fbpx

„ბარსა“ ბრუნდება!


გააზიარე სტატია


ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ევროტურნირების ჯგუფური ეტაპის დაწყებასთან ერთად ფეხბურთი უკვე სრულყოფილ სახეს იძენს, გუნდები კი თავ-თავიანთ ახალ სტრატეგიას ამჟღავნებენ, რაც შეიძლება გულშემატკივრებისთვის დამაბნეველიც კი იყოს ზოგიერთ შემთხვევაში. 

ამისი მაგალითი „ლივერპულის“ პირველი მატჩია ევროპის ლიგაზე ავსტრიული „ლასკის“ წინააღმდეგ, რომლის პირველი ტაიმიც იურგენ კლოპის გუნდმა მინიმალური ანგარიშით დათმო, მაგრამ საბოლოოდ ანგარიშით 3:1 იმარჯვა.

პირველი გოლი „მანჩესტერ სიტიმაც“ გაუშვა გაცილებით სუსტ „ცრვენა ზვეზდასთან“ შეხვედრაში და„ლივერპულის“ მსგავსად, მეორე ტაიმში სამი ბურთიც გაიტანა, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგაზე მოხდა, ბურთი მრგვალია და გვარდიოლას გუნდი მომავალში როგორმე იზრუნებს, რომ საკუთარი კარი მშრალადაც შეინახოს განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში.

მაგრამ, როგორ მოიქცევა მომავალში „ლივერპული“, რომელსაც, ერთი მხრივ, ეთაკილება რანგით მეორე ხარისხის ევროტურნირზე მონაწილეობა, მაგრამ, მეორე მხრივ, გულშემატკივრები პრემიერლიგის მოგების შემთხვევაში თუ აპატიებენ ევროპის ლიგიდან უსახელოდ გამოვარდნას? 

„ლივერპული“ წლეულს ჩემპიონთა ლიგაზე რომ არ იბრძვის, ეს მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, „ლასკთან“ მატჩის შესვენებაზე კი კლოპმა, როგორც ჩანს, კარგად შეაგულიანა ბიჭები და, ყოველ შემთხვევაში პირველ შეხვედრაში მაინც, გუნდს მეტი ძალისხმევისაკენ მოუწოდა გამარჯვების მოსაპოვებლად. დანარჩენს კი დრო გამოაჩენს, რა იქნება და როგორ…

აი „აიაქსისა“ და „მარსელის“ უშეღავათო ბრძოლა კი ფრედ 3:3 დასრულდა და გულშემატკივრებმაც წლეულს პირველად იხილეს ფრთაშესხმული „აიაქსი“, რომელიც არაფრით ჰგავდა ნიდერლანდების ჩემპიონატში მონაწილე გუნდს.

სამწუხაროდ, სანახაობრივი თვალსაზრისით გამორჩეული ეს მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა გიორგი მიქაუტაძემ. 

ოთარ კიტეიშვილმა კი ავსტრიული „შტურმის“ შემადგენლობაში 68 წუთი დაყო მოედანზე „სპორტინგთან“ მატჩში და მთავარი როლი შეასრულა მისი გუნდის ერთადერთ გოლში, როდესაც 58-ე წუთზე საშუალო მანძილიდან ძლიერი დარტყმით ძელს მოარტყა ბურთი, რომელთანაც ყველაზე ახლოს დამატებაზე ვიკი გაჩნდა და გახსნა ანგარიში. 

ამ გოლიდან ათი წუთის შემდეგ მწვრთნელმა შეცვალა კიტეიშვილი, კიდევ 10 წუთის შემდეგ „სპორტინგმა“ ანგარიში გაათანაბრა, 20 წუთის შემდეგ კი მეორე ბურთიც გაიტანა და საბოლოოდ „შტურმი“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა ევროპის ლიგის სადებიუტო მატჩში.

კონფერენსლიგაზე ბრატისლავას „სლოვანის“ შემადგენლობაში სრული 90 წუთი დაყო მოედანზე ჯაბა კანკავამ და მნიშვნელოვანი როლიც შეასრულა მისი გუნდის მიერ „კლაკსვიკის“ ანგარიშით 2:1 დამარცხებაში.

ეს ტურნირი აქ მონაწილე ისეთი გუნდების წყალობით, როგორიცაა, მაგალითად, „აინტრახტი“, „ფიორენტინა“, ზაგრების „დინამო“, „ბრიუგე“, „ბეშიქთაში“, „ლეგია“, „ალკმაარი“, „ასტონ ვილა“ და კიდევ სხვა არაერთი, დონით და, რაც მთავარია შინაარსობრივად, პრაქტიკულად აღარ განსხვავდება ევროპის ლიგისაგან. 

სწორედ ამ მეორე ფაქტორიდან გამომდინარე, უეფას მესვეურებს მომავალში აუცილებლად მართებთ ერთ-ერთი ამ ტურნირის რეკონსტრუქცია და სავარაუდოდ, ამის ერთადერთი საშუალება ყოფილი თასების მფლობელთა თასის ტურნირის განსხვავებული ფორმატით აღდგენა თუ იქნება.

ჩემპიონთა ლიგა კი სრულიად სხვა სამყაროა, მისი დონე დაარსების დღიდან უცვლელია და ამა თუ იმ სეზონის ტურნირის ხარისხი, მისი განვითარების სცენარზეა თუა დამოკიდებული.

მაგალითად, „ბარსელონას“ გულშემატკივრებისთვის ჩემპიონთა ლიგის ყველაზე მაღალი დონის ტურნირი ბოლოს 2015 წელს ჩატარდა, როდესაც მესის, ნეიმარის და სუარესის ძალისხმევით და ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით მსოფლიოს მაშინდელმა უძლიერესმა გუნდმა პლეიოფის ეტაპებზე „მანჩესტერ სიტი“, „პარი სენ-ჟერმენი“, „ბაიერნი“ და ბოლოს „იუვენტუსი“ დაამარცხა.

იმ მატჩებში „ბარსელონას“ დღევანდელი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი უკვე შეცვლაზე შემოდიოდა ხოლმე მეორე ტაიმში, რადგან ეს არც 2009 წელი იყო და არც 2011, როდესაც ის თვით მესის რანგის ფეხბურთელად ითვლებოდა პეპ გვარდიოლას ზღაპრულ გუნდში… 

მაგრამ ჩავიმ, როგორც იქნა, გაიხსენა ძველი და ლამაზი 5:0-ების პერიოდი, როდესაც  „ბარსა“ ამ ანგარიშით სეზონში რამდენიმე შეხვედრას და მათ შორის მადრიდის „რეალთანაც“ იგებდა, რადგან ლა ლიგის გათამაშებაში „ბეტისის“ შემდეგ, „ბარსელონამ“ ასეთივე ანგარიშით ჩემპიონთა ლიგაზე „ანტვერპენიც“ დაამარცხა.

ნუთუ იბრუნებს „ბარსელონა“ რამდენიმე წლის წინანდელ ძლევამოსილებას? ბევრი რამ „ელ კლასიკოში“ გამოჩნდება, რომელიც კატალონიის დედაქალაქში 28 ოქტომბერს შედგება.

გასულ უიკენდზე კი ესპანეთის მოქმედმა ჩემპიონმა ლა ლიგის მორიგ ტურში „სელტას“ წინააღმდეგ შეხვედრაში საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, როდესაც ორბურთიანი დეფიციტი უკანასკნელ 10 წუთში აღმოფხვრა და ანგარიშით 3:2 გაიმარჯვა.

ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა, ხოლო გამარჯვების გოლი კი ცენტრფორვარდის პოზიციაზე მოულოდნელად გამოჩენილმა კანსელომ გაიტანა.

ამ მოგების შემდეგ „ბარსა“ მიმდინარე სეზონში პირველად ჩაუდგა ლა ლიგის სატურნირო ცხრილს სათავეში სენსაციურად აღზევებულ „ხირონასთან“ ერთად, რადგან მადრიდის „რეალი“ ანგარიშით 1:3 „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა.

ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩს ბერლინის „უნიონთან“ კი „რეალი“ საკუთარ ჩემპიონატში დაგროვილი ქულათა მაქსიმუმით შეხვდა.

მადრიდელებმა მთელი მატჩის განმავლობაში არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს მეტოქის კართან, მაგრამ ერთადერთი და თანაც შემთხვევითი გოლი მათ მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე გაიტანეს, როდესაც რიკოშეტით ასხლეტილ ბურთზე ყველას ბელინგემმა დაასწრო და „სამეფო კლუბის“ პირველი გამარჯვება დააფიქსირა წლევანდელ ტურნირზე. 

უხვგოლიანი გამოდგა მიუნხენის „ბაიერნისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეხვედრა, რომელშიც მასპინძლები მთელი 90 წუთის განმავლობაში ერთი ან ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ.

საბოლოოდ „რეკორდმაისტერმა“ ანგარიშით 4:3 კი მოიგო, მაგრამ დაცვაში თამაში მას რომ დასალაგებელი აქვს, ბუნდესლიგის გათამაშებაში „ლევერკუზენთან“ ჩატარებულ მატჩშიც გამოჩნდა.

აი „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი აშკარა უკუსვლას განიცდის, რაზედაც სეზონის დასაწყისში ჩატარებული 6 მატჩიდან 4-ის წაგება მეტყველებს. 

თანაც ფაქტია, რომ ზუსტად ათი წლის წინათ გუნდიდან სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ „იუნაიტედს“ საშველი არ დაადგა და დიდი ალბათობით უახლოეს მომავალში მას მწვრთნელს ისევ გამოუცვლიან…

მწვრთნელი „ნაპოლიმაც“ შეიძლება შეცვალოს, რადგან სპალეტის წასვლის შემდეგ რუდი გარსია კლუბისთვის სასიკეთო ნაბიჯებს ჯერჯერობით ვერ დგამს და საერთო რეგრესი გუნდის თითოეულ მოთამაშეზე აისახება.

კლუბში კრიზისი აუცილებლად გამძაფრდება იტალიის სერია A-ს უკანასკნელ მატჩში „ბოლონიასთან“ ნათამაშევი უღიმღამო 0:0-ის გამო. ჩემპიონთა ლიგაზე „ბრაგასთან“ კი „ნაპოლიმ“ შემთხვევით მოიგო. ხვიჩა კვარაცხელიამ ერთ საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა და კიდევ ორჯერ პოტენციური საგოლე გადაცემა შეასრულა პარტნიორების მისამართით. 

მიუხედავად ამისა, გარსიამ იგი 66-ე წუთზე ელმაზით შეცვალა და იტალიის ჩემპიონმაც მორიგი არაფრისმთქმელი თამაშით დაგვამახსოვრა თავი.

სხვა იტალიურმა გუნდებმა – „მილანმა“, „ინტერმა“ და „ლაციომ“ კი თავიანთი შეხვედრები ფრედ დაასრულეს.

დრამატული გამოდგა „ლაციოს“ და „ატლეტიკოს“ დაპირისპირება, რომელშიც ზოგჯერ მთელი გუნდით დაცვაში მდგომი ესპანელები მატჩის მეხუთე დამატებულ წუთამდე 1:0-ს იგებდნენ.

თამაში თითქოს ამ ანგარიშით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მატჩის მიწურულს ნამდვილი გმირობა ჩაიდინა „ლაციოს“ მეკარე პროვედელმა, რომელიც შეტევაში ჩაერთო და უკანასკნელი შანსის აუღებელი თავური დარტყმით ქულა მოუტანა რომაელებს.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირის პირველი გოლი კი „ლაიპციგის“ ცენტრალურმა მცველმა მოჰამედ სინაკანმა შვეიცარიის ჩემპიონ „იანგ ბოისთან“ მატჩის მესამე წუთზე გაიტანა. 

მასპინძლებმა პირველ ტაიმში წონასწორობა კი აღადგინეს, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა გერმანელებმა ანგარიშით 3:1 მოიგეს და ტურნირის მოქმედ გამარჯვებულ „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად G ჯგუფის სატურნირო ცხრილს ჩაუდგნენ სათავეში.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.