„დგება ნაზი შემოდგომა“ – 5 წიგნი საშემოდგომოდ
ავტორი: მათე წიკლაური
„ეს წიგნი – ერთადერთი წიგნია
მშვიდი, ფარული.
შემოდგომისთვის იგი იშლება,
როგორც ფოთლების გადაშიშვლება
და სიხარული“.
გალაკტიონი, „შემოდგომაა“
- გიუსტავ კურბე, „შემოდგომის ტყე“
ეჭვგარეშეა, წელიწადის ყველა დროს თავისი შესაფერისი ლიტერატურა აქვს. მართლაც, თუ ანტონიო ვივალდის შეუძლია გაზაფხულს, ზაფხულს, შემოდგომასა და ზამთარს მიუძღვნას მუსიკა, ჩვენ რატომ ვერ შევძლებთ შევარჩიოთ ის ხუთი შესანიშნავი წიგნი, რომელიც შემოდგომის დღეებს გაგვიხალისებს? გალაკტიონ ტაბიძე ერთგან შემოდგომას „ნაზს“ უწოდებს, ხოლო ლექსში „დგება შემოდგომა“ წელიწადის ამ ულამაზეს დროს შემდეგნაირად ამკობს: „დგება ჩქარი შემოდგომა“. წიგნების შერჩევისას მეც გალაკტიონის თვალით დანახულ შემოდგომას დავეყრდენი და, ერთი მხრივ, ნაზი, მაგრამ, მეორე მხრივ, სხარტი და ბრწყინვალე ლიტერატურა შეგირჩიეთ.
- ჩარლზ დიკენსი – „ინგლისის საყმაწვილო ისტორია“
ჩარლზ დიკენსის შესახებ გამოქვეყნებულ შესანიშნავ წერილში აკა მორჩილაძე აღნიშნავს, რომ დიკენსს სანთელი უხდება. დიკენსს შემოდგომაც უხდება. ამჯერად „ინგლისის საყმაწვილო ისტორია“ ავარჩიეთ. გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ გამოცემული პაატა და როსტომ ჩხეიძეების შესანიშნავი თარგმანი არცერთ მკითხველს გულგრილს არ ტოვებს. ლეგენდარული ავტორი ბრწყინვალე ისტორიკოსებს არაფრით ჩამოუვარდება თავისი ქვეყნის ისტორიის გააზრებითა და ცოდნით. ჩარლზ დიკენსმა ინგლისის ისტორიის გადმოცემით ერთგვარი სარკე შექმნა და მასში მთელი კაცობრიობის ისტორია არეკლა. ამდენად, ვფიქრობ, ეს წიგნი შეუმჩნეველი არ უნდა დაგვრჩეს.
- იტალო კალვინო – „უხილავი ქალაქები“
შესანიშნავი იტალიელი მწერლის ეს ნაწარმოები პოსტმოდერნული ლიტერატურის კლასიკური ნიმუშია. წიგნი თავიდან ბოლომდე წარმოსახვას ეფუძნება. აქ მკითხველი მარკო პოლოსა და ყუბილაი ყაენის წარმოსახვით საუბრებს დაესწრება. გამოჩენილი მოგზაური უამრავ ზღაპრულ მხარეს აღუწერს ყაენს. წარმოსახვით და დაუჯერებელ ქალაქებს მწერალი ჩვეული ოსტატობით წარმოგვიჩენს. პოსტმოდერნულ ლიტერატურაში ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და სასიამოვნოდ წასაკითხი ტექსტია და, ამდენად, „დიოგენეს“ გამოცემული კალვინოს შედევრი ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს.
- აკა მორჩილაძე – „ფარშავანგი“
აკა მორჩილაძის ვითომ ისტორიული ჟანრის რომანი საქართველოში სტამბის შემოტანის ალტერნატიულ ისტორიაზე მოგვითხრობს. შემოტანილი სტამბა, რომლის კვალიც ქრება, ნაწარმოებს დეტექტივისთვის დამახასიათებელ განწყობას სძენს. წიგნში ნამდვილი და გამოგონილი გმირები ერთმანეთში არიან გადახლართული, ჭორი და მართალი მუდამ ირევა, მაგრამ ყოველივე ამას აკა მორჩილაძის ჩვეული იუმორი გასდევს რეფრენად. ნაწარმოები ნამდვილად ერთი ამოსუნთქვით იკითხება და მკითხველს წარსულში აბრუნებს, წარსულში, რომელიც იმდენად ცხადად იშლება ჩვენ თვალწინ, რომ აწმყოსაგან რთულადღა თუ გავარჩევთ. წიგნი „სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა და ქართველ მკითხველს უდავოდ კარგი საჩუქარი გაუკეთა.
- ხორხე ლუის ბორხესი – „წარმოსახვით არსებათა წიგნი“
ბორხესისეული ენციკლოპედია, რომელშიც ავტორი სხვადასხვა დროს ადამიანთა წარმოსახვაში გაელვებულ მითოლოგიურ, თეოლოგიურ და მხატვრულ ლიტერატურაში არსებულ გმირებს აერთიანებს. ფერიები და გნომები, კენტავრები და დრაკონები – ამ წიგნში აბსოლუტურად ყველას შევხვდებით. თითოეული მათგანი ერთმანეთთან არგენტინელი მწერლის იუმორითაა გადაბმული. ეს წიგნი ძალიან სხარტად ზრდის ჩვენს ცოდნას და ბორხესისთვის დამახასიათებელი პატარ-პატარა ისტორიებით მას ერთი ამოსუნთქვით წასაკითხად აქცევს. ფანტასტიკური ჟანრის მოყვარული მკითხველისთვის წიგნი უდავოდ საუკეთესო არჩევანია, მაგრამ, ვფიქრობ, გამომცემლობა „ინტელექტის“ საჩუქარი არავის არ უნდა გამოეპაროს.
- ზაალ სამადაშვილი – „ჩემთან, თბილისში“
ზაალ სამადაშვილი თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელია და არაფერი უხდება შემოდგომის სასიამოვნო, სითბოშერჩენილ დღეებს ისე, როგორც ამ კრებულში შესული ახალი და ძველი მოთხრობები. აქ ერთმანეთში ირევა ავტორის მეხსიერებაში ჩაბეჭდილი მოვლენები, დიუმას მოგზაურობა და სხვადასხვა ადამიანების დაუვიწყარი ისტორიები. ზაალ სამადაშვილი თხრობის ძალიან თბილი, მართლაც კეთილშობილური ხერხებით კიდევ ერთხელ გადაშლის წარსულს ქართველი მკითხველის თვალწინ. „ჩემთან, თბილისში“ საოცარი პეიზაჟივითაა, რომლის წაკითხვის შემდეგ მკითხველი უზარმაზარი სურათის წინაშე აღმოჩნდება, სადაც მარტო ფერები და პეიზაჟები კი არა, შეგრძნებებიც შეუძლია დაინახოს.
წაიკითხეთ ეს წიგნები, გაიხალისეთ შემოდგომა და გახადეთ კიდევ უფრო ფერადი წელიწადის ამ შთამბეჭდავი დროის დღეები.