდში ამ ქუჩას პლეხანოვი ერქვა, ახლა კი აღმაშენებელია. დანომვრის სისტემა შეიცვალა საბჭოთა დროს და პლეხანოვის 129 გახდა 135. დანომრის ეს სისტემა დღესაც ფუნქციონირებს.

პირველი ქართული ფილმის ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი იხსენებს, რომ ფილმების გადაღება კინოთეატრ “აპოლოს”  ფოიეში, კიბეებზე და ხანდახან თვით მაყურებლის დარბაზშიც მიმდინარეობდა, როცა ის თავისუფალი იყო. 1918 წელს კინოთეატრ „აპოლოს“ მეპატრონემ,  ვაჭარმა ჰენრიხ გეგელემ შექმნა კინოლაბორატორია, რომელშიც ალექსანდრე დიღმელოვი მუშაობდა და ფირებს ამჟღავნებდა.

1924 წელს ჩატარდა თბილისის კინოთეატრების შემოწმება. იმდროინდელი პრესა ამის შესახებ  წერდა: “თბილისში არსებულ ყველა კინოებთან შედარებით, კინო „აპოლო“ მოწყობილია ტექნიკის უკანასკნელი სიტყვით. ცეცხლის მქრობელი მანქანები თეატრში კარგააა მოწყობილი. მხოლოდ თეატრში არ არის საკონტროლო ელექტრო-სანათი”. 

1931 წ. საქართველოში პირველი ხმოვანი ფილმიც (რეჟისორ ნიკოლაი ეკის სურათი „ცხოვრების საგზური“) კინოთეატრ „აპოლოში“ უჩვენებიათ.

1957 წელს „აპოლო“ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. იმდროინდელი პრესა წერდა: „კინოთეატრი „ოქტომბერი“ (საბჭოთა პერიოდში „აპოლოს“ „ოქტომბერი“ ერქვა) 1000-ზე მეტი კაცისათვის არის განკუთვნილი, მაგრამ ფოიე მის ნახევარსაც ვერ იტევს. აქ არის საშუალება ერთგვარად მაინც შემსუბუქდეს გასაჭირი, თუ საესტრადო ორკესტრი ზემო სართულში გადავა. ძალზე პატარაა ტუალეტის ოთახიც.

მაყურებელთა დარბაზში ბევრი შრომა მოგიხდებათ, რომ აქ დაუზიანებელი სკამი აღმოაჩინოთ. არსებობის თითქმის 40 წლის მანძილზე აქ სკამები არ გამოცვლილა და სეანსის მსვლელობისას ზოგ მათგანს ფეხი ძვრება, ზოგს კი საზურგე. ოდნავ შერხევაზე ხომ ჭიისაგან დახრული სკამების ჭრიალს ვერსად წაუხვალთ და წარმოიდგინეთ კაკოფონია, თუ (ათას კაცზე არ ვიტყვი) 50-მდე მაყურებლის განძრევის მომენტი ერთმანეთს დაემთხვა…“. 

1964 წელს კაპიტალურად გარემონტებული და განახლებული „ოქტომბერი“ კვლავ დაუბრუნდა მაყურებელს, როგორც პირველი სტერეოფონური კინოთეატრი.

რეაბილიტაციის შემდეგ მოწესრიგდა დარბაზის აკუსტიკური მონაცემები, შეიცვალა კედლების მოსაჩითი მასალა. მთლიანად გადაკეთდა ეკრანიც. დარბაზის მონაცემების შესაბამისი ოვალური პლასტიკატის ეკრანი დამონტაჟდა. ეს იყო 17 მეტრი სიგანისა და 7 მეტრი სიმაღლის ეკრანი, რომელსაც გაუკეთდა სპეციალური ფარდა და მოწყობილობა, რითაც სურვილის მიხედვით შეიძლებოდა ეკრანი გამოეყენებინათ როგორც ჩვეულებრივი, ისე ფართოეკრანიანი ფილმების საჩვენებლად. 

„აპოლომ“ ოდესის კინოაპარატურის ქარხნიდან მიიღო ორი ფართოფორმატიანი კინოსაპროექციო აპარატი, ლენინგრადის კინოაპარატურის ქარხნიდან კი  სტერეოფონური გამაძლიერებელი მოწყობილობაც (რომელიც თავის სიმძლავრით 5000 მაყურებელსაც უზრუნველყოფდა). დარბაზში ფილმის შინაარსის მოთხოვნილებისამებრ შეიძლებოდა ემუშავა ოცდაათამდე დინამიკს, რომლებიც განლაგებული იყო ეკრანის უკან, დარბაზის კუთხეებში, კედლებსა და ჭერზე. ხმის რეგულირება ოპერატორის პულტით ხდებოდა. წინათ ამ სამუშაოს შესრულებაც კინომექანიკოსს უხდებოდა. გათვალისწინებული იყო პულტი მთარგმნელისათვის. ეკრანის წინ ამაღლებული ადგილი იყო მოწყობილი. ასევე სცენა –  მსახიობების, მუსიკოსებისა… მაყურებელთა, მსმენელთა წინაშე. 

რეაბილიტაციის შემდეგ „აპოლოში“ პრემიერად ახალი, ფერადი სტერეოფონური ფართოფორმატიანი ფილმი – „მძინარე მზეთუნახავი“ უჩვენეს. 

1990 წელს „ოქტომბერს“ ძველი სახელი – – „აპოლო“ დაუბრუნეს.

 

სტატია წიგნიდან – “საქართველოს კინოთეატრების ქრონიკები 1920-1990 წწ.”


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.