fbpx

არტისტი დიქტატორულ რეჟიმში – იშტვან საბოს ფილმი „მეფისტო“


გააზიარე სტატია


ავტორი: საბა ოსანაძე


არსებობს ასეთი გამოთქმა:  „ხელი არ ახლოთ არტისტებს, მეძავებს და მეეტლეებს, ისინი ნებისმიერ ხელისუფლებას ემსახურებიან“. 

ეს სიტყვები საწყენი უნდა იყოს ბევრისთვის. ზოგს სამართლიანად ეწყინება, ზოგს – უსამართლოდ. ისტორიამ „მსახურების“ იმდენი მაგალითი დაგვიტოვა, რომ ცხადია, ამ სტერეოტიპში არის სიმართლის არსებითი მარცვალი. იქნება ეს ძველბერძნული პოლისი, რომის იმპერია თუ ლუი XIV-ს საფრანგეთი – ხელოვანთა ნაწილი სულ ცდილობდა ხელისუფლების გულის მოგებას.

კულტურაზე ხელისუფლების საცეცები განსაკუთრებით იგრძნობა მეოცე საუკუნეში, რომლის გარიჟრაჟზეც დაიბადა ახალი ხელოვნება – კინემატოგრაფი. ტოტალიტარული რეჟიმები კინოს განსაკუთრებული ენთუზიაზმით იყენებდნენ საკუთარი იდეოლოგიის პროპაგანდისთვის. პროპაგანდისტულ ფილმებს იღებდნენ ისეთი რეჟისორები, როგორებიც არიან ეიზენშტეინი, რიფენშტალი, პუდოვკინი, ჭიაურელი და სხვა.  

უმეტესი მათგანი დიდი ავტორებია, რომლებმაც გავლენა იქონიეს კინემატოგრაფზე. დაწყებული ეიზენშტეინის მონტაჟური კინოდან, დამთავრებული რიფენშტალის დოკუმენტალისტიკით. მიუხედავად მათი ნიჭიერებისა, ისინი იყვნენ ეშმაკთან შეთანხმებაში, ბოლშევიკების თუ ნაციონალ-სოციალისტების სახით. ზოგი იყო მსხვერპლი, ზოგი კი მოხალისე. 

რა თავისებურებები ახასიათებს არტისტსა და დიქტატორულ რეჟიმს შორის ურთიერთობას და რა ემართება ამ დროს ადამიანის ფსიქიკას? რა „თვითთერაპიას“ გადის არტისტი, რათა საკუთარი ადგილი იპოვოს ქვეყანაში, რომელიც ძალიან მუქ ფერებს იღებს? 

1981 წელს გამოვიდა უნგრელი რეჟისორის, იშტვან საბოს ფილმი „მეფისტო“. „მეფისტო“ არის გერმანელი მწერლის, კლაუს მანის იმავე სახელწოდების მქონე რომანის ეკრანიზაცია. ფილმი გვიყვება ჰამბურგის პატარა თეატრის მსახიობის ისტორიას, რომელსაც ამოძრავებს რევოლუციური იდეები და ამ იდეების ხელოვნების საშუალებით დიდი სცენაზე რეალიზების წყურვილი. მისი ამბოხებული ხასიათი უმალ ჩაცხრება, როცა ის აღმოჩნდება პაიკი ნაცისტური მთავრობის ხელში. 

„დავუშვათ, ნაცისტები დარჩნენ ხელისუფლებაში, მე ეს რატომ უნდა მანაღვლებდეს… მე ხომ მსახიობი ვარ. მივდივარ თეატრში, ვთამაშობ როლს და მოვდივარ სახლში. მორჩა“,  – ამბობს ჰენდრიკ ჰეფგენი მას შემდეგ, რაც გაიგებს ნაციონალ-სოციალისტების ხელისუფლებაში მოსვლის ამბავს. 

ჰეფგენმა შეძლო და პროვინციული სცენიდან გადაინაცვლა დედაქალაქის მთავარ სცენაზე. პუბლიკა აღფრთოვანებულია მისით. ის ბრწყინვალე მსახიობია, გერმანიაში მისი კარიერა შესანიშნავად მიდის და მას ძალიან ეშინია ცვლილებების. სამწუხაროდ, რეალობა მის დაუკითხავად იცვლება და ამიტომ ის უარს იტყვის რევოლუციურ თეატრზე და გახდება აპოლიტიკური, „უბრალოდ მსახიობი“. 

მსგავსი „უბრალოდ რეჟისორი“ ეგონა თავი ლენი რიფენშტალს, როცა „ნების ტრიუმფს“ იღებდა, და, მისივე სიტყვებით, არც იცოდა, რას სჩადიოდა ნაცისტური რეჟიმი (ლენი რიფენშტალი  ძალიან წინააღმდეგობრივი ფიგურაა კინოს ისტორიაში). 

ჰეფგენის სავიზიტო ბარათი არის მეფისტოფელის როლი „ფაუსტის“ დადგმაში. ჰეფგენს ძალიან სურს, რომ რეალობაშიც მეფისტოფელი იყოს. მაგრამ ეშმაკთან დიალოგი ეს არ არის მორიგი რეპეტიცია. გარედან – ეფექტური, მომხიბვლელი თეთრი ნიღაბი, შინაგანად – შეშინებული ტიპი, რომელმაც არ იცის, როგორ შეეგუოს მეგობრების უეცარ გაქრობას.  

„შენ მხოლოდ საკუთარ სახეზე ღელავ, რომელსაც აღარ აქვს ადამიანის იერსახე. ეს არის ნიღაბი, გესმის!?“ 

„შენ თანამშრომლობ ხელისუფლებასთან და ამ დანაშაულს ვერ უარყოფ“, – ამას ეუბნებიან ჰეფგენს, რომელსაც შესანიშნავად თამაშობს კლაუს მარია ბრანდაუერი. ჰეფგენი კი უპასუხებს: „ჩვენ არ ვირჩევთ სად დავიბადოთ“; „თეატრი ჩემი სახლია“; „მე არ დამიდია ფიცი, მე უბრალოდ ტუჩები ავამოძრავე“; „თავისუფლება… რისთვის?“  

ჰეფგენს საკუთარი თავის დარწმუნება სურს, რომ ის მნიშვნელოვანია, მაგრამ თავისივე  ეგოს მარწუხებში მოექცევა და ვერც მიხვდება, რა მომენტში გახდა სისტემის ერთ-ერთი ნაწილი. საკუთარ მდგომარეობას ის ხან აღწერს, როგორც კულტურის გადამრჩენელს და ამაღლებულ არტისტს, ხან კი, როგორც „უბრალოდ მსახიობს“, რომელსაც უმიზეზოდ სთხოვენ პასუხისმგებლობას იმ საქციელების გამო, რაც მას პირადად არ ჩაუდენია. ცხადია, ძალიან ბევრი ალუზია ჩნდება თანამედროვე რუს არტისტებზე, რომლებსაც გულუბრყვილოდ ჰგონიათ, რომ კრემლისთვის ისინი რამე მნიშვნელოვანს წარმოადგენენ. 

ბერლინის სცენაზე მისი საოცნებო როლის – „ჰამლეტის“ თამაშისთვის ის პრობლემებს აწყდება (წიგნში ეს თემა უფრო განვრცობილია). ჰამლეტი ეჭვებშია, ის იაზრებს, რომ დანიის სამეფო შიგნიდან იხრწნება. ჰეფგენს კი ყველაფერზე თვალის დახუჭვა სურს – უახლოესი ამხანაგის სიკვდილზეც. ჰეფგენი, ალბათ, არ უნდა აღვიქვათ, როგორც მსხვერპლი, არამედ როგორც ხელოვანი, რომელმაც გარკვეულ ვითარებაში თავისუფლებას და ეშმაკთან გარიგებას შორის აირჩია მეორე. უბრალოდ, ხანდახან სინდისი შემოაღებს კარს და ჰეფგენი ბავშვურად უარყოფს ყველა ბრალდებას და იტყვის, რომ ის „უბრალოდ მსახიობია“. 

კლაუს მანის რომანი ბევრად ვრცლად ასახავს ვაიმარის რესპუბლიკის და მესამე რაიხის დროინდელი თეატრის მდგომარეობას და მსგავს პასაჟებში ვხედავთ  ჰეფგენის ავბედით აღმასვლას. იშტვან საბოსთან პირიქითაა:  მან რომანიდან მხოლოდ ის დატოვა, რაც  უშუალოდ ჰეფგენს ეხება და უფრო გაამძაფრა ჰეფგენის ნევროზულობა, ყალბი ცბიერება და ბავშვობაში გაჩუმების შედეგად ჩამოყალიბებული დაბალი თვითშეფასება. ფილმი არ ეხება ეპოქას, უფრო – ადამიანს ამ ეპოქაში. თავად იშტვან საბო თავის ფილმებს ამ შეკითხვით ახასიათებს: „როგორ შევქმნათ საკუთარი სამყარო, თუ გარემოცვა შენ წინააღმდეგ მუშაობს?“. 

ერთი რამ ცხადია, უაღრესად პოლიტიკურ გარემოში აპოლიტიკურობაც პოლიტიკური განცხადებაა.    

 

  


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.