fbpx

GIFT – თეატრალური საჩუქარი თბილისს


გააზიარე სტატია

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს – „საჩუქარს“ დიდი ისტორია აქვს – მისი დაარსება ჯერ კიდევ 1993 წელს დაიგეგმა ინგლისში, მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლის, “დონ ჟუანის” გასტროლების დროს, თუმცა ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ფესტივალის განხორციელება გადაიდო. პირველი “საჩუქარი” ჯერ კიდევ ბნელ, უშუქო და უგაზო თბილისში 1997 წელს გაიმართა. მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობისა, ფესტივალი წარმატებით ჩატარდა და ნამდვილად იქცა საჩუქრად – დედაქალაქს 18 ქვეყნის 200-ზე მეტი სტუმარი ეწვია და 2 კვირის განმავლობაში 162 წარმოდგენა გაიმართა. 

იმ წლებში თბილისს სტუმრობდნენ თეატრისა და კინოს ცოცხალი ლეგენდები, მათ შორის ისეთი რეჟისორები, მუსიკოსები და მსახიობები, როგორებიც არიან პიტერ ბრუკი, ვანესა რედგრეივი, რადე სერბეჯია, პაკო პენია, ადამ ხანუშკევიჩი, სუზან იორკი, ანი ბოგარტი… 

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში მონაწილეები ჰონორარს არ ითხოვდნენ და ამ ჟესტითაც ამართლებდნენ ფესტივალის სახელწოდებას – ეს იყო მათი საჩუქარი ქართველი ხალხისთვის. 

ფესტივალის როლი ქართული კულტურის განვითარებისა და საქართველოს საერთაშორისო რუკაზე კიდევ ერთხელ აღნიშვნისთვის ფასდაუდებელია. უკვე ფესტივალის 26-ე გამოშვებაა, რაც “საჩუქარი” დედაქალაქის მცხოვრებლებსა და სტუმრებს უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო დადგმებით ანებივრებს. 2023 წლის საფესტივალო თავგადასავალი 21 ოქტომბერს დაიწყება და 7 ნოემბერს დასრულდება. ამ სტატიაში კი ქრონოლოგიურად მოგიყვებით იმ სპექტაკლების თუ საჯარო ლექციების და მასტერკლასების შესახებ, რომელიც ფესტივალის წლევანდელ გამოშვებაში გელოდებათ.

21 ოქტომბერს ფესტივალი  გაიხსნება თანამედროვე ბერძნული თეატრის პატრიარქისა და მსოფლიო თეატრალური ოლიმპიადის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარის, მეცნიერისა და პედაგოგის, თეოდოროს ტერზოპულოსის 2013 წლის სპექტაკლით AMOR.

ტერზოპულოსს კარგად იცნობს ქართველი მაყურებელი – მან ჯერ კიდევ 80-იან წლებში ჩამოიტანა თბილისში თავისი საკულტო დადგმა “ბაკხი ქალები”, ხოლო საქართველოში მისი ბოლო ვიზიტი 2022 წელს იყო სპექტაკლით ALARME. ის, ვინც შარშან ALARME-ს დაესწრო და გემო გაუგო ტერზოპულოსის განსაკუთრებულ მეთოდს, ჯადოსნურ, მხატვრულ, საუკეთესო გაგებით თეატრალურ სამყაროს, მიხვდება, რომ არც AMOR არაა გამოსატოვებელი სპექტაკლი-წარმოდგენა, რომელიც ALARME-სა და ENCORE-ს შორის, ტრილოგიის მეორე ნაწილად დაიდგა.

სპექტაკლის სცენური კომპოზიცია თანასის ალევრასის პოეზიის მიხედვითაა შექმნილი და სულ ორი პერსონაჟია – ქალი (აგლაია პაპა) და კაცი (ანტონი მირიაგკოსი). ტერზოპულოსი სცენას აუქციონად გარდაქმნის, სადაც ყველაფერი შეიძლება გაიყიდოს და გახდეს საქონელი – ემოციები, მოგონებები, პიესა, როლები, ადამიანის სხეულის ნაწილებიც კი. გლობალური კრიზისის ეპოქაში ყიდიან და ყიდულობენ, ათვალიერებენ, ფასს ადებენ. და სწორედ აქ ისმის მთავარი კითხვა – შესაძლებელია თუ არა დღევანდელ პოლიტიკურ და სოციალურ რყევებში სიყვარულმა ადამიანის ქცევას უწამლოს და კაცობრიობის მამოძრავებელ ძალად იქცეს?

„აქ, თეატრის სცენაზე, ევროპის საძირკველში, ყველაფერს ვყიდი“, – ჩურჩულებს დამარცხებული ქალი. ყველაფრის გაყიდვა შეიძლება, არც იყოს მართებული არჩევანი, მაგრამ ამ რეცესიის წლებში, მაშინ როცა ჩვენი სიცოცხლეც აირია, ერთადერთი საჭიროებაა. მოგონებები და იდენტობა ეკონომიკის სახელით იყიდება, როგორც საქონელი. არის თუ არა გამოსავალი ამ კოშმარიდან? ტერზოპულოსის პასუხი არის „დიახ“, და ეს სიყვარულია.” – ვკითხულობთ სპექტაკლის აღწერაში.

AMOR მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე 21 და 22 ოქტომბერს გაიმართება. 

სპექტაკლის მეორე ჩვენებამდე,  22 ოქტომბერს, 2 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში გაიმართება თეოდოროს ტერზოპოლუსის და პროფესორ ევი პროუსალის, პელოპონესის უნივერსიტეტის თეატრალურ კვლევის მეცნიერის და დოქტორის, კრიტიკოსისა და დრამატურგის ლექცია.

ფესტივალის ფარგლებში საქართველოს პირველად ეწვევა შვეიცარიელი რეჟისორი ტომ ლუცი, სპექტაკლით “გოგონა ნისლის ძრავების ქარხნიდან”. 

“ქალაქის გარეუბანში მდებარე ნისლის მანქანების პატარა ქარხანაში ბიზნესი ძნელად ვითარდება. მომხმარებელიც საგრძნობლად შემცირდა, რადგან ამჟამინდელ ეკონომიკურ ვითარებაში არავის სურს იყიდოს მანქანები, რომლებიც რეალურად არაფერს აწარმოებენ. ქარხნის მფლობელი და თანამშრომლები – მისი ვაჟიშვილი და ანაზღაურებადი სტაჟიორი – სადემონსტრაციო დარბაზში სასოწარკვეთილნი სხედან და მაინც ფიქრობენ მომავალზე:

პასუხი იმაზე კი, შესაძლოა თუ არა მათი კომპანიის გადარჩენა – ნამდვილად “ღრუბლებშია”. თუმცა გაყიდვების გასაზრდელად ახალი იდეების სტიმულირებაა საჭირო, ამიტომ თანამშრომლები უცნაურ ექსპერიმენტებს სცდიან ახალი სანახაობრივი სურათებით: ნისლის ჩანჩქერები, ფლუორესცენციური ზღვები, მუსიკალური კვამლი, პლანეტარული რგოლები, როდენისა და ჯაკომეტის ცნობილი ქანდაკებების ნისლის ასლები და არნოლდ ბოკლინის “მკვდრების კუნძულამდე” ნავით გასეირნება… მართალია, კვამლისაა და ქრება, მაგრამ ისინი ნისლის ძრავების ქარხნის 225-წლიანი გამოცდილების ბრწყინვალე ილუსტრაციაა – სინამდვილეში კი წარმავალი სიმდიდრის სიმბოლო და ეფემერაა.” ვკითხულობთ სპექტაკლის აღწერაში. 

ამ – როგორც მას უწოდებენ, “თანამედროვე ზღაპარი ჯადოსნური ფინალით” – სპექტაკლში შვეიცარიელი რეჟისორი კაცობრიობის ყველაზე საორჭოფო საკითხს განიხილავს – როგორ შეიძლება შეინარჩუნო რაღაც მუდმივად წარმავალი? ან, საერთოდ, უნდა ეცადო თუ არა წარმავლის შენარჩუნებას? დარჩა თუ არა დღევანდელ სამყაროში პოეზიის ადგილი? სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობენ ტომ ლუცი და მისი დასი სპექტაკლის განმავლობაში და თავადვე უპასუხებენ ციტატით – “დაიმახსოვრეთ: ნისლის ხარისხი იმ ისტორიით იზომება, მის უკან რომ იმალება.”

სპექტაკლი 27 და 28 ოქტომბერს Silk Factory Studio-ში გაიმართება.

2 ნოემბერს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ ქეთი დოლიძის სპექტაკლის ნახვა შეგიძლიათ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში. ავგუსტ სტრინდბერგის პიესის, “უფრო ძლიერის” მიხედვით დადგმული სპექტაკლის ბრიტანული პრემიერა ედინბურგის ფრინჯ ფესტივალზე შედგა. სპექტაკლში მისის X-ის როლს თამარ ბზიავა ასრულებს, მისის Y – ირინა გიუნაშვილია, ხოლო მიმტანი – ცოტნე მეტონიძე. 

“სიუჟეტი ქალაქის პატარა რესტორანში ვითარდება, სადაც ქალბატონი Y ილუსტრირებულ ჟურნალებს ათვალიერებს და ლუდს სვამს. რესტორანში ქალბატონი X შემოდის და იწყებს მონოლოგს, რომელიც XXI საუკუნის ყველაზე აქტუალურ, თანამედროვე და პოპულარულ თემებს მოიცავს, როგორიცაა ინდივიდუალიზმი, დებატები გენდერული როლების შესახებ, სოციალური სტატუსი, სტერეოტიპები, შედარებითი ანატომია და ა.შ. პიესა, რომელიც ორი მსახიობი ქალის უცნაური დიალოგია (რადგან მათგან მხოლოდ ერთი საუბრობს) სტრინდბერგისთვის დამახასიათებელი წინააღმდეგობრიობის, ქალის როლის ფუნდამენტური დუალიზმის, სიღრმისეული ანალიზისა და ამავდროულად, დახვეწილი ირონიის შესანიშნავი მაგალითია.ვკითხულობთ სპექტაკლის აღწერაში. 

ფესტივალი წელსაც გამორჩეული იქნება საფესტივალო საუბრებით – საჯარო ლექციებს თიბისი კონცეპტში ჩაატარებენ  ლორენცო პაპაგალო – საშემსრულებლო ხელოვნების კურატორი და საერთაშორისო პროდიუსერი და ჯანი ფორტე – ვენეციის ბიენალეს სამხატვრო ხელმძღვანელი. 

2 ნოემბერს ლორენცო პაპაგალო ისაუბრებს თანამედროვე იტალიური თეატრის შესახებ და გაგვიზიარებს იმ გზებს, თუ როგორ მოხდა და ხდება მისი საერთაშორისოდ პოპულარიზაცია და ახალი ჰორიზონტის გაშლა. ეს შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო იქნება ქართველი პროდიუსერებისთვის და მათთვის, ვინც ჩართულია კულტურის მენეჯმენტში.

4 ნოემბერს ჯანი ფორტე ჩაატარებს მასტერკლასს, სადაც ხელოვანებს, ფესტივალის ორგანიზატორებს, მენეჯერებს, მკვლევრებსა და პროფესიონალებს კულტურის ყველა დარგიდან საშუალება ექნებათ ჩაერთონ გლობალურ დიალოგში, განიხილონ ჩვენი დროის მწვავე გამოწვევები და ამავდროულად, მიიღონ ინფორმაცია იმ პრიორიტეტებზე, რომლებსაც იზიარებენ ისეთი პრესტიჟული კულტურული ინსტიტუტები, როგორიცაა ვენეციის ბიენალე და სხვა მსოფლიოში ცნობილი ფესტივალები მასტერკლასებს მოდელირებას გაუწევს მიქელე პანელა – ფესტივალი “საჩუქარის” საერთაშორისო დირექტორატის წევრი. 

ლეონარდო მანძანის და როკო პლაჩიდის პიესა “დიდების კედელი” რომის „ვანჩელო თეატრის“ დრამატურგიის ცენტრში La Fabbrica dell’Attore-ში განხორციელდა მანძანის რეჟისორობით. სპექტაკლი 48-ე ვენეციის ბიენალეს ჯილდოს, ოქროს ლომის მფლობელია საუკეთესო პიესისათვის, „რომელიც ახალი და რადიკალურად განსხვავებული ენით გაუმკლავდა ცენზურის საკითხს თანამედროვე თეატრში.“

„ …მანძანს ხალხის გაღიზიანება სურს, სურს დააფიქროს, გააბრაზოს კულტურული მაყურებელი, რათა ისიც აჯანყდეს, გააპროტესტოს. მხიარული ხრიკებით და მახვილგონიერი, ხშირად სახალისო, მარტივი ინტერაქციით გამოსდის მათი აყოლიება, ხანაც აუდიტორიას სთხოვს წაიკითხონ მოკლე დიალოგები პაზოლინის, ჯორდანო ბრუნოს, მარკის დე სადის და თვით იესოს სახარებიდან. რადგან ამ დადგმის ცეცხლგამჩენი სული მხოლოდ და მხოლოდ აზროვნების თავისუფლებას უმღერის”. (მღერის ანდრეა პოსშნიკი, Teatroecritica, 2020)”. – ვკითხულობთ სპექტაკლის აღწერაში. 

ფესტივალი 6 ნოემბერს დაიხურება რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში ყოვლადწმინდა სამების კათედრალის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტით „იტანჯეთ ტრფობის ცეცხლითა“. კონცერტზე შესრულდება სხვადასხვა ეპოქის ქართველ და ევროპელ კომპოზიტორთა საგუნდო მუსიკა. საკონცერტო რეპერტუარის მნიშვნელოვანი ნაწილი ზვიად ბოლქვაძის ნაწარმოებები იქნება.

ფესტივალის ბილეთების შეძენა biletebi.ge-ზე შეგიძლიათ, თიბისი კონცეპტით კი 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.