fbpx

სინედოკის ქართული პრემიერები ბათუმის საავტორო ფილმების ფესტივალზე


გააზიარე სტატია

ავტორი: ირინე ჟორდანია

 

რამდენიმე დღის წინ ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი დაიხურა. ფესტივალი, რომლის მთავარი კონტექსტი კინო-პროტესტი იყო. ისევ და ისევ მტკიცება, რომ ხელოვნება ცოცხალია და დამოუკიდებელი. რომ კინო პოლიტიკურ ველში იქმნება და არ არსებობს კონტექსტის გარეშე. „საქართველო ამბების ქვეყანაა“,  – მითხრა ჩემმა მეგობარმა მარადია ცაავამ, არაჩვეულებრივმა დოკუმენტალისტმა, რომლის ფილმი – „ოცნების ქალაქი“ სინედოკ-თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში მთავარი პრიზით დაჯილდოვდა. 

სინედოკ-თბილისი უკვე მეორე წელია ბათუმის საავტორო ფილმების ფესტივალის ფარგლებში ტარდება და ძალიან კარგად წარმოაჩენს ბოლო წლების ქართული დოკუმენტური კინოს მრავალფეროვნებას – ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ხედვასა და გამომსახველობით ხერხებს, თითოეული ავტორის ძალიან მკვეთრ, ჟღერად ხმას საერთო ქსოვილში, თითოეული მათგანის პიროვნულობას, რომელიც ფილმების უკან ჩანს. ალბათ ნიშანდობლივია ისიც, რომ სინედოკის პროგრამაში წარმოდგენილი ფილმების უკლებლივ ყველა რეჟისორი დღეს სწორედ ზემოთ ხსენებულ საპროტესტო მოძრაობაშია. სინედოკის პროგრამის ფარგლებში წელს სამი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ქართული პრემიერა შედგა – ანნა ძიაპშიპას „ავტოპორტრეტი ზღვარზე“, ლუკა ბერაძის „ღიმილიანი საქართველო“ და გიორგი ფარქოსაძის „რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს“. 

„ავტოპორტრეტი ზღვარზე“, რეჟისორი  ანნა ძიაპშიპა (ტრეილერი)

„ავტოპორტრეტი ზღვარზე“ საკუთარ თავში მოგზაურობას ჰგავს, ძალიან წინააღმდეგობრივს, როდის მიხვდი, რომ შენთვის ზუსტ ინტონაციას მიაგენი? 

როდესაც ფილმი დავამთავრე, მაშინ მივხვდი, რომ მივაგენი რაღაც ხმას. მანამდე ვერ ვხვდებოდი, რადგანაც ძალიან კომპილაციური იყო, სხვადასხვა მასალა იყო, სხვადასხვა პერიოდები და ამის შეკვრა კი ძალიან რთული. მქონდა მომენტები, როდესაც ვპოულობდი ამ ხმას, მერე მისხლტებოდა, მერე ისევ ვპოულობდი, და როდესაც დავასრულე, მაშინ მივხვდი, რომ ეს არის ის, რაზეც ამდენ ხანს ვწვალობდი, ვფიქრობდი. მართალია, თავიდანვე არსებობდა პერსპექტივა, ჩემი ხედვის კუთხე, თუმცა ამ საწყისს ბევრი ცდისა და ექსპერიმენტის შემდეგ დავუბრუნდი. შინაგანი მოგზაურობაა კი, შიგნით სახლის პოვნა, რომელიც გარეთ – ფიზიკურ სახლშია გადმოტანილი… ალბათ სწორედ ეს არის ჩემთვის მთავარი ფილმში. 

ამბის ამოთქმა გათავისუფლებას ჰგავს, დაშალე ობობას მეტაფორული ქსელი?

გათავისუფლებაა – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამბავი მხოლოდ შენი არ არის; ამოთქმა, დიალოგი, გაზიარება ძალიან დიდი გათავისუფლებაა. ეს ბევრ ადამიანს უჭირს, ასეთი პირადი ამბის ამოთქმა თავის დროზე მეც ძალიან მიჭირდა. მეტაფორული ობობას ქსელი შეიძლება დავშალე ან უფრო ავბლანდე… ბათუმში ასეთი უცნაური ამბავი შემემთხვა: პრემიერიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩემი მეგობრის მანქანაში ვიჯექი. მითხრა, კარი ფრთხილად გამეღო, რადგანაც მანქანის კარსა და სარკეს შორის ობობას ქსელი გაება – თითქოს სიმბოლური იყო, რომ ადამიანმა, რომელსაც ჩემი ფილმი ნანახი არ ჰქონდა ამ ქსელზე მიმითითა და მისი შენარჩუნების მნიშვნელობაზე.  

სად გადის შენთვის ზღვარი დოკუმენტურ და მხატვრულ კინოს შორის? 

ჩემთვის დოკუმენტურ და მხატვრულ კინოს შორის ზღვარი სულ უფრო ნაკლებად გადის. მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური დოკუმენტური კინოს მოყვარულიც ვარ, ისევე როგორც კლასიკური მხატვრულის, ჩემთვის ექსპერიმენტები უფრო საინტერესოა – შერეული ფორმები; ამ ზღვარზე სიარული, მისი მოშლა, შერწყმა, გაერთიანება ან დაყოფა – ფორმებით თამაში. კინო, რომელიც დღეს მომწონს და მაინტერესებს, სწორედ ის კინოა, რომელიც ერთმანეთს ირეკლავს, მხატვრული ფორმა დოკუმენტურში ჩემთვის ძალიან საინტერესო კომბინაციაა. 

არქივის გამოყენებაც ფორმით თამაშს ჰგავს – ძალიან სუბიექტურია, შინაგან დინებაზე აგებული და ამავე დროს რაღაც უფრო დიდთან, დროის უწყვეტობასთან გაკავშირებს.

ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამ საარქივო კადრების დამორჩილება, დროის დამორჩილება და მათი სუბიექტივიზაცია, მათი დეკოლონიზაცია. საარქივო მასალებს ძალიან კონკრეტული მნიშვნელობა აქვს და ჩემთვის საინტერესო სწორედ ის იყო, რაც ამ გამოსახულების მიღმაა. ამიტომაც ჩანს ფილმში მოზომილი გამოსახულება თუ ახლო ხედი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო არქივებში შეღწევის იდეა, დანახვა, თუ რას ჰყვება ავტორი იმის მიღმა, რაც ეკრანზე ჩანს, ისევე როგორც მნიშვნელოვანი იყო ამ არქივების გადააზრება. 

ფილმის შექმნის პროცესზე როდესაც ლაპარაკობ, ყოველთვის აღნიშნავ ხოლმე მემონტაჟის მნიშვნელოვან როლს. 

მემონტაჟის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ის იყო პირველი, ვისთანაც შევძელი და ამ იდეის დესაკრალიზაცია მოვახდინე. იდეის, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო და ძალიან მიჭირდა გაზიარება. იმ მომენტში სწორედ ეს კავშირი შედგა. ჩემთვის ეს იყო საკრალური ამბავი და პირველი მცდელობა მისი გახსნის, მისგან გათავისუფლების და გაზიარების. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 

მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ძირითადი ფორმები უკვე მიგნებული იყო, ფილმის დრამატურგიულად აწყობაში მონტაჟი ძალიან დამეხმარა. მე ათამდე სხვადასხვა ვერსია მქონდა, ბევრი იდეა და ექსპერიმენტი, ფილმის ლოგიკური ჩარჩოს აწყობაში კი მონტაჟი ძალიან დამეხმარა. მთელი ის პროცესი, რომელიც მემონტაჟესთან ერთად გავიარე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხმაზე მუშაობა, რადგანაც ხმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფილმში და ხმის დრამატურგიაზე მუშაობა ძალიან საინტერესო ჩანდა, თითოეული ეს ეტაპი – მონტაჟი ეკა წოწორიასთან ერთად, ხმაზე მუშაობა პაატა გოძიაშვილთან ერთად, შემდეგ მუსიკაზე ნიკა ფანიაშვილთან ერთად („ავი მუსაიფი“) და ფერზე მუშაობა ნოდარ ნოზაძესთან ერთად, ფილმს ახალ ფენას და ჟღერადობას ანიჭებდა. 

 

„ღიმილიანი საქართველო“, რეჟისორი  ლუკა ბერაძე

„აუტანელია ცხოვრება ქვეყანაში, სადაც არ არის იუმორის გრძნობა, მაგრამ უფრო აუტანელია ქვეყანა, სადაც იუმორის გრძნობა გადასარჩენადაა აუცილებელი“. – ბრეხტის ეს სიტყვები თითქოს შენს ფილმზეა.

იმ სოციალურ პირობებში, რომელშიც ჩემი ფილმის გმირები არსებობენ, იუმორი და თვითირონია ნამდვილად გადარჩენაა. რთულია იმის წარმოდგენა და გააზრება, თუ რას ნიშნავს დილიდან საღამომდე იყო მძიმე ფიზიკურ შრომაში და მაინც იმყოფებოდე იმ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში, რომელშიც ისინი არიან – იმერეთის რაიონის სოფელ „უსახელოს“ და მის მიმდებარედ რამდენიმე სოფელში. მათთვის იუმორი ერთგვარი ხსნაა, მათი დამოკიდებულება ერთმანეთის თუ ცხოვრებს მიმართ არბილებს ამ მძიმე ყოფას, სადაც არიან გაჭირვებული ადამიანები და უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები, რომლებსაც არა აქვთ წყალი, გაზი, ელექტროენერგია… ზოგიერთ მათგანს სახლში ფანჯარაც კი არ აქვს და ეს იმ ფონზე, რომ დილიდან დაღამებამდე შრომობენ. 

გადაღების პროცესში თავდაპირველი ჩანაფიქრიდან რამდენად შორს წახვედი?

თავდაპირველად, როდესაც ამ ფილმის გადაღება გადავწყვიტე, 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დოკუმენტირება მინდოდა, თუმცა, როდესაც ჩავედი და ეს ადამიანები გავიცანი, აღმოვჩნდი იმ სოციალურ ველში, სადაც ისინი არსებობენ, მივხვდი, რომ სათქმელი მეტი იყო. გზადაგზა იმასაც მივხვდი, რომ ეს აბსურდული კბილების პროგრამა გადაჯაჭვულია მძიმე სოციალურ პრობლემებთან.  გარდა ამისა, თვალსაჩინოდ დავინახე პოლიტიკოსების დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ და მანკიერი სისტემის როლი. ასე რომ, ფილმის ფორმაც და სიუჟეტური სტრუქტურაც უკვე გადაღების პროცესში გამოიკვეთა.

ფილმის ჩვენების შემდეგ სანდრო ნავერიანმა თქვა, რომ ეს არის თანამედროვე საქართველოს სახე. 

გამიჭირდება შეფასებით ნაწილში  დავეთანხმო ან არ დავეთანხმო, მაგრამ ის გარემო, ის უკიდურესი სიღარიბე, რომელიც ფილმში ჩანს, ნამდვილად არის საქართველოს ყველაზე დიდი გამოწვევა. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო მეჩვენებინა საქართველოს ბუნება, ლამაზი საქართველო, პოეტური საქართველო, თავის ლანდშაფტით თუ სიტყვა-პასუხით, რადგანაც ეს კონტრასტი კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის იმ სისტემის მანკიერებას, სადაც ეს ადამიანები არსებობენ, ერთგვარი არქაული სახე-ხატები, გულუბრყვილოები და იუმორით სავსენი,  და პოლიტიკოსების მათდამი დამოკიდებულება, რომელიც აზარალებს და ანადგურებს ჩვენს ქვეყანას.  

როგორც ვიცი, თავს მხატვრული კინოს რეჟისორად მიიჩნევ, რა განსხვავებაა შენთვის მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმზე მუშაობას შორის? 

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია და ეს ამბავი დოკუმენტურად იქნება მოყოლილი თუ მხატვრულად, ამას მნიშვნელობა არა აქვს. ჩემთვის საინტერესოა, როდესაც მხატვრულ კინოში სინამდვილეა, რეალობის ასახვის მცდელობა, და პირიქით, დოკუმენტური გარკვეულ მხატვრულ ფორმაშია მოქცეული.  

 

„რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს“, რეჟისორი  გიორგი ფარქოსაძე  

შეკითხვები რეჟისორ ქეთი მაჭავარიანისგან:

 შენი ფილმი საკმაოდ დიდ პერიოდს მოიცავს – დედა-შვილის ცხოვრება თითქმის მიუვალ ადგილას, სადაც დრო თითქოს არ გადის და მაინც გადის – როგორი იყო ამ წლების გატარება მათთან ერთად? 

ფილმის გადაღება თითქმის ოთხ წელს გაგრძელდა. გურისთან და სანათასთან ერთად გატარებული ეს წლები იყო დიდი სიმშვიდის, სიჩუმის, საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიის ძიების, შინაგანი სამყაროების გამოკვლევის პროცესი – როგორც გმირების, ასევე საკუთარი თავისაც. ძალიან დიდხანს მოვუნდი იმის გარკვევას, თუ რა იყო იქ მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი. თავდაპირველი ინტერესი უფრო სხვა იყო – მთიდან ბარში მიგრაციის პროცესი, ახალგაზრდა ადამიანების მცდელობა – დარჩენილიყვნენ მთაში და იქ შეექმნათ რაღაც. წელიწადზე მეტი იყო გასული, როდესაც მივხვდი, რომ მიგრაციის თემის მიღმა მთავარი, რამაც მიმიზიდა, ამ ორი ადამიანის მიჯაჭვულობა, მათი ჩუმი, უსიტყვო  ურთიერთობა იყო. სწორედ ამაში ჩაძიება და ჩაღრმავება, რაც ჩემთვის საკუთარი თავის ძიების პროცესიც აღმოჩნდა და ბოლოსკენ ფილმი უკვე ჩემი ერთგვარი ავტოპორტრეტიც გახდა. გურიც და სანათაც ძალიან გახსნილები, გულახდილები იყვნენ. მათი  მიმღებლობის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ამიტომაც, მათი ამ გულღიაობის ძალიან მადლიერი ვარ. 

ძალიან ახლოს მიხვედი შენს გმირებთან. მაინტერესებს, არის თუ არა რამე უხერხულობა ამ სიახლოვით განპირობებული – გულახდილობის და გახსნილობის გამო? 

გმირებთან ძალიან დავახლოვდი და ეს დილემებიც მქონდა, რადგანაც სივრცე იყო ჩაკეტილი და შორეული, მოწყვეტილი, და ამ მივარდნილ სივრცეში ერთად ვიყავით. ამ სიმარტოვის გამო მათთან ისე დავახლოვდი, რომ თავს უკვე ოჯახის წევრად ვგრძნობდი. იმდენი იმედი, სატკივარი თუ საწუხარი გამიზიარეს, რომ ვღელავდი, გადაღების პროცესშიც და შემდეგ უკვე ფილმის მონტაჟის დროსაც, ეს ადამიანები რამენაირად არ დამეზიანებინა. რომ დამეცვა ეთიკური პრინციპები, დამეცვა მათი პირადი სივრცე და საიდუმლოებები, რომლებსაც მიზიარებდნენ. ბევრჯერ ვმდგარვარ ამ დილემის წინაშე, უხერხულობას არ დავარქმევდი, უფრო განსჯასა და საფიქრალს ვუწოდებდი – თუ რა უნდა გამომეტანა და გამეზიარებინა მაყურებლისთვის და რა უნდა დარჩენილიყო ჩვენ შორის. 

როგორც მივხვდი, შენთვის,  გარდა გმირებისა,  საინტერესო იყო ის გარემო, ბუნება, რომელსაც ისინი თითქოს შეერწყნენ…  ერთგვარი სიმბიოზი.

ფილმის მიღმაც, ნამდვილ ცხოვრებაშიც ასეა – ეს ორი ადამიანი ამ სივრცეს ეკუთვნის, შერწყმულია და ჰარმონიულად თანაარსებობს თავისი სირთულეებით, მძიმე ფიზიკური შრომით, მაგრამ, ასევე  სიმშვიდით, ბუნებრივი სისადავით, სიღრმით, სუფთა ჰაერით და ანკარა წყლით, სისუფთავით, გმირების შინაგანი სისუფთავით. და ეს მჭიდრო კავშირი ადამიანებსა და გარემოს შორის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მნიშვნელოვანი ფენა იყო როგორც ამბის თხრობისთვის, ისე გმირების გრძნობების და ფიქრების გამოსატანად. 

ცალკე აღებული პერსონაჟები და იქაური სივრცე ერთად ქმნის ამ სამყაროს და მიხარია, თუკი ეს ფილმშიც იგრძნობა. ამ პირველქმნილ და ხელშეუხებელ სივრცეში  ერთადერთი გართობა ნადირზე თვალყურის მიდევნებაა, იქნება ეს დათვი, მგელი, შველი, თუ რამე სხვა; გორაკზე საათობით დაკვირვება, იფნის ხე, რომელიც თავისთავადაც სიმბოლოა და ჩემთვის მათი ამ ადგილზე და ერთმანეთზე მიჯაჭვულობის სიმბოლოცაა, ისევე როგორც მარტოობის სიმბოლო. და რადგანაც ისინი ერთად არიან ამ მარტოობაში – იფნის ხე იქნება, ნადირზე დაკვირვება, გორაკზე ჩასვლა თუ ფარდასავით გადმოფარებულ ნისლში ჩაძირვა, ისინი ამ სივრცეს ეკუთვნიან. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ დროს ბარში ატარებენ და დროდადრო თბილისშიც უწევთ ჩამოსვლა, მათი ბუნებრივი საარსებო გარემო აქაა. 

ფილმზე მუშაობისას ერთ-ერთი მენტორის სიტყვები დამამახსოვრდა, რომ ეს არის ფილმი არა ამ გმირების ცხოვრების შესახებ, არამედ ეს მათი ცხოვრებაა. მთავარი იყო მათ რუტინულ ცხოვრებაში გაელვებები შემომენახა. მომენტები, რომლებიც მათ ამ სივრცეში არსებობის უნიკალურობას ქმნის, და ისეთივე მონოტონურ ფილმში, როგორიც იქაური ცხოვრებაა, მოელვარე ქვებივით გამოკრთება ხოლმე – ამ გამონათებების დაჭერა იყო ყველაზე რთულიც, მოუხელთებელიცა და სასიამოვნოც. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.