fbpx

ადამიანები ბორჯომიდან – ისტორია #1 ოთარ  ნინოშვილი – საბაგიროს გამცილებელი


გააზიარე სტატია

„ბორჯომი“ ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილთან ერთად წარმოგიდგენთ პროექტს – „ადამიანები ბორჯომიდან“.

თვეში ერთხელ, შეგახვედრებთ იმ ადამიანებს, ვინც ბორჯომის ყოველდღიურობას ქმნიან და ვის გარეშეც ეს ქალაქი წარმოუდგენელია. გაგაცნობთ მათ, ვისთვისაც ამ ადგილმა მთელი ცხოვრება განსაზღვრა. ყველას ბორჯომის სიყვარული და ერთგულება აერთიანებს. ისინი არიან – ადამიანები ბორჯომიდან.

მათ  შეხვდებით ყველგან – ცენტრალურ პარკში, საბაგიროზე, თეთრ ხიდზე, თეატრის სცენაზე, მოლბერტით და ფუნჯით ხელში ულამაზესი მთების ფონზე და ასე დაუსრულებლად…

 

ისტორია #1  ოთარ  ნინოშვილი – საბაგიროს გამცილებელი 

პარკიდან პლატომდე – ამ გზას უკვე 18 წელია ყოველდღე რამდენჯერმე გადის. პროფესიით ელექტრომექანიკოსს არაერთ საბაგირო გზაზე უმუშავია და დღესაც ამ საქმის ერთგულია. ვიდრე მგზავრებს შეხვდება, საბაგიროს ტექნიკურ გამართულობას ამოწმებს, შემდეგ კი როგორც ამ ადგილის მთავარი მასპინძელი, სტუმრებს საბაგიროზე ხვდება და სამწუთიანი ულამაზესი მოგზაურობაც იწყება.

მისთვის, ბორჯომში, ეს ყველაზე ლამაზი ადგილია. ამიტომ, მგზავრებს ფოტოების გადაღებას ურჩევს და თან ეუბნება, რომ მთავარი კადრი ჯერ კიდევ წინ არის.

მთავარი ხედი, ოთარ ნინოშვილისთვის, პლატოდან იშლება, სწორედ ეს არის მისთვის საბაგიროს გამცილებლად მუშაობის განსაკუთრებული ხიბლი – მგზავრებთან ურთიერთობა და მათთვის ბორჯომის ხეობის სავიზიტო ბარათად ქცეული ხედების და მინერალური წყლის ისტორიის გაზიარება. თვითონაც ყოველდღე მგზავრებთან ერთად, ამ აღფრთოვანების მონაწილეა. გზა პლატოდან პარკამდე, შემდეგ შეხვედრას ეთმობა, ოთარ ნინოშვილი ყველა სტუმარს ბორჯომის საბაგირო გზაზე კიდევ ელოდება. „მე სულ აქ ვარ, როცა გინდათ, მოდით,“- ასე ემშვიდობება 83 წლის გამცილებელი სტუმრებს და ახალი შეხვედრის მოლოდინშია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.