fbpx

რას გავიგებ დღეს? უფრო სწორად, რა გაიგეს სეულში შემოდგომაზე? – რუსუდან ხიზანიშვილი


გააზიარე სტატია

ფოტოების ავტორი : დეა ხიზანიშვილი
2021 წლის 18 მარტს თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე, გალერეაში „Window project” რუსუდან ხიზანიშვილის, ჩემთვის მაშინ უცხო მხატვრის, გამოფენის – „Of Goddesses and Women” გახსნაზე წავედი.

Facebook-ზე წავაწყდი event-ს და მე, როგორც ნებისმიერ ფერზე, მათ საოცარ ჰარმონიასა თუ დისჰარმონიაზე შეყვარებულმა ადამიანმა, გადავწყვიტე, ცოცხლადაც მენახა რუსუდანის ფერადი ნახატები. ჯერ საგამოფენო სივრცეში არ ვიყავი შესული, დიდი  ვიტრინებიდან დიდი, ფერადი ტილოების ერთი შორით ნახვით სიყვარული დამემართა და გავიფიქრე: „მგონი, ეს ქალი ჩემი საყვარელი ქართველი ქალი მხატვარი გახდება!“. (გამოფენის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ  ბმულს:

ძალიან მომწონს რუსუდან ხიზანიშვილის თამამი ფერების ჯადოსნური კომბინაციები, სიურრეალისტური და მითოლოგიური სიუჟეტები, ზღაპრული ცხოველები, პლასტიკური ანთროპომორფული ფიგურები, სტატიკური პორტრეტები, უჩვეულო კომპოზიციები და საღებავის დენადი და თამამი ზეთოვანი და აკრილის ლაქები. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამუშევრები ძირითადად დიდი ზომისაა, თითქოს მაინც ვერ იტევს მხატვრის უტოპიურ სამყაროს თავისი ტრანს-ჰუმანურ (ასე მოიხსენიებს თავად მხატვარი თავის პერსონაჟებს და „ტრანს-ჰუმანური“ ნიშნავს ტექნოლოგიური განვითარების შედეგად  ჩამოყალიბებულ ახალ ტიპს – უფრო კიბორგს, მოკლედ, ჰომო საპიენსის ევოლუციის შემდგომ ეტაპს, რომელსაც თუ მოვესწრებით – ვიხილავთ, ან ჩვენვე ვიქნებით??? კორეაში ნამდვილად ჩვენზე ადრე გაჩნდებიან ტრანს-ადამიანები) არსებებს, მისტიკური პერსონაჟებით  და ჭრელი, მრავალფეროვანი პატერნებით. მოკლედ, ჩემი ხელოვნებათმცოდნის ბაკალავრის დიპლომს გვერდზე გადავდებ და არ დავიწყებ მისი ნამუშევრების დეტალურ აღწერას და არც ფილოსოფიური, ისტორიული და მითოლოგიური სიმბოლოებით შევავსებ ტექსტს, მოსაწყენია.  თან, ჩემი აზრით, სულაც არ არის საჭირო სიტყვები, როცა ასეთი მდიდარი და სენსუალური ვიზუალური სამეტყველო ენით გვესაუბრება წარმატებული ქართველი ქალი მხატვარი. 

 რუსუდანი ბავშვობიდან ხატავს. ნიჭის და დიდი შრომის შედეგად მის მიერ შექმნილი სამყარო საქართველოს საზღვრებს გასცდა და ისეთ ქვეყნებშია ცნობილი, როგორებიცაა იორდანია, ამერიკის შეერთებული შტატები და ბევრი სხვა. მისი გამოფენების სიის წაკითხვისას ვხვდები, რომ სამხრეთ კორეაში რუსუდანის  ნამუშევრები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ზედიზედ ბოლო რამდენიმე წელია თავისი მდიდარი, ფემინური და ფანტასტიკური სამყაროთი სტუმრობს კორეას და აქტიურად მართავს გამოფენებს. ამ სტატიასაც მისი ამჟამინდელი სეულში გამართული ექსპოზიციის საუწყებლად ვწერ. „Velvet Armour” – „ხავერდის აბჯარი“, ასე ჰქვია ჩვიდმეტი ნამუშევრისგან (ტილოები და გრაფიკული იმიჯები) შემდგარ გამოფენას, რომელიც ჩვენგან ძალიან შორს, კორეელი დამთვალიერებლის წინაშე წარდგა. პარადოქსული, ურთიერთგამომრიცხავი ორი სიტყვისგან შემდგარი სათაური გამოფენის დაუთვალიერებლადაც მიჩენს ასოციაციებს ადამიანის მყიფე, მაგრამ ამავდროულად, გამძლე და მებრძოლ ბუნებაზე.

დამთვალიერებლის ასოციაციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ თავად ხელოვანთან ლაპარაკიც მომინდა – დავინტერესდი მისი ფიქრებით, წუხილებით, აღმაფრენებით, გატაცებებით, რომლითაც იქმნებოდა ქართველი მხატვრის სოლო გამოფენა კორეაში. დავუკავშირდი და ვისაუბრეთ. გამოფენის სამუშაო თემაზე მიამბო, რომ საქართველოს მსგავსად, კორეისთვისაც დიდი წუხილია პოსტკოლონიური  ადამიანის ფენომენი, სევდიანად აღნიშნავს, რომ კოლონიალიზმი წარსულის და აწმყოს გარდა მომავლის პრობლემადაც ესახება. იმედს და ბრძოლის უნარს არ კარგავს, ხავერდის აბჯრით (როგორც თვითონ ამბობს, მისი Survival kit) – რაც ამ შემთხვევაში მისი ხელოვნებაა, ცდილობს თავისი სათქმელის გადმოცემას.

საინტერესო და სასიამოვნო დიალოგი გვქონდა: გულწრფელ ერთგულებაზე სამშობლოსადმი, რეზიდენციებზე საზღვარგარეთ, მხატვრებზე, ფილმებზე, ჩვენი სახელების ეტიმოლოგიაზე, რეგიონულ პრობლემებზე, შთაგონებაზე – რომლის ძებნაც არ სჭირდება – და მედიტაციურ სამუშაო პროცესზე, რომლის დროსაც უსმენს სხვადასხვა ლექციას, მრავალჯერ ნანახ კინოს ან რადიო სპექტაკლს. 

გამოფენაზე  – „Velvet Armour” წარდგენილი ნამუშევრების, სამწუხაროდ, მხოლოდ ციფრული ვერსიების თვალიერებისას პროტაგონისტი  ქალები, მითური პერსონაჟები, სახასიათო ხელწერა, მომნუსხველი კოლორიტი, პატერნები და სიმბოლოები მახსენებს, რატომ შემიძლია რუსუდანის ნახატებით დაუსრულებლად ტკბობა.

შევაჯამებ: ასეთი საკვირველი და სასიამოვნო სიახლეები, როგორიც ქართველი ხელოვანის გამოფენაა სამხრეთ კორეაში – არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ყველა ქართველისა და საქართველოს მსგავს ქვეყნებში მცხოვრები ხელოვანებისთვის   მოტივაციის მიმცემია.  მეც, დაიმედებული და კრეატიული ენერგიით დამუხტული წავალ და გავაგრძელებ ოქროსფერი ფოლგების ჭრას, რომლებიც სომხეთში რეზიდენციისას ჩემმა ახალმა მეგობრებმა შემიგროვეს შოკოლადის ფილებიდან.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.