ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი 2023
BIAFF 2023 კინემატოგრაფისტების, მეცნიერების, მწერლების, მხატვრების და კულტურის სხვა სფეროების წარმომადგენლების მიერ გამართული საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
სანამ კულტურის მინისტრი პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მიმდინარე მოხსენებაში ეჭვქვეშ აყენებდა ბოიკოტში მყოფი 450-მდე კინემატოგრაფისტის პროფესიონალიზმს, ბოიკოტის წევრები BIAFF-ისა და Cinedoc Tbilisi-ზე საკუთარ ფილმებს წარადგენდნენ და საერთაშორისო ჟიურისგან დამსახურებულ ჯილდოებს იღებდნენ.
მიუხედავად კულტურის სამინისტროს საერთაშორისო სახელოვნებო ფესტივალების მიმართ ბუნდოვანი პოლიტიკისა, ბათუმის მე-18 საავტორო საერთაშორისო კინოფესტივალი 17-24 სექტემბერს ჩატარდა. ფესტივალების დაფინანსება წელსაც, ისევე როგორც შარშან, სელექციური გახლდათ – მთავარი კრიტერიუმი ფესტივალის ხელმძღვანელების მმართველი პარტიისადმი ლოიალური დამოკიდებულება იყო, ამგვარად დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის – Cinedoc Tbilisi-ს უკომპრომისო დამფუძნებლები წელსაც სახელმწიფო დაფინანსების გარეშე დარჩნენ და უკვე მეორედ BIAFF-ის ფარგლებში ჩაატარეს ფესტივალი, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დოკუმენტური კინოს მიმართულებით.
ფესტივალი 17 სექტემბერს კინოთეატრ “აპოლოში” ზაზა ხალვაშის ფილმით – “ლოტო” – გაიხსნა. რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ, ფილმი თამთა ხალვაშმა და გიორგი შველიძემ დაასრულეს.
კინოჩვენებები ტრადიციულად კინოთეატრ “აპოლოში” და ევროპის მოედანზე ღია ცის ქვეშ გაიმართა. ფესტივალზე, სხვადასხვა სექციაში, 30 ქვეყნის 75 მხატვრული, დოკუმენტური, სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი აჩვენეს. ფესტივალში მონაწილე ქართველი რეჟისორების უმრავლესობა ბოიკოტის მონაწილეა, მათი ფილმების წარდგენა საპროტესტო განცხადებებით იწყებოდა, ფილმების მხატვრულ ღირებულებაზე კი აღებული ჯილდოები მეტყველებს.
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა – „შავი შაშვი მაყვალი“, ელენე ნავერიანი, შვეიცარია / საქართველო, 2023 წ. და „ბლაგას გაკვეთილი“, სტეფან კომანდარევი, ბულგარეთი / გერმანია, 2023 წ.
- საუკეთესო მსახიობი ქალი – ეკა ჩავლეიშვილი – ფილმში „შავი შაშვი მაყვალი“, ელენე ნავერიანი, შვეიცარია / საქართველო, 2023 წ.
- საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი – ”აღდგომა”, ნიკოლოზ ბეჟანიშვილი
- საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი – “ოცნების ქალაქი”, მარადია ცაავა
- ჟიურის სპეციალური აღნიშვნა – “ღიმილიანი საქართველო”, ლუკა ბერაძე
- ფიჩინგის სესიის პრიზი – “ტალახის პრინცესა”, დეა ჭოლოკავა
ფესტივალის გამარჯვებულების სრული სია
ბათუმის კინოფესტივალის დახურვის ცერემონია 24 სექტემბერს ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა.