fbpx

დოკუმენტური კინოს ასოციაციის (DOCA) ყოვლეკვირეული ჩვენებები კინოთეატრ ამირანში 


გააზიარე სტატია

 

კინომოყვარულებისთვის კარგი სიახლე გვაქვს: ყოველ ორშაბათს მაყურებელი შეძლებს კანის, ბერლინალეს, ლოკარნოს და სხვადასხვა კინოფესტივალებზე ნომინირებული ფილმების ნახვას.

კინოთეატრ “ამირანში” მაყურებლისთვის კინოკლუბის კარი ყოველ ორშაბათს, საღამოს 7 საათზე ღია იქნება, სადაც დოკუმენტური კინოს ასოციაცია (DOCA) თემატურად შერჩეულ საუკეთესო დოკუმენტურ და საავტორო კინოს წარადგენს. 

DOCA-ს პირველი თემატური პროგრამის სახელწოდებაა “რა გაანათებს ღამეს?” – პროგრამა წინააღმდეგობას ეხება და აერთიანებს ბოლო წლების გამორჩეულ ფილმებს კანის, ბერლინის და სხვა წამყვანი კინოფესტივალებიდან.  პროგრამა პირველი ქართველი  რეჟისორი ქალის, რეპრესირებული ნუცა ღოღობერიძის ფილმებით –  “ბუბა” და “უჟმურით” გაიხსნა.  ასევე ნაჩვენები იქნება ამ წლის ერთ-ერთი ჰიტი – “ორლანდო, ჩემი პოლიტიკური ბიოგრაფია” (რეჟისორი პოლ პრეციადო) და უკვე კლასიკად ქცეული მიხეილ გლავოგერის – “მშრომელი კაცის სიკვდილი”. 

კინოკლუბი არ არის გათვლილი მხოლოდ კინოს მოყვარულთათვის. თემები, რომელსაც DOCA შეეხება “ამირანის” კინოდარბაზში, საინტერესოა ფართო აუდიტორიისთვისაც. კინოკლუბის იდეაც ესაა, ხელმისაწვდომი გახადოს დოკუმენტური კინო, როგორც თავისუფალი გამოხატვის ფორმა.

იხილეთ ოქტომბრის აფიშა:

 

არაფრის ცოდნის ღამე  09.10.2023   19:00

კანის კინოფესტივალის პრიზის მფლობელი დოკუმენტური ფილმი “არაფრის ცოდნის ღამე” გვიყვება სტუდენტურ საპროტესტო ტალღაზე, რომელიც ინდოეთის კინოსკოლაში მას შემდეგ აფეთქდა, როცა პრემიერ მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ უნივერსიტეტის მმართველ თანამდებობაზე საკუთარი პარტიის წევრი დანიშნა.

სასიყვარულო წერილების საშუალებით, რომელიც ფილმის თხრობის მთავარი ხერხია, ვაკვირდებით კინოსკოლის სტუდენტების ბრძოლას პოლიტიკური და შემოქმედებითი თავისუფლებისთვის.

 

ნეპტუნის ყინვა 16.10.2023 19:00

მიუზიკლი, აფრო-ფუტურისტული sci-fi იგავი, რომელიც საუბრობს მეამბოხე თემის წინააღმდეგობაზე. ფილმში პოლიტიკური ძალადობის, ეკონომიკური უსამართლობისა და კულტურული გაუცხოების პირობებში, ჰაკერების დივერსიული კოლექტივი ცდილობს ავტორიტარული რეჟიმის დამხობას და ისეთი სივრცის შექმნას, სადაც ფანტაზია და სოლიდარობა შესაძლებელი იქნება.
ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა.

 

ძალადობის მონოპოლია 23.10.2023 19:00

2018 წლის შემოდგომაზე საფრანგეთში დაწყებული “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო მოძრაობა, როგორც კოლექტიური ბრძოლის უპრეცენდენტო მაგალითი, დღემდე კვლევის და ანალიზის საგანია მოაზროვნეებისთვის. შეპირისპირებითი მონტაჟის გამოყენებით, რეჟისორი ურთიერთმონაცვლეობით გვაჩვენებს სისასტიკეს, ჩადენილს პოლიციელის წინააღმდეგ თუ პოლიციელის მიერ და სვამს კითხვას: მაშინ, როცა სახელმწიფო ფიზიკური ძალის გამოყენებას ლეგიტიმურად მიიჩნევს და მასზე მონოპოლიას აცხადებს, ვინ შეიძლება დაარეგულიროს ეს ძალადობა?!

 

ორლანდო, ჩემი პოლიტიკური ბიოგრაფია 30.10.2023 19:00

ესპანელი ფილოსოფოსისა და მწერლის, პოლ ბ. პრესიადოსთვის ეს სადებიუტო ესსე ფილმია. ფილმი ერთგვარი კოლექტიური ავტობიოგრაფიაა, რომელსაც ავტორი 20-ზე მეტი სხვადასხვა პერსონაჟის გენდერული ტრანზიციის ამბებით ყვება.
ფილმი თამამი და მხიარული რეფლექსიაა ვირჯინია ვულფის ამავე სახელწოდების გახმაურებულ სატირისტულ რომანზე “ორლანდო”, რომლის მთავარი გმირიც სქესს იცვლის და სხვადასხვა დროში მოგზაურობს. პრესიადო თეატრალიზებული ინსცენირებებით ციტირებს ვულფის ტექსტს, გვთავაზობს მის თანამედროვე, კრიტიკულ გადააზრებას და საზეიმო სიმსუბუქით ცდილობს ისტორიაში ადგილი დაუმკვიდროს პერსონაჟებს, რომელთა ამბებიც წარსულის ტექსტებმა არ შემოგვინახა.

 

კინოკლუბის მხარდამჭერია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და ადამიანის უფლებათა სახლების ფონდი. 

სრული ინფორმაცია კინოკლუბის პირველი პროგრამის შესახებ: www.doca.ge/filmclub 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.