fbpx

შესარჩევი ციკლის გამოძახილი


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

განვლილი სანაკრებო კვირეული წინასგან სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა საქართველოს ნაკრებისთვის, მაგრამ სხვანაირად როგორ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო?

ტაილანდის ნაკრების სახით ჩვენ გუნდს შეხვდა მეტოქე, რომელთანაც მატჩის ნებისმიერი შედეგი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა როგორც ფეხბურთელებს, ისე გულშემატკივრებს.

ფეხბურთელებს იმიტომ, რომ თამაშის დროს ნებისმიერი მათგანი წარმოიდგენდა, რომ ასეთი იოლი გასეირნების საშუალებას მათ შედარებით ძლიერი მოწინააღმდეგე არ მისცემდა, სტადიონზე მისულ გულშემატკივრებს კი იმიტომ, რომ მეტოქის ასეთი სისუსტე, მათ საკუთარი გუნდის თამაშის შეფასების ყოველგვარ შესაძლებლობას უსპობდა. 

ხომ არ აჯობებდა, რომ ტაილანდის ნაცვლად, საქართველოს ნაკრები ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების ფეხბურთელთაგან შეკრებილ ნაკრებს შეხვედროდა, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატის რომელიმე წარმატებული გუნდის მწვრთნელი უხელმძღვანელებდა?

იქნებ ამ შემთხვევაში ნაკრებისთვის პოტენციურ რამდენიმე ახალ წევრთან ერთად, მისთვის უკეთესი მწვრთნელიც გვეხილა ერთა ლიგის სამომავლო დაპირისპირებების უფრო მაღალ დონეზე დასახვედრად? 

საქართველოს ნაკრები ტაილანდის შემდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შესარჩევი ციკლის მატჩში შედარებით ძლიერ, მაგრამ ევროპულ სარბიელზე ერთ-ერთ ყველაზე სუსტ გუნდს – კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდა. 

გამანადგურებელი ანგარიშით 4:0 მოგების მიუხედავად, ჩვენი გუნდის თამაშში თვალშისაცემი იყო ისეთი შეცდომები, რომელთაც მას ევროპის საშუალო ან ოდნავ მაღალი კლასის მქონე გუნდები არ აპატიებენ. 

გულშემატკივრების თვალის გასახარად კი საქართველოს ნაკრებს შესანიშნავი მეორე ტაიმი გამოუვიდა, რომელშიც მათ მახვილგონივრული კომბინაციები და მრავალფეროვანი გოლები იხილეს. 

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ჩვენი გუნდი მთელი რიგი შესანიშნავი და ამასთან ერთად საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და წინსვლის შემთხვევაში, მას შესარჩევ ციკლში უფრო მაღალი თამაშის ხარისხი და შედეგი უნდა ეჩვენებინა, რაც, სამწუხაროდ, არ მომხდარა. 

ყაზახეთთან შეხვედრა კი საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის ნახევარფინალში აღარც მოუწევს, რადგან გარდა იმისა, რომ ამ უკანასკნელს დანიასთან მარცხის მიუხედავად, კვლავაც არ დაუკარგავს ევრო 2024-ზე შესარჩევი ციკლიდან მოხვედრის შანსი, ერთა ლიგაზე ჩვენი სამი მეტოქე გუნდიდან ერთ-ერთი, ტურნირზე ისედაც აღმოჩნდება, რაც ცვლის ერთა ლიგის ნახევარფინალების რეგლამენტს. 

ეს გუნდი თურქეთის ნაკრებია, რომელმაც სექტემბრის სანაკრებო ტურში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, მწვრთნელი გამოცვალა. 

ახალმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ შესანიშნავი ფეხბურთი ათამაშა სრულიად სახეცვლილ გუნდს, რომელმაც ჯერ გასვლაზე ხორვატიის ნაკრები, შემდეგ კი შინ ლატვიის ნაკრები დაამარცხა და გაინაღდა ევრო 2024-ის საგზური ერთა ლიგის თამაშების გვერდის ავლით.

აშკარა პროგრესის გზაზეა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი პოტენციური მეტოქე ერთა ლიგის დასკვნით ეტაპზე – საბერძნეთის ეროვნული გუნდი, რომელმაც სტუმრად დამაჯერებელი ანგარიშით 2:0 ჩვენი ნაკრების ისტორიულად ყველაზე უხერხული მეტოქე – ირლანდია დაამარცხა.

ბერძნები ამჟამად ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფებიან, მაგრამ ერთა ლიგის მატჩების გვერდის ავლით ევრო 2024-ზე მოსახვედრად მათ ჰოლანდიის ნაკრებთან ჭიდილი მოუწევთ.

ჯგუფის ლიდერი კი საფრანგეთის ნაკრებია, რომელმაც ჰოლანდიელებთან მეექვსე ტურის შეხვედრაში პირველი ბურთი გაუშვა მიმდინარე შესარჩევ ციკლში.

ეს მატჩის მიწურულს მოხდა, იქამდე კი კილიან მბაპემ დუბლი შეასრულა და „ძელიც ჩამოუღო“ სერიოზულ მოწინააღმდეგეს, რომელმაც არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერაფერი გააწყო უკიდეგანო შესაძლებლობების მქონე გუნდთან შეხვედრაში, რის სიმბოლურ გამოხატულებადაც მბაპეს საოცრად ეფექტური მეორე გოლი იქცა „ნარინჯისფერთა“ კარში. 

მიმდინარე შესარჩევ ციკლში საფრანგეთის ნაკრების მსგავსად 100%-იანი შედეგით პორტუგალიის ნაკრები დაიკვეხნის, რომელმაც განვლილ ტურში საკუთარ მოედანზე ჯგუფის მეორეადგილოსანი სლოვაკეთი ანგარიშით 3:2 დაამარცხა. 

ეს მატჩი 202-ე აღმოჩნდა კრიშტიანუ რონალდუსთვის პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში, სადაც შესრულებული დუბლის შემდეგ, სახელგანთქმულ ფეხბურთელს უკვე 125 გოლი დაუგროვდა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში.

უკრაინის ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას პრაღაში „უმასპინძლა“ და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. 

ამ გამარჯვებამ „ლურჯყვითლებს“ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი შეუნარჩუნა და მიზნის მისაღწევად მას შესარჩევი ციკლის უკანასკნელ მატჩში „საკუთარ მოედანზე“ იტალიის ნაკრების დამარცხება დასჭირდება. 

მომდევნო ტურში ჩვენმა მომავალმა მეტოქემ – შოტლანდიის ნაკრებმა კი დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მიმდინარე ციკლში ესპანელებთან გასვლაზე პირველი მარცხი იწვნია.

თამაში შესაძლოა სრულიად სხვა სცენარით წარმართულიყო, მატჩის 61-ე წუთზე შოტლანდიელთა ლიდერ სკოტ მაკტომინეის მიერ შესრულებული სტანდარტული სიტუაციის დროს ერთ-ერთი მისი თანაგუნდელი ოდნავ რომ არ შეხებოდა საჯარიმო მოედანზე მასპინძელთა მეკარე უნაი სიმონს და ბურთს ისე გადაეკვეთა კარის ხაზი…

ესპანელთა საბედნიეროდ, არბიტრმა ამ მომენტში წესების დარღვევა დააფიქსირა და გოლი გააუქმა. შოტლანდიელები კი უიღბლობამ გატეხა და დარჩენილ დროში მათ ორი ბურთი გაუშვეს, რამაც ესპანეთის ნაკრების რევანში განაპირობა პირველი მატჩის ამავე ანგარიშით (0:2) წაგების შემდეგ. 

ბურთების სხვაობა ესპანელებს ბევრად უკეთესი აქვთ სატურნირო ცხრილში ქულებით თანაბრად მყოფ შოტლანდიელებთან შედარებით და ამიტომ საბოლოოდ ჯგუფში პირველ ადგილს, როგორც ჩანს, ერთა ლიგის ბოლო გათამაშების ტრიუმფატორი დაიკავებს.

სამხრეთ ამერიკაში კი ფეხბურთის გულშემატკივრებს უდიდესი სენსაცია ელოდათ, სადაც მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში ბრაზილიის ნაკრები შინ ფრეს (1:1) დასჯერდა ვენესუელასთან შეხვედრაში.

ანგარიში მატჩის 50-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც გაბრიელ მაგალიაეშმა კუთხურიდან ნეიმარისგან მიღებული ბურთი თავით გადაგზავნა მეტოქის კარის ბადეში. 

მაგრამ გაცილებით „ბრაზილიური“ და განვლილი კვირის უთუოდ ულამაზესი გოლი ვენესუელელმა ბელომ ზუსტად თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან მაკრატელათი შესრულებული უძლიერესი დარტყმით გაიტანა, რომელიც ბრაზილიელთა მეკარე ედერსონისთვის აუღებელი აღმოჩნდა. 

„პენტაკამპეონის“ წაბორძიკებით არგენტინის ნაკრებმა ისარგებლა, რომელმაც პარაგვაი შეხვედრის მე-3 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა და სატურნირო ცხრილსაც ქულათა მაქსიმუმით უკვე ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში. 

ლიონელ მესი მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა და მაყურებლებს მატჩის 77-ე წუთზე ჩაწოდებული კუთხურით დაამახსოვრებინა თავი, როდესაც ბურთმა უცნაური ტრაექტორია შემოხაზა, პარაგვაელთა მეკარეს თავზე გადააფრინდა და საბოლოოდ ხარიხამ აისხლიტა…


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.