fbpx

თბილისში შეიხ რაშიდ ალ ხალიფას პერსონალური გამოფენა – “პირველი სხივი” გაიხსნება


გააზიარე სტატია

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში სექტემბრის ბოლოს ბაჰრეინელი ხელოვანის, რაშიდ ალ ხალიფას უახლესი ინსტალაციების გამოფენა „პირველი სხივი“ გაიხსნება. 

გარემომცველი გარემოთი სამარადისოდ შთაგონებული ბაჰრეინელი ხელოვანი რაშიდ ალ ხალიფა ისეთ ნამუშევრებს ქმნის, რომლებიც ტრადიციულ და თანამედროვე არქიტექტურას ბუნებრივ გარემოსთან აკავშირებს. რაშიდის შემოქმედებას დიდწილად განსაზღვრავს ბაჰრეინის ლანდშაფტისთვის დამახასიათებელი შუქი, ფერები და ატმოსფერო, რომლებსაც ის გამორჩეულ კედლის ქანდაკებებად და იმერსიულ ინსტალაციებად გარდაქმნის. 

რაშიდ ალ ხალიფას შემოქმედების სტილმა წლების განმავლობაში მისი შთამაგონებელი გარემოს წყალობით მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა. თუმცა, თუ მისი შემოქმედების არსის გაგებას შევეცდებით, აღმოვაჩენთ, რომ ხელოვანის მოგზაურობა სრულიად გაცნობიერებულ ნაბიჯებს ემყარებოდა. ის მუდამ ისახავდა მიზნად სიცოცხლის ფუნდამენტურობის იმ კონტრასტებისა და ფერების  ქვეყანაში ასახული სინათლის საშუალებით გამოხატვას, რომლებსაც თავის უშუალო გარემოში რეგულარულად აკვირდებოდა და აფასებდა. 

„მოხარული ვარ, რომ გამოფენას –  „პირველი სხივი“ – თბილისში, საქართველოში, ენერგიით აღსავსე, დინამიკური და მნიშვნელოვანი ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი წარადგენს. მიხარია, რომ მეძლევა შესაძლებლობა და პრივილეგია, ჩემი შემოქმედება ასეთი უნიკალური და უძველესი კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყანაში გამოვფინო. ეს წელს ამ გამოფენის წარდგენის მეორე შესაძლებლობაა, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ“, – თქვა ხელოვანმა რაშიდ ალ ხალიფამ. 

„პირველი სხივი“ მანამდე ბაქოში, აზერბაიჯანში, ჰეიდარ ალიევის ცენტრში იყო ნაჩვენები გამოფენაზე, რომელიც 2023 წლის მარტში გაიხსნა. ის საშუალებას გვაძლევს რაშიდის შემოქმედება როგორც უამრავი შთაგონების ერთობლიობა ისე დავაფასოთ იმ სკულპტურების წყალობით, რომლებიც ტრადიციისა და მომავლის, მემკვიდრეობისა და თანამედროვე დიზაინის, გარემოსა და ინდუსტრიის კვეთაზეა შექმნილი. 

თავად მრავალი კულტურის გავლენის გზაჯვარედინზე მდებარე მშობლიური ბაჰრეინის მსგავსად, რაშიდის შემოქმედებაც თავის თავში ერთი შეხედვით განსხვავებულ ელემენტებს აერთიანებს და შედეგად, განსხვავებული იდენტობის მქონე დამაჯერებელ ფორმებს ქმნის. გამოფენაზე რაშიდ ალ ხალიფა ასევე პირველად წარმოადგენს აზერბაიჯანელი ოსტატების მიერ შექმნილ სამ ხელნაკეთ ხალიჩას, რომლებიც „პირველი სხივის“ ნამუშევრებითაა შთაგონებული და სრულიად ორიგინალურია კომპოზიციებით. ისინი რაშიდის უნიკალურ დიზაინთან შერწყმით პატივს მიაგებენ აზერბაიჯანულ კულტურულ მემკვიდრეობას.

 დამატებითი ინფორმაცია: 1952 წელს დაბადებულმა რაშიდ ალ ხალიფამ ხელოვნება და დიზაინი სასექსში (ინგლისი), ჰასტინგსის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში შეისწავლა. შემოქმედებითი კარიერის დასაწყისში ის დიდ დროს უთმობდა ლანდშაფტების ხატვას, თუმცა მოგვიანებით მისი შემოქმედება მნიშვნელოვანწილად განაპირობა სტილის ცვლილებამ, რაც მის ცხოვრებასა და გარემოში მომხდარ გარდაქმნებთან იყო დაკავშირებული. 

1980-იან წლებში შექმნილი ფიგურული, ეფემერული ზეთის ნახატები 1990-იან წლებში აბსტრაქტულ ფორმებად იქცა, რამაც რაშიდს სხვადასხვა მასალითა და ზედაპირით (როგორიცაა მისთვის დამახასიათებელი „ამოზნექილი ტილო“) ექსპერიმენტების ჩატარებისკენ უბიძგა. 

2000-იან წლებში მან თავისი ნამუშევრები კიდევ უფრო აბსტრაქტული გახადა, მათ დეტალები ჩამოაშორა და ზედაპირზე სხვადასხვა სტრუქტურების გამოყენება დაიწყო. 

2010 წლიდან მოყოლებული მისი ყურადღების ცენტრში ალუმინი მოექცა და ხელოვანმა ჯერ მის გლუვ ფასადზე პრიალა ლაქის საღებავი გამოიყენა, შემდეგ კი მინანქარზე მუშაობა დაიწყო, რამაც ნამუშევრები გაცილებით უფრო მინიმალისტური გახადა. რაშიდ ალ ხალიფას მრავალ საერთაშორისო გამოფენაში, ხელოვნების ბაზრობასა და ბიენალეში აქვს მიღებული მონაწილეობა. 

მათ შორისაა: „პირველი სხივი“, ჰეიდარ ალიევის ცენტრი (ბაქო, აზერბაიჯანი, 2023); მოზაიკა, მარიო მორონერის გალერეა (ვენა, ავსტრია, 2021); რაშიდ ალ ხალიფა, გალერეა Opera (დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, 2021); „განივი ტალღა“, მე – კოლექციონერების ოთახი, ბერლინში (გერმანია, 2019); „პენუმბრა“, გალერეა Saatchi ლონდონში (დიდი ბრიტანეთი, 2018); მოსკოვის ბიენალე (მოსკოვი, რუსეთი, 2019); სტამბოლის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა (სტამბოლი, თურქეთი, 2019, 2021); SCOPE-ის თანამედროვე ხელოვნების გამოფენა (მაიამი, აშშ, 2021); ბრიუსელის ხელოვნების ბაზრობა (2022); ჟენევის ხელოვნების ბაზრობა (2023) და ა.შ. ცნობილი ხელოვანი და ხელოვნების პატივცემული კოლექციონერი, მისი აღმატებულება შეიხ რაშიდ ბინ ხალიფა ალ ხალიფა ამჟამად ბაჰრეინის ხელოვნების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეა. ხელოვნების აღიარებულმა მფარველმა და სფეროს მხარდამჭერმა 2020 წელს მისივე სახელობის „რაშიდ ალ ხალიფას ხელოვნების ფონდი“ დააარსა. 

ფონდის საქმიანობა მიზნად  ისახავს ახალგაზრდა ხელოვანებისა და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის შესაძლებლობების შექმნასა და ფართო საზოგადოებისთვის მისივე თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო კოლექციის (გამოფენილია ფონდის ტერიტორიაზე) გაცნობას. 

 

www.rashidalkhalifa.com

www.rakartfoundation.com

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.