fbpx

ბენქსი: ლეგენდის დაბადება – გამოფენა, რომელიც ლეგენდად ქცეული ანონიმური არტისტის შემოქმედებაზე გვიყვება


გააზიარე სტატია

ქუჩის ხელოვნება თანამედროვე ქალაქების ურბანული სახის განუყოფელი ნაწილია. ხელოვნების ეს ფორმა განსაკუთრებული ინტერაქციით და შინაარსით გამოირჩევა, რომელიც ხშირად პროტესტის გამოხატვის თუ სხვადასხვა მოვლენაზე მსოფლიოს ყურადღების მიპყრობის საუკეთესო საშუალება ხდება. როდესაც თანამედროვე ქუჩის ხელოვნებაზე  ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ანონიმი არტისტი – ბენქსი, რომელიც გასცდა მხოლოდ ხელოვანის სტატუსს და ფენომენალურ მოვლენად იქცა. 

18 ოქტომბერს, სახვითი ხელოვნების მუზეუმის მე-5 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოში პირველად გაიხსნა საერთაშორისო გამოფენა – “ბენქსი: ლეგენდის დაბადება”, კურატორი სტივ ლაზარიდისი. ექსპოზიცია ასახავს ბრიტანელი გრაფიტ არტისტის შემოქმედებით გზას ქუჩის ხელოვნებიდან მუზეუმის კედლამდე. გამოფენის კურატორი სტივ ლაზარიდისი 12 წლის განმავლობაში ბენქსის მენეჯერი და ფოტოგრაფი იყო.

პროექტის მხარდამჭერები  SOLO X და VISA არიან.  მრავალი ათწლეულია ბენქსი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში დამახასიათებელი ტექნიკით შესრულებულ ნამუშევრებს ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ არავინ იცის მისი ვინაობა, არტისტის ხელწერა მნახველს მაშინვე  მიანიშნებს ავტორზე. პოლიტიკური თამაშები, ეკოლოგიური პრობლემები,  ომის ტრაგედია და ამ ყველაფერთან  ადამიანების თანაარსებობა – ეს ის გამოწვევებია, რასაც ბენქსის შემოქმედება ეხმიანება. არტისტის ხელწერა კონტროვერსიულია, თუმცა ის გაჯერებულია სოლიდარობით და თანაგრძნობით. ბენქსის ნამუშევრების დათვალიერებისთანავე ვხვდებით, რომ არტისტისათვის მთავარი ღირებულება ადამიანია. თავისი შემოქმედების უნიკალურობით და მასშტაბებით, ბენქსი იმ არტისტად იქცა, რომელმაც ქუჩის ხელოვნების აღქმა მნიშვნელოვნად შეცვალა – მისი ყოველი ახალი ნამუშევარი  საჯარო სივრცეს მუზეუმად აქცევს. ის პირველი ქუჩის არტისტია, რომლის ნამუშევრები Sotheby-ის აუქციონზე გაიყიდა და შეიძლება ითქვას, რომ ამით ქუჩის ხელოვნების ისტორიაში ახალი თავი დაიწერა. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამოფენის კურატორი სტივ ლაზარიდისია. ბრიტანელი არტისტი – ფოტოგრაფი, კოლექციონერი და გალერისტი, რომელიც ბენქსის კოლაბორატორად იქცა. ანონიმურმა არტისტმა და ლაზარიდისმა ერთად არაერთი პროექტი წამოიწყეს, რამაც ბენქსის ნამუშევრები აუდიტორიამდე მრავალმხრივი ფორმით მიიტანა. ლაზარიდისი თავისი ობიექტივით აღბეჭდავს ბენქსის, მის სამუშაო პროცესს, მის ნამუშევრებს და ამ დოკუმენტური მასალით თანამედროვე ქუჩის ხელოვნების ლეგენდის მისტიკურ ისტორიას ჰყვება. ამ ისტორიას ამჯერად ქართველი დამთვალიერებელი ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის სივრცეში გაეცნობა. 

გამოფენას ეთმობა მუზეუმის მესამე სართული სრულად – 11 დარბაზი. კურატორის ხედვით, დამთვალიერებელი იმოგზაურებს ბენქსის სამყაროში – დიდი არტისტის დაბადებიდან, მის მსოფლიო აღიარებამდე. 

ექსპოზიცია შედგება გამოფენის კურატორის, სტივ ლაზარიდისის  ექსკლუზიური ფოტო და ვიდეომასალისგან, კულმინაცია კი იქნება ბენქსის ორიგინალი ნამუშევრები ბრიტანელი ლორდის – ედვარდ ჩერჩილის კერძო კოლექციიდან. ექსპონატებს შორისაა სხვადასხვა მასალით შესრულებული ნამუშევრები: სკულპტურა, ტილო და სხვა.

ერთ-ერთ დარბაზში, ბენქსის ორიგინალებთან ერთად,  დამთვალიერებელი იხილავს ქართველი ქუჩის ხელოვანების – გაგოშას, მიშიკო სულაკაურის, სემიჩკას, კოსკას და Sick’nTired-ის მიერ მუზეუმის კედელზე შესრულებულ ნამუშევრებსაც. 

ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება მუზეუმის სალაროში, სადაც SOLO Visa ბარათის მფლობელები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას 15%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

“ბენქსი: ლეგენდის დაბადება” – სტივ ლაზარიდისის კურატორობით სახვითი ხელოვნების მუზეუმის სივრცეში 18 ოქტომბრიდან ოთხი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.