fbpx

სიმფონიური შემოდგომა – თელავის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი იწყება


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მზეხა  მახარაძე

 

4 არაჩვეულებრივად დასამახსოვრებელი საფესტივალო კონცერტი კახეთის გულში – შემოდგომასავით ქარვისფერი, ხავერდოვანი და მსუყე; მასტერკლასები, ვირტუოზი მუსიკოსები, მსმენელის მკვეთრად გამოხატული ემოციები, რომლებიც კლასიკურ მუსიკას დამატებით ტაქტებად მიჰყვება… ეს თელავის საერთაშორისო მუსიკის ფესტივალია, რომელსაც გარდა იმისა, რომ თავისი ინდივიდუალური ბედი და ბიოგრაფია აქვს, მუსიკალური საღამოები მოჰყვება საამაყო მემკვიდრეობად. 

ლეგენდარული პიანისტი ელისო ვირსალაძე და ფესტივალი – ეს ვირსალაძე და თელავის საერთაშორისო მუსიკის ფესტივალია, რომელიც ჯერ კიდევ 1984 წელს თავისივე ინიციატივით დააფუძნა და დღესაც აგრძელებს სერიულ საკონცერტო ტრადიციას თავისი მრავალფეროვნად საინტერესო პროგრამული დრამატურგიით, არაჩვეულებრივი მუსიკოსების გაერთიანებით თუ თანამედროვე მუსიკალური აქცენტებით… ასე რომ, აღმოსავლეთ საქართველოს ამ ოქროსფერ სივრცეში, იქ, სადაც ყველაფერი ისტორიით სუნთქავს, წელსაც მუსიკის ლამაზ დღესასწაულს ელიან.     

– ისტორიისა და შინაარსის გარდა, რითაა მუსიკის ეს ყოველწლიური ფესტივალი თქვენთვის მნიშვნელოვანი, რომელსაც კახეთის უძველეს ქალაქში ასე განსაკუთრებით ელიან? – ვკითხე ერთხელ ლეგენდიდან მოსულ მუსიკოს ელისო ვირსალაძეს.

– იმით, რომ შეიქმნა ასეთი საოცარი ატმოსფერო, საოცარი ურთიერთობა, ჩამოვიდნენ დიდი მუსიკოსები: ნატალია გუტმანი, პაველ ვერნიკოვი, ედუარდ ბრუნერი, ანდრეს მუსტონენი, გია ყანჩელი და შემოიტანეს ის ენერგეტიკა, მუსიკის ისეთი დიდი სიყვარული, რაც ასე აუცილებელია ფესტივალის არსებობისთვის, ისინი იქაურობას კიდევ სხვა ფერსა და ხიბლს აძლევდნენ. თითქმის ყოველი კონცერტი იყო არაჩვეულებრივი, იმიტომ, რომ ჩვენ მუსიკაში საერთო “ენაზე” ვსაუბრობდით, ეს იყო გადამდები ყველასთვის… 

დიახ, რუდუნებით ნაშენებ კლასიკური მუსიკის ამ ფესტივალს, რომელსაც აქვს თავისი აკადემიური ხაზი და საერთაშორისო რეპუტაცია, თელავში განსაკუთრებით ელიან ერთგული და კეთილგანწყობილი მსმენელები წლიდან წლამდე, აი, როგორც შემოდგომის დროულ სუნთქვად… და ყველაფერთან ერთად ელიან ელისოს შესრულების მაგიურ უნივერსალიზმს, მითუმეტეს, რომ წლევანდელი ფესტივალი ქართული პიანისტური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ანასტასია ვირსალაძის დაბადებიდან 140 წლისთავს ეძღვნება მთელი თავისი პროგრამული სრულყოფილებით. 

“ძვირფასო, ფასდაუდებელო ქალბატონო ანასტასია! მე მიყვარს და ვაფასებ თქვენს ელისოს და მთელი გულით დამსახურებულ წარმატებას ვუსურვებ. ვფიქრობ, რომ წინათგრძნობა არ მატყუებს… კონკურსი (ჩაიკოვსკის სახელობის II საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ჩატარდა 1962 წლის მაისში) კი ნამდვილად „სასტიკი“ იქნება. ამბობენ, რომ ჯერ მარტო ამერიკიდან 12 საუკეთესო პიანისტი ჩამოვა, მათ შორის „თვით“ ფრაგერი – ბრიუსელის კონკურსში გამარჯვებული, რომელიც, როგორც გილელსი და ფლიერი ამბობენ, უფრო ძლიერია, ვიდრე ვან კლიბერნი, რომლითაც ძალიან მოხიბლულები ვართ ყველანი. ამ დღეებში ელისომ დამიკრა ბახი და პროკოფიევი – ძალიან, ძალიან, ძალიან კარგად! ზეგ შედგება ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ორგკომიტეტის პირველი სხდომა. დანიშნული ვარ ვიცე-პრეზიდენტად (პრეზიდენტია შოსტაკოვიჩი). მოგწერთ ელისოს ჩამოსვლისთანავე. ვეამბორები თქვენს მუსიკალურ ხელებს.“ – 1962 წლის 22 თებერვალს მოსკოვის კონსერვატორიიდან ჰენრიხ ნეიჰაუზი თავის სტუდენტზე წერდა ელისოს ბებიას, პროფესორ ანასტასია ვირსალაძეს,  სანამ მსოფლიო მუსიკის მეტრები ქართველ პიანისტს გაიცნობდნენ. 

წლევანდელი საფესტივალო კალენდრის  საკონცერტო საღამოები კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში 23, 24, 28 და 30 სექტემბერს გაიმართება. კახეთის გულში 4 არაჩვეულებრივი კონცერტი საოცარი მუსიკოსებით და ახალი თაობის ვარსკვლავებით…  

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს არიელ ცუკერმანის დირიჟორობით, პირველ საღამოს სოლიდური რეპერტუარით სამი სოლისტი ეყოლება: ქართველი ახალგაზრდა ფლეიტისტი ირაკლი ევსტაფიშვილი, რომელიც კახა ცაბაძის კონცერტს ფლეიტისა და სიმებიანი ორკესტრისათვის შეასრულებს; ცნობილი ვიეტნამელი პიანისტი დანგ ტაი შონი მოცარტის #23 (A Major, K. 488) კონცერტს დაუკრავს, ახალგაზრდა კორეელი ჩელისტი, 2022 წლის დედოფალ  ელისაბედის კონკურსის გამარჯვებული ჰაიუნგ ჩოი კი მსმენელის წინაშე პირველად ელგარის კონცერტით (E minor, Op.85) წარდგება. 

ასევე საინტერესოა მეორე საფესტივალო კონცერტი თავისი მოწვეული შემსრულებლებით. ამ დღეს სოლისტებს შორის არიან მსოფლიოში განთქმული მუსიკოსები: ჩელისტი იბაი ჩენი, მევიოლინე  ოლგა მარტინოვა და პიანისტი ჟან-ბერნარ პომიე. საფესტივალო სიმფონიური ორკესტრის თანხლებით პროგრამაშია ლალოს კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისთვის (D Minor), მოცარტის #5 სავიოლინო კონცერტი (A Major, K 219) და რაველის საფორტეპიანო კონცერტი (G Major).  სადირიჟორო პულტთან იქნება ფესტივალთან დამეგობრებული მაესტრო არიელ ცუკერმანი, რომლის გამოსვლებიც საერთაშორისო პრესამ ასე შეაფასა: 

„არიელ ცუკერმანი თავისუფალი სულის მუსიკოსი და მხატვრული შესაძლებლობების მკვლევარია. ყველა ეპოქის მუსიკა, რომელსაც მისი რეპერტუარი მოიცავს, საინტერესო და არაორდინარულ პროგრამებში აისახება. მისი ტექნიკური და მუსიკალური სტანდარტები, კრეატიულობასთან, ულევ ენერგიასა და ჰუმანურობასთან ერთად, ორკესტრებზე, სოლისტებსა და მსმენელზე განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს.“  

კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკალური ლიტერატურიდან ფესტივალზე დავიდ ოისტრახის კვარტეტთან ერთად ელისო ვირსალაძე დაუკრავს მოცარტისა და დვორჟაკის კვინტეტებს, აქ მუზიცირებაში მათი აზროვნების სტილი, აქცენტები და პრინციპები გადაიკვეთება, რაც იტევს შესრულების ინტელექტსა და სიზუსტეს, ანუ როდესაც მუსიკოსები ცდილობენ ახლოს იყვნენ თხზულებაში ორიგინალთან და მას მისცენ თანამედროვე ჟღერადობა – ყოველი არქაული ფრაზა დაიჭირონ და მასთან ერთად ხელახლა ისუნთქონ… 

 “არსებობს არტისტების ორი კატეგორია, – ერთ ნაწილს თავისი თავი უყვარს ხელოვნებაში, მეორეს – ხელოვნება თავის თავში. ეს ორი პოზიცია წარმოქმნის საშემსრულებლო პროცესის ორ გზას. პირველნი ცდილობენ თავისი მონაცემების წარმოჩენას შესასრულებელი ნაწარმოების საშუალებით, მეორენი ემსახურებიან ნაწარმოების შინაარსის წარმოჩენას. ორივე პოზიციას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ნამდვილ, მაღალ ხელოვნებას ქმნის ის, ვინც მუსიკიდან გამოდის და მიზნად ისახავს ნაწარმოებში ჩადებული იდეების და შინაარსის ამეტყველებას…” – ეს მოსაზრება როიალის ლედის ოჯახიდან მოჰყვება, სადაც “უცხო იყო ხელოვნებისადმი ზედაპირული მიდგომა“.

ფესტივალის დასკვნით საღამოს, 30 სექტემბერს განსაკუთრებული მოლოდინია, რადგან დიდი პიანისტი ელისო ვირსალაძე საფესტივალო ორკესტრის თანხლებითა და მაესტრო არიელ ცუკერმანის დირიჟორობით ბეთჰოვენის #5 საფორტეპიანო კონცერტს  (E-flat Major, Op. 73) დაუკრავს, მანამდე კი დვორჟაკის სიმფონია #7 (D Minor, Op.70) აჟღერდება. ბეთჰოვენის ეს მსხვილი ფორმის შედევრი, რომელიც 1809 წელს დაიწერა და ფრანც ლისტის ფავორიტ ნაწარმოებად ითვლებოდა, ვენის კლასიკოსის პირადი დღიურის ნაწილად შეიძლება აღიქვა. როიალის ლედის, როგორც ცნობილია, ეს ინსტრუმენტული ოპუსი ემოციურად, ასევე რაციონალურად აკავშირებს ბებიის, ანასტასია ვირსალაძის მრავალფეროვან საფორტეპიანო რეპერტუართან და ბავშვობის დროინდელ გაკვეთილებთან. 

ელისო ვირსალაძის მოგონებიდან: 

„9 წლისა ვიყავი, როცა პირველი გაკვეთილი მივიღე დიდედასაგან. მაგრამ, ჩემი

მუსიკალური აღზრდა დაიწყო გაცილებით უფრო ადრე. მე ხომ დილიდან საღამომდე

მუსიკის ატმოსფეროში ვიმყოფებოდი!.. მეცადინეობის დროს ჩემი მასწავლებელი ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვდა. ხაზგასმით მეუბნებოდა, რომ უმჯობესია გულმოდგინედ იმეცადინო ერთი საათი, ვიდრე მეტხანს, მაგრამ მექანიკურად. პირველივე გაკვეთილებიდან მესაუბრებოდა საფორტეპიანო ბგერის ხარისხსა და გამომსახველობაზე, მიხსნიდა და მასწავლიდა ბგერის აღების მისთვის საყვარელ ხერხს – კლავიშის მოსინჯვით. დაჟინებით მოითხოვდა,  ბგერა უნდა მღეროდეს! მოცარტის სონატებმა საფუძველი ჩაუყარა ჩემს პიანიზმს. მისი სადა და ნათელი მუსიკა ურთულეს მხატვრულსა და ტექნიკურ ამოცანებს სვამს შემსრულებლის წინაშე. მიძნელდება დავასახელო სხვა კომპოზიტორი, რომლის ნაწარმოებების შესწავლა ასეთ სარგებლობას აძლევს დამწყებ მუსიკოსებს. არასოდეს დამავიწყდება დიდედას სიხარულით სავსე თვალები, როცა პროფესორმა გენრიხ ნეიჰაუზმა, თავის ერთ-ერთ ღია გაკვეთილზე, თბილისში, სანიმუშოდ მიიჩნია მოცარტის რომანსის ჩემი შესრულება (III კლასში ვიყავი). თავისი შეფასების საილუსტრაციოდ ეს ნაწარმოები განმეორებით დამაკვრევინა. 10 წლის შემდეგ, როცა ჩაიკოვსკის სახელობის მუსიკოს-შემსრულებელთა მეორე საერთაშორისო კონკურსისათვის ვემზადებოდი, კონსულტაციებს ვიღებდი ნეიჰაუზთან, რომელიც არ მაძლევდა შენიშვნებს მხოლოდ მოცარტის ნაწარმოებების შესრულებისას. და ბოლოს, პროფესორ ანასტასია ვირსალაძის დამსახურებაა, რომ ცნობილი ავსტრიელი პედაგოგისა და პიანისტის, კონკურსის ჟიურის წევრის, ბ. ზაიდლჰოფერის

აზრით, მოცარტის მუსიკის ჩემი ინტერპრეტაცია საუკეთესო იყო მთელ კონკურსზე… შოპენი ჩემი მასწავლებლის ყველაზე ახლობელი და სათაყვანებელი შემოქმედი იყო. დიდედა მის ნაწარმოებებს განსაკუთრებული სიყვარულით და შთაგონებით ასრულებდა. თვლიდა, რომ შოპენის მუსიკის შესრულება მოითხოვს უმაღლეს ესთეტიკურ კულტურასა და სრულყოფილ პიანიზმს.“

ამ ფესტივალის განმავლობაში თელავის დრამატული თეატრის ფოიეში გაიმართება ანასტასია ვირსალაძისადმი მიძღვნილი უნიკალური ფოტოგამოფენა. ეს ფოტოდოკუმენტები, რომელიც შეიძლება აღიქვა არა მარტო პიროვნების, არამედ იმ ეპოქის საილუსტრაციო ინტონაციად, გამოტანილი იქნება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუზეუმის მდიდარი არქივიდან და ასევე საოჯახო ალბომებიდან.  

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.