fbpx

სანაკრებო პაუზის წინ


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ევროპული ფეხბურთი თანდათანობით ეშხში შედის, იგრძნობა გუნდების სწრაფვა თამაშის გაუმჯობესებისაკენ, მაგრამ მიზანი ხშირად რომ ვერ სრულდება, ამის მკაფიო მაგალითი „ჩვენი გუნდების“ – „ვალენსიას“ და „ნაპოლის“ ასპარეზობაა.

პირველი ორი ტურის შემდეგ „ვალენსია“ ესპანეთის ლა ლიგის გათამაშების სატურნირო ცხრილს მადრიდის „რეალთან“ ერთად ედგა სათავეში, მაგრამ სანაკრებო პაუზამდე მან ზედიზედ ორი მატჩი ისეთი მდარე ხარისხის თამაშის ჩვენებით დათმო, რომ ახლავე გამოჩნდა – გუნდს წლეულსაც გადარჩენისათვის მოუწევს ბრძოლა.

„ალავესთან“ შეხვედრა კი გიორგი მამარდაშვილს კარიერის ბოლომდე დაამახსოვრდება, რადგან მსგავსი თავგადასავალი შეიძლება მსოფლიოს არცერთ მეკარეს არ გადახდენია თავს.

ქართველ გოლკიპერს უკვე მატჩის პირველივე წუთზე მოუწია წესის დარღვევა საჯარიმო მოედანზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი მეტოქის მიმართ, მაგრამ მარცხენა კუთხეში დარტყმული თერთმეტმეტრიანი მეკარემ მოიგერია. 

თამაში თითქოს გაგრძელდა, მაგრამ მსაჯმა უეცრად მამარდაშვილი უკვე პენალტის შესრულების წესის დარღვევაში ამხილა და მას მეოთხე წუთზე განმეორებით დანიშნული თერთმეტმეტრიანის მოგერიება უკვე მარჯვენა კუთხეში მოუწია. 

ყველაზე გულდასაწყვეტი ამბავი კი ის იყო, რომ ორი წუთის შემდეგ მამარდაშვილი თანაგუნდელმა კიდევ ერთხელ გაწირა, როდესაც საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი…

მეექვსე წუთზე დაფიქსირებული 1:0 მატჩის ბოლომდე არ შეცვლილა, რაც იმას ნიშნავს, რომ დებიუტანტი „ალავესი“ სატურნირო ცხრილის შუაგულში ქულებით გაუთანაბრდა „ვალენსიას“.

ლა ლიგის გათამაშების ლიდერი კი ქულათა მაქსიმუმით მადრიდის „რეალია“, რომელმაც განვლილ ტურში „ხეტაფე“, ბელინგემის გოლით, შეხვედრის დამატებით მე-5 წუთზე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

„ტორინოში“ საბა საზონოვის გადასვლის შემდეგ იტალიის სერია A-ს ქართული დიასპორა კიდევ ერთი ფეხბურთელით გამდიდრდა.

დებიუტანტის კვალობაზე დამაჯერებლად ასპარეზობს „ფროზინონე“, რომელმაც პირველ ტურში „ნაპოლისთან“ განცდილი მარცხის შემდეგ ჯერ ბერგამოს „ატალანტა“ დაამარცხა, ხოლო განვლილ ტურში კი გასვლაზე ფრედ – 0:0 ეთამაშა „უდინეზეს“.

შედეგი აუცილებლად დამაკმაყოფილებელია, რადგან „უდინეზე“ ათწლეულების მანძილზე სერია A-ში გავარდნის გარეშე ადგილს სწორედ „ფროზინონეს“ ტიპის გამოუცდელი დებიუტანტების ძლევის ხარჯზე ინარჩუნებს.

გარდა ამისა, მასპინძლებს ამ შეხვედრაში საკუთარი გულშემატკივრების წინაშე სწყუროდათ სეზონში პირველი გამარჯვების მოპოვება და სანაკრებო პაუზის წინ ორადორი ქულით დარჩენა მათ გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა.

სამწუხაროდ ბოლო ორ მატჩში გიორგი კვერნაძეს მონაწილეობა არ მიუღია, რადგან მათი განვითარების სცენარი შეტევის გაძლიერებას არ მოიაზრებდა, მაგრამ გუნდს წინ კიდევ არაერთი ასეთი შეხვედრა ელის, სადაც ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა.

აი ხვიჩა კვარაცხელია კი პირველი წუთიდანვე გამოჩნდა „ნაპოლის“ შემადგენლობაში „ლაციოსთან“ შეხვედრაში, მაგრამ „სასუოლოსთან“ წინა ტურში ნაჩვენები ფეიერვერკებისგან განსხვავებით, ამჯერად ვერაფერი შესძინა უნიათო თანაგუნდელთა გაუაზრებელ თამაშს.

მწვრთნელმა რუდი გარსიამ შეტევის გაძლიერება ისევ ხვიჩას გაყვანით სცადა, მაგრამ მოედანზე რასპადორის გამოსვლის შემდეგ „ნაპოლი“ მეტოქის კარს მხოლოდ ერთხელ მიუახლოვდა, როდესაც მწყობრიდან გამოსულმა ოსიმენმა „ლაციოს“ მეკარის მიმართ უსირცხვილოდ განზრახ იუხეშა.

„ლაციომ“, რომელსაც პირველი ორი მატჩი წაგებული ჰქონდა, ზედიზედ ორ სეზონში შეძლო „ნაპოლისთან“ გასვლაზე მოგება, რაც რომაული გუნდის მწვრთნელის, მაურიციო სარრის დიდი დამსახურებაა.

გვახსოვს ისიც, რომ სწორედ ამ მწვრთნელის ხელში დაიწყო „ნაპოლიმ“ აღზევება, რასაც ლუჩანო სპალეტიმ შარშან ფრთები შეასხა „სკუდეტოთი“, უპირველეს ყოვლისა იტალიის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მეოხებით.

ჩავარდნა კი „ნაპოლის“ შარშანდელ სეზონში „ლაციოსთან“ და „მილანთან“ და ჩემპიონთა ლიგაზე იმავე „მილანთან“ წაგებების შემდეგ დაეწყო. 

ამ წარუმატებლობების შემდეგ გუნდი თამაშებს უკვე ძირითადად ინერციით იგებდა და თანაც კონკურენციის გარეშე, რადგან ყველაფერი უკვე დიდი ხნით ადრე იყო გარკვეული სერია A-ს გათამაშებაში.

ჩანს, რომ „ნაპოლი“ ისევ ამ გზაზეა და თუკი ახალი მწვრთნელი საკუთარი კაპრიზებით ხვიჩას თამაშის ხალისს მოუსპობს, ზელინსკის, ოსიმენის, პოლიტანოს და რასპადორის ხელში  გუნდი არამცთუ „სკუდეტოს“ ვერ შეინარჩუნებს, შეიძლება იგი კრიზისმაც მოიცვას, რასაც ჩემპიონთა ლიგის დატვირთული გრაფიკიც ხელს შეუწყობს.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშების პირველი სამი ტურის შემდეგ შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს „მილანი“, რომელმაც განსაკუთრებით ეფექტურად განვლილ ტურში გასვლაზე „რომა“ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჟოზე მოურინიოს მობრუნების შემდეგ ევროპის ლიგის შარშანდელი ფინალისტი ერთგვარად ვალდებულიც კი იყო, რომ საკუთარ კედლებში სეზონში პირველი თამაში მოეგო, მაგრამ მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე გატანილ პრესტიჟის გოლს დასჯერდა.

„მილანიდან“ კი თავი შესაბამისად პირველი და მეორე ტაიმების დასაწყისში ოლივიე ჟირუმ და რაფა ლეაომ გამოიჩინეს.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო განვლილ კვირას გიორგი მიქაუტაძის დებიუტი ამსტერდამის „აიაქსის“ შემადგენლობაში, „სიტარდთან“ შეხვედრაში, სადაც ჰოლანდიური ფეხბურთის გრანდი 0:0-ს დასჯერდა.

წლეულს „აიაქსში“, რომელსაც ტრადიციულად ნიდერლანდების ჩემპიონობა აქვს განზრახული და გარდა ამისა ევროპის ლიგაზე ურთულეს ჯგუფში მოუწევს ასპარეზობა, საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდს კიდევ მრავალჯერ მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება.

მთავარი კი ისაა, რომ სადებიუტო მატჩი გიორგიმ სრულად ჩაატარა და „აიაქსის“ მწვრთნელ მორის სტეინს რუდი გარსიას მსგავსი „ექსპერიმენტების“ ჩატარება არ დაუწყია.

„აიაქსის“ ერთ-ერთი მეტოქე ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ბრაიტონი“ იქნება, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის განვლილ ტურში ჩემპიონთა ლიგის წარმომადგენელი „ნიუკასლი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

მეოთხე ტურის კიდევ ერთ ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს ძველი მეტოქეები „არსენალი“ და „ მანჩესტერ იუნაიტედი“ დაუპირისპირდნენ. 

ანგარიში რაშფორდმა მატჩის 27-ე წუთზე ერიქსენის გადაცემის და მყისიერი ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ გახსნა. მასპინძლებმა კი ანგარიში უკვე ერთი წუთის შემდეგ მრავალსვლიანი კომბინაციით  გაათანაბრეს, რომელიც ოდეგორმა ეფექტური დარტყმით დააგვირგვინა.

თითქოს მატჩის ფრედ დასრულებას არც აღარაფერი აკლდა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მე-6 და მე-11 წუთებზე „არსენალმა“ კიდევ ორი ბურთი გაიტანა სტუმართა კარში და საბოლოოდ ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.

პრემიერლიგის გათამაშებას კი საოცრად დამაჯერებელი თამაშის წყალობით, ქულათა მაქსიმუმით „,მანჩესტერ სიტი“ ლიდერობს. უკანასკნელ ტურში პეპ გვარდიოლას გუნდმა ანგარიშით 5:1 „ფულემი“ გაანადგურა.

მატჩის გმირი კი ერლინგ ჰალანდი იყო, რომელმაც „ჰეთთრიკთან“ ერთად, საგოლე გადაცემაც მიითვალა. 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.