ქართველთა საგოლე პასებიდან 2:2 – ებამდე
ავტორი: აჩიკო ბენაშვილი
როდესაც მატჩის 65-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მოხდენილი ცრუმოძრაობით უკან ჩამოიტოვა ბერლინის „უნიონის“ ორი მცველი და ბურთი ცარიელი კარის წინ მარტოდმარტო დარჩენილ რასპადორის მიაწოდა, ამ უკანასკნელს ისღა დარჩენოდა, რომ მატჩის ერთადერთი გოლი გაეტანა, რომელიც „ნაპოლის“ უმნიშვნელოვანეს სამ ქულას მოუტანდა.
ხვიჩას ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია და იგი „უნიონთან“ შეხვედრაში საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
მეორე დღეს კი ჩემპიონთა ლიგის ასპარეზობაზე კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ირაკლი აზაროვი ჩაერთო, რომელსაც დონეცკის „შახტარის“ შემადგენლობაში ურთულესი გამოცდა ელოდა „ბარსელონას“ წინააღმდეგ გასვლით შეხვედრაში.
მიმდინარეობდა მატჩის 62-ე წუთი, როდესაც ირაკლი საკუთარ ფლანგზე დაეუფლა ბურთს და საგოლე პასი მიაწოდა პარტნიორს, ცოტა ხანში კი მანვე კიდევ ერთი იუველირული გადაცემა შეასრულა, მაგრამ ამჯერად თანაგუნდელს დარტყმა არ გამოუვიდა, თორემ ანგარიში გათანაბრდებოდა და ვინ იცის, იქნებ „შახტარს“ აღარც წაეგო ეს შეხვედრა…
აზაროვმა ასეთი გმირობა „ბარსელონას“ წინააღმდეგ მატჩში, 42 000 კატალონიელი გულშემატკივრის წინაშე ჩაიდინა.
საგოლე პასის ეპიზოდს კი ევროპის წამყვანი კლუბების ხელმძღვანელები თუ სკაუტები კიდევ მრავალგზის შეხედავდნენ და დაფიქრდებოდნენ ირაკლის შეძენაზე, რადგან ქართველმა ფეხბურთელმა ბურთზე ფეხის მირტყმისას მისი გაგზავნის საპირისპირო მიმართულებით გაიხედა, ამ ქმედებით გოლის ავტორ სუდაკოვს პოტენციური მეურვე მოსწყვიტა და მეკარესთან პირისპირ გაიყვანა იგი.
ასეთი მანევრის შესრულების უნარი კი მხოლოდ გამორჩეული ნიჭისა და ფანტაზიის მქონე ფეხბურთელებს გააჩნიათ, რაც აზაროვმა „ბარსელონას“ წინააღმდეგ შეხვედრაში დაამტკიცა.
მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველებს კი თითქოს არ უნდა გამოპარვოდათ „სელტიკის“ ფეხბურთელების – ო’რილის და ფურუაშის მიერ მათ საჯარიმოში გათამაშებული „კედელი“, რომელიც საბოლოოდ იაპონელმა ლეგიონერმა გოლად აქცია, რადგან ეს ფეხბურთელები ერთმანეთს უცქერდნენ კიდეც და თითქოს ყველაფერს ცხადად აკეთებდნენ.
მაგრამ, როგორც ჩანს, მადრიდელთა სახელოვან მწვრთნელ დიეგო სიმეონეს საფეხბურთო მსოფლმხედველობა აშკარად შეეცვალა, „ატლეტიკო“ მეტოქეებს მეტ გასაქანს აძლევს და შეტევაში თავადაც უფრო მეტს ქმნის, მეტს უშვებს, მეტიც გააქვს და გულშემატკივრებისთვისაც, წარსულთან შედარებით, გაცილებით მიმზიდველს ხდის საკუთარ სათამაშო ხელწერას.
„ბარსელონას“ მსგავსად, ტურნირზე უდანაკარგო ასპარეზობას მადრიდის „რეალი“, მიუნხენის „ბაიერნი“ და „მანჩესტერ სიტი“ განაგრძობენ.
„სიკვდილის“ F ჯგუფში კი ყველაფერი ისე მიდის, როგორც ეს ფეხბურთის ნეიტრალური გულშემატკივრებისთვისაა სასურველი, რადგან მერვედფინალში გასვლის შანსს ჯერჯერობით ოთხივე გუნდი ინარჩუნებს.
„დორტმუნდი“ „ნიუკასლთან“ სტუმრად გამარჯვების შემდეგ მას ქულებით გაუთანაბრდა და მეორე ადგილზე განთავსდა ურთიერთდაპირისპირებაში მოგების მეშვეობით.
„პარი სენ-ჟერმენმა“ კი, ინგლისურ კლუბთან განადგურების შემდეგ, მესამე ტურში შინ „მილანი“ დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა, სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა და „როსონერი“ ბოლო ადგილზე გააწესა.
მატჩის დებიუტი ასეთ შედეგს ნამდვილად არ მოასწავებდა, რადგან „მილანი“ უტევდა და ეპიზოდებში საკმაოდ მწვავედაც.
მაგრამ ასე გაგრძელდა 32-ე წუთამდე, როდესაც კილიან მბაპემ ჯერ მოწინააღმდეგის ერთ მცველს აუარა გვერდი, შემდეგ კი მეორეს ფეხებშუა გაუტარა ბურთი და ისე გაუტანა გოლი სახტად დარჩენილ მეკარე მაიკ მენიოს, რომელმაც ვერც დარტყმის მომენტი, ვერც მიმართულება ვერ დააფიქსირა…
გოლმა სტუმრები გატეხა, თამაშის მართვის სადავეებს პარიზელები სრულად დაეპატრონნენ და დარჩენილ დროში მეტოქე კიდევ ორი ჩათვლილი და ერთი არჩათვლილი გოლით დაასაჩუქრეს.
ლიგაზე მორიგ წარუმატებლობას სასწაულებრივ გადაურჩა „მანჩესტერ იუნაიტედი“, როდესაც მატჩის წინ ინგლისური ფეხბურთის ლეგენდის – სერ ბობი ჩარლტონის გარდაცვალებისადმი მიძღვნილი ცერემონიალის მიუხედავად, „თავხედმა“ „კოპენჰაგენმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ შემტევი ფეხბურთის თამაში გადაწყვიტა, მასპინძელთა კარის ძელს ორჯერ გაარტყა ბურთი და მატჩის დამატებით მეექვსე წუთზე თერთმეტმეტრიანიც ვერ გამოიყენა.
სამი ქულა კი, რომელსაც მასპინძლები ნამდვილად არ იმსახურებდნენ, მათ ჰარი მაგუაიერის მიერ მატჩის 72-ე წუთზე გატანილმა ერთადერთმა გოლმა მოუტანა.
მოგებამ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჯგუფიდან გასასვლელად ბრძოლისაკენ მოაბრუნა, თუმცა მომავალში მოვლენათა განვითარება გარკვეულწილად „ბაიერნის“ განწყობაზეც იქნება დამოკიდებული, რომელსაც „გალათასარაისთან“ სტუმრად მოგების შემდეგ, პრაქტიკულად უკვე განაღდებული აქვს მერვედფინალის საგზური.
„ბაიერნის“ ფეხბურთელებმა თურქეთის ჩემპიონთან მატჩში კლანჭები მეორე ტაიმში გამოავლინეს, როდესაც მასპინძლები მოიქანცნენ და თანდათან ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის უნარი დაკარგეს.
დაახლოებით 70-ე წუთიდან მოყოლებული კი, როდესაც ჰარი კეინმა ჯერ გოლი გაიტანა, ხოლო შემდეგ საგოლე პასი მიაწოდა მუსიალას, მოედანზე პრაქტიკულად მხოლოდ „ბაიერნი“ იმყოფებოდა, რომელმაც ბუნდესლიგის გათამაშების უკანასკნელ ტურში, შინ „დარმშტადტი“ უხერხული ანგარიშით- 8:0 გაანადგურა.
აღსანიშნავია, რომ გოლები ამ შეხვედრაში მხოლოდ მეორე ტაიმში გავიდა და კეინმა ჰეთთრიკი, ხოლო მუსიალამ და სანემ კი დუბლი შეასრულეს.
წლევანდელი პირველი ბარსელონური „ელ კლასიკო“ კი საოცარი გამოდგა არა იმდენად თამაშის ხარისხით და დაძაბულობით, არამედ დრამატიზმით, რადგან გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე სტუმრებმა გაიტანეს.
მატჩის გმირად მადრიდელთა ახალგაზრდა ვარსკვლავი ჯუდ ბელინგემი იქცა, რომელმაც მეორე ტაიმში ჯერ საშუალო დისტანციიდან უძლიერესი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი კარვახალი-მოდრიჩის წყვილის მიერ წამოწყებული კომბინაცია „ბარსელონას“ კარში დამამცირებელი გოლით დააგვირგვინა, როდესაც მისი დარტყმული ბურთი მასპინძელთა მეკარე-კაპიტან ტერშტეგენს ფეხებშუა გაუძვრა.
ამ გოლმა „ბარსელონას“ გარდა კიდევ ერთი კატალონიური კლუბი „ჟირონა“ დაამწუხრა, რადგან მას წინა დღით „სელტას“ დამარცხების შემდეგ, აღარ დასცალდა მომდევნო ტურამდე ლა ლიგის გათამაშების ერთპიროვნული ლიდერობა.
შესანიშნავი გამოდგა სანახაობრივი თვალსაზრისით „ბილბაოს“ და „ვალენსიას“ დაპირისპირება, რომელშიც კარის ხაზს შესაბამისად, ესპანეთის და საქართველოს ნაკრებთა მეკარეები იცავდნენ.
გიორგი მამარდაშვილმა რამდენიმეჯერ იხსნა „ვალენსია“ აშკარა გოლისგან და სტუმრები გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მე-7 წუთზე „ბილბაოს“ ფეხბურთელებმა მოახერხეს წონასწორობის აღდგენა და საბოლოოდ მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
მსგავსი ანგარიში 2:2 დაფიქსირდა იტალიის სერია A-ს ცენტრალურ დაპირისპირებაში „ნაპოლისა“ და „მილანს“ შორის, რომელიც მასპინძლებმა ათი კაცის შემადგენლობით დაასრულეს.
მიუხედავად ამისა, მსაჯის მიერ დამატებულ უკანასკნელ წუთზე უკანასკნელი დარტყმით საკუთარი გუნდისთვის გამარჯვების მოტანა შეეძლო ხვიჩა კვარაცხელიას, მაგრამ „მილანელთა“ მეკარე მენიომ იმარჯვა.
იქამდე კი იყო ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ტაიმები, მაღალი ტემპი, უშეღავათო ბრძოლა და რაც მთავარია, შესანიშნავი ფეხბურთი, რომელიც დიეგო მარადონას დაბადების დღეს დაემთხვა.
პირველ ტაიმში ოლივიე ჟირუს დუბლს მეორე ნახევარში პოლიტანომ ინდივიდუალური გოლით, ხოლო რასპადორიმ იუველირული საჯარიმო დარტყმით უპასუხეს და საბოლოოდ გუნდები სამართლიან ფრეზე გაიყარნენ.
პრემიერლიგის გათამაშებაში ლიდერობა კი „კრისტალ პალასის“ დამარცხების შემდეგ ჯერაც წაუგებელმა „ტოტენჰემმა“ შეინარჩუნა. მას კვალდაკვალ „არსენალი და „მანჩესტერ სიტი“ მისდევენ. განვლილ უიკენდზე პეპ გვარდიოლას გუნდმა „ოლდ ტრაფორდზე“ ანგარიშით 3:0 მიწასთან გაასწორა „კოპენჰაგენთან“ გადარჩენილი „მანჩესტერ იუნაიტედი“.





