fbpx

ფესტივალი “საჩუქარი” თიბისი კონცეპტის სივრცეში საფესტივალო საუბრებს” გამართავს


გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ ჭინჭარაული 

 

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქრის“ წლევანდელი გამოშვება 21 ოქტომბერს გაიხსნა გამორჩეული ბერძენი რეჟისორის, ტეოდოროს ტერზოპულოსის სპექტაკლით Amor. 2 და 4 ნოემბერს კი “საჩუქარი” აგრძელებს საფესტივალო საუბრების ტრადიციას. ამჯერად თბილისს ვენეციის ბიენალეს დირექტორი ჯანი ფორტე და საშემსრულებლო ხელოვნების კურატორი და საერთაშორისო პროდიუსერი – ლორენცო პაპაგალო ესტუმრებიან. მათ მასტერკლასებს მოდერაციას გაუწევს მიქელე პანელა, ევროდრამის ჟიურის წევრი, ფლორენციიის „ინტერსითი“ ფესტივალის, მილანის პიკოლო თეატრის „ტრამედაუტორე“ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი და მილანის ერთ-ერთი წარმატებული დრამატული სკოლის დირექტორი და თეატრის რეჟისორი. 

საფესტივალო საუბრებს საქართველოში იტალიის საელჩო და ფესტივალი „საჩუქარი“ უმასპინძლებენ თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში. 

2 ნოემბერს ლორენცო პაპაგლო შეხვედრას გამართავს იმ სტუდენტებთან და ხელოვანებთან, რომლებსაც სურთ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა და გააცნობს მათ, თუ რა შესაძლებლობებს აძლევს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამა, რათა შეუერთდნენ მიმდინარე ინიციატივებს. 

შეხვედრისას პაპაგლო ასევე ისაუბრებს თანამედროვე იტალიური თეატრის შესახებ და გაგვიზიარებს იმ გზებს, თუ როგორ მოხდა და ხდება მისი საერთაშორისოდ პოპულარიზაცია და ახალი ჰორიზონტის გაშლა. ეს შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო იქნება ქართველი პროდიუსერებისთვის და მათთვის, ვინც ჩართულია კულტურის მენეჯმენტში.

4 ნოემბერს ჯანი ფორტე ჩაატარებს მასტერკლასს, სადაც ხელოვანებს, ფესტივალის ორგანიზატორებს, მენეჯერებს, მკვლევრებსა და პროფესიონალებს კულტურის ყველა დარგიდან საშუალება ექნებათ ჩაერთონ გლობალურ დიალოგში, განიხილონ ჩვენი დროის მწვავე გამოწვევები და ამავდროულად, მიიღონ ინფორმაცია იმ პრიორიტეტებზე, რომლებსაც იზიარებენ ისეთი პრესტიჟული კულტურული ინსტიტუტები, როგორიცაა ვენეციის ბიენალე და სხვა მსოფლიოში ცნობილი ფესტივალები.

თავის მხრივ ჯანი ფორტეს მიზანია გაეცნოს ქართულ კულტურას, შეხვდეს ქართველ ხელოვანებს, დაათვალიეროს მათი ნამუშევრები, რათა აღმოაჩინოს ქართული შემოქმედების ის უნიკალური ხასიათი, რომელიც ჩვენი კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა შეუქმნეს გასულ წლებში და საერთაშორისოდ.

საფესტივალო საუბრები ორივე დღეს 16:00 საათზე დაიწყება, დასწრება კი ყველა მსურველისთვის თავისუფალია. 

ასევე, თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის – GIFT-ის ბილეთები და ისარგებლოთ 15%-იანი ფასდაკლებით Biletebi.ge-ზე.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.