“ფაბრიკა თბილისი” ევროპული კულტურული ცენტრების გაერთიანების კონფერენციას უმასპინძლებს
2023 წლის 5-8 ოქტომბერს საქართველო და Fabrika Tbilisi პირველად უმასპინძლებს Trans Europe Halles-ის 96-ე კონფერენციას თემით REBOOT. 3-დღიანი ღონისძიება თბილისში თავს მოუყრის ევროპის კულტურული ცენტრებისა და შემოქმედებითი ჰაბების 200-ზე მეტ წარმომადგენელს.
Trans Europe Halles (TEH) ევროპის ისეთი კულტურული ცენტრების გაერთიანებაა, რომლებიც ფუნქციადაკარგულ, მიტოვებულ შენობებს ახალ სიცოცხლეს აძლევენ. 1983 წელს შვედეთში დაარსებული ორგანიზაცია დღეს ერთმანეთთან აკავშირებს 140-ზე მეტ კულტურულ ცენტრს ევროპის 40 ქვეყნიდან.
საქართველოდან Trans Europe Halles წევრი ორგანიზაცია ფაბრიკა თბილისია, ყოფილი საბჭოთა საწარმოს შენობის განახლების შემდეგ შექმნილი მულტიფუნქციური სივრცე თბილისის ისტორიულ ნაწილში, რომელიც აერთიანებს არტისტების მაღაზია-სახელოსნოებს, ურბანული სტილის კაფეებსა და ბარებს, საგანმანათლებლო და საერთო სამუშაო სივრცეებს, ოფისებს შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენელი კომპანიებისთვის, რეგიონში ყველაზე დიდ ჰოსტელს და ეზოს, რომელიც ადგილობრივებისა და უცხოელი ვიზიტორების თავშეყრის საყვარელი ადგილია. ფაბრიკა თბილისი Trans Europe Halles-ს (TEH) 2019 წელს შეუერთდა და დღემდე ევროპული კულტურული ცენტრების გაერთიანების ერთადერთი წარმომადგენელია საქართველოდან.
TEH არ არის მხოლოდ გაერთიანება გაერთიანებისთვის, ესაა თანამოაზრეთა კავშირი, რომლის წევრებიც ერთმანეთს გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, საჭირო კავშირების მოძებნით და შემოქმედებითი მიდგომებით ეხმარებიან დამოუკიდებელ კულტურულ და შემოქმედებით ცენტრებს იმგვარად განვითარებაში, რომ, ერთი მხრივ, მათ ძლიერი გავლენა ჰქონდეთ ადგილობრივ თემში და იყვნენ ცვლილებების სტიმულატორები, მეორე მხრივ კი – შეძლონ დადებითი როლი ითამაშონ არამხოლოდ მათ მახლობლად მცხოვრები ადამიანების ცხოვრებაში, არამედ უბნებისა და ქალაქების განვითარებაში. Trans Europe Halles-ს სამი მთავარი ფოკუსი აქვს: ადამიანები, შენობები, ხელოვნება. ცენტრები, რომელსაც ეს ორგანიზაცია აერთიანებს, ჯადოსნური ადგილებია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს, რაც დემოკრატიული, ინკლუზიური, პლურალისტური საზოგადოების ინტერესებშია.
TEH-ის წევრების შეხვედრები, რომლებიც წელიწადში ორჯერ სხვადასხვა კულტურულ ცენტრში იმართება, გამოცდილების გაზიარების, ახალი იდეებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობაა.
2023 წლის შეხვედრისთვის TEH Camp Meeting ‘96 სწორედ საქართველო და კერძოდ, Fabrika Tbilisi შეირჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისში ჩამოვლენ ევროპის შემოქმედებითი ცენტრებისა და სფეროს წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი კულტურისა და სახელოვნებო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ დაამყარონ კავშირები ევროპელ პარტნიორებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.
კონფერენციაზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება – სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ფაბრიკას რეზიდენტების ვორკშოფები, ტურები, დისკუსიები, შეხვედრები ადგილობრივ არტისტებთან, მუსიკალური პერფორმანსები.