fbpx

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2023  


გააზიარე სტატია

ავტორი: დავით დავითიანი

 

17 სექტემბერს ბათუმის მე-18 კინოფესტივალი იხსნება. როგორც გასულ წლებში, ქართველი მაყურებელი  ფესტივალს განსაკუთრებით  ელის, რადგან თითოეულმა კინომოყვარულმა ვიცით, რომ სწორედ აქ გაიმართება  ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფილმების ქართული პრემიერა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, მიუხედავად მწირი დაფინანსებისა და მრავალი წინააღმდეგობისა, მაინც ტარდება, როს გამოც ფესტივალის გუნდი შექებას და მხარდაჭერას იმსახურებს.  

კინოჩვენებები კვლავ კინოთეატრ “აპოლოში”, ხოლო ღია ჩვენებები ევროპის მოედანზე გაიმართება.

წლევანდელ ფესტივალზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი კონტექსტი, წელს ქართულ კინორეალობაში განსაკუთრებული მოვლენები მიმდინარეობს – ქართული კინო საფრთხეშია, რაც ბათუმის ფესტივალს კიდევ უფრო საინტერესოს და მნიშვნელოვანს ხდის.  

მოგეხსენებათ, პირველად ხდება, რომ კინემატოგრაფისტების დიდი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია – ბოიკოტს უცხადებენ კულტურის სამინისტროს მიერ მიტაცებულ კინოცენტრს, რომელიც წესით, აქამდე დამოუკიდებელი სსიპი იყო. თანაც აქ ხომ არ არის რამდენიმე ადამიანზე საუბარი, ბოიკოტის რეჟიმში 400-ზე მეტი კინემატოგრაფისტია. ამ ყველაფრის პარალელურად კი სამინისტრო და კინოცენტრი ერთად ცდილობენ თვალი აარიდონ მათ, ვისაც მიმდინარე მოვლენები არ მოსწონს. როგორ გამოვა თვალის არიდება, როდესაც ფესტივალის ქართული პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ბოიკოტში მყოფი კინემატოგრაფისტებით არის დაკომპლექტებული, ამას 17 სექტემბრიდან ერთად ვნახავთ.  

როგორც ყოველთვის განსაკუთრებით აღსანიშნავია დიდოსტატთა კოლექცია, სადაც შეგიძლია ნახოთ ისეთი რეჟისორების ნამუშევრები, როგორებიც არიან: ლილიანა კავანი, მარკო ბელოკიო, აგნეშკა ჰოლანდი, ნური ჯეილანი, ქშიშტოფ ზანუსი და კიმ კი-დუკი. მათგან რომელიც  უნდა გამოვარჩიოთ, ვფიქრობ, წელს თითოეული რეჟისორის წარმოდგენილი ფილმი აუცილებლად სანახავია. 

ქართული კინოს გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული მოვლენა ალბათ მაინც მთავარი პროგრამა იქნება, სადაც ორი ქართული ფილმი – ელენე ნავერიანის “შაშვი, შაშვი, მაყვალი” და თინათინ ყაჯრიშვილის – “მოქალაქე წმინდანია” წარმოდგენილი. “შაშვი შაშვი მაყვალს” ალბათ წელს განსაკუთრებით დიდი ინტერესით ელოდება მაყურებელი. ფილმმა სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმის და საუკეთესო მსახიობის (ეკა ჩავლეიშვილი) ჯილდო მოიპოვა. სიუჟეტი ახალგაზრდა ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომლის ცხოვრებაც ერთ დღეს  რადიკალურად იცვლება. სცენარი დაფუძნებულია თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანზე.  

რაც შეეხება “მოქალაქე წმინდანს”,  ფილმი “კარლოვი ვარის” ფესტივალის მონაწილეა, მაგრამ ყველაზე უფრო “მოქალაქე წმინდანს” ინტერესის საგნად ალბათ კინოცენტრის გადაწყვეტილება აქცევს – 2024 წელს სწორედ თინათინ ყაჯრიშვილი ფილმი საქართველოს სახელით ოსკარების დაჯილდოებაზე წარდგება.  

 

საინტერესოა ფესტივალის ქართული პანორამა, სადაც შემდეგ ფილმებს გამოვყოფდი:  

ზაზა ხალვაშის – “ლოტო”  

ფილმის საერთაშორისო პრემიერა როტერდამის კინოფესტივალზე შედგა. “ლოტო” ზაზა ხალვაშის უკანასკნელი ფილმია, რომელიც რეჟისორის გარდაცვალების შემდგომ, თამთა ხალვაშმა და ფილმის გადამღებმა ჯგუფმა დაასრულეს.  

ნანა ჯანელიძის – “იარე ლიზა”  

ნანა ჯანელიძის ფილმი “იარე ლიზა”, მოგვითხრობს ჟურნალისტი ქალის შესახებ, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის რეპორტიორია, რაც შემდგომში მის პიროვნებას და გამოცდილებას განსაზღვრავს. სცენარის ავტორები ნანა ჯანელიძე და ლია ტოკლიკაშვილი არიან. სცენარსაც სწორედ ლია ტოკლიკაშვილის (რომელიც გაზეთ “7 დღის” კორესპონდენტი იყო აფხაზეთის ომში) ლიტერატურული თხზულებები – “ნიუტონას დღიური” დაედო საფუძვლად.  

კოტე კალანდაძის -“დრამერი”  

კოტე კალანდაძე იმ იშვიათ რეჟისორთაგანია, რომელიც თავისი შემოქმედებით ოსტატურად ახერხებს მაყურებლისთვის წარმოაჩინოს თანამედროვე საქართველოს ის მძიმე ყოფითი პრობლემები, რომლებიც ხშირად შესაძლოა ჩვენი აღქმისა და ემპათიის მიღმა დარჩეს. “დრამერი” მოგვითხრობს ახალგაზრდა მუსიკოსის წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრებაზე. ფილმში მთავარ პერსონაჟს განასახიერებს რეჟისორი ლაშა ცქვიტინიძე.  

 

მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო CineDOC Tbilisi-ს სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების სექცია. საინტერესოა, რომ პროგრამაში წარმოდგენილი ფილმების რეჟისორთა სრული შემადგენლობა პროტესტის და ბოიკოტის მონაწილეა. 

ამრიგად, ვისაც აინტერესებს, თუ როგორ კინოს იღებენ პროტესტში მყოფი რეჟისორები და სად არის ეს ფილმები – სწორედ აქ, ამ პროგრამაში იხილავთ მათ ნამუშევრებს.  

მათგან რამდენიმე რომ გამოვარჩიოთ:  

მარიამ ჭაჭიას და ნიკ ვოიგთის “ჯადოსნური მთის” პრემიერას კინომოყვარულები განსაკუთრებით ველით. ფილმი ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალზე “Golden Apricot” ვერცხლის გარგარით, ხოლო DocBarcelona-ს კინოფესტივალზე მთავარი პრიზით დაჯილდოვდა. ფილმი მოგვითხრობს საქართველოში უკანასკნელი ტუბერკულოზის დისპანსერის შესახებ, რომელიც აბასთუმანში მდებარეობს.  

ანნა ძიაფშიპას ფილმმა – “ავტოპორტრეტი ზღვარზე” დოკუმენტურ კინოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კინოფესტივალის, Visions du Réel-ის ჟიურის ჯილდო მოიპოვა. ფილმი ეხება საქართველოსთვის ალბათ ყველაზე უფრო ფაქიზ და სენტიმენტალურ საკითხს – აფხაზეთისა და საქართველოს ურთიერთობას, რომლის შესახებაც ავტორი საარქივო ფრაგმენტების გაცოცხლებით მოგვითხრობს.  

ლუკა ბერაძის – “ღიმილიანი საქართველო” პრინციპში წელს პირველი ფილმია, რომელიც სამინისტროსა და კინოცენტრის მხრიდან პირდაპირი ცენზურის მსხვერპლი გახდა. “ღიმილიანი საქართველო” ჩეხეთში “კარლოვი ვარის” ფესტივალზე გახლდათ წარდგენილი, თუმცა როგორც ფილმში მოთხრობილ დროის პერსონაჟებს, მმართველმა ძალამ “ღიმილიან საქართველოსაც” თვალი აარიდა და მონაწილეებს შორის არ ახსენა.  

მინდა, ასევე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების სექციას შევეხო, რომელსაც ბათუმის ფესტივალზე ყოველწლიურად დამსახურებული ყურადღება ეთმობა. ვფიქრობ, მოკლემეტრაჟიანი ფილმები არა მხოლოდ ფესტივალებისთვის, არამედ სრულად ქართული კინოსთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, რამდენადაც სწორედ მოკლემეტრაჟიანი ფილმები წარმოადგენს იმ ახალგაზრდა, ნიჭიერი კინემატოგრაფისტების თვითგამოხატვის საშუალებას, რომლებიც სამომავლოდ უკვე აქტიურად წარმოადგენენ ქართულ კინოს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ამიტომ მოგიწოდებთ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნახვით ხელი შეუწყოთ მათ და აჰყვეთ ქართული კინოს თანამედროვე თუ მომავლის ტენდენციებს. 

როგორც ხედავთ, წელს საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე ნებისმიერი გემოვნების მქონე მაყურებლისთვის მოიძებნება საინტერესო პროგრამა. ქართულ კინოში ალბათ მსგავსი დინამიკურობა როგორც გარემოს, ისე კონტექსტის მხრივ იშვიათად გაგვახსენდება და ფესტივალიც განსაკუთრებულად ცოცხალი პროცესი იქნება დამსწრეთათვის, უცხოურ ფილმებთან და “დიდოსტატებთან” კონტრასტი კი მხოლოდ გაამდიდრებს იმ ატმოსფეროს, რომელსაც კინომოყვარულები ყოველ წელს ასე ველით.  

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.