fbpx

რეჟისორი: თანამედროვე ქართველი მწერალი – მთავარ როლში თბილისი


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

 

პრეზენტაცია: პრემიერამდელი სიტყვა

„როცა თბილისს ათოვს, სარეცხის მრეცხავი ქალები ყვავილებზე მღერიან, ბავშვები კი თოვლს ინახავენ ბალიშის ქვეშ საზაფხულოდ“.  – წერს თურქი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ორჰან ფამუქი რომანში „მე წითელი მქვია“. „თბილისში, ალბათ, ახლა თოვს“, – ესეც ფამუქის სიტყვებია და ქართველ მკითხველთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მაშინ უბრალოდ ასე წარმოიდგინა. 

 თბილისი თანამედროვე ქართული ლიტერატურის მთავარი პერსონაჟია, რადგან დედაქალაქმა ქართული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი სტანდარტების ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. წლების განმავლობაში ქართული ლიტერატურა მტკიცედაა გადაჯაჭვული ქალაქში მიმდინარე პროცესებთან. ჯერ კიდევ XIX-XX საუკუნეების ქართულ ლიტერატურაში ვხვდებით თბილისელების რთულ და პრობლემებით სავსე, მაგრამ მაინც თბილისის სიყვარულით გაკეთილშობილებულ ცხოვრებას. ის ფაქტი კი, როგორ გახდა უამრავი რამის სიმბოლო არაერთი ქართველი მწერლის შემოქმედებაში თბილისი, ნათელს ჰფენს ქალაქის მრავალმხრივ ბუნებასა და გავლენას ლიტერატურულ ასპექტებში.

ამდენად, ეჭვგარეშეა, რომ ქართველი მწერლების შთაგონების წყაროდ დედაქალაქი არაერთხელ ქცეულა, რადგან თუ ურბანული  ან ნებისმიერი სხვა თვალსაზრისით ვიმსჯელებთ, თბილისი სხვადასხვა დროში იცვლიდა ფორმას, იცვლიდა შინაარსს, მაგრამ ინარჩუნებდა იმ განსაკუთრებულ მახასიათებელს, რომლის დახმარებითაც ის არასდროს სხვა ქალაქში არ აგვერევა. აი, სწორედ ეს წერტილი დაიჭირეს ქართველმა მწერლებმა და აქციეს საქართველოს დედაქალაქი იმ მთავარ პერსონაჟად, რომლის მაგიაც ნაწარმოების გმირებს მუდამ ატყვევებს.  

 

თბილისში „ჩამოსულები“ 

ფრანგი იუველირი, ჟან შარდენი XVII-XVIII საუკუნეებში მოღვაწეობდა, მისი მოგზაურობის შედეგად შექმნილი წიგნი კი დღემდე საუცხოო ნიმუშად მიიჩნევა ახლო აღმოსავლეთისა და ადრეული დასავლური ეპოქის კვლევისას. მოგზაური თბილისში სტუმრობისას დედაქალაქის მულტიკულტურალიზმმა გააოცა, – მის ნაშრომში ოცზე მეტი საზოგადოებრივი, სამეფო და რელიგიური ადგილია აღნიშნული. სწორედ შარდენის მოგზაურობაზე დაყრდნობით შეიქმნა თბილისის პირველი გრაფიკული ჩანახატი. ის გაოცებული იყო ისეთი ადგილებით, როგორებიცაა როსტომ მეფის მიერ აგებული სასახლე, ნარიყალა, ქარვასლები, მეტეხი, ბაზრები, სამეფო ბაღები და სხვა. 

მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ალექსანდრე დიუმაც გვიამბობს თბილისზე და აღნიშნავს, რომ მუდამ აოცებდა ამ ქალაქისთვის დამახასიათებელი მრავალფეროვნება – ოპერა, ქარვასლები და აბანოები. საფრანგეთის კონსულის, ბარონ ანტუან ფინოს დავალებით ჩამოსულ ალექსანდრე დიუმას თბილისი არც ისე საინტერესო ქალაქად წარმოედგინა, მაგრამ ყოველივე ზემოთ თქმულმა, გარეუბნებმა და ქალაქის რელიეფმა მისი გაოცება გამოიწვია. მოგზაურობით აღფრთოვანებულმა ფრანგმა გენიოსმა წიგნში „კავკასია“ თბილისს ძალიან დიდი ნაწილი დაუთმო და არა მხოლოდ სხვა ეროვნებისა და ქალაქის მცხოვრებთ, არამედ თავად თბილისელებსაც კი ახლიდან აღმოაჩენინა საქართველოს დედაქალაქი.

გავლენიანმა გამოცემა CNN-მა ოთხი წლის წინ იმ ოცი ქალაქის შესახებ გამოაქვეყნა სტატია, რომლებსაც ტურისტები დიდად არ სტუმრობენ, არადა მათი ნახვა აუცილებელია. „დედაქალაქი ტურისტებს მრავალ ისტორიულ ღირსშესანიშნაობას სთავაზობს, მაგალითად, მეტეხის ეკლესია, რომელიც XIII საუკუნითაა დათარიღებული“. – ნათქვამია CNN-ის სტატიაში.  

  

I მოქმედება

ანა კორძაია-სამადაშვილის თბილისი – „ვინ მოკლა ჩაიკა?“

თუ გამომძიებლისა და მკვლელობის არსებობა საკმარისია იმისათვის, რომ რომანი დეტექტივად მოვნათლოთ, მაშინ, დიახ, ეს ნამდვილად დეტექტივია, მაგრამ ანა კორძაია-სამადაშვილის ნაწარმოები ბევრ ისეთ მახასიათებელს შეიცავს, რომელიც მისი ტექსტის ჟანრობრივად განსაზღვრას ძალიან ართულებს. ქართველი მკითხველი მას, გარდა მოთხრობების კრებულისა „მე, მარგარიტა“, კიდევ არაერთი რომანით იცნობს, მაგალითად,  „ზინკა ადამიანი“, „ვინ მოკლა ჩაიკა?“ და სხვა… პირველი თბილისურ ჰარმონიულ მახასიათებლებს ერთი თავისუფალი და ლაღი სამეგობროს თვალსაწიერიდან წარმოგვიჩენს, ხოლო ჩაიკას ისტორია, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად ამავე ხაზისა და მიდგომის ნაწილია, მაინც უფრო განსხვავებულ მოცემულობად გვევლინება. „ვინ მოკლა ჩაიკა?“ ლოგიკურ წერტილამდე არ მიდის, მეტიც, ესაა რომანი, რომელშიც ყველამ ყველაფერი იცის ჩაიკას სიკვდილის შესახებ, გარდა დეტექტივისა. ნაწარმოებში უამრავი პერსონაჟია, მაგრამ მთავარ როლში მაინც თბილისია, თბილისი, რომლის მრავალფეროვნებასაც ეს სხვადასხვა, მაგრამ საერთო სევდით დაკავშირებული ადამიანები წარმოაჩენენ. ანას წიგნის კითხვისას ანას ხმა ისმის, მას უყვარს ის ადგილი, რომელიც სიუჟეტის მოქმედების არეალად აირჩია. სწორედ სიუჟეტია თბილისური, ჩახლართული, ერთმანეთში ათქვეფილი დიალოგებითა და პერსონაჟებით, მაგრამ მაინც დაცლილი ქაოსისაგან და ჰარმონიასთან შერწყმული. თბილისური სევდა აქვთ პერსონაჟებს, თბილისური გაგება თავისუფლებისა და თბილისური სიმსუბუქე, რომელიც ხშირად სიმძიმეზე აუტანელია – ან შეიძლება მხოლოდ სიმსუბუქეა აუტანელი. ჩაიკა კი თბილისია, რომელსაც ვერ მოკლავ, ვერ მოკლავ იქაურ განწყობას, რადგან დედაქალაქი კი არ ქმნის ხასიათს, არამედ აქ ჯერ ხასიათია და მერე იქმნება ყველაფერი თბილისური – ჭორ-მართალი, ინტრიგა, აივნები, თანამედროვეობისა და სიძველის შერწყმა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის თანაკვეთა, სხვადასხვა იერით დაჯგუფებული „სასტავები“… ანას წიგნი უდავოდ თბილისზეა, ჩაიკაც თბილისიაო, – ვთქვი და ეგრეც არის, ჰოდა, აბა თბილისს ვინ მოკლავდა? 

 

მამუკა ხერხეულიძის თბილისი – „ომში, როგორც ომში“

“ომში, როგორც ომში” XX საუკუნის ბოლო პერიოდისა და XXI საუკუნის დასაწყისის შესახებ მოგვითხრობს. საქართველოს უახლესი ისტორია, 90-იანებიდან გადმოყოლილი ტკივილი. ადამიანები, რომლებმაც ზუსტად ერთნაირი ცხოვრება გაიარეს, –  ყველა იცნობდა ნარკომანს, ყველა იცნობდა მოთამაშეს, ყველამ “იცოდა ქუჩა”, მაგრამ იყვნენ სხვებიც, ახალგაზრდები, რომლებსაც სოციალური უბედურებები სუროსავით მოსდებოდათ, რომლებმაც რეალურ ცხოვრებას უარი უთხრეს და გადარჩენის მიზნით ფანტაზიებს დაუწყეს დევნა…

კრებულის ერთ-ერთ შესანიშნავი მოთხრობა „თავისუფლების დღიურები“ წაგებული ბილეთის გამო განცდილი დრამით იწყება, ხალხს ზამთარი იმიტომ ეჯავრება, რომ, იცის, ვერასგზით ვერ შეძლებს გათბობას, ქუჩებში ყველგან „მაზავიკები“ დგანან, ყველას შავად აცვია, სიგარეტზე „ჩალიჩობენ“, აკას აქვს მაგრად „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებში“, ერთ-ერთი გმირის დილა სიგარეტზე „ჩალიჩით“ იწყება… აქ ქალაქი უფორმოა, ნაცრისფერი, დრო არ გადის, უფრო სწორად, ვერავინ ვერ იგებს, რომ გადის…

პანაშვიდისგან იყო გახალისებული სადარბაზოო, – ამბობს ავტორი. ეგრეა სწორედ, ოღონდ მარტო თბილისი არა, მთლიანად საქართველო „ხალისდებოდა“ ეგრე, მაგრამ ამ ქალაქის ბრწყინვალება სხვა რამეებში ვლინდება. უბედურებაა სიშავე, სევდა, მაგრამ აი ამ სევდიდან აღმოცენებული – არაფერი რომ არ მოასწავებს, აშკარად რომ არ უნდა არსებობდეს, მაგრამ მაინც არის – სევდა და რომანტიზმი. ამ ქალაქს უყვარს საკუთარი თავთან რომანტიზმში ჩაფლობა. ბესიკ ხარანაულის სიტყვები მოგაგონდება: „სამყარო რომ შეიქმნა, იქ არავინ იყო, ზვავი რომ გატეხეს შეყვარებულებმა თავისი ჩურჩულით, იქ არავინ იყო“. – სიყვარულით ზვავის გამტეხავი ქალაქია… ის თანამედროვე ქართველი მწერლები, რომლებიც შემოქმედების ცენტრალურ რგოლად თბილისს ირჩევდნენ, მუდამ სრულიად სხვადასხვაგვარად ხედავდნენ ხოლმე ქალაქს, თითქოს მამუკა ხერხეულიძის თბილისი არაფრით ჰგავს ანა კორძაია-სამადაშვილის თბილისს, ანას თბილისს რთულად მოუძებნის ვინმე საერთოს არჩილ ქიქოძის ან აკას თბილისთან, მაგრამ მამუკა ხერხეულიძის თბილისის დათვალიერების შემდეგ ხვდები, რომ მწერალი შესანიშნავი თხრობის ხერხებითა და გულწრფელი პასაჟებით, ვფიქრობ, ყველა მკითხველის გულში აღწევს და წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს იმ დროის თბილისზე, რომელიც ზოგს კარგად ახსოვს, ზოგს არა, მაგრამ აუცილებლად კი მიახედებს ხოლმე ადამიანს უკან, იქ, სადაც სივრცე და დრო არასდროს ყოფილა. უფრო სწორად, იყო დრო, „როცა ჩიტების ხალხს არ ეშინოდა, პირიქით“…

 

ანტრაქტი:

მე ფეხით სიარული არ მიყვარს, მაგრამ შემიმჩნევია, რომ რომელიმე ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ თანამედროვე ქართული ლიტერატურიდან მინდება, თბილისის ძველ და ცენტრალურ უბნებს ფეხით შემოვუარო. ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდი ძველ სადარბაზოთა ძველებურსავე კარებს, ქვაფენილიან დაღმართებს, ხალხით სავსე ვიწრო ქუჩებს, რომლებიც თითქოს იძინებენ ხოლმეო, როცა არავინ სტუმრობს. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ზამთრის საღამოს სახლისკენ მიმავლები ახდენენ, მათი ნაბიჯი ბუნებრივზე მეტად ჩქარია, ყავის ჭიქით ხელში მოსიარულე ადამიანები, ხელებს რომ ცხელ ყავაზე ითბობენ, ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები, სიგარეტის მოწევისას თამბაქოს კვამლს რომ სიცივის ორთქლს მიუმატებენ და ამით იქცევენ თავს. ამ ქალაქის მთავარი მახასიათებელი მისი პატარა ფართობია, თითქოს სიტყვა მრავალფეროვნების განმარტებაა თბილისი. ასე, სეირნობისას, სულ მხვდებიან ხოლმე რომელიმე კორპუსის ან ქუჩის მაძიებელი ადამიანები და, მე კი სულ ვიცი, სად როგორ უნდა მოხვდნენ, – ვასწავლი, ისინი მადლობას ამბობენ და ჩემში ენით უთქმელი სიამაყე იღვიძებს. 

 აგარაკზე ყოფნისას, გვიან ღამით, მე და ჩემი მეგობრები მიტოვებული სახლის სახურავს ვსტუმრობთ ხოლმე და თბილისს გადავცქერით, სულ ჩახჩახებს, ლამაზია, თითქოს შენ უფრო დიდი ხარ, ვიდრე ქალაქი, იგივე პეიზაჟი დღისით არასოდეს მომწონდა, როგორც წესი, ეს მიდგომა არახალია, – რაც არ მომწონს, არც მიყვარს, მხოლოდ თბილისს არ ეხება ეს, მხოლოდ თბილისს… და ამას მაშინ მივხვდი, როცა თვითმფრინავიდან გაჩახჩახებულ, უზარმაზარ სტამბოლს გადავხედე, თითქოს ყველაფერი იგივე იყო, მაგრამ თან სხვანაირი, როგორც ლიოსას რომანშია, უფრო სწორად, შეგრძნება იყო იგივე, ჩემში, როგორც მაყურებელში, გაჩენილი აღფრთოვანება, მოულოდნელობა და უზარმაზარი ეფექტი…

 

პ.ს. აქ სპექტაკლი გრძელდება და თან დარწმუნებული ვარ, ჩემი თვალით ნანახ თბილისს არჩილ ქიქოძის და აკა მორჩილაძის თბილისი ჯობია…

არჩილ ქიქოძის თბილისი – „სამხრეთული სპილო“

 ყველაზე მთავარი, რაც არჩილ ქიქოძის ამ შესანიშნავმა რომანმა გააკეთა ისაა, რომ გაცხადდა, – თბილისი ის ქალაქია, რომელიც ოდისევსებს ბადებს, რომლის ყველა მცხოვრებიც ჯოისის „ულისეს“ გვერდებზეც კი აღმოჩნდება და ამისთვის საერთოდ არ დასჭირდება დუბლინის ქუჩებში ხეტიალი. მთავარი გმირის ერთდღიანი თავგადასავალი, რომლის გადმოცემისას ჩვენ თვალწინ მთელი თბილისი და თბილისური სოციუმი იშლება. მთხრობელი საუკეთესო მეგობარს, თაზოს, გოგოსთან პაემნისთვის საკუთარ ბინას უთმობს და დედაქალაქში იწყებს ხეტიალს. თავიდან ამ სასეირნოდ გამოსვლას ფუნქცია არ აქვს, ის უბრალოდ დროის გაყვანას ემსახურება, მაგრამ ავტორი შემთხვევითობათა მაგიური ბუნების შესახებ მიგვანიშნებს და მთავარი გმირის ერთ რიგით დღეს სძენს ფუნქციას. ეს ფუნქცია კი თბილისის მთავარ უნართან იკვეთება, სწორედ ესაა ამ ქალაქის მაგია, – ჩვეულებრიობა არ არსებობს, არცერთი გასვლა არ არის ქალაქში რიგითი, ყველა ოდისეაა, ყველა მოგზაურობაა და ყველას რაღაც ახლამდე მივყავართ. წიგნში უამრავი პერსონაჟია, ყველა თავისი ისტორიითა და ტკივილით. მთავარი გმირის გზით სიარული ჩვენც შეგვიძლია,  – მკითხველმა ზუსტად იცის, სად და რა გზით დაწანწალებს თავიდან უფუნქციოდ მყოფი მთხრობელი.

 ძალიან რთულია იმის დადგენა, თუ რაზეა ეს წიგნი – „სამხრეთული სპილო“ სხვადასხვა გვერდზე სხვადასხვა ვერსიას გვაწვდის. წიგნი ახლის აღმოჩენაზეა, სახლიდან გამოსვლა უკვე ამის სიმბოლოა, მოგზაურობა კი – ამის დასტური. მერე გამოდის, რომ თურმე წიგნი გაუცხოებაზეც ყოფილა, შვილთან ჩათის გამწვანების მოლოდინზეც, ბუშტებზე, ლეოს გადარჩენაზე, ბევრ რამეზეა… ყველაფერზე გამოვა. მაგრამ მაინც მთავარი წარსულის დაძლევაა, მთავარი გმირის ყველა როლს, პროფესიასა თუ სტატუსს სიტყვა „ყოფილი“ მიესადაგება, – სწორედ ეს „ყოფილი“ უნდა გაქრეს, რადგან ამ სიტყვის მიღმა წარსულის ბორკილებია. არჩილ ქიქოძემ თბილისი სარკედ აღიქვა, სარკედ, რომელიც ქალაქის დაარსების წამიდან თითოეულ დეტალში ირეკლავს ქალაქისავე ისტორიას.

 ბორხესი ამბობდა, ლაბირინთის შესაქმნელად ორი სარკის ერთიმეორის პირდაპირ დადგმაც საკმარისიაო. ზუსტად ეგაა არჩილ ქიქოძის თბილისიც, რომლის მაგია სხვა ლაბირინთებისაგან განსხვავებით მისგან თავის დაღწევის წადილში კი არა, იქ ჩარჩენაში, ქალაქის ესთეტიკის შესისხლხორცებასა და მის ნაწილად ქცევაში ვლინდება. 

აკა მორჩილაძის თბილისი 

აკა მორჩილაძის შემოქმედების მთავარი ასპექტი თბილისი და ამ ქალაქის გაპერსონაჟებაა. აკას მწერლობის ერთ-ერთი ძირითადი  დამახასიათებელი თბილისის მრავალმხრივი ბუნების მკითხველისათვის გაცნობა გახლავთ, – ის ქალაქს მხოლოდ გეოგრაფიული კუთხით კი არ წარმოგვიჩენს, არამედ ზედმიწევნით კარგად აღწერს იმ რიტმს, იმ განწყობას, იმ აივნებს, იმ ისტორიას და იმ ადამიანებს, რომელთა მსგავსსაც სხვაგან ვერსად ვერ ნახავთ. აკა მორჩილაძემ „სანტა ესპერანსას“ დაწერით თბილისის ქვესკნელი, გარიყული ინდივიდები და მათი აჩრდილები დაათვალიერა. აქ იმედიცაა და სასოწარკვეთაც, აქ პერსონაჟები მუდამ თავიანთ დემონებსა და ოცნებებს ებრძვიან და ამიტომაა მათი ცხოვრება განსაკუთრებულად საინტერესო. 

არახალია, რომ ქართულ ლიტერატურაში თბილისური ისტორიების, ჭორებისა და ტყუილ-მართლის გამხატვრულება, ერთ-ერთი მთავარი თემაა. ეს ხაზიკი ყველაზე საინტერესოდ და ახლებურად აკა მორჩილაძის შემოქმედებაში გამოიკვეთა, – პლეხანოველი „მაზავიკების“ სევდა, მადათოვი, XIX საუკუნე და ქალაქური ამბები, თბილისი, რომელიც აკასთან ფიროსმანისაცაა და ქემერასიც, რიკულებიანი აივანიც ბევრი აქვს და პატარა ჩიხიც, ფოტოს რომ გადაუღებ და რაც გინდა ცუდი კამერა გქონდეს და შენც რაც არ უნდა უნიჭო  იყო ფოტოგრაფიაში, მაინც „არტი“ გამოდის… 

აკამ ქართველ მკითხველს პოსტმოდერნიზმის მნიშვნელობა აუხსნა და მისი „მუღამი“ დაანახა, – ლიტერატურაში პოსტმოდერნიზმი პარადოქსებით და არარეალური ამბებით გაჯერებულ სიუჟეტს გულისხმობს. ამ მიმდინარეობაში ყოველგვარი საზღვარი „მაღალ“ და „დაბალ“ ლიტერატურას შორის წაშლილია. 

პოსტმოდერნიზმზე მსჯელობა პასტიშის  გარეშე წარმოუდგენელია. პასტიში უკვე არსებული ტექსტებიდან იდეათა სესხებას და გადასხვაფერებას გულისხმობს. უფრო თვალსაჩინო რომ გახდეს ზემოთ თქმული ლიტერატურული ხერხი, ვფიქრობ, სწორი იქნება, თუ ანა კორძაია-სამადაშვილის ნამუშევარს გავიხსენებთ. „შუშანიკის შვილები“ კლასიკური ნიმუშია პოსტმოდერნიზმისა, – შუშანიკი შვილებს აჩენს და თბილისის ქუჩებში უშვებს, რის შემდეგაც მკითხველის თვალწინ მათი ოცნებებითა და ინტერესებით სავსე სამყარო იშლება. მსგავს პასაჟს აკა მორჩილაძის  „წიგნშიც“ ვხვდებით. აქ ყველასთვის კარგად ნაცნობი ლუარსაბ თათქარიძე ცოლის სიკვდილის შემდეგ ომში მიდის. გიორგი ახვლედიანის თხრობის სტილი ყოველთვის იმდენად მკაფიოა, რომ შეიძლება მოგინდეს ბილეთის აღება კუნძულ სანტა ესპერანსაზე მოსახვედრად, შეიძლება წაიკითხო ისტორია, რომელშიც ფოთი თბილისია, ხოლო თბილისი კი – ფოთი, და საერთოდ არ მოგეჩვენოს ეს უცნაურად.

 აკას შემოქმედება ბევრ რამესთან თამაშია, ის მუდამ აწყობს ლიტერატურულ თამაშებს და, გვამოგზაურებს სხვადასხვა ეპოქის საქართველოში. გიორგი ახვლედიანი წერისას ჟიულ ვერნის, ფენიმორ კუპერს, მერი შელისა და სხვა კლასიკოსებს ზუსტად ისე ეყრდნობა, როგორც ამას ილია ჭავჭავაძის, რეზო ჭეიშვილისა და იაკობ გოგებაშვილის შემთხვევაში აკეთებს. ეს ლიტერატურული თამაში, „უკანასკნელი მოჰიკანისა“ და „გლახის ნაამბობის“ ერთ სიბრტყეში მოხვედრით შექმნილი, სასიამოვნოდ წასაკითხი და დაუვიწყარია. ავტორი პირდაპირ აგრძნობინებს მკითხველს – მთავარი სწორედ ისაა, რომ, რასაც ახლა კითხულობს, მხოლოდ მისთვის შეიქმნა. „აგვისტოს პასიანსი“ სხვა არაფერია, თუ არა ერთი დიდი თამაში. მაგალითად, „ვენერას სიზმარი“ ბუს შემთხვევით დანახულ ტყეში ღამით მომხდარ ფათერაკებს ეფუძნება. ბუმ ყველაფერი მწერალს უამბო, მწერალმა კი ჩვენამდე მოიტანა. ეს მხოლოდ ერთი შეხედვითაა ასე.  რეალურად, ის მწერალი შენ ხარ, ბუ კი ამბების მომყოლია, რომელიც მკითხველისა და მსმენელის სამსახურში ათენ-აღამებს.

 „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლების” წაკითხვის შემდეგ გამფიქრებია, რომ  “ნიცაში მინდა”, წაკითხვის შემდეგ გავა ცოტა დრო, დააკვირდები კორპუსებს, სახლებს, მათ პატრონებს და გაიაზრებ, რომ “სანტა ესპერანსაში” ნათქვამი აბსოლუტურად ზუსტია, რომ მართალია პერსონაჟის ბიძა, როცა ამტკიცებს,  “კედლები სუნთქავენ და სახლები ისევე ჰგვანან ადამიანებს, როგორც ძაღლები თავიანთ პატრონებსო.”  ცოტას კიდევ თუ გაუყვები, შეიძლება მოღრუბლულ ამინდში, მზის სათვალეებით უბანში მჯდომი, პლეხანოველი მოგელას მსგავს ტიპსაც წააწყდე… თბილისური შენობები ზუსტად ისეთია, როგორც აკამ აღწერა… გეღიმება, სასიამოვნო აღმოჩენაა… იქ გოგლიკოს არეული-დარეული და რომანტიზმის საბურველში გახვეული ისტორიები გახსენდება… შენ კი მიუყვები თბილისის ქუჩებს და გაოცებული იშვერ თითს რომელიმე სახლის აივნისკენ და გვერდზე მდგომს ეუბნები: 

ეე, ეს ზუსტად ისეთი აივანი არაა, აკა რო წერს?

და ეს ტიპი როგორ გავს არა, პლეხანოველ მოგელას? – გიპასუხებს ის…

ფარდა…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.