fbpx

აგატა კრისტი – დეტექტივის დედოფალი


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

ეჭვგარეშეა, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი სწორედ დეტექტიური ჟანრის პროზაა. სწორედ ამ ჟანრში გავიცანით შერლოკ ჰოლმსი და დოქტორი უოტსონი, უილიამ ბასკერვილელი და ადსო, ერასტ ფანდორინი და ბევრი ის სხვა გამომძიებელი, რომლებმაც მკითხველის გულების დაპყრობა მოახერხეს. სერიალი „ექიმი ჰაუსიც“ სხვა არაფერია, თუ არა სამედიცინო ხასიათის გამოძიებათა კრებული. დეტექტიურ ჟანრში მოღვაწე მწერლებსა და მათ პერსონაჟებს რომ გავყვეთ, სია უსასრულობამდე გაგრძელდება, ამ ჩამონათვალის თითოეული წევრის მნიშვნელობა კი განუზომელია მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში, თუმცა არის ერთი ინგლისელი ავტორი, რომლის გარეშეც მხოლოდ დეტექტივი კი არა, არამედ მსოფლიო ლიტერატურაა წარმოუდგენელი – აგატა მერი კლარისა კრისტი – დეტექტივის დედოფალი, რომელიც 1890 წლის 15 სექტემბერს დაიბადა და ცნობილია ისეთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებებით, როგორებიცაა – „როჯერ ეკროიდის მკვლელობა“, „მრუდე სახლი“,  „და აღარავინ დარჩა“, „სიკვდილი ნილოსზე“ და სხვა. 

 

ერთ-ერთ ინტერვიუში მიშელ უელბეკმა აგატა კრისტიზე აღნიშნა, რომ მას ძალიან მოსწონს აგატას ჟანრის კანონებთან მორჩილება და მისი სიდიადე სწორედ ისაა, რომ, მიუხედავად ლიტერატურულ კანონებში არსებობისა, აგატა ხშირად გამოურევს რაღაც ისეთ დეტალს, რომელიც მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი. მიშელ უელბეკის შემჩნევას თუ გავყვებით, დავრწმუნდებით, რომ ეს ერთ წერტილში მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმია სწორედ ის, რაც აგატა კრისტის შემოქმედებას უკვდავად აქცევს. 

აგატა სულ წერდა

აგატა კრისტი 66 რომანისა და მოთხრობების 14 კრებულის ავტორია. მას ეკუთვნის მსოფლიოში ყველაზე გრძელი პიესა „თაგვების ხაფანგი“. ინგლისელი გენიოსის წიგნები ორ მილიარდ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა, რაც მას ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ავტორად აქცევს.

გინესის რეკორდი:

როგორც აღვნიშნეთ, მისი წიგნების ორ მილიარდ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული. ყოველივე ამან აგატა გინესის რეკორდთან დააახლოვა. თუ არ ჩავთვლით უილიამ შექსპირის შემოქმედებასა და ბიბლიას, მისი ნამუშევრები ყველაზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და აბსოლუტურად ყველა რეკორდს ამხობს.

პერსონაჟი და ხელწერა:

ხშირად დეტექტიური ჟანრის ავტორები საკუთარ ხელწერას პერსონაჟების შექმნაში ავლენენ ხოლმე. კონან დოილი შერლოკ ჰოლმსით რჩება ლიტერატურის ისტორიას, ბორის აკუნინი – ერასტ ფანდორინით, აგატა კრისტი კი პუაროს გამოიგონებს და ერთ-ერთ ყველაზე საკულტო ქმნილებად აქცევს მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში. ერკიულ პუარო დაბალი, მსხვილი და ასაკოვანი ბელგიელი გამომძიებელია. პუარო ჯანმრთელობას დიდ ყურადღებას აქცევს, გაუმართლებელი რისკი სძულს, კარგად ჭამას არაფერზე არ გაცვლის და ბრაზდება, როცა ფრანგი ჰგონიათ. პუარო ბელგიელ ლტოლვილად გადასახლდება ინგლისში და უზრუნველად ცხოვრებას მონატრებული კაპიტალს აგროვებს. მიუხედავად იმისა, რომ პუაროს წყნარად ცხოვრება აურჩევია, უიმედოდ დარჩენილი სკოტლანდ იარდი დახმარებისთვის ხშირად მიმართავს ხოლმე მას. 

 

მის მარპლი

აგატა კრისტის კიდევ ერთი გამომძიებელი პერსონაჟი. მის მარპლი ასაკოვანი გაუთხოვარი ქალბატონია და თავისუფალ დროს დეტექტივად მუშაობას უთმობს. მკითხველმა მის მარპლი 1927 წელს გამოქვეყნებულ მოთხრობაში – „სამშაბათის  კლუბის მკვლელობები“ გაიცნო. გარდა ამ მოთხრობისა, პერსონაჟს 12 რომანსა და 20 მოთხრობაში ვხვდებით. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება მარპლის ასაკისა და სქესის გამო არ ენდობა, აგატას პერსონაჟი ადამიანური ბუნების საოცარი ცოდნით მაინც ყოველთვის ახერხებს სიმართლის დადგენას. 

 

იდუმალი გაუჩინარება:

1926 წელს აგატა კრისტის დედა გარდაეცვალა, რამაც მწერალი დეპრესიაში ჩააგდო. ამის შემდეგ ის 11 დღის განმავლობაში გაუჩინარდა. გამოცხადდა საყოველთაო ძებნა და ტყუილ-მართალი ერთმანეთში აირია. ვარაუდობდნენ, რომ აგატა მკვდარი იყო, მაგრამ მეთერთმეტე დღეს მწერალი ერთ-ერთ სასტუმროში იპოვეს. ის ტერეზა ნეელად იყო რეგისტრირებული. რა თქმა უნდა, ამ საქმის მიღმა უამრავი შეკითხვა გაჩნდა. აგატა ამბობდა, რომ თავის დაზიანების გამო მეხსიერება დაკარგა, მაგრამ მის ბევრ ბიოგრაფს ეს დღემდე ტყუილად მიაჩნია და ოჯახურ ან სასიყვარულო პრობლემებს მიაწერს ყოველივეს. არსებობს მოსაზრებაც, რომ აგატას არაფერი გამოუგონია და ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც მან აღწერა, მაგრამ დროთა განმავლობაში ამ საკითხზე უფრო და უფრო მეტი შეკითხვა ჩნდება და აგატას ცხოვრებისეული მისტიკა მისი რომანებივით იდუმალ და ჩახლართულ ხასიათს იძენს.

დეტექტიური ჟანრის მწერალთა ასოციაცია:

აგატა კრისტი იყო გაერთიანებული სამეფოს დეტექტიური ჟანრის მწერალთა ასოციაციის დამფუძნებელი. ეს ორგანიზაცია 1953 წელს დაარსდა და აერთიანებდა ისეთ ავტორებს, გამომცემლებსა და კრიტიკოსებს, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ კრიმინალური ჟანრის მხატვრული ლიტერატურით. 1957 წელს კრისტი ასოციაციის პრეზიდენტიც გახდა. 

სიკვდილი:

აგატა კრისტი 1976 წლის 12 იანვარს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი კვალი მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში წარუშლელი და განუზომელია. აგატა დღემდე მიიჩნევა ყველა დროის საუკეთესოდ მათ შორის, ვისაც დეტექტივი დაუწერია. 1989 წელს ლიტერატურასა და დეტექტიურ ჟანრში შეტანილი განუზომელი წვლილისთვის აგატას სახელობის ჯილდოც დაარსდა. მისი გმირები, გამოძიებები და ცხოვრება დღემდე აჯადოებს მკითხველს და ყველასთვის საყვარელ მწერლად აქცევს მას. 

დებ ბრონტეებზე დაწერილ შესანიშნავ ჩანახატში – „ჩემი მაგარი გოგონები“ აკა მორჩილაძე წერს: „აქ აუცილებლად იფიქრებ, რომ კუთხეებში სულები მიმალულან. რაგინდარა ექსკურსია და ამბავი იყოს, თავიდანვე ვიცი, ეს დები ბრონტეების სახლია…“ ასეთია აგატა კრისტის შემოქმედებიც, ყველა კუთხეში რაღაც დეტალია მიმალული, რომელიც არ გავიწყდება, ერთ წინადადებაში გრძნობ, რომ აგატას სახლში ხარ და პუაროსა თუ მის მარპლისთან ერთად მიუყვები იმ ურთულეს ლაბირინთებს, რომლებსაც მხოლოდ აგატა თუ მოიგონებდა, რომელთაგან თავის დაღწევის შემდეგაც დიდი სიამოვნება გელის. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.