ალექსანდრ ასკოლდოვი, “კომისრის” ბედი: ტკივილი არ ცხრება
ავტორი: საბა ოსანაძე
ქართულ კინოს 2023 წელი კარგად ეხსომება. სალომე ჯაშის ფილმის აკრძალვის შემდეგ (ფილმის სათაური „მოთვინიერება“ კარგად ერითმება ქართულ კულტურაში განვითარებულ მოვლენებს), წელს კულტურის სამინისტროს რეპრესიების ტალღა საბოლოო ფაზაში გადავიდა. ხელოვანები არ დუმან და ოთხასზე მეტი კინემატოგრაფისტი კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.
20 სექტემბერს, ბათუმის კინოფესტივალის მსვლელობის ფონზე, დედაქალაქში ჩატარდა კულტურის წარმომადგენელთა აქცია (აქცია ასევე მიმდინარეობდა ბათუმშიც), სადაც კინემატოგრაფისტებთან ერთად იყვნენ კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლებიც. ისინი გამოეხმაურნენ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოსვლას და კიდევ ერთხელ გააპროტესტეს კულტურის სფეროს „რეფორმაცია“. ხელისუფლებას სურს დაიმორჩილოს კულტურის სადავეები. დაუსაბუთებელი დათხოვნებით და ცენზურის საშუალებით მოიშოროს მათთვის არასასურველი პირები და მოიყვანოს ჩუმი, უტყვი კონფორმისტები.
არსებობს მითი, რომ ცენზურა არის ერთგვარი ჯადოსნური ჯოხი, რომელიც გამანაწილებელი ქუდივით, მაგიური სელექციის წყალობით გამოარჩევს მარგალიტებს ნეხვისგან. თითქოსდა ცენზურა თავისთავად ამ დანიშნულებისთვის არსებობს. საკმარისია გადავხედოთ წინა საუკუნის გამოცდილებას, რათა დავრწმუნდეთ საპირისპიროში. სად, სად და, საბჭოთა კავშირში ცენზურამ არაერთი ნიჭიერი ხელოვანი გაანადგურა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ასეთი ხელოვანი იყო რეჟისორი ალექსანდრ ასკოლდოვი, რომლის კარიერასაც საბჭოთა ცენზურამ წარუშლელი დაღი დაასვა.
1967 წელს საბჭოთა ეკრანებზე უნდა გამოსულიყო ფილმი „კომისარი“ ნონა მორდიუკოვათი და როლან ბიკოვით მთავარ როლებში. პირველწყარო – ვასილი გროსმანის მოთხრობა „ქალაქ ბერდიჩივში“. ფილმი სამოქალაქო ომზეა, მაგრამ მის მეორად ეფექტზე, რომელიც სინამდვილეში პირველადია. მთავარი მოქმედება არ მიმდინარეობს ოფისში, სანგრებში ან ფრონტის ხაზზე (მსგავსი სცენები ფილმში გვხვდება), არამედ ერთ პატარა ხის სახლში, რომელშიც ცხოვრობს ებრაული ოჯახი, ცოლ-ქმარი შვიდ ბავშვთან ერთად. ამ სახლში ოჯახის ნების საწინააღმდეგოდ ოთახს გამოუყოფენ ფეხმძიმე სამხედრო კომისარს.
ეკრანზე ვხედავთ, თუ როგორ ხდება დისციპლინირებული ცივი სამხედრო მზრუნველი და ნაზი დედა, შემდგომში გოსკინო ამას „დეჰუმანიზაციას“ უწოდებს. გაკვრით, რამდენიმე სცენაშია ნახსენები თეთრები და წითლები, ომი სულ სხვა სათვალეებიდან და სულ სხვა ხალხის თვალებიდან არის ნაჩვენები, რომლებიც, როგორც წესი, ფრთათა შეტაკების უკან უნდა იდგნენ და არა პირიქით. კომისარი არ არის გმირი ქალი, რომელიც გარდა მისი სამხედრო ვალისა, ასევე კარგი დედაა. ის წარმოსახულია როგორც დაკარგული ადამიანი, რომელსაც არ სურს, შეეგუოს იმას, რომ პირველ რიგში ადამიანი და დედაა და არა კომისარი. ფილმის ბოლომდე კომისარი არ არის წარმოჩენილი – როგორც მსხვერპლი, მსხვერპლი აქ სულ სხვა ხალხია. ამას გოსკინომ „დეჰეროიზაცია“ უწოდა.
შესანიშნავი ფილმი, დახვეწილი სცენარი, მრავალმხრივი კონფლიქტები, რომლებიც გულწრფელად, არა მიამიტურად, ღრმა მეტაფორებით არის გაშლილი – დაწყებული პირველივე კადრიდან ღვთისმშობლის ძეგლით და დამთავრებული ბავშვების ომობანას თამაშით. გენიალური სამსახიობო ნამუშევარი, დასამახსოვრებელი ფრაზები, მაგალითად, ბიკოვის პერსონაჟი ამბობს: „ჩვენს ქალაქში არასდროს ივლის ტრამვაი… იმიტომ, რომ არავინ იქნება, რომ იმგზავროს“, რითაც წუხს ებრაელების ბედზე.
ებრაელი ერის ტრაგედია არ არის ვულგარულად წარმოჩენილი, რითაც ხშირად სცოდავენ რეჟისორები, როცა ომში ებრაელების ბედზე ფილმებს იღებენ. ამიტომაც ფილმს გარდა იმისა, რომ სიონიზმში სდებდნენ ბრალს, ასევე პირიქით, ანტისემიტიზმში – „ებრაელები რატომ არიან დაუბენლები“, იჩივლა ერთმა რაბინმა.
ფილმის სცენარი გადაღებების დაწყებამდე შეაქო სერგეი გერასიმოვმა, რომელმაც გადაარჩინა ფილმის ერთადერთი ასლი; სცენარის წაკითხვის შემდეგ ვასილი შუკშინი დათანხმდა მცირე როლის შესრულებაზე; სხვათა შორის, ოთარ კობერიძე ასრულებს ეპიზოდურ როლს – ყველაფერი ეს ჟღერს, როგორც დიდი კარიერის დასაწყისი, მაგრამ ალექსანდრ ასკოლდოვმა პირველი აპლოდისმენტები 20 წლის შემდეგ მიიღო.
„საბჭოთა კინოში იუდაიკის სენტიმენტალურ-პატერნალისტური ასახვის შვიდი ათწლეულის შემდეგ, ერის ბედის ღრმა და გულისხმიერი გააზრების გამო. ის, რომ ეს ფილმები არ გამოვიდა, ზუსტად რომ ვთქვათ, „კომისრის“ მსგავსად, ზღურბლთან გააჩერეს, არ არის ავტორების ბრალი“. – წერს კინომცოდნე ირინა ორკინა.
გოსკინომ არ მიიღო ეს ფილმი, მითუმეტეს ოქტომბრის რევოლუციის ორმოცდამეათე წლისთავზე. რა თქმა უნდა, კომიტეტს ამ ფილმის დაბლოკვისთვის ძალიან ბევრი მიზეზი ჰქონდა – დაწყებული საბჭოთა სამხედროს არასასურველი ასახვით და დამთავრებული „ებრაული საკითხით“. ეს ფილმი ხომ საერთოდ არ ჯდება საბჭოთა იდეოლოგიაში.
ასკოლდოვს მოსთხოვეს ებრაელები თათრებით შეეცვალა, მაგრამ, ცხადია, ის არანაირ კომპრომისზე არ წასულა. შედეგად, ის გააძევეს პარტიიდან (აღსანიშნავია ისიც, რომ ასკოლდოვი ჩინოვნიკი იყო), დაითხოვეს კინოსტუდიიდან და გაასამართლეს არაპროფესიონალიზმის გამო. ასე განდეგილად დაყო მან წლები. სისტემამ ასეთი ნიჭის მქონე ადამიანი ისე გატეხა, რომ მას ამის შემდეგ კინო აღარ გადაუღია (თუმცა მცდელობა ჰქონდა) და ეშინოდა „კომისრის“ სცენარის დრაფტების და მონტაჟის კადრების ნახვა, რომლებიც სახლში ჰქონდა შენახული.
გავიდა წლები, დაიწყო „პერესტროიკა“, „გლასნოსტი“, დაიწყეს თაროზე შემოდებული ფილმების ჩვენება და „კომისარს“ სინათლის ხილვის შანსი გამოუჩნდა, მაგრამ გორბაჩოვს ეს ფილმი ძალიან არ მოეწონა და ის ხელახლა დაიბლოკა. ეს მოხდა 1986-ში, ხოლო ერთი წლის შემდეგ კინემატოგრაფისტთა საერთაშორისო შეხვედრაზე ასკოლდოვმა თავისი ინიციატივით მოითხოვა, რომ ფილმი ეჩვენებინათ. დარბაზში ისხდნენ რობერტ დე ნირო, გაბრიელ გარსია მარკესი, ფედერიკო ფელინი და სხვები. და აი, აქ დიდმა რუსმა რეჟისორმა გაიგონა პირველი ოვაციები და აპლოდისმენტები, რომლებიც მან დაიმსახურა ჯერ კიდევ ოცი წლის წინ (რომ არა ცენზურა). რეჟისორი ყველაზე მეტად წუხდა იმაზე, რომ ფილმის ტრიუმფს დედამისი ვერ მოესწრო.
ასკოლდოვი ნამდვილად არ არის ერთადერთი, ვინც იწვნია ცენზურის რკინის ხელი, მაგრამ ეს ისტორია ნამდვილად არის ცხადი მაგალითი იმისა, რომ ცენზურა არ შეიძლება იყოს სასარგებლო.
სტატიას ვასრულებ ასკოლდოვის სიტყვებით, რომელიც მან თქვა დოკუმენტურ ფილმში „ალექსანდრ ასკოლდოვი. “
კომისრის” ბედი“:„ტკივილი არ ცხრება“.