fbpx

150 წლის შემდეგ…


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

განვლილი სანაკრებო კვირეული კიდევ კარგა ხანს ემახსოვრებათ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნებისმიერ ფეხბურთელს, გულშემატკივრებს და იმედია მწვრთნელსაც, რომელიც ნორვეგიასთან „სულ სხვა გუნდის“ გამოყვანას დაგვპირდა. 

სინამდვილეში კი ნორვეგიის ნაცვლად, კვლავ ესპანეთი რომ ყოფილიყო ჩვენი გუნდის მეტოქე, ექვსბურთიანი სხვაობით ხელახალი განადგურება, შეიძლება ამ შემთხვევაშიც არ ასცდენოდა ვილი სანიოლს, რომელიც იხტიბარს არ იტეხს და ინარჩუნებს ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობას ისე, რომ ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს არ ესწრება…

სამაგიეროდ უკვე ტრადიციულად გაგვახარა 21 წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც გასვლაზე მოლდოვას ანგარიშით 1:0 დამარცხების შემდეგ, ნიდერლანდების ნაკრებთან ერთად ორი მოგებით უდგას ევრო 2025-ის შესარჩევი ციკლის C ჯგუფის სატურნირო ცხრილს სათავეში.

კიშინიოვის ზიმბრუს სტადიონზე გამარჯვების გოლი შეცვლაზე შესულმა თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელმა ჯადული იობაშვილმა ასევე შეცვლაზე შესული ლაშა ოდიშარიას ჩაწოდების შემდეგ, მატჩის 84-ე წუთზე თავური დარტყმით გაიტანა.

როგორც ვხედავთ, ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შესანიშნავად წაიკითხა თამაშის მიმდინარეობა და მისთვის ჩვეული პროფესიონალური ალღოთი, საჭირო ფეხბურთელები საჭირო მომენტში შეუშვა მოედანზე.

აწი ჩვენს 21 წლამდელებს უმნიშვნელოვანესი გამოცდა 12 ოქტომბერს ელით, როდესაც სწორედ იმ ნიდერლანდების ნაკრებს უმასპინძლებენ, რომელიც ივნისში  ჯგუფში ჩატოვეს საქართველოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე.

17 ოქტომბერს ჩვენი გუნდი შინ შვედებს დაუპირისპირდება, 16 ნოემბერს კი ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასვლითი მატჩით დაასრულებს შესარჩევი ციკლის პირველ წრეს.

ევრო 2024 შესარჩევ ეტაპზე უდანაკარგოდ ჯერჯერობით საფრანგეთის, პორტუგალიის და შოტლანდიის ნაკრებები იმყოფებიან, ინგლისს კი პირველი ქულები გასულ კვირას უკრაინის ნაკრებმა აართვა.

ამ დანაკარგის მიუხედავად ინგლისის ნაკრები კვლავ კომფორტულად ლიდერობს C ჯგუფს, სადაც 6 ქულით ერთბაშად სამ გუნდს – იტალიას, უკრაინას და ჩრდილოეთ მაკედონიას უსწრებს. 

სწორედ ამიტომ, გარეთ საუთგეიტის ბიჭები შესანიშნავად მოემზადნენ ბრიტანეთის დერბიში შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გლაზგოში ჩასატარებელი „ამხანაგური მატჩისთვის“, რომელიც მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზის გამო მოექცა.

საქმე ისაა, რომ ფიფას აღიარებით სწორედ ამ გუნდებს შორის ჩატარდა მსოფლიოში პირველი საერთაშორისო სანაკრებო მატჩი საუკუნე-ნახევრის წინ, 1872 წლის 30 ნოემბერს. 

გლაზგოში ფრედ 0:0 დასრულებულ შეხვედრას იმხელა გამოძახილი ჰქონდა, რომ შემორჩენილია არამარტო მონაწილე გუნდების შემადგენლობები და სხვადასხვა შოტლანდიური თუ ინგლისური გაზეთების მიერ შემოთავაზებული მატჩის ანალიზი, არამედ რამდენიმე ილუსტრაციაც, რომლებზეც აღბეჭდილია როგორც მატჩის მონაწილე ფეხბურთელები, ისე გულშემატკივრები…

ამ დაპირისპირების 150 წლისთავის იუბილეს აღსანიშნავად ისტორიული მეტოქეები წესით, შარშან უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, მაგრამ დერბი მხოლოდ ახლა შედგა და იგი ინგლისელებმა ჩინებული თამაშის წყალობით ანგარიშით 3:1 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ ოთხივე გოლი მათ გაიტანეს და აქედან ერთი საკუთარ კარში. ესეც ალბათ ისტორიაში უნდა შესულიყო, მომავალშიც იუმორით რომ გაიხსენონ ინგლისელებმა თავიანთი საშტატო ავტოგოლისტი ჰარი მაგუაიერი…

განსაკუთრებით ეფექტური კი ინგლისის ნაკრების პირველი გოლი გამოდგა, რომელიც ბილინგემი-რაშფორდი-უოკერი-ფოდენის ოთხსვლიანი ელვისებრი კომბინაციის შედეგად ამ უკანასკნელმა გაიტანა.

ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ჩინებულად მოასპარეზე შოტლანდიელებისთვის საკუთარ მოედანზე და თანაც ასეთი მნიშვნელობის მატჩში ინგლისელებთან მარცხი, რა თქმა უნდა, ცივი შხაპივით იქნებოდა, მაგრამ მათ უკვე ახლავე მართებთ სრული მობილიზაცია, რომ ესპანელებთან ოქტომბერში  და ჩვენ გუნდთან ნოემბერში იგივე არ დაემართოთ. 

შოტლანდიელთა დამარცხების შემთხვევაში კი საქართველოს ნაკრები უკვე ზედიზედ მეორე შესარჩევ ციკლში შეუწყობს ხელს ესპანელებს პირველი ადგილის დაკავებაში. 

ხომ გვახსოვს, როგორ მოუგეს ჩვენებმა უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შვედეთის ნაკრებს და როგორ დამარცხდნენ ესპანელებთან.

ის, რაზეც უკანასკნელი პერიოდის შედეგების მიხედვით საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები ოცნებობდნენ, შესარჩევი ციკლის პირველი 5 ტურის შემდეგ ალბანეთის ნაკრებმა შეასრულა, რომელიც E ჯგუფის სატურნირო ცხრილს ჩაუდგა სათავეში.

ალბანეთის ნაკრებმა გასვლაზე ჩეხეთთან ფრედ ნათამაშევი მატჩის შემდეგ, შინ დამაჯერებელი ანგარიშით 2:0 პოლონელებს სძლია, ხოლო ჩვენთვის ყველაზე მეტად საინტერესო ყაზახეთის ნაკრებმა კი წინა ტურში ფინელებთან წაგების შემდეგ, შინ ჩრდილოეთ ირლანდია დაამარცხა და ამჟამად ექვსი მატჩიდან ოთხი მოგებით ფინეთის ნაკრებთან ერთად, ერთი ქულით ჩამორჩება ჯგუფის ლიდერებს – სლოვენიისა და დანიის ეროვნულ გუნდებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ყაზახეთი შეიძლება შესარჩევი ციკლიდან აღმოჩნდეს ევროპის ჩემპიონატზე, რაც ერთა ლიგის ნახევარფინალში ჩვენ სავარაუდო მეტოქედ ლუქსემბურგის ან აზერბაიჯანის ეროვნულ გუნდს აქცევს.

ზემოთ ხსენებული უდანაკარგო ნაკრებების მსგავსად, შესანიშნავად ასპარეზობენ ბელგიის, ავსტრიის, შვეიცარიის, უნგრეთის, სერბეთის, ხორვატიის და უკვე ნიდერლანდების ნაკრებებიც, რომელთაგან უმეტესობამ პრაქტიკულად უკვე გაინაღდა ევროპის ჩემპიონატის საგზური.

სამხრეთ ამერიკაში კი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურის შეხვედრები ჩატარდა, საიდანაც ბრაზილიის და არგენტინის ნაკრებების გარდა, პრაქტიკულად სხვა არცერთ გუნდს არ აქვს მუნდიალზე მონაწილეობის გარანტია.

სანახაობრივი თვალსაზრისით ბრწყინვალე გამოდგა პერუ-ბრაზილიის შეხვედრა, რომელიც პენტაკამპეონებმა მატჩის უკანასკნელ წუთზე მარკინიოსის ულამაზესი თავური დარტყმით გატანილი გოლის წყალობით მოიგეს. საგოლე გადაცემა კი კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთით ნეიმარმა შეასრულა.

იქამდე ბრაზილიელებს ორი ასევე შესანიშნავი გოლი სანტიმეტრებზე გადათვლილი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაეთვალათ.

მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა არგენტინის ნაკრები, რომელმაც ლიონელ მესის ძალისხმევის გარეშე, გასვლაზე იოლად, ანგარიშით 3:0 დაამარცხა მატჩის 39-ე წუთიდან კაცნაკლული შემადგენლობით დარჩენილი ბოლივიის ეროვნული გუნდი. 

გოლები არგენტინელთა მხრიდან ენცო ფერნანდესმა, ტალიაფიკომ და ნიკოლას გონსალესმა გაიტანეს, ანხელ დი მარიამ კი ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

დრამატული გამოდგა ეკვადორის და ურუგვაის ნაკრებების დაპირისპირება, რომელშიც ერთი შეხედვით ფავორიტი ურუგვაელები კი დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა საოცარი მონდომების და ტრიბუნების არნახული მხარდაჭერის მეშვეობით წონასწორობა პირველ ტაიმშივე, მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე აღადგინეს.

მატჩის მეორე ნახევარში ეკვადორელებმა ჯერ პენალტი გაანიავეს, შემდეგ კი გამარჯვების გოლიც გაიტანეს, მაგრამ მათთვის სავალალოდ სამი ქულა აქტივში ვერ ჩაიწერეს წინა შესარჩევ ციკლში ერთ-ერთი ფეხბურთელის დაბადების თარიღთან დაკავშირებული დარღვევის გამო.

ასე რომ, აწი ეკვადორელებს პირველი ქულების მოპოვება მომდევნო ტურში ბოლივიის ნაკრებთან გასვლაზე მოუწევთ, რისი გაკეთებაც ამ უკანასკნელის ტურნირის ორ უძლიერეს გუნდთან ზედიზედ ორი წაგების გათვალისწინებით, საკმაოდ უნდა გაუჭირდეთ.

ორი ტურის შემდეგ ორი მოგებით სატურნირო ცხრილის სათავეში ბრაზილიის და არგენტინის ნაკრებებია, კოლუმბია კი ლიდერებს ორი ქულით ჩამორჩება.

სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ციკლის პირველი წრე ნოემბერში  დასრულდება, რის შემდეგაც მომავალი წლის სექტემბრამდე შესვენება გამოცხადდება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.