fbpx

თიბისი კონცეპტის მიერ გაცოცხლებული ქართული ჯაზის ისტორია – ლეგენდარული გიული ჩოხელი


გააზიარე სტატია

 

ამ სტატიის დაწერამდე ჩემს რამდენიმე მეგობარს ვთხოვე ოჯახში გიულის შესახებ ეკითხათ ბებია-ბაბუებისთვის  და ერთ-ერთი  მეგობრის ბებიის, მანანას კომენტარს გამოვარჩევდი:

„ოჰ, გიული… ულამაზესი გოგონა იყო, ისეთი უცხო გარეგნობა ჰქონდა… მისი მუსიკასავით, მაშინ ჯაზს ჩუმ-ჩუმად მაინც ვუსმენდით, მაგრამ ქართულად რომ მოვისმენდით, რას წარმოვიდგენდით? გიულის ყველა თავისუფლების მსურველი აფასებდა და პატივს სცემდა”.

მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, 1935 წლის თებერვლის ცივ ამინდში სამყაროს მოევლინა გიული ჩოხელი.  დედამისი – ელიკო ჩოხელი, რომელსაც გიული თავის მოძღვრად მოიხსენიებს, მუსკომედიის გამოჩენილი მსახიობი იყო და ქალაქშიც დიდი პატივისცემით სარგებლობდა. პატარა გიული თბილისის შუაგულში, სვანეთის უბანში იზრდებოდა,  ბაბუის აშენებული ორსართულიანი სახლის აივანთან დიდი თუთა იდგა. მასზე ჩუმად გადაცოცდებოდა და  დედამისის რეპეტიციებზე მოსმენილ მელოდიებს ღიღინებდა თავისთვის. სიმღერა გულში სულ უტრიალებდა და იქით მიდიოდა, საითაც მელოდია წაიყვანდა. ქალბატონი გიული იხსენებს თავის ერთ-ერთ ინტერვიუში  – „აღმოვაჩინე კათოლიკური ეკლესია, რაღაც ხმები მომესმა და შევედი, ვიქნებოდი ასე 8 წლის, ვიჯექი ხოლმე მოფარებული და ისინი რომ მღეროდნენ, მეც ვმღეროდი. ერთხელაც, მოვიდა მსახური და აბა, შეგიძლია შენ იმღერო ავე-მარიაო?! და რაღაც პატარა წავიმღერე.  ასე დამაყენეს გუნდში უკან და დავიწყე ეკლესიაში სიმღერა“. შეიძლება ითქვას, რომ პირველი შედარებით პროფესიონალური გამოცდილება სიმღერაში გიულისთვის სწორედ  გალობა იყო, რაც ხსნის მისი სიმღერის რბილ მანერას: მის სიმღერებში გაგრძელებულ ხმოვნებს და დარბილებულ თანხმოვნებს.

ქართველმა მუსიკოსმა პირველად ჯაზის შესრულება 1953-54 წლებში დაიწყო  ბიძაშვილთან, გოგი ცაგარელთან ერთად. სოლოლაკის ერთ-ერთ ბაღში, სადაც ხალხი ხშირად იკრიბებოდა, გოგის ნაწარმოები პირველად შეასრულეს. ქალბატონი გიულის ცხოვრებაში ეს გადამწყვეტი მომენტი იყო. მაშინ მიხვდა, რომ სიმღერა უნდა გაეგრძელებინა, ემღერა იქ, სადაც შეძლებდა და მაშინ არც იცოდა, რომ წლების შემდეგ მას მოიხსენიებდნენ როგორც ჯაზის ლეგენდას, თავისუფლებისთვის მებრძოლ და საზღვრების დამრღვევ ძალას, მაგრამ ის თავისუფლება, რომლისკენაც გიული მიიწევდა, მაშინ ქვეყანაში არ არსებობდა, ჯაზისთვის გასაქანის მიცემას მხოლოდ საიდუმლოდ ან ქვეყნის გარეთ ახერხებდა, რადგან ამ პერიოდში ჯაზი აკრძალული იყო. საბჭოთა კავშირში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისმის სლოგანი – „Сегодня он играет джаз, а завтра Родину продаст“/“დღეს იგი უკრავს ჯაზს, ხვალ გაყიდის სამშობლოს“. 

1952 წლიდან მღერის თბილისის ფილარმონიის ვოკალურ-ინსტრუმენტულ ტრიოში, 1955 წლიდან საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის სოლისტია, 1959–1960 წწ. ლუნდსტრემის საესტრადო ორკესტრის სოლისტი, 1961 წლიდან გამოდიოდა სოლო კონცერტებით ინსტრუმენტულ ანსამბლ “Веселые тромбоны” და ჯაზორკესტრ “ჩანგთან” ერთად, რომლის პიანისტი და ასევე ჯაზმენი, პაველ რიჩკოვი, მისი მეუღლე იყო.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიული ჩოხელი იყო პირველი ცნობილი ჯაზმენი  ქალი საქართველოში, რომელმაც მოახერხა თავი დაეღწია საბჭოთა კავშირის ბორკილებისგან – შეძლებისდაგვარად. მართალია, შეგვიძლია ავდგეთ და ეს ისტორია ვაქციოთ დიდ რომანტიკად, მაგრამ გიული ჩოხელი და „ჩანგი“ მუდამ შეზღუდვებს აწყდებოდნენ. Მართალია, ნაწილობრივ შეზღუდვებს გაურბოდა, მაგრამ საბჭოთა პროპაგანდა მაინც ძალიან ერჩოდა. გიულის შეეძლო ემღერა საქართველოში ქართულად (როგორც ქალბატონი გიული იმ პერიოდისთვის თვლიდა, ჯაზი უნდა ემღერა  ინგლისურად), ტექსტები უნდა ყოფილიყო აუცილებლად ქართული. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი კარგია ქართული მუსიკისთვის, მაგრამ მიზანი არ ყოფილა ქართული ჯაზის განვითარება, მიზანი და მოთხოვნა იყო –  ან იმღერე ქართულად, ან რუსულად, ან არ იმღერო საერთოდ – არჩევანის თავისუფლება სრულიად შეზღუდული ჰქონდა მთელ ბენდს საბჭოთა სამყაროს ფარგლებში.  იგი ინტერვიუში იხსენებს – „რუსეთი იყო ჩვენი “ვითომ პატრონი” და რასაც გვეტყოდა, სადაც გაგვიშვებდა, იქ უნდა წავსულიყავით.“

მიუხედავად შეზღუდვებისა, გიულის პოპულარობამ პიკს მიაღწია 1960-იანი წლების მეორე ნახევარში, სოპოტის ფესტივალზე გამოსვლის შემდეგ, იგი გახდა ფესტივალის გამარჯვებული და მისი სახელი მალევე მოედო სამყაროს. გაუთავებელი ტურები – ავტობუსიდან – ავტობუსში, მატარებლიდან – მატარებელში, ხანდახან დროის  უქონლობის გამო რეპეტიციების გავლა მგზავრობის დროს უწევდა ბენდს. გიული ჩოხელმა მალევე ფირფიტების ჩაწერაც დაიწყო, მისი ნაშრომი პირველად პოლონეთში დაფასდა და გამოიცა, და შემდეგ საქართველოში. სამწუხაროდ, დღემდე არაა შემონახული არცერთი ძველი ფირფიტა, რომელიც თავის დროზე სტუდია Melodya-ში ინახებოდა. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს გიულის ფირფიტის გამოცემა საქართველოში,რომელიც თიბისი კონცეპტის ეგიდით ხორციელდება...

მე კი მინდა ქალბატონ გიულის გადავუხადო მადლობა და გითხრათ, რომ გიული ჩოხელი არაა მხოლოდ ქართული ჯაზის სახე, ის არის სიმბოლო თავისუფლების, ხატი გოგონებისთვის, რომლებსაც სწყურიათ დამოუკიდებლობა. ის არის ცოცხალი მაგალითი , რომ ისტორია კეთილია იმ ადამიანების მიმართ, ვინც არიან შეუპოვრები და არ მიჰყვებიან საერთო დინებას. 

 

ავტორი: გვანცა უთურაშვილი

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.