fbpx

გაიხსნა მე-16 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი


გააზიარე სტატია

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, უკვე მე-16 სეზონია, 10-15 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი – „ამირანი“ მიმდინარეობს. „ამირანი“ 1980-იან წლებში დაარსდა, თუმცა, მალევე შეჩერდა. ფესტივალი 2007 წელს აღდგა და საერთაშორისო სტატუსიც დაიმსახურა. 

„ამირანი“ არის პლატფორმა ახალგაზრდა ქართველი კინემატოგრაფისტებისა და კინომოყვარულებისთვის, წარმოაჩინონ თავიანთი ნამუშევრები ფართო აუდიტორიის წინაშე, გაიცნონ უცხოელი კოლეგები და საერთაშორისო  მასშტაბით  დაამყარონ მნიშვნელოვანი კავშირები მომავალი პროექტების განსახორციელებლად. ფესტივალი ღონისძიების საგანმანათლებლო ხაზის გაძლიერებისა და სტუდენტებისთვის საერთაშორისო კავშირებისა და გამოცდილებების გაზიარებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, ფესტივალის სტუმრებსა და დამსწრეებს  შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტივობაში: ვორქშოფებში, ლექციებსა და ფიჩინგ-ფორუმში, შეხვედრებში საპატიო სტუმრებთან.

კინოფესტივალი 10 ოქტომბერს, 19:30 საათზე  გაიხსნა  კინოთეატრ „ამირანში“ ნანა ჯანელიძის სადებიუტო ფილმით “ოჯახი” (1985).  

წელს ფესტივალი განსაკუთრებულად მასშტაბური იქნება, რადგან საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი – 100 წლის, ხოლო კინოფაკულტეტი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. 

2023 წელს ფესტივალი 4 გამარჯვებულს გამოავლენს: 

  • საუკეთესო სტუდენტური მხატვრული ფილმი  
  • საუკეთესო სტუდენტური დოკუმენტური ფილმი  
  • საუკეთესო სტუდენტური ანიმაციური ფილმი  
  • ფესტივალის გრანპრი

ასევე გაიცემა სპეციალური დიპლომები საუკეთესო ხმის რეჟისორის, კინოოპერატორის და რეჟისორისათვის.

თბილისის საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალში მსოფლიოს 11 ქვეყანა მონაწილეობს: გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, უნგრეთი, დიდი ბრიტანეთი, მოლდოვა, რუმინეთი, ლიეტუვა, ბულგარეთი, ესპანეთი და საქართველო.

საერთაშორისო საკონკურსო კინოპროგრამის ჟიურის წევრები არიან: ჟიურის თავმჯდომარე – პიოტრ სლისკოვსკი, კინოოპერატორი (პოლონეთი, ლოძის კინოსკოლა); ვადიმ პროდანი – რეჟისორი (მოლდოვა,  კიშინიოვის კინოსკოლა) და თეო ხატიაშვილი – კინოკრიტიკოსი.

ფესტივალის ფარგლებში უკვე მესამედ ჩატარდება ინდუსტრიული პლატფორმა „ფიჩინგ-ფორუმი“, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოადგენს. ფორუმი დამწყებ კინორეჟისორებსა და პროდიუსერებს პროექტების განვითარებაში, მათ სწორ წარდგენასა და დაფინანსების მოძიებაში უწყობს ხელს. იგი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, სადაც აქტიური ვორქშოფების გარდა, ჟიურის წევრებთან სტუდენტები წარადგენენ საკუთარ იდეებს პროექტის შემდგომი განვითარებისთვის. ფორუმის ტუტორი გახლავთ ქეთი მაჭავარიანი, ხოლო ჟიურის წევრები: ინეკე სმიტსი – კინორეჟისორი, ჰოლანდია; მარიამ ჭაჭია – რეჟისორი, დოკუმენტალისტი; ვანო არსენიშვილი – რეჟისორი, დოკუმენტალისტი. 

ფიჩინგ-ფორუმის გამარჯვებულები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიზებს და კომპანია „ჯაგაგრიპის“ ტექნიკურ მხარდაჭერას მიიღებენ მომავალი ნამუშევრისთვის.

ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება პანელ დისკუსია „პერსპექტივები“, რომელშიც მოწვეული საერთაშორისო კინოხელოვანები მიიღებენ მონაწილეობას და სტუდენტებთან ერთად განიხილავენ როგორც პროფესიულ გამოწვევებს, ასევე  შესაძლებლობებს და პერსპექტივებს. ხოლო აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით სტუდენტებისთვის ცნობილი ამერიკელი პროდიუსერის, გეილ ენ ჰერდის მასტერკლასი გაიმართება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. 

ფესტივალი 15 ოქტომბერს, 19:00 საათზე კინოთეატრ “ამირანში” დაიხურება, სადაც გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია და გამარჯვებული ფილმის ჩვენება მოეწყობა.

კინოფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება. პარტნიორები არიან ამერიკის საელჩო საქართველოში, JAGAGRIP, ტექნო-შოპი BEKO და კომპანია LEPERT. ფესტივალის მასპინძლები: რესტორნები „შავი ლომი“ და „ნინიას ბაღი“, კინოთეატრი „ამირანი”.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.