fbpx

გადარჩენა მზის ჩასვლამდე – ლიზა კვანტალიანის სოლო გამოფენა


გააზიარე სტატია

„გადარჩენა მზის ჩასვლამდე“ ლიზა კვანტალიანის პირველი სოლო გამოფენა ახალგაზრდა ხელოვანის ექსპერიმენტულად შესრულებულ ფერწერულ ნამუშევრებს წარმოადგენს.

2022-2023 წლებში შესრულებული ბოლო პერიოდის სერია ხელოვანის მხატვრული ძიების ახალი ეტაპია. ცნობიერისა და ქვეცნობიერის შეპირისპირებაში ლიზა კვანტალიანი მაკრო და მიკრო სამყაროებს ამთლიანებს. ამგვარ ფრაგმენტულ “ანასხლეტებში” დაძაბულობა დაბადებასა და სიკვდილს, ყოველდღიურობასა და წარმოსახვითობას შორის წარმოქმნილ დინამიურ, ვიბრირებად ველს ააშკარავებს.

გამოფენა გარემოზე დაკვირვებით სამყაროში მიმდინარე განახლებად ციკლურ პროცესსა და შეგრძნებების გარდაქმნად მდგომარეობებს ეხმიანება.  იუნგისეული არქეტიპული (ტოტემური) დაუნაწევრებელი აზროვნება და თანამედროვეობის არაბინარულ ღია ზედაპირებში მოტივტივე მდგომარეობები იდენტობის, შეგრძნებების, შეცნობის ზღვარზემყოფ განზომილებაში ახვედრებენ მნახველს.

საგნობრივი შეხების, სხეულისმიერი შეგრძნების მოულოდნელი იმპულსი დროის და სივრცის დომინანტურ პოზიციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ხელოვანი ირეალურის ავტონომიაში აბსტრაქტული აზროვნების ზღვარზე ფერის თამამი ექსპრესიულობითა და სხეულის გამათავისუფლებელი  დინამიკით “განახლებულ მზერას” აგებებს სამყაროს და ამოუცნობი, საიდუმლოებებით სავსე, უცხო ლანდშაფტებისკენ გვიზიდავს.

ლიზა კვანტალიანი, ხელოვანი: “მეექსვსე წელია ფერწერის მედიუმში ვმუშაობ. ჩემი მუშაობის პროცესი არასდროსაა დაგეგმილი. როდესაც სახელოსნოში მივდივარ ვცდილობ მომენტს მივენდო, აქედან გამომდინარე წინასწარი ესკიზი არასდროს მაქვს. კომპოზიცია და ჩანაფიქრი შექმნის პროცესში ყოველთვის გარდაიქმნება. ეს ტრანსფორმაცია ახალ შესაძლებლობებს მანახებს.”

გამოფენის კურატორი: მარიამ შერგელაშვილი. გამოფენის მხარდამჭერი გალერეა CH64.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.