See-Through – ოთო ცაგარეიშვილის გამოფენა Fabrika Project Space-ში
ოთო ცაგარეიშვილი – დაიმახსოვრეთ ეს სახელი, რადგან ჩვენ, ვინც მის გამოფენაზე აღმოვჩნდით ფაბრიკაში, უკვე დიდი ინტერესით ველოდებით მის ახალ ნამუშევრებს. ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი ინტერესების მქონე ახალგაზრდა მხატვარს at.ge-დან დავუკავშირდით.
როდის დაიწყე ხატვა და თუ გახსოვს პირველი ნამუშევარი, რომლის შექმნის მერეც მიხვდი, რომ ხატვა გინდოდა შენს პროფესიად გექცია?
ბავშვების უმრავლესობა ხატავს, მაგრამ ხშირად ასაკის მატებასთან ერთად თავს ანებებენ ხოლმე. მე 1-2 წლის ასაკში რომ დავიწყე, არ გავჩერებულვარ. ყოველთვის ჩემი საყვარელი გართობის საშუალება იყო ხატვა. არის პერიოდები, როცა შედარებით მეტს ვხატავდი ან პირიქით – ნაკლებს. პროფესიულად როდის შევხედე ხატვას ზუსტად ვერ ვიტყვი, ასე კონკრეტული დღე ალბათ არც ყოფილა, ბუნებრივი განვითარება იყო. პირველად რომ პროფესიაზე ფიქრი დავიწყე, მე-5-6 კლასში, არქიტექტურას ვფიქრობდი, მერე ნელ-ნელა უფრო ხატვისკენ გადავიხარე.
საიდან იღებ ინსპირაციას?
ჩემი ინსპირაციაა ჩემი ყოველდღიური ცხოვრება და ჩემი გარემო. სადაც არ უნდა ვიყო ყოველთვის მიყვარს იმის აღბეჭდვა, რაც თვალწინ მაქვს.
როგორ აყალიბებ ნამუშევრის კონცეფციას მის შექმნამდე, რამდენად მნიშვნელოვანია ფერის შერჩევა კონცეფციის მიხედვით?
ფერები ჩემს ნამუშევრებში ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ამას ინსტინქტურად ვაკეთებ. ბევრი ფიქრი და კონცეფციის მიხედვით არჩევა არ მჭირდება ხოლმე. ინტუიციურად ვარჩევ და ხშირ შემთხვევაში რეალური სამყაროდან მოდის.
შენს თავს რომელი მიმდინარეობის არტისტად მოიაზრებ?
ჩემთვის რთული კითხვაა, იარლიყის არჩევა და თავის შეზღუდვა არ მიყვარს. ამ ეტაპზე, ძირითადად, დაკვირვებით ხატვა მაინტერესებს, ყველა მედიუმს ვცდი, რაზეც ხელი მიმიწვდება და ექსპერიმენტებს ვაკეთებ სხვადასხვა სტილით, მაგრამ მთავარი, რაც ჩემს თითქმის ყველა ნამუშევარშია, არის ის, რომ ნამდვილ სამყაროზეა დაფუძნებული. არც ბოლომდე მოგონილია და არც სურათების გამოყენებით. იმას ვხატავ, რაც თვალწინ მაქვს.
რა არის შენი ხელწერა, ის, რაც გამოგარჩევს სხვა ხელოვანებისგან?
ალბათ ჩემი ნამუშევარი ყველაზე მარტივად ამოსაცნობია ფერებით. ხშირად მსმენია, რომ ჩემი ხელწერა ამოცნობადია, მაგრამ ზუსტად როგორ, არ ვიცი.
სად შეიძლება შენი ნამუშევრების ნახვა?
ბევრი ნამუშევარი მიდევს ინსტაგრამზე @0tooo, საკუთარი საიტი ჯერ დახვეწის პროცესშია. ალბათ, მალე განახლდება. პირველი გამოფენა მქონდა ამ ზაფხულს ფაბრიკაში. იმედი მაქვს შემდეგი გამოფენაც მალე იქნება და ისევ შეძლებს ხალხი ახალი ნამუშევრების ნახვას.
რა თქმა უნდა, შემდეგ გამოფენას ინსტაგრამზე დავაანონსებ.