fbpx

სკორსეზეს ახალი ფილმი Killers of the Flower Moon მსოფლიო კინოეკრანებზე დღეს გამოდის


გააზიარე სტატია

ავტორი: საბა ოსანაძე

რა საერთო აქვს მაზოხისტ კაცს, რომელიც წვერს იპარსავს, ვიეტნამში ნაომარ მარტოსულ ტაქსის მძღოლსა და ეგოცენტრულ მოკრივეს? მათ აერთიანებთ ორი რამ, ეს არის ძალადობა და მარტინ სკორსეზე.  

იტალიურ ოჯახში დაბადებული მარტინი, რომელსაც პატარაობიდანვე დაუდგინდა ასთმა, შეყვარებულია კინემატოგრაფზე, ის მომავალში სინეფილურ ლტოლვას თავის არაერთ დოკუმენტურ ფილმში გამოხატავს. ასთმისგან ტანჯვამ მიიყვანა ის კინოთეატრამდე, რაც მისთვის ბნელი სამყაროსგან გაქცევის საშუალება გახდა. სამყარო მის ირგვლივ – ეს იყო მანჰეტენის უბნის, „პატარა იტალიის“ განგსტერული ჭაობი. ვხედავთ, საიდან ეზრდება კუდი „ბოროტ ქუჩებს“ და „ტაქსის მძღოლს“ – „ახალი ჰოლივუდის“ კლასიკურ ფილმებს. 

მისი მეორე თავშესაქცევი ადგილი  კათოლიკური ეკლესიაა, თავიდან ის ფიქრობდა კიდეც მიეძღვნა თავი ღვთისმსახურებისთვის. მართალია, მისი დიდი ფილმოგრაფიიდან უშუალოდ რელიგიურ თემაზე  მხოლოდ ორი ფილმია – „დუმილი“ და „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“, მაგრამ რწმენადაკარგული ადამიანის ტრაგედია, ან პიროვნების კრიზისი უღმერთო სამყაროში არიადნეს ძაფივით გადის მის კინემატოგრაფში. 

ზუსტადაც უღმერთო ქუჩებს ხედავს უძილობით ტანჯული ტრევის ბიკლი ღამით ტაქსის მძღოლად მუშაობისას. აშლილი ფსიქიკის და ქაოსური გარემოს თანხვედრის შედეგია სულის ყივილი, რაც ძალადობის სახით ცოტა ირონიულად, მაგრამ არსებულის მთელი სიმკაცრით გამოხატა სკორსეზემ. ტრევისის თავგადასავალი გაფორმებულია ბერნარ ჰერმანის მუსიკით, რომლის მელოდიურობა დამცინავად ხაზს უსვამს აღწერილი მდგომარეობის ყოფითობას. 

სლოვენიელი ფილოსოფოსი სლავოი ჟიჟეკი ტრევისის საქციელს საკუთარი თავის მიმართ ძალადობად განიხილავს: „როცა ის იქ არის, ნახევრად მკვდარი, ის სიმბოლურად მიიდებს თითებს საფეთქელთან, რაც იმას მიუთითებს, რომ ეს ძალადობა, უმეტესწილად, სუიციდური ხასიათის იყო“. მართლაც, ეს ქმედება არა სხვისი, არამედ საკუთარი თავის გადარჩენისთვის იყო გამიზნული. 

ძალადობა, ცხადია, არ არის გამოსავალი. ეს არის ირაციონალური აფეთქება. პოპკულტურამ ხომ არ აღიქვა ტრევისი გმირად, არა? მიუხედავად იმისა, რომ მან მართლა გადაარჩინა გოგო – ყოველ შემთხვევაში ერთი ბნელი ჭაობიდან მეორე ნაკლებად ბნელ ჭაობში გადაიყვანა. რობერტ დე ნიროს შესრულებულმა როლმა ისე კარგად გამოხატა თანამედროვე კაცის კრიზისი, რომ ტრევის ბიკლი ამ კრიზისის სინონიმი გახდა, როგორც რასკოლნიკი – ნიჰილიზმის. 

„ტაქსის მძღოლით“ სკორსეზემ „ახალი ჰოვილუდის“ ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენლად დაიმკვიდრა თავი. ამასთან ერთად, უნდა აღვნიშნოთ პოლ შრედერის, სცენარის ავტორის, როლიც, რომელმაც შემდგომაც გააგრძელა სკორსეზესთან ერთად მუშაობა. სხვათა შორის, თავადაც ძალიან საინტერესო რეჟისორი და კინომცოდნეა. ასევე, რა თქმა უნდა, რობერტ დე ნირო, რომელიც სკორსეზეს მთავარი მსახიობი გახდა და მის თითქმის ყველა საკულტო ფილმში მთავარ როლს ასრულებს. 

კრიმინალებზე ბევრი ფილმის გამო სკორსეზეზე შესაბამისი სტერეოტიპიც არსებობს. მაგრამ, ამავდროულად, თუნდაც 70-იანებში, მისი ფილმოგრაფიიდან ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ მიუზიკლი „ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი“ (მართალია, სკორსეზესეული მიუზიკლი). ის იმ რეჟისორების რიგშია, რომლებსაც არ აქვთ კონკრეტული ნიშა და უყვართ ექსპერიმენტები. ამიტომ, მის ფილმოგრაფიაში განგსტერებზე გადაღებულ ფილმებთან ერთად ვნახავთ მიუზიკლებს, კომედიებს, ტრილერებს, ბიბლიურ-ისტორიულ სიუჟეტებს, ერთ საოჯახო ფილმსაც კი (ჰიუგო) და დოკუმენტალისტიკას. „ახალი ჰოლივუდის“ სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით (მაგალითად, ვუდი ალენისგან), რომლებმაც უკვე დიდი ხანია, რაც იპოვეს თავიანთი ადგილი და სხვაგან გახედვა არ უნდათ, სკორსეზე დღემდე რჩება საინტერესო და ყურადსაღებ რეჟისორად, მიუხედავად იმისა, რომ მას ახასიათებს ჩავარდნა. 

ვნახოთ, არცთუ ისე დასამახსოვრებელი „ირლანდიელის“ შემდეგ (რაც იყო ოდა „კარგი ბიჭების“  და „კაზინოს“ პერიოდის სკორსეზესი), როგორ მოგვაწონებს თავს  ამერიკული კინოს 80 წლის გურუ თავის ახალ ფილმში „ყვავილის მთვარის მკვლელები“ (Killers of the Flower Moon), რომელიც, როგორც ჩანს, ძალიან მოეწონათ კანის ფესტივალზე (მართალია, ფილმი კონკურსგარეშე  აჩვენეს). ფილმის სიუჟეტი ეყრდნობა ამავე სახელწოდების  არამხატვრულ წიგნს, რომელიც მოგვიყვება 1920-იანებში  ოკლაჰომას შტატში მომხდარ ინდიელების მკვლელობათა სერიაზე. მთავარ როლებს, ლილი გლედსტოუნთან ერთად, ასრულებენ რობერტ დე ნირო და ლეონარდო დიკაპრიო – სკორსეზეს ამ საუკუნის კინოს მთავარი მსახიობი. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.