რეალს მწვანე შუქი უნთია
ავტორი: აჩიკო ბენაშვილი
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტური არაერთი საინტერესო დაპირისპირებით, საკმაოდ მოულოდნელი შედეგით და იმ ახალი ტენდენციებით აღინიშნა, რომლებიც სპორტის ამ სახეობის გამუდმებული სახეცვლილების მანიშნებელია.
მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „ფეიენოორდის“ შეხვედრისას ტელეკამერებმა სტადიონის ტრიბუნაზე 2010-2019 წლებში მადრიდული კლუბის დაცვის ბურჯი – დიეგო გოდინი დააფიქსირეს, რომელიც ხიმენესთან წყვილში დიეგო სიმეონეს გუნდის დაცვით ხაზს პრაქტიკულად გაუვალს ხდიდა იმ ეპოქაში, როდესაც „ატლეტიკომ“ ორჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა და ესპანეთის თასის და ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.
მაშინ „ატლეტიკო“ ზოგჯერ „ბარსელონაზე“ ან „რეალზე“, ან ორივე მათგანზე ნაკლები გაშვებული გოლით ამთავრებდა ხოლმე ლა ლიგის სეზონს, მაგრამ რა ხდება ახლა, როდესაც დაცვის დიდოსტატი „ატლეტიკო“ საკუთარ ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ორ თამაშს ანგარიშით 3:2-ს იგებს, რაც ნამდვილად არ არის დიეგო სიმეონეს ხელწერა?
ნუთუ გამოცდილ მწვრთნელს წლების მოზღვავებასთან ერთად მოსწყინდა დაცვაზე ყურადღების კონცენტრირება და აქცენტს შეტევაზე აკეთებს? მაგრამ მაშინ რაღა ვთქვათ უძლეველ „მანჩესტერ სიტიზე“, რომელმაც ინგლისის მოედნებზე ზედიზედ ორი წაგების შემდეგ „ლაიპციგი“ გასვლაზე კი დაამარცხა, მაგრამ კარს მშრალად იშვიათად თუ ინარჩუნებს?
„მანჩესტერ სიტიმ“ კარი მშრალად ვერც „არსენალის“ წინააღმდეგ პრემიერლიგის უკანასკნელი ტურის მატჩში შეინარჩუნა, რომელთან მარცხიც მას სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე ჩამოქვეითებად დაუჯდა.
ამიტომ მაინცდამაინც არ უნდა გაგვაკვირვოს მადრიდის „რეალის“ მიერ „ნაპოლის“ კარში სამი გოლის გატანამ, რადგან ანგარიში 3:2 ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ყველაზე პოპულარულია და იგი 16-იდან 5 მატჩში დაფიქსირდა.
საინტერესოა ისიც, რომ ამ ანგარიშით წამგები ხუთივე გუნდი და მათ შორის – „ნაპოლიც“, მატჩის დასაწყისშივე დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ დაძაბულ ბრძოლაში მარცხი იწვნია.
„ნაპოლიმ“ კი ანგარიში ტრადიციულად ხვიჩა კვარაცხელიას ძალისხმევით გახსნა, როდესაც გოლი მის მიერ ჩამოწოდებულ კუთხურს მოჰყვა.
მაგრამ გაშვებული გოლის შემდეგ მოედანზე სტუმრებმა იგდეს ხელთ მატჩის მართვის სადავეები, მთავარ მამოძრავებელ ძალად მათი ამომავალი ვარსკვლავი ჯუდ ბელინგემი იქცა და მადრიდის „რეალმაც“ მთელ მსოფლიოს დაანახვა, რომ ყველაფერს გააკეთებს ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტისთან“ შარშანდელი განადგურების რეაბილიტაციისათვის და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტულის მოსაპოვებლად.
„რეალს“ ლა ლიგის გათამაშებაში პირველობისკენ მწვანე შუქი „ბარსელონამ“ აუნთო, რომელიც „გრანადასთან“ შეხვედრაში ფრეს დასჯერდა, ლიდერს სატურნირო ცხრილში სამი ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილზე „ჟირონას“ დაბრუნებას შეუწყო ხელი, რომელმაც გასვლაზე „კადისი“ დაამარცხა.
„ნაპოლის“ და „რეალის“ მატჩის სცენარით კი ბერლინის „უნიონისა“ და „ბრაგას“ და „ანტვერპენისა“ და დონეცკის „შახტარის“ შეხვედრები წარიმართა, რომლებშიც სტუმრები თავდაპირველად ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ ანგარიშით 3:2 იმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალიურმა „ბრაგამ“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველმა დადგა ფეხი გერმანიის დედაქალაქ ბერლინის სტადიონზე და ამდენად მისი გამარჯვება „უნიონთან“ მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ აღარაფერი ვთქვათ საკუთარი ჩემპიონატის გარეშე დარჩენილი უკრაინული კლუბის გმირობაზე, რომელმაც პირველ ტურში „პორტოსთან“ წაგების შემდეგ ბელგიაში გასვლითი შეხვედრის მოგებით ინტრიგა შეუნარჩუნა H ჯგუფის მომდევნო ასპარეზობებს.
კარგი სასეირო გამოდგა „მანჩესტერ იუნაიტედის“ და „გალათასარაის“ დაპირისპირება, რომელშიც მასპინძლები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ კაცნაკლულნი და წაგებულნი დარჩნენ, მიუხედავად იმისა, რომ სტუმართა არგენტინელმა ფორვარდმა მაურო იკარდიმ თავდაპირველად თერთმეტმეტრიანი გააფუჭა, მაგრამ საბოლოოდ შეცდომა გამოასწორა და შესანიშნავი გოლით უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა სტუმრებს იმ ჯგუფში, რომლიდანაც გასვლის უმთავრესი ფავორიტი ქულათა მაქსიმუმის მფლობელი მიუნხენის „ბაიერნია“.
პირველი ორი ტურის შემდეგ ქულის გარეშე მყოფი „მანჩესტერ იუნაიტედი“ მერვედფინალის მიღმა დარჩენის, ხოლო ამსტერდამის „აიაქსის“ ყოფილი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი კი კლუბიდან გაშვების აშკარა საშიშროების წინაშე დადგა.
ინგლისური ფეხბურთის გრანდი „ოლდ ტრაფორდზე“ ზედიზედ მესამე მარცხისგან სკოტ მაკტომინეიმ იხსნა, როდესაც „კრისტალ პალასთან“ და „გალათასარაისთან“ წაგებების შემდეგ ტენ ჰაგის ბიჭები „ბრენტფორდთან“ შეხვედრის 93-ე წუთამდეც მარცხდებოდნენ, მაგრამ იქამდე ექვსი წუთით ადრე მოედანზე შესულმა შოტლანდიელმა ფეხბურთელმა მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 და მე-7 წუთებზე დუბლი შეასრულა და მოაგებინა თავის გუნდს.
რატომ არ გამოიყვანა ტენ ჰაგმა მაკტომინეი „გალათასარაისთან“ შეხვედრაში და რატომ შეუშვა ასე გვიან „ბრენტფორდის“ წინააღმდეგ დაპირისპირებაში?
აქ კრიშტიანუ რონალდუ გვახსენდება, რომელიც ჰოლანდიელ მწვრთნელზე მაღალი წარმოდგენისა არ ყოფილა.
ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მეორე ტური წარუმატებელი გამოდგა ლონდონის „არსენალისთვისაც“, რომელიც გასვლაზე მოულოდნელად საფრანგეთის „ლანსთან“ შეხვედრაში დამარცხდა.
მოულოდნელი იყო კიდევ ერთი ინგლისურ-ფრანგული დაპირისპირების განვითარების სცენარიც, ოღონდ არა იმდენად შედეგის, არამედ იმ ანგარიშის (4:1) თვალსაზრისით, რომლითაც ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტმა „ნიუკასლმა“ ამ ტურნირის მოგების ყოველწლიური ფავორიტი „პარი სენ-ჟერმენი“ გაანადგურა.
პარიზელთა კარში მეოთხე ბურთი ფაბიან შერმა გაიტანა. ამ გოლში გარეგნულ სილამაზესთან ერთად მნიშვნელოვანი კიდევ ისაა, რომ მისი როგორც ავტორი, ისე თანაშემწე, მცველები არიან. ასეთი გოლი კი ძალზედ იშვიათია თანამედროვე ფეხბურთში.
შეტევაში ჩართული ფაბიან შერი ზურგიდან მიეპარა სტუმართა მცველს და საოცარი სისხარტით აართვა ბურთი, შემდეგ ტრიპიერთან გაათამაშა კედელი და თვალის დახამხამებაში საშუალო დისტანციიდან აუღებელი „ცხრიანი“ უთავაზა გაოგნებულ დონარუმას, რომლის მთავარი ფუნქციაც ამ მატჩში საკუთარი კარიდან ბურთების გამოტანა იყო.
ამ მოგების შემდეგ ჯგუფში „ნიუკასლის“ ერთპიროვნულ გალიდერებას „დორტმუნდსა“ და „მილანს“ შორის ფრედ – 0:0 დასრულებულმა პარალელურმა მატჩმაც შეუწყო ხელი, თუმცა ახლავე აშკარაა, რომ „სიკვდილის ჯგუფში“ ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა.
მეორე ტურში ჩატარებულ 16 მატჩში 55 გოლი გავიდა, რაც ერთ შეხვედრაში საშუალოდ 3,45 ბურთის ტოლფასია. ორი ტურის შემდეგ კი უდანაკარგოდ ოთხი გუნდი ასპარეზობს – „მანჩესტერ სიტი“, „რეალი“, „ბარსელონა“ და „ბაიერნი“.
ევროპის და კონფერენს ლიგებზე „ქართულმა“ „შტურმმა“ და „სლოვანმა“ გაგვახარეს, რომელთაც გასვლით შეხვედრებში ერთნაირი ანგარიშით 1:0 შესაბამისად, „რაკოვი“ და „ოლიმპია“ დაამარცხეს.
„სლოვანი“, რომლის შემადგენლობაშიც სრული მატჩი ჩაატარეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ, ორი ტურის შემდეგ ჯგუფის უდანაკარგო ლიდერია, ხოლო ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ კი, რომელიც რაკოვთან“ შეხვედრაში 76-ე წუთზე შეცვალეს, „სპორტინგთან“ ერთად ჯგუფში მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს.





