ბარბის ისტორია – 1959-present
ავტორი: ნინკა მამულაშვილი
„ოდესმე ზუსტად შენნაირი ვიქნები… მანამდე… დავიჯერებ, რომ შენ ვარ“. (ამონარიდი 1959 წლის ბარბის პირველი სატელევიზიო რეკლამიდან )
1959 წლის მარტში თოჯინა, სახელად „ბარბი“ ამერიკული სათამაშოების ბაზარზე გამოჩნდა: მას შავ-თეთრი ზოლიანი საცურაო კოსტიუმი ეცვა, წითელი ტუჩები და ქერა თმა ჰქონდა. 28-სანტიმეტრიანი პლასტმასის ფიგურა – სრული სახელი ბარბარა მილისენტ რობერტსი – პირველი მასობრივი წარმოების თოჯინა იყო ზრდასრული მახასიათებლებით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საკულტო სათამაშო გახდა. ბარბიმ საკმაოდ დიდი გზა განვლო. ის უბრალო საბავშვო სათამაშოდან ფემინისტურ ხატად და საბოლოოდ ფემინისტების განკიცხვის საგნად იქცა. ამ ზაფხულს გრეტა გერვიგის ფილმის წყალობით, ბარბი და მისი 64-წლიანი ისტორია სრულიად განსხვავებულ ჭრილში დავინახეთ.
ბარბი რუთ ჰენდლერის სათამაშოების კომპანია Mattel Inc-ის თანადამფუძნებლის იდეის საფუძველზე შეიქმნა. მისი ინსპირაცია ქალიშვილი ბარბარა იყო, რომელიც ქაღალდის ფურცლებზე გამოსახული ზრდასრული ქალით თამაშობდა. ჰენდლერმა გააცნობიერა, რომ სათამაშოების ბაზარზე შეუვსებელი ნიშა არსებობდა და ის პატარა გოგონებს მომავლის წარმოდგენის საშუალებას მისცემდა. ბარბის გარეგნობა გერმანული კომიქსებით შთაგონებული პერსონაჟის თოჯინას, სახელად Bild Lilli-ს მოდელია. თავდაპირველად თოჯინა თამბაქოს მაღაზიებში იყიდებოდა და მას ძირითადად მამაკაცები ყიდულობდნენ, მოგვიანებით კი ბავშვებშიც გახდა პოპულარული. Mattel-მა Lilli-ს უფლებები შეისყიდა და ჰენდლერმა საკუთარი ვერსია წარმოადგინა. ბუნებრივია, ბარბი თავდაპირველად 1959 წლის სილამაზის სტანდარტებს იყო მორგებული: მოქნილი და ლამაზი, დახვეწილი და ელეგანტური სტილით. 1961 წელს ბარბის მეგობარი ბიჭი, კენ კარსონიც წარადგინეს, რომელიც ამჯერად რუთ ჰენდლერის ვაჟის სახელს ატარებდა.
1960-იანი წლებისთვის ბარბი მხურვალე კრიტიკის ობიექტი გახდა, განსაკუთრებით მისი „სექსუალურობის“ გამო. ამაზე საპასუხოდ, ჰენდლერმა ბარბის პატარა და, სკიპერი (თავდაპირველად ბავშვი, ახლა კი მოზარდი) და საუკეთესო მეგობარი, მიჯი შექმნა, რომელსაც წითელი თმა და ჭორფლები ჰქონდა. მიჯი 1967 წლის შემდეგ დახლებიდან გაუჩინარდა, თუმცა 1980 წელს ქმართან და ბავშვთან ერთად „ბედნიერი ოჯახის“ სერიაში დაბრუნდა, რომელშიც ორსული მიჯიც კი შედიოდა. ამ პროდუქციამ დიდი სკანდალი გამოიწვია, განსაკუთრებით მიჯის ასაკის გამო.
გამომდინარე იქიდან, რომ ბარბის ზედმეტად „სექსუალურად“ მიიჩნევდნენ, ფემინისტური მოძრაობა, კერძოდ, მეორე ტალღის ფემინისტები, მას სასტიკად აპროტესტებდნენ. მათი მოსაზრებით, ბარბი იყო თოჯინა, რომელიც არა ქალის, არამედ მამაკაცის ფანტაზიას ემსახურებოდა. ამრიგად, 1970 წელს ნიუ-იორკში თანასწორობისთვის გამართულ ქალთა გაფიცვაზე გაისმა შეძახილები: „მე არ ვარ ბარბის თოჯინა“. თუმცა მიუხედავად ამისა, მისი არსებობის მანძილზე ბარბის 250-ზე მეტი კარიერა ჰქონდა. მართალია, მისი ადრეული ვალდებულებები უფრო სტერეოტიპულად „ქალური“ იყო, მაგრამ ბარბის კარიერა დროთა განმავლობაში იხვეწებოდა. 1965 წელს ის მთვარეზეც კი გაფრინდა, ნილ არმსტრონგამდე 4 წლით ადრე. დღეს ბარბი თითქმის ყველა პროფესიას მოიცავს: ექიმი, პალეონტოლოგი, როკ-ვარსკვლავი, კომპიუტერული ინჟინერი და ა.შ. 1992 წლისთვის „ბიზნეს აღმასრულებელ“ ბარბის საკუთარი კუთხის ოფისი ჰქონდა, ხოლო მოგვიანებით პრეზიდენტის პოსტზეც წარადგინა თავისი კანდიდატურა. მას შემდეგ ბარბი ყველა საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს. როგორც რუთ ჰენდლერმა თავის 1994 წლის მემუარებში აღნიშნა: „ბარბის მთელი ფილოსოფია ის იყო, რომ თოჯინას მეშვეობით პატარა გოგონა შეიძლებოდა ყველაფერი ყოფილიყო, რაც სურდა. ბარბი ყოველთვის უსვამდა ხაზს იმ ფაქტს, რომ ქალს არჩევანის უფლება აქვს.“
ბარბის ყველაზე მეტად მისი არარეალისტური პროპორციების გამო გმობდნენ, რომელიც ახალგაზრდა გოგონებზე ნეგატიურად მოქმედებდა. მართლაც, თოჯინა მიუღწეველ სხეულის იმიჯს ასახავდა, რაც ბუნებრივია პრობლემატურ მესიჯს აგზავნიდა. 1963 წელს ბარბის დიეტური წიგნიც მოჰყვებოდა, რომელშიც უბრალოდ იკითხებოდა – „არ ჭამო.“ Mattel-მა 2016 წელს შეცდომის გამოსწორება სცადა, როდესაც ოთხი ტიპის სხეულის და შვიდი ტონალობის კანის ფერის Barbie Fashionistas წარადგინა. მას შემდეგ Mattel-მა კიდევ უფრო განავითარა წარმოება და მეტ რეპრეზენტაციას შეუწყო ხელი, როდესაც ეტლში მჯდომი ბარბი და დაუნის სინდრომის მქონე თოჯინები გამოუშვა. მეტიც, მათ სიმსივნით დაავადებული ახალგაზრდა გოგონებისთვის ბარბის მელოტი მეგობარი, ელა შექმნეს, რომელიც ლიმიტირებული იყო და მხოლოდ საავადმყოფოებში დაარიგეს.
კრიტიკის მიუხედავად, ბევრი ბარბის პროგრესულად მიიჩნევდა. მისი შექმნიდან 9 წლის შემდეგ, 1968 წელს, Mattel-მა პირველი შავკანიანი თოჯინა, ბარბის მეგობარი კრისტი გამოუშვა. კრისტი ამერიკის პოლიტიკაში ნაყოფიერ დროს გამოჩნდა, ზუსტად მაშინ, როდესაც 1968 წლის სამოქალაქო უფლების აქტი მიიღეს, რომელიც რასობრივი დისკრიმინაციის უკანონობას ამტკიცებდა, თუმცა პირველი შავკანიანი ბარბი ბაზარზე 1980 წელს გაჩნდა, რომელიც ბარბის მთავარი დიზაინერის, კიტი ბლექ პერკინსის მიერ იყო შექმნილი. მან პირველად ბარბი 28 წლის ასაკში, პოზიციაზე გასაუბრებისთვის შეიძინა, რადგან თოჯინასთვის სრულიად ახალი გარდერობის შექმნა სთხოვეს. პერკინსმა ამ პოსტზე 30 წელზე მეტი გაატარა, ხოლო 1979 წელს პირველი შავკანიანი ბარბი შექმნა, მას წითელი დისკოს კომბინეზონი ეცვა, წარწერით „ის შავია! ის ლამაზია! ის დინამიტია!“ შავკანიან ბარბის ბუნებრივია ლათინური ბარბიც მოჰყვა და იმავე წელს 20-ზე მეტი სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ბარბი გამოვიდა.
1967 წელს ბარბიმ პოპ-კულტურაშიც გადაინაცვლა. სუპერმოდელი ტვიგი პირველი „სელებრითი“ იყო, რომლის პერსონალური ბარბი შექმნეს. შერი, ოდრი ჰეპბერნი, დაიანა როსი და ჯ.კ. როულინგი იმ ცნობად სახელებს შორის არიან, რომლებიც მოგვიანებით „სელებრითი“ ბარბების რიგებს შეუერთდნენ. 2009 წელს, მისი 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ბარბის ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე საკუთარი მოდის ჩვენებაც კი ჰქონდა, სადაც 50 ცნობილი დიზაინერის შემოქმედება იყო წარმოდგენილი.
პოპ-კულტურაზე საუბრისას არ შეიძლება პოპ-არტისტი ენდი უორჰოლი გამოვტოვოთ. თუკი ენდი უორჰოლის ისეთი საკულტო ვარსკვლავებით გატაცებას გავითვალისწინებთ, როგორებიც იყვნენ: ჯეკი კენედი, მერლინ მონრო და ელვის პრესლი, გასაკვირი არ არის, რომ ის ბარბითაც დაინტერესდა. უორჰოლის 1986 წლის ნახატი სამკაულების დიზაინერთან ხანგრძლივმა მეგობრობამ შთააგონა, რომელიც ამავდროულად ბარბის კოლექციონერი იყო. როდესაც უორჰოლმა დიზაინერს მისი პორტრეტის დახატვა შესთავაზა, მეგობარმა უპასუხა: „ბარბის პორტრეტი გააკეთე, რადგან… ბარბი ეს მე ვარ.“ თითქმის 20 წლის შემდეგ Mattel-მა არტისტის ინსპირაციით ბარბის კოლექცია გამოუშვა.
2018 წელს Mattel-მა კოლექცია, სახელწოდებით „Inspiring Women“ გამოუშვა, რომელშიც სამი ისტორიული ქალი: ამელია ერჰარტი, ფრიდა კალო და კეტრინ ჯონსონი იყვნენ წარმოდგენილი. ერჰარტი პირველი ქალი იყო, რომელმაც ატლანტის ოკეანეს მარტომ გადაუფრინა და ამასთან ერთად პირველი ადამიანი, რომელიც ჰავაიდან აშშ-ს კონტინენტზე მარტო გადაფრინდა. კალო არა მხოლოდ შთამაგონებელი მხატვარი, არამედ აქტივისტიც იყო, რომელსაც დღემდე დიდი გავლენა აქვს ქალთა მოძრაობებზე. ჯონსონი NASA-ს ფიზიკოსი, მეცნიერი და მათემატიკოსი იყო. სწორედ მისი გამოთვლების შედეგად შედგა ალან შეფერდის პირველ ისტორიული კოსმოსური ექსპედიცია და ჯონ გლენის აპოლო 11-ის მთვარეზე დაშვების ტრაექტორია.
როგორი პოლარიზებულიც უნდა იყოს ბარბი, შეუძლებელია მისი მსოფლიო გავლენის იგნორირება. გრეტა გერვიგმა ამ ზაფხულს კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ 60 წლის შემდეგაც კი ეს ბარბის სამყაროა.