fbpx

მიქაუტაძის გმირობა და სხვა სადებიუტო გოლები


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

2023 წლის 18 აგვისტო უმნიშვნელოვანესი დღე იყო საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძის კარიერაში, რადგან მან „მეცის“ შემადგენლობაში საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველსავე მატჩში გამოიჩინა თავი, დააწინაურა რა საკუთარი გუნდი ჩემპიონატის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდ „მარსელთან“ შეხვედრაში.

საბოლოოდ მატჩი ფრედ – 2:2 დასრულდა, მაგრამ ნიშანდობლივია „მეცის“ მიერ ანგარიშის გათანაბრება და დაწინაურება ათი კაცის შემადგენლობით.

მიქაუტაძემ „მარსელის“ გოლკიპერი ზედ კარის ხაზთან მიწიდან ასხლეტილი ბურთით „დაასაჩუქრა“. ამ გოლიდან ცოტა ხანში კი მოწინააღმდეგე გუნდის მცველი ორჯერ „დააბზრიალა“ და დაარტყა კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ ამ შემთხვევაში მეკარემ უკვე იმარჯვა.

უკანასკნელი ათი წუთის განმავლობაში „მეცმა“ ანგარიშის შენარჩუნებაზე იზრუნა და ამისათვის მაინცდამაინც ქართველი ფორვარდი შეცვალა, რითაც საბოლოოდ მოისპო კიდეც მესამე გოლის გატანის ყოველგვარი შესაძლებლობა.

„მარსელთან“ ფრე აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი შედეგია იმის გათვალისწინებითაც, რომ ამ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ეს გუნდი საბერძნეთის  „პანათინაიკოსთან“ შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგის ტურნირს გამოეთიშა და ამიტომ ლიგა 1-ის დებიუტანტთან დაპირისპირებაში იგი მხოლოდ  გამარჯვებისთვის იბრძოდა. 

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან „მარსელის“ გამოვარდნა კი ცალკე სასაუბრო თემაა და შეუძლებელია, რომ მას გვერდი ავუაროთ. 

ფრანგულმა კლუბმა გასვლაზე პირველი მატჩი ანგარიშით 0:1  წააგო  ათენის „პანათინაიკოსთან“, მაგრამ შინ მან ორბურთიან უპირატესობას პირველივე ტაიმში მიაღწია და მატჩის მეორე ნახევარშიც არ გაუშვია ხელიდან მართვის სადავეები.

მაგრამ, მიმდინარეობდა შეხვედრის დამატებითი მერვე წუთი, როდესაც უეცრად იგი შეწყდა. VAR-ის ბრიგადასთან გასაუბრების შემდეგ კი მსაჯი კამერისკენ გაემართა ხუთი წუთით ადრე მომხდარი ეპიზოდის გადასამოწმებლად. 

გაირკვა, რომ „მარსელის“ მცველმა მატეო გენდუზიმ სრულიად უწყინარ სიტუაციაში საკუთარ საჯარიმო მოედანზე ხელით ითამაშა. დამატებით მეათე წუთზე დანიშნული პენალტის გამოყენების შემდეგ კი სტუმრებმა ორი დაპირისპირების ჯამში წონასწორობა აღადგინეს და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანეს.

მაგრამ, მთავარი სასეირო ამბები მაყურებლებს თურმე წინ ელოდათ. დავიწყოთ იმით, რომ „მარსელმა“ პენალტების სერიაში პირველივე დარტყმა რატომღაც მაინცდამაინც გენდუზის ანდო. 

სერიის დასრულების შემდეგ კი სწორედ ის აღმოჩნდა ორივე გუნდიდან ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც თავისი შანსი ვერ გამოიყენა.

საგულისხმოა ასევე ისიც, რომ დამატებითი დროის მიწურულს „მარსელმა“ სპეციალურად თერთმეტმეტრიანების სერიისთვის მეკარე პაუ ლოპესი რუბენ ბლანკოთი ჩაანაცვლა.

ამ ცვლილების განხორციელებისას ნუთუ არ გაახსენდა „მარსელის“ მწვრთნელ მარსელინიო გარსიას „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ შორის ინგლისის თასის ფინალური შეხვედრა, როდესაც მატჩის დამატებითი დროის ბოლო წუთებზე ლონდონელთა მწვრთნელ თომას ტუხელის მიერ სპეციალურად პენალტების სერიისთვის გამოყვანილმა მეკარე კეპა არიზაბალაგამ მეტოქის მიერ შესრულებული თერთმეტივე პენალტი გაუშვა და ერთადერთმა ვერ გამოიყენა თავისი შანსი შეხვედრაში. 

ცნობისათვის, „მეცთან“ მატჩში „მარსელის“ კარს კვლავ პაუ ლოპესი იცავდა…

გიორგი მიქაუტაძის თავის პირველსავე მატჩში გატანილმა გოლმა კი გაგვახსენა ხვიჩა კვარაცხელიას შარშანდელი დებიუტი „ვერონას“ წინააღმდეგ, სადაც შემდგომში იტალიის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელმა ასევე გამოიჩინა თავი.

ამჯერად „ნაპოლის“ დებიუტი სამწუხაროდ ხვიჩას გარეშე შედგა. შარშანდელი სეზონის მსგავსად, იტალიის ჩემპიონმა პირველი გოლი საკუთარ კარში კი გაუშვა, მაგრამ მალევე გონს მოეგო და ყოვლად უღიმღამო დებიუტანტთან დაპირისპირებაში საბოლოოდ ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა. 

ხვიჩას არყოფნაში ქართველი გულშემატკივრების ყურადღება უპირველეს ყოვლისა „ფროზინონეს“ შემადგენლობაში ახალგაზრდა თავდამსხმელ გიორგი კვერნაძის დებიუტმა მიიპყრო, მაგრამ მოგებას მოწყურებული იტალიის ჩემპიონის წინააღმდეგ დაპირისპირებაში ის განსაკუთრებულს ვერაფერს შეცვლიდა.

საფრანგეთის და იტალიის ჩემპიონატების მსგავსად ამ უიკენდზე გერმანიის ბუნდესლიგის დებიუტიც შედგა.

ჩემპიონმა მიუნხენის „ბაიერნმა“ ქვა ქვაზე არ დატოვა „ვერდერთან“ ანგარიშით 4:0 მოგებულ გასვლით შეხვედრაში, სადაც ორი ბურთი მსაჯის მიერ დამატებულ დროში გაიტანა.

მნიშვნელოვანია, რომ ამ მატჩში მეორე ბურთი „ბაიერნის“ დებიუტანტ ვარსკვლავ ჰარი კეინის ანგარიშზეა.

სხვა მატჩებიდან კი აღსანიშნავია ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში „ლევერკუზენის“ ანგარიშით 3:2 გამარჯვება „ლაიპციგთან“ და „აუგსბურგსა“ და „მიონხენგლადბახს“ შორის დაფიქსირებული უხვგოლიანი ფრე -4:4.

სტუმრები ამ მატჩს მე-40 წუთისთვის ანგარიშით 3:1-ს იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მისი გადარჩენა მოუწიათ მსაჯის მიერ დამატებულ მე-7 წუთზე.

ინგლისის პრემიერლიგაში და ესპანეთის ლა ლიგაში კი გუნდებმა უკვე მეორე ტურის მატჩებიც ჩაატარეს.

განვლილ უიკენდზე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა პრემიერლიგის ცენტრალური დაპირისპირება „მანჩესტერ სიტისა“ და „ნიუკასლს“ შორის, რადგან თუკი დიდად არ გაგვკვირვებია პირველ ტურში პეპ გვარდიოლას გუნდის მიერ დებიუტანტ „ბარნლის“ ანგარიშით 3:0 დამარცხება, „ნიუკასლმა“ უნაი ემერის „ასტონ ვილას“ ოთხბურთიანი უპირატესობით  თითქოს წარმოშვა აზრი, რომ ასეთი საოცარი ტემპებით განვითარებადი გუნდი თვით „მანჩესტერ სიტისთვისაც“ კი შეძლებდა წინააღმდეგობის გაწევას.

მაგრამ ილუზია ილუზიად დარჩა, რადგან „მანჩესტერ სიტის“ დღესდღეობით ბერნარდუ სილვას და კევინ დებრიუინეს გარეშეც ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან  გააჩნია გამარჯვების საკუთარი რეცეპტი.

პეპ გვარდიოლას გუნდმა ამ მატჩის ერთადერთი გოლი შეხვედრის 31-ე წუთზე გაიტანა და ამის შემდეგ ბურთი მეტოქეს პრაქტიკულად გადააბარა, რადგან „მანჩესტერ სიტისთან“ შეხვედრაში ბურთის ფლობის 40%-იანი შედეგის მიღწევა თითქმის წარმოუდგენელი ამბავია.

ბუნებრივია, რომ „ნიუკასლი“ გაშვებული ბურთის შემდეგ ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას, მაგრამ უფრო მეტ ხიფათს ისევ საკუთარი კარის სიახლოვეს იღებდა.

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები კი ეტყობა, ისეთი სიზუსტით ასრულებდნენ გვარდიოლას მითითებებს, რომ ბრძენ მწვრთნელს მთელი მატჩის განმავლობაში ერთი ცვლილებაც არ განუხორციელებია! 

ტურის კიდევ ერთ ცენტრალურ მატჩში კი კეინის გარეშე დარჩენილმა „ტოტენჰემმა“ ანგარიშით 2:0 დამაჯერებლად მოუგო „მანჩესტერ იუნაიტედს“

ესპანეთის ლა ლიგაში გვახარებს „ვალენსიას“ ასპარეზობა, რომელსაც ორი ტურის შემდეგ, მადრიდის „რეალის“ მსგავსად, მოგებული აქვს ორივე მატჩი.

„ლას პალმასთან“ ანგარიშით 1:0 დასრულებულ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილს იშვიათად თუ უწევდა თამაშში ჩართვა, მაგრამ ნებისმიერ ასეთ ეპიზოდში იგრძნობოდა საქართველოს ნაკრების მეკარის ლიდერის პოზიცია სახელოვანი წარსულის მქონე კლუბში, რომელიც შარშანდელი ჩავარდნილი სეზონის შემდეგ, თანდათანობით ძალას იკრებს.

ერთადერთი გოლი კი ცენტრალურ ნახევარმცველ პეპელუს ანგარიშზეა, რომელმაც „ვალენსიას“ შემადგენლობაში სადებიუტო მატჩში თავი გატანილი პენალტით გამოიჩინა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.