fbpx

Fire Production-ის შესახებ – ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელ თამარ თვარაძესთან


გააზიარე სტატია

ავტორი: ანი კლდიაშვილი

 

Fire Production პროდიუსერ თამარ თვარაძის მიერ 2023 წლის აპრილში დაარსებული პროდაქშენ ჰაუსია, რომელიც არა მხოლოდ ვიდეო პროდიუსინგის, არამედ მრავალი სხვა მიმართულებითაც მუშაობს და  ნებისმიერი ტიპის  ბიზნესს სთავაზობს მაღალი ხარისხის მომსახურებას. კომპანიის დაფუძნება ბაზარზე არსებულმა მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა და Fire Production-იც ამართლებს როგორც შემკვეთთა იმედებს, ასევე სახელსაც – ცეცხლოვანი ტემპით მუშაობს და საუკეთესო ხარისხის პროდუქტს ქმნის მინიმალურ დროშიც კი. კომპანიის გუნდი პროფესიონალი კადრებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც საინტერესო და ეფექტური ვიდეო თუ სარეკლამო ნამუშევრების შექმნის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ისინი კრეატიული აზროვნებითა და კომუნიკაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სულ რამდენიმე თვის წინ გაიხსნა, მათ უკვე 25-მდე ვიდეორგოლზე იმუშავეს, თანაც დიდი წარმატებით. Fire Production-ის გუნდის წევრები მუდმივად ცდილობენ, რომ მათ მიერ შექმნილი პროდუქტი როგორც მათთვის, ასევე სხვებისთვისაც ძალიან საინტერესო იყოს და ამ მიზნის მისაღწევად თითოეულ პროექტში უამრავ დადებით ენერგიასა და შრომისმოყვარეობას დებენ –  მუყაითად მუშაობენ იმისთვის, რომ საუკეთესოები იყვნენ. 

AT.ge გთავაზობთ ინტერვიუს Fire Production-ის დამფუძნებელ თამარ თვარაძესთან, რომელსაც კომპანიის დაარსების ისტორიის, მუშაობის სპეციფიკის, გამორჩეული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ვესაუბრეთ. 

თამარ, გვიამბეთ კომპანია Fire Production-ის დაფუძნების ისტორია

დაახლოებით 13-14 წელია, რაც ვიდეო- და კინოინდუსტრიაში ვარ. არაერთ ქართულ თუ უცხოურ კომპანიაში მიმუშავია ძალიან ბევრ საინტერესო და წარმატებულ პროექტზე და მაშინ, როცა, ასე ვთქვათ, საბოლოოდ ავაწყვე კარიერა, გადავწყვიტე, დამოუკიდებლად მემუშავა ამ ინდუსტრიაში – freelancer-ი ვყოფილიყავი. თუმცა, მოხდა ისე, რომ იმდენად ბევრი პროექტი და მოთხოვნა შემოვიდა ადამიანებისგან, შევკრიბე გუნდი და დავაარსე პროდაქშენ ჰაუსი, რომელშიც არა მხოლოდ ვიდეოების პროდიუსინგს, არამედ სხვა მრავალი სახის პროექტებზე მუშაობასაც შევძლებდით. Fire Production-ის დაფუძნება იმან განაპირობა, რომ ქართულ ბაზარზე ბევრი მსგავსი ტიპის კომპანია არ არის, თუმცა ფაქტია, რომ მათზე მოთხოვნა ძალიან დიდია – აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ბაზარმა მოითხოვა კიდევ ერთის  დაარსება. აპრილის დასაწყისში დავრეგისტრირდით,  როგორც პროდაქშენ ჰაუსი და დღემდე დაახლოებით 25 ვიდეოზე მეტი გადავიღეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით ისევ აქტუალურია ჩვენი საქმე და იმედია, სულ ასე იქნება. 

რა მნიშვნელობის მატარებელია კომპანიის სახელი და რით უკავშირდება ის თქვენს სტილსა და მუშაობის პრინციპს?

კომპანიის სახელზე მე და ჩემი მეგობარი ვფიქრობდით – ძალიან ბევრს ვშფოთავდით იმაზე, თუ რა სახელი შეგვერჩია, თუმცა საბოლოოდ შევჯერდით და გადავწყვიტეთ, ის Fire Production ყოფილიყო, რომელსაც რეალურად არანაირი კონცეპტუალური კავშირი არ აქვს არაფერთან. თუმცა, ყველამ კარგად იცის, როგორ მუშაობს სარეკლამო, კინო- თუ ვიდეოინდუსტრიები, რამდენად ახლოსაა დედლაინები და ხშირად ისეც კი ხდება ხოლმე, რომ პროექტზე მუშაობის დაწყებიდან 1 საათის შემდეგაც კი შეიძლება საგანგაშო ვითარება შეიქმნას… და მოხდა ისე, რომ ჩვენმა  კომპანიამ იდეალურად მოირგო ეს სახელი – Fire Production; ძალიან მალე ჩავერთეთ ამ უსწრაფესი და ცეცხლოვანი ტემპით მუშაობის ფერხულში. ბუნებრივია, ყოველთვის ვცდილობთ, რომ დედლაინების შედგენა ადამიანური რესურსების ხარჯზე მოხდეს, თუმცა მაინც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო ხარისხს ვდებთ ხოლმე მინიმალურ დროშიც კი.

როგორ ფიქრობთ, რა შესაძლებლობები გამოარჩევს თქვენს კომპანიას სხვებისგან, რითაა ის უნიკალური ბაზარზე?

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც უკვე ვახსენე, კონკურენცია ბაზარზე ამ კონკრეტულ სფეროში საკმაოდ მცირეა, ჩვენ მაინც მუდმივად ვცდილობთ განვითარებას და გვსურს, განსაკუთრებულები ვიყოთ. გვყავს პატარა გუნდი, რომელიც ძალიან მაღალი კომპეტენციის მქონე კადრებისგანაა დაკომპლექტებული – ისინი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და მაღალი ხარისხის კომუნიკაციის საშუალებებით აქვთ ურთიერთობა შემკვეთებთან. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ მხოლოდ სარეკლამო მიმართულებით არ ვმუშაობთ, გვსურს მრავალი მიმართულებით განვვითარდეთ. ჩვენთვის მთავარია ის, რომ საუკეთესო ხარისხის პროდუქტი შევქმნათ და ეს პროდუქტი როგორც ჩვენთვის, ასევე სხვებისთვისაც ძალიან საინტერესო იყოს და ამ მიზნის მისაღწევად თითოეულ პროექტში ბევრ დადებით ენერგიასა და შრომისმოყვარეობას ვდებთ – მოკლედ, მუყაითად ვშრომობთ იმისთვის, რომ სხვებისგან გამოვირჩეოდეთ.

Fire Production-ის მიერ განხორციელებულ რომელ პროექტზე მუშაობა იყო თქვენთვის განსაკუთრებულად საინტერესო?

გამოვყოფდი ბოლო ორ ვიდეოს, რომლებიც Zoomer-ისა და Wissol-ისთვის გადავიღეთ – მათზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის. 

ზოგჯერ შემკვეთები არიან კომპანიები, რომლებიც პირდაპირ ჩვენს პროდაქშენ ჰაუსს უკვეთენ რეკლამას, ზოგჯერ კი სარეკლამო სააგენტოები გვაკითხავენ ხოლმე, რომლებსაც უკვე აქვთ პროექტი და ჩვენ მათ ამ პროექტის მაღალი ხარისხით განხორციელებაში ვეხმარებით. ეს უკანასკნელი ჩვენთვის ორმაგად დიდი პასუხისმგებლობაა, ვინაიდან კომუნიკაცია არა ერთ, არამედ რამდენიმე ადამიანთან გვაქვს, უნდა მოვერგოთ მათ გემოვნებას, შუამავლებიც ისინი არიან ჩვენსა და შემკვეთს შორის და შესაბამისად, კომუნიკაციის უფრო გრძელი ჯაჭვია შესაქმნელი. ამ ბოლო ორ ნამუშევარს სწორედ იმიტომ გამოვარჩევ, რომ ჩვენთან სარეკლამო სააგენტოები მოვიდნენ და ორივე პროექტი ძალიან წარმატებულად განხორციელდა – წარმატებაში კი ვგულისხმობ იმას, რომ, მაგალითად, Wissol-ისთვის გადაღებული ვიდეოს ნახვებმა სოციალურ ქსელებში 1 კვირაში 2 მილიონს გადააჭარბა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია  ჩვენს პატარა ქვეყანაში, სადაც არც ისე ბევრი ადამიანი ცხოვრობს, იმავეს თქმა შემიძლია ზუმერის კლიპზეც. 

ამ წარმატების გარდა, ისიც ძალიან გვიხარია, რომ სააგენტოებთან მნიშვნელოვანი კომუნიკაციების დამყარება შევძელით და მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე ჩვენთან კონკრეტული ისტორია შემოვიდა, რომლის მიხედვითაც უნდა გადაგვეღო ვიდეო, Fire Production-ის შემოქმედებითმა ჯგუფმა როგორც Wissol-ის, ასევე Zoomer-ის შემთხვევაშიც, დაგეგმილი იდეის თითქმის 50 პროცენტი აბსოლუტურად ამოაყირავა და მართლა ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ ეს ვიდეოები ისეთი გამოსულიყო, როგორც არის – ბუნებრივია, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც გადაწყვეტილებას იღებდა, ვგულისხმობ ამ კომპანიების მარკეტინგის ჯგუფებსა და სარეკლამო სააგენტოებს.

გიფიქრიათ იმაზე, რომელ ბრენდთან/კომპანიასთან იმუშავებდით სიამოვნებით და როგორია თქვენ მიერ გადაღებული საოცნებო ვიდეორგოლი?

დიახ, რა თქმა უნდა, მიფიქრია. მიუხედავად იმისა, რომ Fire Production-ისთვის საქართველოში არსებულ ყველა კომპანიასთან თუ სარეკლამო სააგენტოსთან მუშაობა ძალიან საპასუხისმგებლო და სასიხარულოა, იქიდან გამომდინარე, რომ  ადგილობრივი ბაზარი თითქმის მოცული გვაქვს, ჩვენთვის ეს ოცნება აღარ არის. როგორც კომპანიის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ პროდიუსერს, ძალიან მინდა, რომ ქვეყნის სარეკლამო/ვიდეო/კინოინდუსტრია საერთაშორისო ბაზარზე გავიყვანო და ამისთვის ჩვენი პროდაქშენ ჰაუსი ძალიან ბევრს მუშაობს. იმის გამო, რომ  სულ ახლახან ჩამოვყალიბდით  და დრო არ გვქონდა, რომ საერთაშორისო ბაზარი მოგვეცვა, თუმცა ჩემი ძალიან შორეული გეგმა Netflix-თან თანამშრომლობაა, მსურს მათთან ერთად შევქმნა საქართველოში რაიმე პროდუქტი. მნიშვნელოვანია, რომ ეს მხოლოდ ჩემი კომპანიის განვითარებას კი არა, ქართული ბაზრის განვითარებასაც ნიშნავს, ხანდახან ეს სურვილი ილუზია ჰგონიათ ხოლმე, თუმცა მე არა, რადგან მიზნის მისაღწევად თავდაუზოგავად ვშრომობთ და ყოველდღიურად მივიწევთ წინ დიდი ოცნებების ასრულებისკენ. 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, რა მიმართულებით აპირებთ განვითარებას?

სანამ იქამდე მივალთ, რომ Netflix-თან და ასეთ საოცნებო კომპანიებთან ვიმუშაოთ, გვაქვს შეხვედრები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, სულ ცოტა ხნის წინ წარმატებული კომუნიკაცია შედგა ჩვენსა და ისრაელის პროდაქშენებს შორის, თუმცა იქ არსებული საშინელი ვითარების გამო, დროებით ყველა გეგმა შეჩერებულია. Fire Production ბიზნესპარტნიორულ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროპის ქვეყნებთანაც, კონკრეტულად გერმანიასთან და საფრანგეთთან. გვსურს, რომ ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ და აქ გადაიღონ თუნდაც საავტორო ფილმები, რომლებიც შესაძლოა, სულაც არ იყოს მაღალბიუჯეტიანი, თუმცა ჩვენ, მინიმალური მოგების მიუხედავად, მაინც მზად ვართ, რომ მათ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნაში დავეხმაროთ, რადგან ეს ხვალინდელი დღისთვის გადადგმული ნაბიჯი იქნება. ჩვენი მიზანი ისაა, რომ შემდეგ უკვე დიდი კომპანიები ჩამოვიდნენ საქართველოში და მათთან ერთად მართლაც ღირებული პროდუქტები შევქმნათ, რაც სამომავლოდ როგორც ადგილობრივ ბაზარს, ასევე საზოგადოების ინტელექტუალურ მხარესაც მეტად განავითარებს.

ქართველებს ხშირად გამოგვდის ხოლმე ისე, რომ თითქოს ჩვენთვის წარმატება აუცილებლად საერთაშორისო ბაზარზე გასვლაა, რეალურად კი ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან პატარა ბაზარია და ნებისმიერი კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქტის უცხოეთში გატანა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს პროცესი აუცილებლად ქვეყნის საზღვრებს შიგნით უნდა დაიწყოს. Fire Production-ის პოლიტიკაც შემდეგნაირია, რომ სარეკლამო/ვიდეო/კინოინდუსტრიის განვითარებას ვიწყებთ ჩვენს ქვეყანაში გადადგმული ნაბიჯებით, რადგან, თუ ადგილობრივი ბაზარი ძლიერი იქნება, შემდეგ უკვე უცხოელ პარტნიორებსაც მარტივად მოვიზიდავთ.  ჩვენ გვსურს, რომ ხელმისაწვდომები ვიყოთ აბსოლუტურად ყველასთვის – როგორც ქართველებისთვის, ასევე უცხოელებისთვისაც და სწორედ ამიტომ ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს ყველა სააგენტოსა თუ კომპანიას, ვისაც ხარისხიანი პროდუქტის შექმნა სურს, არა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ჩვენც გვჭირდება კლიენტები, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევიტანოთ წვლილი იმ ინდუსტრიის განვითარებაში, რომელშიც მე მართლა ძალიან ბევრი წელია ვარ სხვადასხვა კომპანიასთან თუ ადამიანთან ერთად და ახლაც ზუსტად იმაზე გზაზე ვდგავარ, უბრალოდ – Fire Production-ის სახელით. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.