fbpx

გლობალური დათბობა და კონსიუმერიზმი – რას გავიგებთ დღეს N13


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ქეთი ბზიკაძე

 

დავუბრუნდი დედაქალაქს და საბჭოთა კორპუსებივით შემზარავმა და ბრუტალურმა ინფორმაციამაც იმატა გარშემო: ევროპის ხანძრებს, გრენლანდიის მუდმივ დნობას, მარჯნის რიფების კვდომას ლოკალური სტიქიაც – შოვის მეწყერი დაემატა, რამაც კიდევ ერთხელ გაგვახსენა, რომ ბუნებასთან არასერიოზულ და უგუნურ დამოკიდებულებას ყოველთვის ტრაგიკული დასასრული აქვს, მითუმეტეს, თუ სახელმწიფო სრულად უუნარო და მოუმზადებელია მსგავსი შემთხვევებისთვის. 

მოცემულ დამზაფვრელ რეალობაში გლობალურ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლება არავისთვისაა ზედმეტი, მეც დავჯექი და რამდენიმე დოკუმენტურ ფილმს ვუყურე კლიმატურ ცვლილებაზე, ერთ-ერთი იყო National Geographic-ის გადაღებული „Before the Flood, სადაც ამბის მთხრობელი აწ უკვე გაეროს მშვიდობის ელჩი ლეონარდო დიკაპრიოა. ის მოგზაურობს სხვადასხვა პრობლემურ რეგიონში და კომპეტენტური ინფორმაციის ფონზე თვალსაჩინოდ გვიხატავს უმოქმედობის შემთხვევაში დედამიწის უიმედო მომავალს. 

 


ბუნებრივად გაჩენილმა მეტი შემეცნების სურვილმა მეორე დოკუმენტურ ფილმს – “Chasing Ice”-ს მაყურებინა. აქ ფოკუსში ყინულით დაფარული ხმელეთი და მისი პრობლემებია. მთავარი მოქმედი პირი ცნობილი ფოტოგრაფი ჯეიმს ბალოგია, რომლის ობიექტივი ძირითადად გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე, ტყეებსა და ყინულოვან საფარველებზეა მიმართული. ფილმში ხელოვანის ამოცანაა ყინულის ლანდშაფტის ჯადოსნური კადრების გადაღება და მათი დახმარებით ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებზე დაკვირვება. სამწუხაროდ დიდი შრომის და დროის შედეგად მოპოვებული ფოტომასალა ისლანდიაში, გრენლანდიასა და ალასკაზე სავალალო შედეგებს ცხადყოფს, უფრო კონკრეტულად კი: ტემპერატურის მატების შედეგად ყინულის საფარველს ჩამოშორებული გიგანტური ყინულები ოკეანეში ჩადის და ზღვის დონე ნელ-ნელა მატულობს. დღეს და ხვალ არა, მაგრამ რამდენიმე ათწლეულში შესაძლოა კუნძულებმა, ქალაქებმა და პლაჟებმა იერი შეიცვალოს ან საერთოდაც გაქრეს, რაც ასობით მილიონი მოსახლის იძულებით გადასახლებას გამოიწვევს. 

 

 

აქვე მინდა გაგიზიაროთ ზმნა „calving“ – რომელიც ინგლისურად ნიშნავს მყინვარიდან გიგანტური აისბერგების ოკეანეში ჩამოშლას.

 სულხან-საბას მრავალფეროვან ლექსიკონში მსგავსი მნიშვნელობის ტერმინი ალბათ არც გვაქვს, 

იმიტომ, რომ არც ოკეანე და არც ბევრი ყინული გვხვდება კავკასიაში. მაგრამ დღესდღეობით გლობალური პრობლემა ნებისმიერი ყინულებთან ახლოს თუ შორს მყოფი ქვეყნის მოქალაქეს უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ ეს პროცესი შეუქცევადი არ გახდეს. ხშირად კი გვესმის „კლიმატის ცვლილება“, „გლობალური დათბობა“, მაგრამ თითქოს ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო ფუსფუსსა და პრობლემებში იკარგება. ინტენსიური, ემოციური და თვალსაჩინო ინფორმაცია, როგორიც ეს ფილმებია – პირდაპირ მსოფლაღქმას ცვლის. წარმოიდგინეთ, ბოლო 10 დღე ზემო აჭარასა და სვანეთში ლაშქრობაში გავატარე. და ახლა ვზივარ და მეტირება, რომ ეს ხელშესახები საოცრება: ცისფერი ცა, სუბალპური და ალპური მდელოები, ტროპიკული ტყეები, გიგანტური ხეები, ფიჭვის არომატი, დათოვლილი მიუწვდომელი მწვერვალები, მრავალფეროვანი მწერები, დამაჰიპნოზებელი სოკოები და ირეალური შეფერილობის მცენარეები შეიცვლება, ისეთი ქორფა და ხასხასა აღარ იქნება და ნელ-ნელა საერთოდაც გადაშენდება.

 

ბარემ ბუნებაზე გაფრთხილების ტალღას შევყევი და „Just eat it”-საც ვუყურე. ფილმი ექსპერიმენტზეა, სადაც წყვილი ექვსი თვის განმავლობაში არ იძენს საკვებს და ძირითადად უზარმაზარი ჰიპერმარკეტების ნაგავში ნაპოვნი „უვარგისი“ (რა თქმა უნდა, ამ პროდუქტს ვადაც წესრიგში აქვს და არც დაზიანებულია) პროდუქტით იკვებება. საათნახევრიან ფილმს ორ სიტყვაში ვერ მოვყვები, მაგრამ რეზიუმეს სახით გეტყვით, რომ 1. სტატისტიკურად შეძენილი პროდუქტის 1/4-ს ნაგავში ვყრით უმიზეზოდ, დაუფიქრებლად; 2. 6 თვეში ამ წყვილმა 2000$ დაზოგა საჭმელზე და მაინც მრავალფეროვანი რაციონი ჰქონდათ – არ აკლდათ არც შოკოლადი, არც ჰუმუსი და არც სტეიკები. 3. მარკეტების მოთხოვნაა იდეალური სტანდარტების ხილი და ბოსტნეული, არასტანდარტული ზომის ბანანს კი იწუნებენ და და   ყრიან. რატომღაც ჩემი face control-ობის გამოცდილება გამახსენდა ერთ-ერთ კლუბში, მეზიზღებოდა ეს დისკრიმინაციული პროფესია.

 

მოკლედ – საზიანო კონსუმერიზმი!

ამ ფილმის ყურებამდეც ვცდილობდი ჩემში გონიერი მომხმარებელი გამომეძერწა, აღზრდაც ხელს მიწყობს, პროდუქტის გადაყრა ძალიან არ გვიყვარს ოჯახში. ჩემი კულინარული უნარებიც ამ თვისების ხარჯზე დავხვეწე, ხშირად მხოლოდ მაცივარში არსებული პროდუქტებით, დამატებითი შესყიდვების გარეშე ვცდილობ საინტერესო კერძის მომზადებას, რაც კრეატიულობას ავითარებს და კონკრეტულ ინგრედიენტის მრავალფეროვან შესაძლებლობებს გაცნობს. 

ხომ ვიცით, დიდ პრობლემებთან გამკლავება პატარ-პატარა ნაბიჯებით იწყება და არა „ოო, კაი რა, მე ვუშველი მაგას?“ ძახილით, ჰოდა ჩვენ-ჩვენი წილი კენჭიც რომ დავდოთ, ძალიან გონივრული საქციელი იქნება: ნაკლები პლასტიკის მოხმარება, პლასტიკის ჩაბარება, მრავალჯერადი ჩანთები, დაფიქრებული შოპინგი, მეორადი სამოსის მოხმარება, მეტი ტყეში ბოდიალი და ელექტროენერგიის ნაკლები გამოყენება, ფეხით სიარული და ა.შ. რომ დაფიქრდეთ, ეს ყველაფერი თქვენს ჯანმრთელობასა და ფინანსებზეც აისახება,  ანუ დედამიწის  გაფრთხილებით ჩვენს თავსაც გავუფრთხილდებით.

ამასობაში გამახსენდა, რომ ჩემი გიგანტური სპილოსყურა ე.წ. არმა ისე გამრავლდა, რომ 1 ქოთანში 5 ძირია და ვიწროდ თანაცხოვრობენ, თვეები ვერ მოვიცალე და „ყურები“ აქვთ ჩამოყრილი. მოვრჩი თუ არა ფილმების ყურებას, ენთუზიაზმით სავსემ 100-ჯერ გადადებულ საქმეს მივხედე. კმაყოფილი ვარ.

 

ბონუსი

გაგიზიარებთ რამდენიმე ხელოვანს, რომლებიც აქტიურად იყენებენ  ნიჭს და უნარებს, რომ საზოგადოება რეალურ გამოწვევებზე დააფიქრონ: Harald Hermann, Gavin Turk, Tan Zi Xi, Olafur Eliasson, Zakir Hossain Chowdhury, Ai Wei Wei.

P.S. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი 700 სიტყვა ამ ფილმების თუ ხელოვანების ყურება-დათვალიერების სურვილს გაგიჩენთ, ხოლო უნიკალური კადრები, მეცნიერების საუბრები და  მთელი გადამღები ჯგუფი გარანტიას გაძლევთ, მძაფრ შთაბეჭდილებას მოახდენს. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.