fbpx

Vian – სიცოცხლით სავსე ბრენდი ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის განვითარებისთვის


გააზიარე სტატია

 

სიცოცხლით სავსე ბრენდი – ვიანი 15 ივლისს ზღვის დონიდან 2,800 მეტრზე გამთენიისას დაიბადა, 06:12-ზე, მაშინ როდესაც მზის პირველმა სხივებმა მთაზე სიმბოლურად წარმოდგენილ ლოგოს ფორმის არტ-ინსტალაციაში შემოანათა. გუდაურის მთებისკენ ბრენდის თანამშრომლები ჯერ კიდევ ღამით დაიძრნენ. მთისკენ მსვლელობა სიმბოლური იყო, ბრენდის ღირებულებების ამსახველი – ერთიანობის, ოპტიმიზმის. 

Vian ლათინური წარმოშობის სიტყვაა და „სიცოცხლით სავსეს“ ნიშნავს. ბრენდის ეს დასახელება ახალ სტრატეგიასთან შესაბამისობაში განისაზღვრა, რომელიც ევექსი ჰოსპიტლების უწყვეტი განვითარების გზის ლოგიკური გაგრძელება აღმოჩნდა. ახლა ბრენდისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ახალ ეტაპზე გადასვლის დრო დადგა – ეტაპზე, როდესაც დაავადებების მკურნალობის გარდა, ბრენდი ყოველდღიურად დაეხმარება ადამიანებს ჯანმრთელობაზე ზრუნვაში. ევექსი ჰოსპიტლებმა საინტერესო და წარმატებული განვლილი გზა განახლებული ბრენდის ამბავში ასახა:

„როცა კომპანია განვითარების გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამდა, მისიად დავისახეთ ხარისხიანი ჯანდაცვა ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გაგვეხადა. მისია თითქოს მარტივად ჟღერდა, თუმცა აღსრულება იოლი არ იყო. ჩვენი კომპანიის ისტორია „ჩემი ოჯახის კლინიკით“  დაიწყო – ნაბიჯ-ნაბიჯ შექმნილი სამედიცინო სერვისებით მივიწევდით წინ. მოსახლეობის მრავალფეროვანი საჭიროების მუდმივი მოსმენით, ეტაპობრივად ვქმნიდით მრავალფეროვან სამედიცინო შესაძლებლობებს. ვიზრდებოდით, რომ საქართველოს ექვსივე რეგიონში თანაბრად ხელმისაწვდომი ვყოფილიყავით ყველასთვის. ვაახლებდით და ვაუმჯობესებდით სამედიცინო ცენტრებს ქვეყანაში. ბევრი ჩვენგანი ფიზიკურ კავშირს ვგრძნობთ შენობებთან –  ყოველ აგურს ამბავი აქვს მოსაყოლი. დღეს ჩვენ 7000 თანამშრომლისგან შემდგარი დიდი ოჯახი ვართ, რაც ადამიანების ცხოვრების ხარისხის ყოველდღიურად გაუმჯობესების 7000 შესაძლებლობას ნიშნავს. ქვეყნის მასშტაბით ბევრნი ვართ, რაც გვაძლევს საშუალებას ეფექტური და თანამედროვე მიდგომების დანერგვით გავაძლიეროთ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ჩვევა მოსახლეობაში. 

გვჯერა, თითოეული ჩვენგანის ძალისხმევით შევქმნით ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრების შესაძლებლობას ადამიანებისთვის. ეს უსასრულო მისიაა, ეს ჩვენი ცხოვრებაა, ჩვენი საქმე, რომელიც გვიყვარს.“

რებრენდინგი თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ის შიდაორგანიზაციული კვლევით დაიწყო, რომლის საფუძველზეც შემუშავდა ბრენდის მისია – თანამშრომლების ავთენტური, ნამდვილი ხმის ამსახველი – განვავითაროთ ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა ჩვენი თანამშრომლების, მომხმარებლების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.  

რას გულისხმობს ბრენდი ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის განვითარებაში? ადამიანების თანადგომას, მოტივირებას, მხარდაჭერას, რომ ცხოვრების წესში მარტივი ცვლილებების შეტანით იზრუნონ ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე. ცხოვრების რუტინაში სასიკეთო ცვლილებების შეტანა კი მხოლოდ ინფორმირებულობით არის შესაძლებელი. ამიტომაც ვიანი აქტიურად დაიწყებს ცნობიერების ამაღლებას ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, განავითარებს well being სერვისებს, შეიმუშავებს პერსონიფიცირებულ მიდგომას და  გრძელვადიანი  ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ორიენტირდება. Animated GIF

ბრენდის ახალი ვიზუალური იდენტობა მის სტრატეგიას და ღირებულებებს ეფუძნება. ლოგო ორი სიმბოლური მხარის, ექიმისა და პაციენტის/გუნდის წევრების ერთიანობას ასახავს. ბრენდის ძირითად იასამნისფერთან ერთად, ბრენდინგში შემოტანილია გარდამავალი ფერები, რომელიც სიმბოლურად მზის ამოსვლას, ახალი დღის დასაწყისსა და ოპტიმიზმს ასახავს. 

ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოგზაურობაში ვიანი ადამიანების სანდო ჯანმრთელობის პარტნიორი და მრჩეველი გახდება, ემპათიით, იმედით,  მამოტივირებელი ურთიერთობით, ინოვაციითა და ეფექტური სისტემით. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.