fbpx

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი – 2023


გააზიარე სტატია

20-25 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების  მესამე ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. კინოჩვენებებთან და რეტროსპექტივებთან ერთად, იგი მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებს კინემატოგრაფისტებისათვის: მასტერკლასებს, დისკუსიებსა და პრეზენტაციებს.

ფესტივალის ჟიურის წარმოადგენენ: მარი ამაშუკელი – კინორეჟისორი (საფრანგეთი), ჟიურის თავმჯდომარე, ოლივიე პელისონი  – კინოკრიტიკოსი, ჟურნალისტი (საფრანგეთი), კარმენ გრეი – ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამერი (გერმანია), ფარაზ ფეშარაკი – კინოოპერატორი (ირანი), ნიკ ვოიგთი – კინორეჟისორი, კინოოპერატორი (დიდი ბრიტანეთი), კეკო ჭელიძე – კინორეჟისორი (საქართველო), შალვა სოყურაშვილი – კინოოპერატორი (საქართველო). ფესტივალზე აგრეთვე წარმოდგენილი იქნება ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიური:  ქეთი ჯაფარიძე, დიანა მაღლაკელიძე და ბექა მაისურაძე. კინოკრიტიკოსთა ჟიურის  რჩეულს მიხეილ კობახიძის სახელობის ჯილდო გადაეცემა.

ხოლო  კინემატოგრაფისტთა ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს სამ კატეგორიაში – საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ოპერატორი. გამარჯვებულებს მთავარი ჯილდო – ოქროს დინოზავრი გადაეცემათ.

ფესტივალის წლევანდელ გამოშვებაზე ფოკუს-ქვეყანას ჩეხეთი წარმოადგენს.

ცნობილი ბელგიელი რეჟისორის, სცენარისტის, ხელოვანისა და კინოს პროფესორის – შანტალ აკერმანის ფილმების სპეციალური ჩვენებით, ფესტივალი კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს კინემატოგრაფისტ ქალთა ღვაწლს.  წელს ფესტივალის სტუმარია ბაქოს საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი.

2023 წელი გამორჩეულია ქართული კინოსათვის, რადგან მას  საიუბილეო, 115-ე წელი შეუსრულდა. ასევე, აღსანიშნავი თარიღებია:  მიხეილ კალატოზიშვილსა და ნიკოლოზ შენგელაიას – 120, ალექსანდრე რეხვიაშვილს – 85, ლევან ზაქარეიშვილს – 70, ლევან აბაშიძეს კი – 60 წელი შეუსრულდებოდა. ამასთან  95-ე იუბილე აქვს ლანა ღოღობერიძეს, 90-ე ელდარ შენგელაიას, ნანა ჯორჯაძე კი 75 წლის გახდა, რის აღსანიშნავადაც ფესტივალზე განსაკუთრებული ჩვენებები იგეგმება.    

ფესტივალთან დაკავშირებით კომენტარი  მის ერთ-ერთ წევრ – ლიზა ალფაიძეს ვთხოვეთ: “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ფესტივალი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მაყურებელს უკვე შევაყვარეთ თავი, ამიტომ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, რომ ფესტივალი წლიდან წლამდე  უფრო მასშტაბური და საინტერესო გახდეს.


წლევანდელი პროგრამა მრავალფეროვნებით გამოირჩევა, კონკურსში 25 მხატვრული და დოკუმენტური ფილმი  მონაწილეობს როგორც საქართველოდან, ასევე  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ფესტივალი დატვირთულია არასაკონკურსო პროგრამებითაც, ქართული კინოს 115-ე იუბილეს აღვნიშნავთ სხვადასხვა პერიოდის ქართული კინოს რეტროსპექტივით, ამასთანავე ფესტივალზე შედგება ჩეხური ახალი ტალღისა და შანტალ აკერმანის ფილმების რეტროსპექტივები, ასევე დაგეგმილია არაერთი პრემიერა. გარდა ამისა, ფესტივალის ინდუსტრიულ ნაწილს, რეზო გაბრიაძის სახელობის სცენარის განვითარების სახელოსნოსთან ერთად, დაემატა კინოკრიტიკის სახელოსნო და კინოოპერატორების სახელოსნო, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში პირველად ჩატარდება და გამოცდილი ევროპელი, ამერიკელი და ქართველი ოპერატორები გაუძღვებიან. მოკლედ რომ ვთქვა, მაყურებელს ძალიან საინტერესო 6 დღეს ვპირდებით – 20-25 ოქტომბერს ქუთაისში შევხვდებით! “

ტრადიციულად ფესტივალზე ნაჩვენები იქნება თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პანორამა. ქუთაისში შედგება ქართული ახალი ტალღის დოკუმენტალისტების ფილმების პრემიერები, ნაჩვენები იქნება: ანნა ძიაფშიპას ავტოპორტრეტი ზღვარზე, მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის ჯადოსნური მთა, ლუკა ბერაძის ღიმილიანი საქართველო და გიორგი ვარსიმაშვილის სასტუმრო მეტალურგი.


ანიმატორთა ასოციაცია საქართველოში – „საქანიმა“ ფესტივალზე წარმოგიდგენთ ახალ ქართულ ანიმაციურ ფილმებს.

 

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება: 

  • რეზო გაბრიაძის სახელობის სცენარის განვითარების სახელოსნო, რომელსაც რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ინეკე სმიტსი (ნიდერლანდები)  და პროდიუსერი თეკლა მაჭავარიანი (საქართველო) გაუძღვებიან;
  • კინოკრიტიკის სახელოსნოს  გაუძღვება კინოკრიტიკოსი, ფილოსოფოსი და ავტორი დანა ლინსენი (ნიდერლანდები);
  • კინოოპერატორების საერთაშორისო სახელოსნოს გაუძღვებიან გამოცდილი კინოოპერატორები საქართველოდან, ევროპიდან და ამერიკიდან. სახელოსნო ტარდება კინოოპერატორთა საერთაშორისო ფედერაციის – IMAGO-სა და Dedo Weigert Film GmbH-ის მხარდაჭერით. მსგავსი ტიპის სახელოსნო პირველად ტარდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში.


ქართულ გამოცემებთან ერთად ფესტივალს გააშუქებენ საერთაშორისო გამოცემები: Sight and Sound, Modern Times Review: The European Documentary Magazine, Marie Claire, Cineuropa.   

დაჯილდოების ცერემონია ჩატარდება 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე კინოთეატრ “საქართველოში”.

 ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მესამე გამოშვება 20-25 ოქტომბერს ქუთაისის მერიის, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის, თიბისი კონცეპტისა და “თეგეტა ჰოლდინგის” მხარდაჭერით ჩატარდება. ფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, “ფრანგული ინსტიტუტი”, “ჩეხეთის ცენტრი თბილისი”, “მეღვინეობა ვაზიანი”, “სარაჯიშვილი” და “ბორჯომი”. ფესტივალის მასპინძელია სასტუმრო Kutaisi Inn.  


 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.