fbpx

სილვია პლათის მარადიული ბრწყინვალება


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მათე წიკლაური

პოეტური სულისა და პროზაულ ნაწარმოებთა შექმნის მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილის გამო სილვია პლათის შემოქმედება დღესაც აოცებს მკითხველს. ამერიკელი მწერალი 1932 წლის 27 ოქტომბერს ბოსტონში დაიბადა. მწერლის შემოქმედებას ყოველთვის დიდწილად მისივე ბიოგრაფია განსაზღვრავს. ზვიად გამსახურდია პერსი ბისი შელისადმი მიძღვნილ ესეიში „COR CORDIUM” განმარტავს, რომ პოეტის შემოქმედების გასაღები მისსავე აღსასრულშია და ამიტომაც იწყებს ინგლისელი პოეტის შესახებ ესეის მისი სიკვდილით. სილვია პლათის შემთხვევაში ერთი ან რამდენიმე ფაქტის გამორჩევა ძალიან რთულია, ამიტომ შევარჩიეთ ის რამდენიმე ბიოგრაფიული დეტალი, რომელიც სილვიას უკვე წაკითხულ წიგნებს სხვანაირად დაგვანახებს, წაუკითხავებთან „შეჭიდებას“ კი ერთიორად გაამარტივებს. 

 

„ისე დავწერ, ფურცელი აალდება…“

ვირჯინია ვულფი მკითხველს ისეთი ინგლისურით წერას ჰპირდებოდა, რომლითაც „ფურცლებიც კი აალდებოდა“. მსოფლიო ლიტერატურაში  ავტორი ქალების ხელწერა სწორედ ვნებით, მთელი თავისი სიმძაფრით აზრის გადმოცემაა. ეს პირველ რიგში ერთი დეტალის შემჩნევისას დასტურდება – მკითხველს მწერლის ხმა ესმის. წარმოუდგენელია, წაიკითხო ანა კორძაია-სამადაშვილის ნაწარმოები და არ იგრძნო იმ ქალების სევდა, რომლებსაც რაღაც დაუსრულებელი ტანჯავთ წიგნის გვერდებზე, შეუძლებელია, ვირჯინია ვულფმა შენს წუხილად არ აქციოს ბავშვების ხვეწნა-მუდარა, რომ ერთხელ მაინც წაიყვანოს მამამ შუქურას სანახავად. დები ბრონტეებიც ასეთები არიან, ათას ერთნაირყდიან წიგნშიც კი რომ გამოარჩევ და ვეღარ მოწყდები. ბავშვობიდან ეგეთი ყოფილა სილვია პლათიც, რვა წლისამ რომ პირველი ლექსი დაწერა, თავისსავე მომავალი რომ იწინასწარმეტყველა და სიტყვას არ გადავიდა… გურამ რჩეულიშვილიც ეგეთი ავტორი იყო, ისე დაასრულა, როგორც მოთხრობაში გადმოგვცა, ვირჯინია ვულფიც… საერთოდ თვითმკვლელი მწერლები უფრო ახერხებენ ფურცლების აალებას, რადგან ზუსტად იციან, ვახტანგ ჯავახაძის გალაკტიონზე დაწერილი „უცნობის“ არ იყოს, თუ „როდის უნდა გადავარდნენ“…

ფსევდონიმებში დაკარგული 

ლიტერატურულ ჟურნალებთან თანამშრომლობისას სილვია ხშირად იყენებდა ფსევდონიმებსაც. ყოველივე ამას მწერალი ქალები ბევრჯერ მიმართავდნენ, რადგან ეს  გადაწყვეტილება ორ კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა. ერთი მხრივ, მათ სურდათ დაეცვათ კონფიდენციალურობა, ხოლო, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი იყო, თავიდან აეცილებინათ გენდერული მიკერძოება. იმ პერიოდში  ავტორ ქალებს ძალიან ხშირად ჩაგრავდნენ სქესის გამო. მსოფლიო ლიტერატურის ისტორიას არაერთი შემთხვევა ახსოვს, როცა ნაწარმოების გამოუქვეყნებლობის მიზეზი სქესი გახდა. სწორედ ამიტომ სილვია ხშირად ვიქტორია ლუკასს ირქმევდა და შესაძლო გაუგებრობისგან ასე ახერხებდა თავის დაღწევას. 

აკადემიური ბრწყინვალება და „ძვირფასო სილვია,  – ძვირფასო ტედ…“

პლათის აკადემიური მიღწევები მის ბიოგრაფიაზე საუბრისას ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. 1955 წელს სმიტის კოლეჯში მიღებულმა სტიპენდიამ მწერლის აკადემიური ცხოვრება მნიშვნელოვნად განსაზღვრა. ამას მოჰყვა ფულბრაიტის სტიპენდიაც, რის შედეგადაც სილვიამ სწავლა კემბრიჯის უნივერსიტეტში გააგრძელა. ლიტერატურულ წრეებში ადგილის დამკვიდრებამ და აკადემიურ სფეროში განუზომელმა წარმატებამ სილვიას შემოქმედებაზე ძალიან დიდი კვალი დატოვა. ეს კვალი კი შეუიარაღებელი თვალითაც შესანიშნავად ჩანს. გარდა ჰუმანიტარული ინტერესებისა, ამერიკელი მწერალი მეფუტკრეობითაც იყო გატაცებული. ინგლისში ყოფნისას სილვია პლათი ცნობილ პოეტ ტედ ჰიუზთან ერთად ჩაერთო ამ სფეროში. ავტორი იმდენად მოიცვა ყოველივე ამან, რომ სილვიამ მეფუტკრეობის თემას საკუთარ შემოქმედებაშიც გამოუყო დიდი ადგილი. ტედ ჰიუზთან შეხვედრას საბედისწეროც კი შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან კემბრიჯში ყოფნისას სილვიას ცხოვრებაში ძალიან მძიმე და ჩახლართული ურთიერთობა გაჩნდა. ამ ყველაფერმა კი მისი მომავალი მნიშვნელოვნად განსაზღვრა.

ხატვა და პულიცერის პრემია

რასაკვირველია, შემთხვევით არ გვიხსენებია სილვია პლათის უდიდესი ინტერესი მეფუტკრეობის მიმართ. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი ავტორი, ვინც კი ოდესმე მსოფლიო ლიტერატურას ჰყოლია. ამერიკელი გენიოსი ხატავდა და აქაც ისეთივე ბრწყინვალებით ახერხებდა თავისი რთული და ღრმა ფილოსოფიის გადმოცემას, როგორც მკითხველი მისი ლექსებიდან და რომანებიდანაა მიჩვეული. ასეთი მწერალი, რა თქმა უნდა, ლიტერატურული ჯილდოს გარეშე არ დარჩებოდა, მაგრამ სილვია ამას ვერ მოესწრო და ესეც არაა შემთხვევითი, თითქოს მისი პიროვნების ტრაგიზმს სიკვდილის მერე დაფასება უხდებოდა… 1982 წელს სილვიას კრებულისთვის „კოლოსი“ პულიცერის პრემია მიენიჭა, რამაც კიდევ ერთხელ განამტკიცა მისი, როგორც ლიტერატურული გიგანტის სტატუსი მსოფლიოში. 

„ზარხუფი“ 

სილვია პლათის ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი „ზარხუფი“ მსოფლიო ლიტერატურის შედევრია. ნაწარმოებში შესანიშნავადაა გადმოცემული ადამიანზე სოციუმისა და ფსიქიკური დაავადებების გავლენა. სილვია პლათმა საკუთარ თავზე დაკვირვებით შექმნა აბსოლუტური ბრწყინვალება, რომელიც ახალგაზრდა ქალების ყველა სულიერ შრეში აღწევს. სილვია პლათის ეს შედევრი ფსიქოლოგიაშიც ძალიან მნიშვნელოვანია და შემთხვევითი სულაც არაა, რომ თანამედროვე ლიტერატურული კურსები მის გარეშე წარმოუდგენელია. რომანი 1963 წელს, ავტორის თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე, ვიქტორია ლუკასის ფსევდონიმით გამოიცა და დღესაც ისეთივე დიდი ინტერესით იკითხება, როგორცა მეოცე საუკუნეში. 

….

საბოლოოდ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ლიტერატურული მოღვაწეობა მსოფლიო კულტურის უდიდესი მემკვიდრეობაა. ამერიკელი გენიოსი მთელი ცხოვრება ებრძოდა საკუთარ თავს, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა, –  30 წლის ასაკში ვერ გაუძლო დეპრესიას, პირად ცხოვრებაში არეულობას და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მაგრამ, რეალურად, მისი გამარჯვება ამ საბედისწერო ბრძოლაში იმ წიგნებშია, რომლებიც წლებია არაერთი მკითხველის თაროებს ამშვენებს…

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.